საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
2019 წლის 25 სექტემბერს საქმეზე „იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა საქმის გაძლიერებული ზედამხედველობის პროცესის ფარგლებში მნიშვნელოვანი დასკვნა გამოაქვეყნა[1]. დასკვნაში მიმოხილულია ის ძირითადი ხარვეზები, რაც საქმეზე ევროსასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში, სახელმწიფოს მხრიდან ვლინდება.
საქმე „იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ (2015) შეეხება 2012 წლის 17 მაისს, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს შეკრების მონაწილეთა არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობისგან ადეკვატური დაცვის ვალდებულების დარღვევას. ევროსასამართლომ ამ საქმეზე გადაწყვეტილება 2015 წელს გამოაქვეყნა და დაადგინა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის(წამების აკრძალვა) და მე-11 მუხლის (შეკრების და გაერთიანების თავისუფლება) დარღვევა მე-14 მუხლთან ერთობლიობაში (დისკრიმინაციის აკრძალვა) ე. აღნიშნული საქმე ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის მხრიდან გაძლიერებული ზედამხედველობის ქვეშა, რაც იმას გულისხმობს, რომ სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, წარადგინოს მოხსენება სამოქმედო გეგმის სახით, იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მიმდინარეობს გადაწყვეტილების აღსრულებასის პროცესი.
ამ საქმის აღსრულებაზე მონიტორინგის ფარგლებში ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა, (EMC) ქალთა ინიციატივების მხარდამჭერ ჯგუფთან (WISG) და ILGA-Europe-თან ერთად გააგზავნა ერთობლივი კომუნიკაცია[2]. კომუნიკაციაში ხაზი გაესვა, რომ სახელმწიფო წლების განმავლობაში ვერ ახერხებს ლგბტი ადამიანების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებით სარგებლობის უზრუნველყოფას. დოკუმენტი კრიტიკულად აღწერს 2018 წლის აიდაჰო შეკრებისა და 2019 წლის ღირსების მარშის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, სახელმწიფოს მხრიდან ულტრა-მემარჯვენე რადიკალური ჯგუფების მხრიდან ძალადობრივი ქმედებების ლეგიტიმაციას და ჰომო/ტრანსფობიური დანაშაულების არაეფექტიანი გამოძიების მანკიერ პრაქტიკას, ისევე როგორც პოლიციელების მხრიდან ჩადენილი ჰომო/ტრანსფობიური დანაშაულების სრულყოფილი გამოძიების არარსებობას. კომუნიკაციაში ხაზი გაესვა სპეციალიზებული საგამოძიებო უწყების შექმნის მნიშვნელობას შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში, რომელიც უშუალოდ იმუშავებს სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე.
მინისტრთა კომიტეტის 1355-ე შეხვედრაზე, სახელმწიფოს, სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან წარდგენილი ანგარიშების საფუძველზე გამოქვეყნებული დასკვნა მიმოიხილავს სახელმწიფოს პროგრესს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში და და ასევე, უთითებს მომავალში განსახორციელებელ აუცილებელ ღონისძიებებზე, რომელიც უშუალოდ ასახავს EMC-ის, WISG-ისა და ILGA-Europe-ს ერთობლივ ანგარიშში ხაზგასმულ კრიტიკულ საკითხებს, ასევე, ECRI-ს 2016 წლის ანგარიშს საქართველოს შესახებ.
ზოგად ღონისძიებებთან მიმართებით, კომიტეტი მიესალმება და აღიარებს საქართველოს მხრიდან მნიშვნელოვანი სამართლებრივი და ინსტიტუციური რეფორმების განხორციელებას, რომელიც ასახავს დისკრიმინაციის აკრძალვის საერთაშორისო სტანდარტებს. კომიტეტი ასევე დადებითად აფასებს მთავრობის მიერ აღებულ ვალდებულებას, ჩაატაროს ტრენინგები და ცნობიერების ამაღლების შესახებ ღონისძიებები სასამართლოსა და სამართალდამცავი უწყებებისათვის. შესაბამისად, კომიტეტი მხარს უჭერს სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნული საქმიანობის შენარჩუნებასა და მის სამომავლო გაძლიერებას.
