[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სამართალდამცავი სისტემა / ანალიტიკური დოკუმენტები

EMC სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშს ეხმაურება

EMC ეხმაურება „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის“ ყოველწლიურ ანგარიშს და პრობლემურად მიიჩნევს დოკუმენტში წარმოდგენილ არაერთ მსჯელობას, რომელიც ხელს უწყობს კონკრეტული ჯგუფების მარგინალიზებას, აძლიერებს უსაფრთხოებისა და კონტროლის რიტორიკას არა მხოლოდ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, არამედ ქვეყანაში არსებულ ე.წ. ჰიბრიდულ საფრთხეებთან გასამკლავებლადაც. ამავდროულად, ანგარიში მხოლოდ ზედაპირულ და პოპულისტურ ინფორმაციას შეიცავს ოკუპაციის, კონტრტერორიზმისა და სხვა სენსიტიურ საკითხებზე, რაც, ფაქტობრივად, შეუძლებელს ხდის როგორც პარლამენტის, ასევე საზოგადოების მიერ უწყების საქმიანობის ეფექტიან ზედამხედველობასა და მონიტორინგს.

მიმდინარე წლის 14 აპრილს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქმიანობის ყოველწლიური ანგარიში წარუდგინა საქართველოს პარლამენტს. ეს პროცედურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშვალდებულების ერთ-ერთი უმთავრესი მექანიზმია. შესაბამისად, არსებითია, რომ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და დიდი ძალაუფლების მქონე სამსახურის მიერ მომზადებული ანგარიში იყოს დეტალური და ინფორმაციული, რათა პარლამენტს და საზოგადოებას რეალურად ჰქონდეს შესაძლებლობა, შეაფასოს უწყების საქმიანობის ეფექტიანობა და მართლზომიერება.

არსებითი პრობლემაა ისიც, რომ სუს-ს არ გააჩნია პოლიტიკის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც კონკრეტულ პოლიტიკურ, სოციალურ და სამართლებრივ მიზნებს დაეფუძნებოდა და მოიცავდა როგორც ამ , ისე სხვა სახელმწიფო უწყებების საქმიანობას, მთლიანობაში. ამგვარი სტრატეგიისა და გეგმის არარსებობა ზრდის თვითნებობის, ასევე პოლიტიკაში უსაფრთხოების მზერისა და მიდგომების დომინაციის რისკს და მთლიანობაში უწყების საქმიანობების პოლიტიკური მიზანშეწონილობისა და ადამიანის უფლებებთან შესაბამისობის შემოწმებას ართულებს. პრობლემურია სუს-ისა და სხვა სახელმწიფო უწყებების ურთიერთმიმართებისა და კოორდინაციის საკითხიც, რომელიც ასევე არ ჩანს ანგარიშში, თუ როგორ ორგანიზდება.

წარმოდგენილი ანგარიში მხოლოდ უსაფრთხოების პრიზმით ხედავს ოკუპაციასა და ე.წ. ჰიბრიდულ ომთან დაკავშირებულ საფრთხეს. შესაბამისად, ამ საფრთხესთან ბრძოლის ძირითად ინსტრუმენტებად მილიტარისტული და კონტროლის მექანიზმებია დასახული, თუმცა არ ჩანს, ამის მიღმა რამდენად ცდილობს სახელმწიფო კონფლიქტის ტრანსფორმაციასა და დიალოგზე მიმართული პოლიტიკური მექანიზმების გამოყენებას ამ პრობლემებთან გასამკლავებლად. ამავდროულად, ანგარიშში მხოლოდ უზოგადესი ინფორმაციაა წარმოდგენილი უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების გავლენის შემცირების მიზნით გატარებულ ღონისძიებებზე. შესაბამისად, შეუძლებელია, ამ მიმართულებით სუს-ის მიერ გაწეული საქმიანობა საფუძვლიანად შეფასდეს.

ანგარიშში ქართული მოსახლეობის მრავალეთნიკურობა ნაჩვენებია, როგორც სეპარატიზმისა და შუღლის გაღვივების პოტენციური წინაპირობა. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად პრობლემურია სახელმწიფოს მიდგომა ეთნიკური უმცირესობების მიმართ, როგორ უწყობს უსაფრთხოების მზერის ქვეშ ამ ჯგუფების მოქცევა მათ გარიყვას, და რამდენად უკანა პლანზეა გადატანილი ამ ჯგუფების ინკლუზიის, თანასწორობისა და მონაწილეობის საკითხები.

პრობლემურად არის დანახული ანგარიშში 20 ივნისის მოვლენებიც, როგორც ქვეყანაში დესტაბილიზაციისა და არეულობის მოწყობის მცდელობა, თუმცა არ არის შეფასებული წინარე მოვლენები, რამაც გამოიწვია მოსახლეობის ფართომასშტაბიანი პროტესტი საქართველოს პარლამენტის წინ. ამ შემთხვევაშიც საზოგადოებრივი უკმაყოფილების მიზეზების ანალიზის ნაცვლად, აქცენტი გადატანილია პოტენციურ საფრთხეზე, რაც შესაძლოა, ამ უკმაყოფილებას მოჰყოლოდა.

მთლიანობაში, ანგარიშში, ფაქტობრივად, არ ჩანს არსებული გამოწვევების სოციოეკონომიკური და პოლიტიკური ანალიზი და საკითხი მთლიანად უსაფრთხოების ვიწრო პერსპექტივით არის დანახული. პრობლემების აბსოლუტური უმრავლესობა აღქმულია, როგორც პროვოცირებული და გარეშე ძალების მიერ წახალისებული, რაც, საბოლოო ჯამში, ლოგიკურად მოითხოვს კონტროლისა და კონტრტერორისტული აპარატის კიდევ უფრო გაძლიერებას.

ამ ფონზე განსაკუთრებით პრობლემურია უსაფრთხოების სამსახურის დახურულობისა და გასაიდუმლოების ტენდენციები. საგანგაშოა, რომ წლების განმავლობაში უწყების ანგარიშვალდებულების მთავარი ინსტრუმენტი ყოველწლიური ანგარიშია, რომელიც არ შეიცავს საკმარის ინფორმაციას, რეალურად შეფასდეს უწყების საქმიანობა. სამსახურის საქმიანობის ისეთი მნიშვნელოვანი კომპონენტები, როგორიცაა კონტრდაზვერვითი და ანტიტერორისტული საქმიანობა, არსებითი ზედამხედველობის მიღმაა დარჩენილი. უწყების დახურულობა ასევე ართულებს ზედამხედველობას საგამოძიებო და ოპერატიულ საქმიანობაზე. თავის მხრივ, დღეს არსებული საპარლამენტო ანგარიშვალდებულების მექანიზმებიც არ უზრუნველყოფს სუს-ზე პროფესიული და ექსპერტული ზედამხედველობის გარანტიას და საკითხი მთლიანად პოლიტიკურ ჭრილშია დატოვებული.

ქვემოთ წარმოდგენილია ანგარიშის დოკუმენტის მხოლოდ რამდენიმე ასპექტის კრიტიკა, რაზეც EMC-ს მუშაობის გამოცდილება აქვს. შესაბამისად, ორგანიზაციას არ აქვს პრეტენზია უწყებისა და მისი ანგარიშის სრულ შეფასებაზე.

დოკუმენტი სრულად შეგიძლიათ იხილოთ მიმაგრებულ ფაილში.

სუს-ის_ანგარიში_1588337772.pdf

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“