საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
წარმოდგენილი პოლიტიკის დოკუმენტი მიზნად ისახავს, აღწეროს მარნეულში ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური მონაწილეობის გამოწვევები და მუნიციპალიტეტს შესთავაზოს რეკომენდაციები, რომლებიც გაზრდიდა უმცირესობების ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში და მათ წარმომადგენლობას თვითმმართველობის დონეზე. დოკუმენტის ადრესატია მარნეულის ადგილობრივი ხელისუფლება, ის ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდის მიზნით უფრო სისტემურ კონსტიტუციურ და პოლიტიკურ საკითხებს არ ეხება. დოკუმენტის პირველ ნაწილში მიმოხილულია საერთაშორისო სტანდარტები და რეკომენდაციები ეთნიკური უმცირესობების საჯარო და პოლიტიკური მონაწილეობის საკითხებზე, ასევე, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის მექანიზმები. დოკუმენტის მეორე ნაწილი ველის მიმოხილვასა და პოლიტიკური მონაწილეობის კუთხით მარნეულის მუნციპალიტეტში არსებულ სიტუაციაზეა ორიენტირებული. მათ შორის, დოკუმენტში მიმოხილულია ის საკითხი, თუ როგორ სრულდება ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მოქალაქეთა მონაწილეობის მექანიზმები პრაქტიკაში. დოკუმენტი ასევე შეიცავს კონკრეტულ რეკომენდაციებს ადგილობრივი თვითმმართველობის მიმართ, რომელიც, ჩვენი შეფასებით, ხელს შეუწყობს ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური მონაწილეობის გაძლიერებას. აღნიშნული რეკომენდაციები, არსებითად, საერთაშორისო სტანდარტებს, სხვა ქვეყნების საუკეთესო გამოცდილებებს და მარნეულის მუნიციპალიტეტში არსებულ გამოწვევებს ეფუძნება. რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი თვითმმართველობის შესახებ კოდექსით გათვალისწინებული მექანიზმების გამოყენების პრაქტიკის გაუმჯობესებას უკავშირდება და სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის მიდგომებსა და სულისკვეთებას შეესაბამება. აღსანიშნავია, რომ რეკომენდაციები შეთანხმდა ადგილობრივი აქტივისტების და სამოქალაქო ორგანიზაციების ფართო წრესთან და მას წინ დემოკრატიული განხილვები უსწრებდა. ბოლო პერიოდში მარნეულის მერის მიერ გადადგმული პოზიტიური დემოკრატიული ნაბიჯების გათვალისწინებით, EMC იმედოვნებს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება გაიზიარებს დოკუმენტში წარმოდგენილ რეკომენდაციებს და მარნეულის მუნიციპალიტეტში შექმნის ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური მონაწილეობის პოზიტიურ და სამაგალითო პრაქტიკას.
პოლიტიკის დოკუმენტი სრულად შეგიძლიათ იხილოთ მიმაგრებულ ფაილში.
ინსტრუქცია