[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

უსაფრთხოების სექტორი / ანალიტიკური დოკუმენტები

ეროვნული უსაფრთხოება, სახელმწიფო საიდუმლოება და ინფორმაციის თავისუფლება

შესავალი

დემოკრატიული მმართველობისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უზრუნველსაყოფად ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია ომის, მშვიდობისა და ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების დაცვის შესახებ სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. თუმცა, არსებობს თავისთავადი კონფლიქტი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებსა და ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებულ სტანდარტებს შორის. ერთის მხრივ, სამთავრობო გადაწყვეტილებებზე საჯარო ხელმისაწვდომობა და გამჭვირვალობა გადამწყვეტია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა არა მხოლოდ იცავს ინდივიდებს მთავრობების, თანამდებობის პირებისა და კერძო სუბიექტების უკანონო/არამართლზომიერი ქმედებებისგან, არამედ საზოგადოებას აძლევს შესაძლებლობას მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს მთავრობის პოლიტიკის განსაზღვრაში. მეორეს მხრივ, იმისათვის რომ საერთაშორისო ურთიერთობები, სამხედრო ოპერაციები და სადაზვერვო აქტივობები ეფექტიანად წარიმართოს, საიდუმლოების გარკვეული ხარისხის არსებობა გარდაუვალია.

ეროვნული უსაფრთხოება თავისთავად არ არის ღირებულება, ის არის პირობა, რომელიც საშუალებას აძლევს ერს შეინარჩუნოს თავისი ღირებულებები. ამის საპირისპიროდ, ღია მმართველობა დემოკრატიული საზოგადოებების პირობაცაა და ღირებულებაც. სამთავრობო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა წარმოადგენს გამოხატვის თავისუფლების არსებით საფუძველსაც, რასაც, თავის მხრივ, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მთავრობათა პასუხისმგებლობისა და ანგარიშვალდებულებისათვის.ამგვარად, ამ ორი ცნების ერთსა და იმავე სიმაღლეზე დაყენება, ზედმეტად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს პირველს და აქვეითებს აუცილებელ ეჭვს, რომელიც თან უნდა ახლდეს ეროვნული უსაფრთხოების დაცვის არგუმენტით ინფორმაციაზე თავისუფალი წვდომის შემცირების ნებისმიერ მცდელობას.

რამდენადაც თითოეული ერი გარდაიქმნება ტექნოლოგიურად რთულ ინფორმაციულ საზოგადოებად და, შესაბამისად, სულ უფრო დაუცველი ხდება მტრული ქმედებების მრავალი ამოუცნობი წყაროს წინაშე, მეტად რთული ხდება ეროვნული უსაფრთხოებისათვის ჭეშმარიტად მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის ეროვნული უსაფრთხოების არგუმენტით დასაიდუმლოებული სხვა ტიპის ინფორმაციისგან მკაფიოდ გამიჯვნა. ეროვნული უსაფრთხოების დაცვის არგუმენტით დასაიდუმლოებულ ინფორმაციაზე წვდომის განსაკუთრებული რეჟიმის არსებობის საჭიროება სულ უფრო მეტადაა გაზიარებული სახელმწიფოთა უმრავლესობის მიერ, მიუხედავად მათი სამართლებრივი სისტემისა თუ სოციალურ-ეკონომიკური პირობების კუთხით არსებული განსხვავებებისა. უფლებადამცველებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების მცდელობების მიუხედავად, ხელი შეუშალონ ეროვნული უსაფრთხოების საფუძველზე ინფორმაციის თავისუფლების დაცვის საუკეთესო პრაქტიკის სტანდარტებიდან გამონაკლისი სფეროს გაფართოებას, სწრაფად განვითარებად ციფრულ ეპოქაში ეს მიდგომა განიხილება, როგორც სახელმწიფო საიდუმლოების დაცვისათვის აუცილებელი ბოროტება. თუმცა, ეს ტენდენცია შეიცავს საფრთხეს, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში შეიზღუდება ინფორმაციაზე წვდომისა და მისი გამოყენების ხარისხი. გარდა ამისა, მთავრობის მიერ ეროვნული უსაფრთხოების არგუმენტის უპირობოდ გამოყენებამ შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას ხელისუფლების მხრიდან საზოგადოების ნდობის ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ არსებულ ძირითად ინსტიტუციურ გარანტიებს, როგორებიცაა: სამართლის უზენაესობა, სასამართლოების დამოუკიდებლობა, საკანონმდებლო ზედამხედველობა, მედიის თავისუფლება და ღია მმართველობა.

