[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ლგბტი უფლებები / განცხადება

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა საქმეზე „იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტს მიმართა

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა, ლგბტი უფლებებზე მომუშავე  ორგანიზაციასთან - ილგა-ევროპასთან ერთად წერილობითი კომუნიკაციით მიმართა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს და ლგბტი ადამიანების ძირითადი უფლებრივი მდგომარეობის შესახებ სიახლეები წარადგინა. ანგარიში მიზნად ისახავს საქმეზე „იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მდგომარეობასთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ინფორმირებას. 2012 წლის 17 მაისს ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან ლგბტი აქტივისტების აქციის დარბევის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება მინისტრთა კომიტეტს ამ დრომდე არ დაუხურავს და ის ყოველწლიურად ამოწმებს საქართველოს მთავრობის მხრიდან ლგბტი ადამიანებისთვის შეკრების თავისუფლებისა და ძალადობისგან დაცვის მდგომარეობასა და რეფორმებს ქვეყანაში. აღნიშნული საქმის აღსრულება მინისტრთა კომიტეტის მხრიდან გაძლიერებული ზედამხედველობის ქვეშაა და სახელმწიფოს ევალება კომიტეტისთვის გადაწყვეტილების აღსრულების ანგარიშისა და სამოქმედო გეგმის პერიოდული წარდგენა.

საქართველოს მთავრობამ მინისტრთა კომიტეტს იდენტობის საქმის აღსრულების უკანასკნელი ანგარიში 2021 წლის 8 ოქტომბერს წარუდგინა, სადაც მიმოხილულია სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულთა გამოძიების სტატისტიკა და მონაცემები სახელმწიფო უწყების წარმომადგენელთათვის ამ მიმართულებით ჩატარებული ტრენინგების შესახებ.[1] სოციალური სამართლიანობის ცენტრისა და „ილგა-ევროპის“ მიერ მინისტრთა კომიტეტისათვის გაგზავნილი კომუნიკაცია პასუხობს მთავრობის ანგარიშს და მოიცავს იმ დამატებით ინფორმაციას, რომელიც მნიშვნელოვანია მინისტრთა კომიტეტის მიერ საქმის აღსრულების მდგომარეობის სრულყოფილი და ობიექტური შეფასებისთვის.

ანგარიში კრიტიკულად აღწერს სახელმწიფოს მიერ ულტრა-მემარჯვენე რადიკალური ჯგუფების მხრიდან ძალადობრივი ქმედებების ლეგიტიმაციასა და განსაკუთრებით მძიმე და გახმაურებული ჰომო/ტრანსფობიური დანაშაულების არაეფექტიანი გამოძიების მანკიერ პრაქტიკას, რაც ქმნის საზოგადოებაში ამგვარი დანაშაულების შეწყნარებისა და დაუსჯელობის განცდას. კომუნიკაციაში მიმოხილულია ის ინსტიტუციური ხარვეზები, რომლებიც აფერხებს ლგბტი ჯგუფების უფლებების ეფექტურ რეალიზებას. მათ შორის, კომუნიკაციაში მიეთითა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სპეციალიზებული საგამოძიებო უწყების შექმნის საჭიროებაზე, რომელიც უშუალოდ იმუშავებს სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე.

კომუნიკაციაში ასევე ხაზგასმულია, რომ სახელმწიფო წლების განმავლობაში ვერ ახერხებს ლგბტი ადამიანების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებით სარგებლობის უზრუნველყოფას, რაც კიდევ ერთხელ გამოჩნდა 2021 წლის 5-6 ივლისს ღირსების მარშის ირგვლივ განვითარებულ მოვლენების ფონზე. მიუხედავად იმისა, რომ სასულიერო პირები და ულტრა-კონსერვატიული ჯგუფების ლიდერები ღიად გამოთქვამდნენ 5 ივლისს ღირსების მარშის, მათ შორის ძალადობრივი მეთოდებით ჩაშლის განზრახვას, სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ძალადობის რისკების დროული პრევენცია და ლგბტი აქტივისტების შეკრების უფლების დაცვა. სამართალდამცავმა ორგანოებმა ვერ მოახერხეს 5-6 ივლისს ჰომოფობიური ჯგუფების მხრიდან ლგბტი აქტივისტებსა და ჟურნალისტებზე განხორციელებული თავდასხმების აღკვეთა. გარდა ამისა, ამ დრომდე სათანადო სამართლებრივი რეაგირების გარეშე დარჩა სასულიერო პირებისა და ულტრაკონსერვატიული ჯგუფების ლიდერების აშკარა ძალადობრივი მოწოდებები და ორგანიზატორების პასუხისმგებლობის საკითხი. ყოველივე ეს კი ქმნის სახელმწიფოს მხრიდან მიზანმიმართული უმოქმედობისა და ლგბტი აქტივისტების პოლიტიკური მიზნებისათვის ინსტრუმენტალიზების შთაბეჭდილებას.

შეგახსენებთ, რომ საქმეიდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ შეეხება 2012 წლის 17 მაისს, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, ჰომოფობიური ჯგუფების მხრიდან მშვიდობიანი შეკრების მონაწილეთა არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობისგან დაცვისა და ეფექტური გამოძიების ვალდებულების შეუსრულებლობას. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ ამ საქმეზე გადაწყვეტილება 2015 წელს გამოაქვეყნა და დაადგინა კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) და   მე-11 მუხლის (შეკრების და გაერთიანების თავისუფლება) დარღვევა მე-14 მუხლთან ერთობლიობაში (დისკრიმინაციის აკრძალვა).[2]

მინისტრთა კომიტეტი საქმის „იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ აღსრულების მდგომარეობას 2021 წლის დეკემბერში ჩანიშნულ 1413-ე შეხვედრაზე შეაფასებს. იმედი გვაქვს, რომ კომიტეტი მხედველობაში მიიღებს კომუნიკაციაში მითითებულ გარემოებებს, ჩვენს მიერ მომზადებული რეკომენდაციების პაკეტს და გააგრძელებს გადაწყვეტილების აღსრულებაზე გაძლიერებულ ზედამხედველობას.

ანგარიში მომზადდა სქესობრივი განათლების შვედური ასოციაციის (RFSU) მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში „ლგბტი პირთა უფლებების გაძლიერება, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხების ადვოკატირება და ქვიარ აქტივისტთა მხარდაჭერა.“ ანგარიშში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ გამოხატავდეს  სქესობრივი განათლების შვედური ასოციაციი(RFSU) შეხედულებებს.

rule_9.2_submission_26.10.2021_1635320956.pdf

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“