საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
სასამართლო სისტემაში არსებული კრიზისების, არაჯანსაღი გავლენებისა და არაფორმალური ძალაუფლების, ასევე საზოგადოების ნდობის დაბალი ხარისხის პირობებში, რეფორმების არაგონივრული დაყოვნების გარეშე განხორციელება არსებითად მნიშვნელოვანია. მიუხედავად ამისა, მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის “მესამე ტალღა” აზრთა სხვადასხვაობის, დაპირისპირებებისა და პოლიტიკური შეთანხმებების საგნად იქცა, რამაც საპარლამენტო განხილვებისა და საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის კანონად ქცევის პროცესის გაჭიანურება გამოიწვია. ამ პროცესს თან ახლდა მოსამართლეთა კორპუსის განსაკუთრებული კონსოლიდაცია, რამაც გაზარდა წინააღმდეგობა და დაპირისპირება კანონპროექტის ინიციატორებთან.
“მესამე ტალღის” რეფორმის მიმდინარეობა, მასში ეტაპობრივად განხორციელებული ცვლილებები თუ დათმობები სასამართლოსა და პოლიტიკურ ხელისუფლებას შორის გასული თვეების განმავლობაში არსებული არათანმიმდევრული და წინააღმდეგობრივი ურთიერთობის ნათელი გამოვლინება იყო, რაც ასევე დადასტურდა წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივის მსვლელობის ანალიზის პროცესში.
“მესამე ტალღის” კანონპროექტები დროთა განმავლობაში იცვლებოდა, რაც ცალკეულ შემთხვევებში დახურულ შეხვედრებსა და კულუარულ შეთანხმებებს ეფუძნებოდა, ხდებოდა გარკვეული ნორმების გადასინჯვა, მათ შორის, ცალკეული პოზიტიური ცვლილებების ამოღება კანონპროექტიდან, რამაც საბოლოო ჯამში არსებითად შეცვლა კანონპროექტის თავდაპირველი და საბოლოო ვერსიების შინაარსი. მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტის დასკვნით ვერსიაში გათვალისწინებული ინიციატივები არსებით გარდატეხას და გაუმჯობესებას სასამართლო სისტემაში ვერ გამოიწვევს, მათ შორის, პრინციპულ წინააღმდეგობას ვერ გაუწევს სასამართლო სისტემაში დღეს არსებულ არაჯანსაღ ურთიერთობებსა და გავლენებს, მასში ასახულია ცალკეული პროგრესული დებულებები, რომელთა დაუყოვნებლივ ამოქმედება არსებითად მნიშვნელოვანია. ასევე, რეფორმის მესამე ეტაპის განხილვამ კარგად აჩვენა ის ახალი და რეალური გამოწვევები, რომლის წინაშეც სასამართლო და ინდივიდუალური მოსამართლეები დგანან. გამომდინარე აქედან, კვლავ კრიტიკულად მწვავეა სასამართლო სისტემაში გარდამტეხი ცვლილებების განხორციელების საჭიროება.
ვენეციის კომისიის 2014 წლის 14 ოქტომბრის დასკვნით პოზიტიურად შეფასდა მესამე ტალღის ფარგლებში წარმოდგენილი ცალკეული ცვლილებები, თუმცა, ამავდროულად აღინიშნა, რომ ცალკეულ შემთხვევებში, მოსამართლეთა დამოუკიდებლობისა და შეუცვლელობის პრინციპის სრულად დაცვისთვის, აუცილებელია გარკვეული გარანტიების გათვალისწინება. ვენეციის კომისიის რეკომენდაციებისა და მოსაზრებების გარკვეული ნაწილი გაზიარებულ იქნა იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტში. ვენეციის კომისიამ და დირექტორატმა გამოთქვა წუხილი, რომ მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის პრინციპიდან გამომდინარე მკაცრი კრიტიკის მიუხედავად, მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადით დანიშვნა შენარჩუნდა. აქვე უნდა ითქვას, რომ ვენეციის კომისიის შეფასების შემდეგ, კანონპროექტის შინაარსმა არაერთი ცვლილება განიცადა, რაც ვერ მოხვდა ვენეციის კომისიის ერთიან შეფასებაში.
