საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ანგარიში დეტალურად განიხილავს ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვის კუთხით საქართველოში არსებულ მდგომარეობას 2019-2023 წლებში.
ეროვნულ უმცირესობათა დაცვის ევროპული ჩარჩო კონვენცია და მისი მრჩეველთა კომიტეტი ყველაზე ავტორიტეტული, სპეციალიზებული და ქმედითი სამართლებრივი ჩარჩოა, რომელიც ეთნიკური უმცირესობების სპეციალური უფლებების აღიარებას, დაცვასა და მონიტორინგს ითვალისწინებს. ეთნიკური უმცირესობების დაცვის პოლიტიკის განსაზღვრაში აღნიშნულ კონვენციას ეფუძნება ევროკავშირიც და შესაბამისად, სწორედ მისი პრიზმიდან ხედავს კანდიდატ ქვეყნებში ეთნიკური უმცირესობების მდგომარეობასა და პოლიტიკას.
დანარჩენ საქართველოსთან შედარებით, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, საბავშვო ბაღების რაოდენობა 2.7 ჯერ ნაკლებია.
მაგალითისთვის, ბოლნისის და დმანისის მუნიციპალიტეტის ძირითადად ეთიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში, ერთი საბავშვო ბაღიც კი არ არის.
ამ სკოლებში, ქართული ენის სწავლებისთვის კვირაში მხოლოდ 5 საათია განსაზღვრული.
ეთნიკური უმცირესობების სკოლებში, ასევე პრობლემაა ქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებლების დეფიციტი და არსებული მასწავლებლების კვალიფიკაცია.
საქართველოში არსებული მძიმე სოციო-ეკონომიკური ფონის გამო, ათიათასობით ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელმა საქართველოს მოქალაქემ, სეზონურ შრომით მიგრაციის მიზნით მეზობელი ქვეყნების მოქალაქეობა მიიღო.
უცხო ქვეყნების მოქალაქეობის მიღების შემდეგ, მათ ავტომატურად დაკარგეს საქართველოს მოქალაქეობა. შედეგად, ამჟამად ამ პირებს არ აქვთ საკმარისი წვდომა მთელ რიგ სოციალურ სერვისებზე, მათ შორის ჯანდაცვაზე.
ამ პრობლემის გადასაჭრელად, კომიტეტი ხელისუფლებას მოუწოდებს გაამარტივოს საქართველოს მოქალაქეობაზე წვდომა: 1) მოქალაქეობის ენობრივი გამოცდის გამარტივებით, 2) ხანდაზმული პირების ენობრივი გამოცდის ვალდებულებისგან განთავისუფლებით.
განათლების სისტემაში არსებული გამოწვევების გამო, ეთნიკური უმცირესობების წევრთა დიდი ნაწილი ქართულ ენას სრულფასოვნად არ ფლობს.
პარალელურად, საჯარო დაწესებულებები მომსახურებას არ წევენ უმცირესობების ენებზე და ქართული კანონმდებლობის მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილია თარგმნილი სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე.
ეს პრობლემას ქმნის ეთნიკური უმცირესობების საბაზისო საჯარო სერვისებზე და უფლებებზე წვდომაში.
მრჩეველთა კომიტეტი მკაფიოდ მოუწოდებს ხელისუფლებას კიდევ უფრო გაამარტივოს უმცირესობების ენების წერილობითი და ზეპირი გამოყენება ადმინისტრაციულ უწყებებთან ურთიერთობაში და აამაღლოს რაოდენობრივად მცირე უმცირესობების ცნობიერება შესაბამის უფლებებთან დაკავშირებით.
კომიტეტი მიიჩნევს, რომ ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული მუნიციპალიტეტების ვებგვერდებისა და სხვადასხვა ადმინისტრაციული დოკუმენტის და ფორმის ეთნიკური უმცირესობების ენებზე თარგმნა, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება სერვისებზე და უფლებებზე წვდომის გაუმჯობესების მიმართულებით.
საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში ეთნიკური უმცირესობები არასდროს იყვნენ წარმოდგენილი მოსახლეობაში მათი პროპორციის შესაბამისად. ბოლო წლებში ეს ტენდენცია კიდევ უფრო გაუარესდა.
ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებში, უმცირესობები არაპროპორციულად მცირე რაოდენობით არიან წარმოდგენილი იმ მუნიციპალიტეტებშიც კი, სადაც ეთნიკური უმცირესობები დიდი რაოდენობით ცხოვრობენ (მაგ. გარდაბანი, ბოლნისი დმანისი, მარნეული, წალკა, ახალციხე).
თბილისის მოსახლეობის 11% ეთნიკური უმცირესებების წარმომადგენელია. ამისდა მიუხედავად, თბილისის საკრებულოს და თბილისის ადგილობრივი ხელისუფლების არც ერთი წევრი არ არის ეთნიკური უმცირესობებიდან.
ევროპის საბჭოში გაწევრიანების პროცესში, საქართველომ წარსულში დეპორტირებული მუსლიმი მესხების რეპატრიაციის ვალდებულება აიღო.
კომიტეტის მიიჩნევს, რომ რეპატრირებულ მუსლიმ მესხთა რაოდენობა ძალიან დაბალია. სახელმწიფო მონაცემების მიხედვით, 2022 წლისთვის რეპატრიაციის მხოლოდ 1 998 აპლიკაცია იყო დაკმაყოფილებული.
სხვა სახელმწიფოებში მცხოვრებ მუსლიმ მესხებს, ნათესავების მონახულების მიზნით საქართველოში ვიზიტის მცდელობისას, ხშირად საქართველოს საზღვრის კვეთის უფლება არ ეძლევათ.
კომიტეტი ასევე ეხება მუსლიმი მესხების მოქალაქეობაზე წვდომას, რასაც ასევე სახელმწიფოს მიერ აღმართული ადმინისტრაციული წინაღობები ართულებს.
თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობამ ქისტ თემში გააძლიერა სოციალური გარიყულობის შეგრძნება, რომელსაც რელიგიური ექსტრემიზმის ბრალდებები ასაზრდოებენ.
აღინიშნება ასევე უსაფრთხოების სამსახურების მიერ პანკისის ხეობაში აქტიური სამოქალაქო საზოგადოების და მედიის წარმომადგენლების შევიწროების და ქისტი უმცირესობის წარმომადგენლების დაშინების და დაუსაბუთებელი თვალთვალის შემთხვევები.
ბოშების უმეტესობა კვლავ უმუშევარია. მათ პრობლემები ექმნებათ ბინის ქირაობის პროცესში და ხშირად პასუხს ვერ იღებენ საჯარო უწყებების მიმართ გაკეთებულ განცხადებებზე.
კომიტეტი იმეორებს, რომ რადგან ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ხშირად სოციო-ეკონომიკურად არაპრივილეგირებულ მდგომარეობაში არიან, სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ სპეციალური ზომები, რათა გაზარდონ ეთნიკური უმცირესობების წევრთა შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ სოციალურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში.
ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებული სეგრეგირებული მონაცემების არ არსებობა, შეუძლებელს ხდის არსებული პოლიტიკების ეფექტიანობის შეფასებას და ეთნიკური უმცირესობების საჭიროებებზე მორგებული გამიზნული პოლიტიკების შემუშავებას.
მრჩეველთა კომიტეტი ხელისუფლებას მოუწოდებს ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებული სეგრეგირებული მონაცემების შეგროვებისკენ, განსაკუთრებით დასაქმების, ჯანდაცვის და ინფრასტრუქტურაზე წვდომის მიმართულებით.
კომიტეტი აღნიშნავს, რომ 2024 წლისთვის დაგეგმილი საყოველთაო აღწერა, სეგრეგირებული მონაცემები შეგროვების კარგი შესაძლებლობაა.
ევროპის საბჭოში გაწევრიანების მოლაპარაკებებისას, საქართველომ აიღო ვალდებულება, რომ 2000 წლის 27 აპრილამდე რატიფიკაციას გაუკეთებდა რეგიონალური ან უმცირესობების ენების შესახებ ევროპული ქარტიას. 2022 წელს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს ქარტიის ზედმეტი დაგვიანების გარეშე რატიფიცირებისკენ მოუწოდა.
კომიტეტი ხელისუფლებას მოუწოდებს ხელი მოაწეროს და რატიფიკაცია გაუკეთოს ევროპულ ქარტიას რეგიონალურური ან უმცირესობების ენების შესახებ.
ინსტრუქცია