საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
2023 წლის 7 დეკემბერს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა „იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ საქმის ჯგუფის აღსრულების გაძლიერებული ზედამხედველობის ფარგლებში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გამოაქვეყნა და საქართველოს მთავრობას ძირეული რეკომენდაციები მისცა ლგბტქ+ უფლებებისა და რელიგიური უმცირესობების დასაცავად.
„იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ (2015) შეეხება 2012 წლის 17 მაისს, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, შეკრების მონაწილეთა არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობისგან ადეკვატური დაცვის ვალდებულების დარღვევას.
მინისტრთა კომიტეტი აღნიშნულ საქმის აღსრულების მონიტორინგს 4 სხვა საქმესთან ერთად ახორციელებს. ესენია აღდგომელაშვილი და ჯაფარიძე საქართველოს წინააღმდეგ (2021)[1], გლდანის კონგრეგაცია და სხვები საქართველოს წინააღმდეგ (2007)[2], მიქელაძე და სხვები საქართველოს წინააღდმეგ (2022)[3], ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ (2022)[4]. ეს საქმეები ხელისუფლების მიერ ლგბტქ+ აქტივისტების და რელიგიური უმცირესობების მიმართ განხორციელებული არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისგან ადეკვატური დაცვის უზრუნველყოფას ეხება.
აღნიშნული საქმეები ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ კომპლექსურ პრობლემად კლასიფიცირდება და მათი აღსრულება კომიტეტის გაძლიერებული ზედამხედველობის ქვეშაა, რაც სახელმწიფოს მიერ გადაწყვეტილების აღსრულების პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმის წარდგენის ვალდებულებას გულისხმობს.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი ამ საქმის აღსრულების ფარგლებში ლგბტქ+ ადამიანების უფლებრივი მდგომარეობის შესახებ კომიტეტს მონიტორინგის შესაბამისი რეკომენდაციებით 2018 წლიდან მიმართავს.
კომიტეტის წინაშე წარდგენილი ანგარიშები
მინისტრთა კომიტეტმა მიმდინარე წლის 5-7 დეკემბერს გამართულ 1483-ე შეხვედრაზე სახელმწიფოს, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის, სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან წარდგენილი ანგარიშების განიხილა და გადაწყვეტილება მიიღო, სადაც საქმის აღსრულების პროცესს მიმოიხილავს და მომავალში გასატარებელ აუცილებელ ღონისძიებებზე მიუთითებს.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო თავის ანგარიშში კომიტეტს სთხოვდა იმ საქმეებზე ზედამხედველობა შეეწყვიტა, რომლებსაც აღსრულებულად ჩათვლიდა.
ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა თავის ანგარიშში კომიტეტისადმი 2023 წლის 8 ივლისს თბილისის პრაიდის კვირეულის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პოლიციამ ულტრამემარჯვენე ჯგუფების თავდასხმა ღონისძიების ადგილზე ვერ აღკვეთა და პრაიდის ღონისძიების მხარდამჭერებს მოუწოდა ევაკუაციისკენ. კომისარმა მიუთითა, სახელმწიფოს მხრიდან დაუსჯელობა კარგად ორგანიზებული და დაფინანსებული ულტრაკონსერვატორი და ულტრამემარჯვენე ჯგუფების უპრეცედენტო ზრდის ხელშემწყობი ფაქტორია. კომისრის აზრით, ხელისუფლების მხრიდან ამ პრობლემის აღიარება და აღმოფხვრა ამ საქმეების აღსრულების აუცილებელი წინაპირობაა.
ანგარიშში ასევე ყურადღება იყო გამახვილებული 2022-2030 წლის ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიაზე, რომელიც ვერ პასუხობს ლგბტქ+ ადამიანების საჭიროებებს და ამასთან კომისარმა რელიგიური და სხვა უმცირესობების ჯგუფების უფლებათა დასაცავად ყოვლისმომცველი და მრავალგანზომილებიანი ეროვნული პოლიტიკის მნიშვნელობაზე მიუთითა.
სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშები აღნიშნულ თემებთან ერთად შეეხებოდა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების მიმართ სახელმწიფოს არაეფექტურ რეაგირებას. ასევე იმ გარემოებას, რომ ლგბტქ+ ადამიანებისთვის შეკრების თავისუფლების უფლებით სარგებლობა შეუძლებელია და მათ მიმართ დისკრიმინაციული დისკურსები ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მხრიდანაც გრძელდება. ანგარიშებში ყურადღება გამახვილებული იყო რელიგიური უმცირესობების პრობლემებზე რელიგიის თავისუფლების უფლებით სარგებლობისას და რელიგიური ნიშნით მოტივირებული დანაშაულების მიმართ სახელმწიფოს მხრიდან ადეკვატური რეაგირების არარსებობაზე. ორგანიზაციებმა ასევე ხაზგასმით აღნიშნეს, რომ სიძულვილით მოტივირებული ძალადობისა და დისკრიმინაციის მიმართ აუცილებელია ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა. ასევე სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ყოვლისმომცველი და ინკლუზიური პოლიტიკა ლგბტქ+ ადამიანებისა და რელიგიური უმცირესობების უფლებების ეფექტური რეალიზაციისთვის.
კომიტეტის გადაწყვეტილება
კომიტეტმა გადაწყვეტილებაში ღრმა შეშფოთება გამოხატა ლგბტქ+ პირებისა და რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვის მდგომარეობის სერიოზულობასთან დაკავშირებით და არცერთი საქმე არ მიიჩნია აღსრულებულად. გადაწყვეტილებაში კომიტეტი სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების მიმართ ნულოვან ტოლერანტობაზე, ეფექტურ გამოძიებაზე, ლგბტქ+ პირების შეკრების თავისუფლებასა და სახელმწიფო ანტი-დისკრიმინაციული პოლიტიკის აუცილებლობაზე საუბრობს.