მიუხედავად ამისა, კომიტეტი ეყრდნობა რა გაეროს სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე დისკრიმინაციისა და ძალადობის შესახებ დამოუკიდებელი ექსპერტის ანგარიშს, რომელიც მან საქართველოში ვიზიტისას შეიმუშავა, კომიტეტი წუხილით მიუთითებს, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არსებობს სერიოზული ხარვეზები ლგბტი ადამიანების მიმართ დისკრიმინაციისა და ძალადობის აღმოფხვრასთან მიმართებით არსებულ კანონმდებლობასა და პრაქტიკაში.
კომიტეტი ცალკე ადგილს უთმობს „ღირსების მარშის“ ჩატარების მცდელობისას არსებულ ინციდენტებზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2019 წლის ივნისში, კერძოდ, შეკრების მონაწილეებისა, სახალხო დამცველისა და მისი მოადგილის მიმართ მუქარას და სამართალდამცავი უწყების მიერ გატარებულ არაეფექტურ ზომებს ძალადობრივი ჰომოფობიური ჯგუფებისაგან შეკრების მონაწილეთა დაცვის უზრუნველსაყოფად. კომიტეტი ხაზს უსვამს პლურალიზმის, ტოლერანტობის მნიშვნელობას დემოკრატიულ საზოგადოებაში და სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, იყოს აღნიშნულ პრინციპთა უპირველესი გარანტორი, შესაბამისად, ის სახელმწიფოს მოუწოდებს მიიღოს ყველა საჭირო ზომა ლგბტი ადამიანთა შეკრების თავისუფლებისა და ფიზიკური მთლიანობის დაცვის უზრუნველყოფისთვის.
არსებითი მნიშვნელობისაა, რომ კომიტეტი მოუწოდებს სახელმწიფოს უზრუნველყოს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების მარეგულირებელი კანონმდებლობის სრული იმპლემენტაცია, განსაკუთრებით ისეთ შემთხვევებში, როდესაც აღნიშნული დანაშაული უშუალოდ სამართალდამცავი სისტემის წარმომადგენლების მხრიდან ხორციელდება. კომიტეტი ხაზს უსვამს სამართალდამცავი სტრუქტურების მიერ სიძულვილის მოტივის იდენტიფიცირების აუცილებლობას და სახელმწიფოს ამგვარ დანაშაულთა სრულყოფილი და ეფექტიანი გამოძიების სტანდარტით წარმოებისკენ მოუწოდებს. ამასთან დაკავშრებით, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია კომიტეტის ცალსახა მოწოდება საქართველოს მთავრობის მიმართ - შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შეიქმნას სპეციალიზებული საგამოძიებო კომპეტენციის მქონე უწყება სიძულვილით მოტივირებულ დანაშულებზე სპეციფიური და ეფექტიანიგამოძიების წარმოების უზრუნველყოფისათვის.
საქმე „იდენტობა და სხვები საქართველოს“ წინააღმდეგ რჩება მინისტრთა კომიტეტი გაძლიერებული ზედამხედველობის ქვეშ, კომიტეტი იმპლემენტაციის პროცესში მიღწეულ პროგრესს 2020 წლის სექტემბრის პერიოდში კიდევ ერთხელ შეაფასებს.
[1] იხილეთ დასკვნა ინგლისურ ენაზე: https://hudoc.exec.coe.int/eng#{%22EXECIdentifier%22:[%22CM/Del/Dec(2019)1355/H46-8E%22]}
[2] იხილეთ EMC-ის, WISG-ის და ILGA-Europe-ას ერთობლივი კომუნიკაცია/ანგარიში ინგლისურ ენაზე: https://hudoc.exec.coe.int/eng#{%22EXECIdentifier%22:[%22DH-DD(2019)938E%22]}
ინსტრუქცია