[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სასამართლო სისტემა / ანალიტიკური დოკუმენტები

ერთი წელი 20-21 ივნისის მოვლენებიდან

  • შესავალი

2019 წლის 20-21 ივნისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენები, ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციის დაშლა და ამ მიზნით გამოყენებული ჭარბი საპოლიციო ძალა უკანასკნელი წლების განმავლობაში ყველაზე მძიმე და მასშტაბური უფლებრივი დარღვევების განმაპირობებელი აღმოჩნდა.

აქციას, 20 ივნისის დილას, წინ უსწრებდა საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში, თავმჯდომარის ტრიბუნასთან რუსეთის ფედერაციის დეპუტატ სერგეი გავრილოვის გამოჩენა, რომელიც პარლამენტში მართლმადიდებლობის საერთაშორისო ასამბლეის სხდომის ფარგლებში იმყოფებოდა. რუსი დეპუტატის მიერ მაღალი ტრიბუნის დაკავებამ საზოგადოების დიდი პროტესტი და ანტისაოკუპაციო აქციის გამართვა განაპირობა. პარლამენტის წინ შეკრება-მანიფესტაცია რამდენიმე საათის განმავლობაში მშვიდობიანად მიმდინარეობდა, თუმცა სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეთა გარკვეულმა ნაწილმა პარლამენტის შენობაში შესვლა სცადა. აღნიშნულს სამართალდამცავებსა და პროტესტის მონაწილეთა ნაწილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა, რის შემდეგაც სპეციალური საშუალებების გამოყენებით, აქციის დაშლა დაიწყო.[1]

რეპრესიული აპარატის პოლიტიკური მიზნით გამოყენებაზე გაცხადებული უარის მთავარი დაპირებით, 2012 წელს მომხდარი სახელისუფლო ცვლილების შემდეგ, ეს იყო პრაქტიკულად პირველი შემთხვევა, როდესაც დემონსტრაციული საპოლიციო ძალით და იძულების სხვადასხვა საშუალების გამოყენებით, ხელისუფლებამ მრავალრიცხოვანი შეკრების დაშლის გადაწყვეტილება მიიღო. ამ  გადაწყვეტილების აღსრულება, აქციის დაშლის შესახებ სამართალდამცავთა მხრიდან წინასწარი გაფრთხილების გარეშე, მომიტინგეთა ცალკეული ჯგუფების დესტრუქციული ქმედებების შემდგომ, ადამიანის უფლებების დარღვევების მძიმე პრაქტიკით, მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ანტისაოკუპაციო შეკრება-მანიფესტაციის შეწყვეტის მასშტაბურ საპოლიციო ღონისძიებებში, საერთო ჯამში მონაწილეობა შინაგან საქმეთა სამინისტროს 5000-მდე თანამშრომელმა მიიღო.[2] სამართალდამცავებმა, მომიტინგეთა მიმართ, ცრემლსადენი გაზის და  წყლის ჭავლის გარდა, არალეტარული ჭურვების სახით 12-კალიბრიანი და 38-მილიმეტრიანი 800-მდე რეზინის ტყვია ისროლეს[3].

აქციის დაშლას კი, 21 ივნისის გამთენიისას, პოლიციის მხრიდან დემონსტრანტების მიდევნება და სხვადასხვა ტერიტორიაზე დაკავება მოჰყვა. დაკავებულთა ნაწილი მიუთითებდა პოლიციის კონტროლის ქვეშ ძალადობისა და არასათანადო მოპყრობის შემთხვევებზე.[4]

ოფიციალური მონაცემებით, 20-21 ივნისს 275 ადამიანი დაზარალდა, მათ შორის იყო 187 სამოქალაქო პირი, 40-მდე ჟურნალისტი,[5] 73 პოლიციის თანამშრომელი. მიყენებული დაზიანებების გამო, ქირურგიული ჩარევა 28 პირს დასჭირდა. ასევე დადასტურებულია, რომ რეზინის ტყვიით გამოწვეული ტრავმის შედეგად, ორმა დემონსტრანტმა დაკარგა ცალი თვალი, რამდენიმე დაზარალებულს მნიშვნელოვნად დაუზიანდა მხედველობა.[6]

2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებიდან ერთი წლის თავზე, წინამდებარე დოკუმენტი აფასებს მასობრივი საპოლიციო ძალის გამოყენებით გამოწვეულ უფლებრივ დარღვევებზე სახელმწიფოს რეაგირების ეფექტიანობას, მოქალაქეთა მიმართ და პოლიციის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების დღემდე არსებულ შედეგებს. დოკუმენტი ეყრდნობა შესაბამისი უწყებებიდან მიღებულ ინფორმაციას, საჯარო წყაროებში არსებულ მასალას, სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშს 20-21 ივნისის მოვლენებზე პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების შესახებ.

დოკუმენტი სრულად შეგიძლიათ იხ. მიმაგრებულ ფაილში

20_ივნისიდან_1_წელი__1592550285.pdf

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] EMC, 20 ივნისის მოვლენები: აქციის დაშლა და ადამიანის უფლებების დარღვევის ძირითადი

პრაქტიკა, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/30Njvmq.

[2] საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2019 წლის 21 აგვისტოს MIA31902221560 წერილი.

[3] საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2019 წლის 21 აგვისტოს MIA31902221560 წერილი.

[4] EMC, 20 ივნისის მოვლენები: აქციის დაშლა და ადამიანის უფლებების დარღვევის ძირითადი

პრაქტიკა, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/30Njvmq.

[5] იხ. https://bit.ly/2YBCuhg.

[6] იხ. https://bit.ly/30LwZiw.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“