მესამე ტალღის კანონპროექტების შემდგომი ცვლილების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იყო უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის არჩევა. 2015 წლის გაზაფხულიდან ნინო გვენეტაძის ინიციატივით, მესამე ტალღის თავდაპირველ საკანონმდებლო პაკეტს საკითხების გარკვეული ჯგუფი დაემატა, მათ შორის:
მოსამართლეთა კორპუსის დიდი ნაწილი საწყისი ეტაპიდანვე ხსენებული იდეების გარკვეული ნაწილის წინააღმდეგ გამოვიდა, რამაც გაამწვავა ვითარება სასამართლოში და ახალი მუხტი მისცა მოსამართლეთა გარკვეული ჯგუფების მობილიზაციას. ცალკეულ შემთხვევებში, აღნიშნული მობილიზაცია გამოყენებული იყო მათ შორის პროგრესული ინიციატივების საწინააღმდეგოდ. მაგალითად, მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფები არ აფიქსირებდნენ ცალსახა მხარდაჭერას საქმეთა განაწილების საკითხის რეფორმასთან დაკავშრებით.
მესამე ტალღის რეფორმის პროცესში მნიშვნელოვანი იყო იუსტიციის მინისტრის მოსამართლეთა კორპუსთან შეხვედრა 2015 წლის ოქტომბერში, სადაც მინისტრმა მოსამართლეებს მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები გააცნო და კანონპროექტის შესახებ მათი მოსაზრებებიც მოისმინა. აღნიშნულ შეხვედრაზე, რომელსაც არ ესწრებოდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, კიდევ ერთხელ გაჟღერდა, რომ მოსამართლეთა კორპუსისათვის მესამე ტალღის ფარგლებში შემოთავაზებული გარკვეული ცვლილებები მიუღებელი იყო. აღნიშნული შეხვედრის შემდეგ იუსტიციის სამინისტროს, როგორც კანონპროექტის ავტორების პოზიციები რამდენიმე პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით გადაიხედა. ცნობილი გახდა, რომ დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის ეტაპზე შენარჩუნდებოდა მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სრული შემადგენლობის 2/3-ის მოთხოვნა; აღარ გაუქმდებოდა სასამართლოს თავმჯდომარეთა მოადგილეების ინსტიტუტი; სამწლიანი გამოსაცდელი ვადა გაუქმდებოდა იმ მოსამართლეებისათვის, რომლებმაც 10 წელი იმსახურეს; სასამართლო სისტემა 2016 წლის იანვარშიც არ იქნებოდა მზად საქმეთა ელექტრონული განაწილების ასამოქმედებლად, რაც მიანიშნებდა ამ რეფორმის გადავადებაზე.
19 ოქტომბრის შეხვედრამ, სადაც მოსამართლეებმა ღიად გააპროტესტეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის იდეების საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტში გათვალისწინება, სასამართლო რეფორმის მესამე ტალღის საპარლამენტო განხილვების შეჩერება და გაურკვეველი ვადით გადადება გამოიწვია.
საკანონმდებლო ცვლილებებზე დისკუსია განახლდა 2016 წლის 2 თებერვალს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე სადაც იუსტიციის მინისტრმა მესამე ტალღის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეფორმა უნდა მივიდეს თავის ლოგიკურ დასასრულამდე და გახდეს კანონი.
სატელევიზიო გადაცემაში საუბრისას, იუსტიციის მინისტრმა მესამე ტალღის რეფორმის ძალაში შესვლის გაჭიანურების მიზეზად დაასახელა ის ფაქტი, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ მოინდომა კანონპროექტებში ახალი იდეების ჩამატება (დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტი, მენეჯმენტის დეპარტამენტი, თავმჯდომარეთა მოადგილეების ინსტიტუტის გაუქმება), რამაც მოსამართლეთა კორპუსის უკმაყოფილება გამოიწვია, რასაც შედეგად მოყვა რეფორმის განხორციელების პროცესში ერთი წლის დაკარგვა.
გასული თვეების განმავლობაში, სასამართლო სისტემაში მიმდინარე მოვლენებისას და “მესამე ტალღის” რეფორმის პროცესში იუსტიციის სამინისტროსა და უზენაესი სასამართლოს გარდა, ერთ-ერთ წამყვან აქტორს წარმოადგენდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი - ლევან მურუსიძე. გასათვალისწინებელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის კავშირი აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, რაც მთავრობის მეთაურებთან მის კომუნიკაციაში გამოიხატებოდა. 2013 წელს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საბჭოს მდივანი მოსამართლეთა დამოუკიდებლობის გარანტად მოიხსენია. ამის შემდგომ, 2015 წლის ივლისში, ლევან მურუსიძე, საბჭოს სხვა წევრებისა და სასამართლოს წარმომადგენლების გარეშე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. აღნიშნული შეხვედრა წინ უსწრებდა მოსამართლეთა XIV (რიგგარეშე) კონფერენციას, სადაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრი უნდა შეერჩიათ. დასახელებული იყო საბჭოს წევრობის ორი კანდიდატი: უზენაესი სასამართლოს ახლადდანიშნული მოსამართლე ეკა გასიტაშვილი და ლევან მურუსიძის მხარდაჭერით მოსარგებლე ლევან თევზაძე. კონფერენციამ საბჭოს წევრად სწორედ ეს უკანასკნელი აირჩია.
მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც პარლამენტში 2015 წლის ივლისში დარეგისტრირდა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პირველი მოსმენით 2015 წლის 24 სექტემბერს განიხილა, ხოლო იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა - 7 ოქტომბერს.
საკანონმდებლო ცვლილებების საპარლამენტო განხილვა განახლდა 5 თვის შემდეგ, 2016 წლის 19 თებერვალს, როდესაც საქართველოს პარლამენტმა მესამე ტალღის კანონპროექტები პირველი მოსმენით პლენარულ სხდომაზე მიიღო.
ამის შემდეგ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ კანონპროექტების მეორე მოსმენით განხილვისას კანონპროექტში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება შევიდა, კერძოდ: ინიციატორის წინადადებით, უზენაესი სასამართლოს წევრთა მინიმალური რაოდენობა განისაზღვრა არანაკლებ 16 მოსამართლით და განისაზღვრა საჭიროების შემთხვევაში უზენაესი სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილებით მოსამართლეთა რაოდენობის გაზრდის შესაძლებლობა; გედევან ფოფხაძის ინიციატივით, შენარჩუნდა სასამართლოს თავმჯდომარეების დანიშვნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ, ნაცვლად მათი არჩევითობისა; ინიციატორის წინადადებით, კანონპროექტში გაიწერა მოსამართლეობის კანდიდატების ქულებით შეფასების სისტემა.
პლენარულ სხდომაზე ცვლილებათა პაკეტის მეორე მოსმენით კენჭისყრამდე კანონპროექტში დაბრუნდა სამწლიანი გამოსაცდელი ვადა ყველა მოსამართლისთვის, მათი სამუშაო სტაჟის მიუხედავად. როგორც იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ბარამიძემ აღნიშნა, აღნიშნული იყო პრემიერ-მინისტრის უშუალო ინიციატივა. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მიუთითებს საკითხის პოლიტიკურ მნიშვნელობაზე. თავდაპირველად, ძველ მოსამართლეებზე 3 წლიანი გამოსაცდელი ვადის გაუვრცელებლობა დახურულ კარს მიღმა მიღებული დაპირების და პოლიტიკური შეთანხმების ნაწილი იყო. ანალოგიურ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას წარმოადგენდა ამ შეთანხმებაზე უარის თქმა და პრობაციის გავრცელება ძველ მოსამართლეებზე.
ზოგადად უნდა აღინიშნოს, რომ მესამე ტალღის კანონპროექტებში სათანადო განხილვების გარეშე, პერიოდულად ხდებოდა ცალკეული ნორმების დამატება/ამოღება და აღნიშნული ცვლილებების საფუძვლები ბუნდოვანი რჩებოდა საზოგადოებისთვის. გარდა ამისა, პრობლემური იყო პროცესის გაუმჭვირვალედ წარმართვა, რადგან ცალკეულ შემთხვევებში, საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი არ იყო კანონპროექტების შეცვლილი ვერსიები.
სასამართლო რეფორმის მესამე ტალღა, რომელზე მუშაობა ჯერ კიდევ 2014 წლის გაზაფხულზე დაიწყო, პოლიტიკური პროცესების გავლენით მნიშვნელოვნად შეფერხდა და 2016 წლის გაზაფხულზე კანონად ქცეული ჯერ კიდევ არ არის. მიუხედავად იმისა, რომ შემუშავებული კანონპროექტები სრულად ვერ პასუხობს სასამართლო სისტემაში არსებულ გამოწვევებს, რეფორმა ითვალისწინებს გარკვეული ხარვეზების აღმოფხვრას და ცალკეული საკითხების გაუმჯობესებულ რეგულირებას. ის წინააღმდეგობები, რამაც მესამე ტალღის რეფორმის არაგონივრული შეფერხება გამოიწვია, კიდევ ერთხელ ადასტურებს სასამართლო სისტემაზე არაჯანსაღი გავლენების უარყოფით შედეგებს, რაც ხელს უშლის სასამართლოს დამოუკიდებლობის გაზრდასა და დღეს არსებული კრიზისის შესუსტებას.
EMC-ის მიერ მომზადებული ინფოგრაფიკა, სადაც ასახულია სასამართლო რეფორმის გაჭიანურების პროცესები.
ინსტრუქცია