ამასთან, დღევანდელ რეალობაში, როდესაც მთავრობები უამრავ ინფორმაციას ფლობენ თავიანთი მოქალაქეების შესახებ (განსაკუთრებით მათ შესახებ, ვინც არსებითად იყენებს

საჯარო სერვისებს), გადაჭარბებული საიდუმლოების პრაქტიკა პირდაპირპროპორციულად აისახება მთავრობის მიმართ საზოგადოების ნდობის დაქვეითებაზე. ამ ფონზე საზოგადოებრივი აზრის კლიმატის ცვლილება სახეზეა: ხალხი ხელისუფლებისგან გაცილებით მეტ ღიაობასა და ანგარიშვალდებულებას მოელის, ვიდრე ადრე.8 შესაბამისად, აუცილებელია დაბალანსების არსებულ ტესტებს მიღმა ახალი პარადიგმების ჩამოყალიბება, წინააღმდეგ შემთხვევაში, დღევანდელი უსაფრთხოების საკითხები გააგრძელებს ფუნდამენტური ღირებულებების მნიშვნელობის გაუფასურებას და გააღრმავებს ნდობის კრიზისს საზოგადოებასა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის.

სწორი ბალანსის პოვნას მით უფრო რთულს ხდის ის ფაქტი, რომ უმეტეს ქვეყნებში სასამართლოები ძირითადად მთავრობის მხარეს იხრებიან (deference - სასამართლო უარს ამბობს დეტალურად განიხილოს საქმე საკუთარი ინსტიტუციონალური კომპეტენციის/ლეგიტიმაციის ნაკლებობის გამო და უპირობოდ მიყვება აღმასრულებელი ხელისუფლების გადაწყვეტილებას/მიდგომას), როდესაც საქმე უსაფრთხოების საკითხს შეეხება. ბალანსის ასეთი დეფერენციული გაგება გამყარებულია მრავალი ქვეყნის კანონმდებლობით, როცა ეროვნული უსაფრთხოების დაცვის არგუმნეტით გამონაკლისი დადგენილია არა მხოლოდ ინფორმაციის თავისუფლების, არამედ ასევე მტკიცებულების გამოკვლევის ჩვეულებრივი წესებისა და ბრალდებულის უფლებების კუთხითაც, თუ არსებობს უმცირესი ეჭვიც კი რისკების შესახებ.

ამ დოკუმენტის მიზანია გააანალიზოს ეროვნული უსაფრთხოების არგუმენტით სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის გაფართოებულ სფეროსა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობას/საჯარო ანგარიშვალდებულებას შორის არსებული კონფლიქტი. იმისათვის, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების მიდგომამ საფრთხე არ შეუქმნას დემოკრატიულ საზოგადოებას და მის განვითარებას, მნიშვნელოვანია იმის შესწავლა, თუ რა ხდის ინფორმაციას საიდუმლოდ, ვინ წყვეტს მისი დასაიდუმლოების საკითხს, როგორი პროცედურით და რა ვადით. ამ მიზნით, დოკუმენტში გაანალიზებულია რელევანტური ეროვნული კანონმდებლობა და ის შედარებულია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან.

უსაფრთხოება_Geo_1726659260.pdf

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“