დოკუმენტში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ განსაკუთრებით კრიტიკულადაა შეფასებული ის ფაქტი, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის 2022-2030 წლების სტრატეგია ლგბტქ+ თემის საჭიროებებს არ პასუხობს. კომიტეტმა ხელისუფლებას სამოქმედო გეგმის აღსრულების დაჩქარებისკენ მოუწოდა და მიუთითა, რომ პროცესში ჩართოს ყველა შესაბამისი მხარე, რომ დოკუმენტი განსაზღვრავდეს ყოვლისმომცველ და ინკლუზიურ ზომებს ლგბტქ+ ადამიანებისა და რელიგიური უმცირესობების საჭიროებებისთვის.
კომიტეტი მოუწოდებს სახელმწიფოს მტკიცე მიდგომა გამოიჩინოს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებისა და დაუსჯელობის წინააღმდეგ, ყველა ფორმის დისკრიმინაციისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობითა და ძალადობის ორგანიზატორებისა და წამქეზებლების დაუყოვნებლივ პასუხისგებაში მიცემით.
არსებითი მნიშვნელობისაა, რომ გადაწყვეტილებაში კომიტეტმა სახელმწიფოს კატეგორიულად მოუწოდა პოლიციის მიერ ეფექტური ორგანიზაციული და პრევენციული ზომების მიღების გზით შესაბამისი შეკრებების უსაფრთხო წარმართვის უზრუნველსაყოფად აჩვენოს, რომ ლგბტქ+ თემისთვის მშვიდობიანი შეკრების უფლებით სრულად სარგებლობა სახელმწიფოსთვის აშკარა პრიორიტეტია.
კომიტეტმა გადაწყვეტილებაში დადებითად შეაფასა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიებაზე პოლიციის შესაძლებლობების გაუმჯობესებისთვის დაგეგმილი ზომები და საქართველოს მთავრობას მოუწოდა გაეგრძელებინა ევროსაბჭოს გამოცდილების გაზიარების საფუძველზე გამომძიებლების სპეციალიზაციისთვის ტრენინგების ჩატარებაზე მუშაობა. აგრეთვე მინისტრთა კომიტეტმა სახელმწიფოს დაავალა, კომიტეტს შესაფასებლად წარუდგინოს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიების სპეციალიზებული სისტემის მოდელის შესახებ ინფორმაცია. შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სპეციალიზებული საგამოძიებო უწყების შექმნის საჭიროებაზე, რომელიც სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე იმუშავებს, სოციალური სამართლიანობის ცენტრი მინისტრთა კომიტეტისათვის გაგზავნილ 2021 წლის ანგარიშში საუბრობდა.
კომიტეტმა ინტერესით მოიხსენია სახელმწიფოს გეგმები სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით და მოუწოდა მთავრობას, გამოაქვეყნოს ინფორმაცია დანაშაულების რიცხვთან დაკავშირებით.
საქმე „იდენტობა და სხვები საქართველოს“ წინააღმდეგ რჩება მინისტრთა კომიტეტი გაძლიერებული ზედამხედველობის ქვეშ, კომიტეტი იმპლემენტაციის პროცესში მიღწეულ პროგრესს და მის მიერ გაცემულ ზემოთ ნახსენები რეკომენდაციების შესრულებას 2024 წლის სექტემბრის პერიოდში კიდევ ერთხელ შეაფასებს.
[1] აღდგომელაშვილისა და ჯაფარიძისა საქმე ეხება ჰომოფობიური მოტივით პოლიციის მიერ მომჩივანთა დამამცირებელ მოპყრობას ლგბტ უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისის ჩხრეკისას 2009 წელს. ევროსასამართლომ ამ საქმეზე მე-3 მუხლის არსებითი დარღვევა მე-14 მუხლთან ერთად დაადგინა.
[2] გლდანის კონგრეგაციის საქმე განმცხადებლებზე 1999-2001 წლებში რელიგიური ნიშნით მოტივირებულ თავდასხმებს შეეხება. სასამართლომ დაადგინა, რომ ხელისუფლებამ ვერ შეასრულა თავისი მოვალეობა, მიეღო აუცილებელი ზომები იმის უზრუნველსაყოფად, რომ იეჰოვას მოწმეებს თავიანთი რელიგიის თავისუფლების უფლებით ესარგებლათ და კონვენციის მე-9 მუხლის დარღვევა ცალკე და მე-14 მუხლთან ერთად დაადგინა.
[3] მიქელაძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ საქმეზე ევროსასამართლომ გადაწყვეტილება დაადგინა მე-3 მუხლის დარღვევა მე-14 მუხლთან ერთობლიობაში. საქმე ეხება 2014 წელს მუსლიმური თემის წარმომადგენლების მიმართა არასათანადო მოპყრობას პოლიციის მხრიდან, რასთან დაკავშირებითაც ევროსასამართლომ მიიჩნია, რომ გამოძიება ამ ფაქტთან მიმართებით არაეფექტური იყო.
[4] ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის და სხვების საქმეზე განმცხადებლები 2013 წელს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ გამართული მარშის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაობდნენ. სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ სახელმწიფომ დაარღვია ვალდებულება უზრუნველყო მარშის მშვიდობიან გარემოში ჩატარება, ვერ შეაკავა ჰომოფობიური და აგრესიული კონტრ-დემონსტრატორები და მე-11 მუხლის დარღვევა მე-14 მუხლთან ერთობლიობაში დაადგინა.
ინსტრუქცია