[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

შრომის უფლება / ანალიტიკური დოკუმენტები

EMC მინდელის სახელობის შახტაში 2018 წლის 16 ივლისს მომხდარი შემთხვევის გამოძიების შედეგებს აფასებს

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) 2018 წლის 16 ივლისს ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში, N1 ნახშირმომპოვებელ უბანზე ოთხი მეშახტის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების/სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესს აფასებს. EMC აღნიშნულ საქმეში სამართლებრივ დახმარებას უწევდა გარდაცვლილ მიხეილ გამეზარდაშვილის ოჯახს. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, გამოძიება მიმდინარეობდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომელიც გულისხმობს შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების შედეგად გამოიკვეთა სამი მოქალაქის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, რომლებიც 2018 წლის 16 ივლისს ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად მონაწილეობდნენ სამუშაოების წარმოებაში და უშუალოდ ოსტატ-ამფეთქებელთან ერთად, აფეთქებითი სამუშაოების ჩატარებაზე იყვნენ პასუხისმგებლები. ეს პირები ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

 მსჯავრდებულების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამოკვეთა არსებითად ეფუძნებოდა გამოძიების ფარგლებში ჩატარებული ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნას. დასკვნის თანახმად,  N1 ნახშირმომპოვებელ უბანზე განხორციელდა ორი აფეთქება. კერძოდ, სანგრევში აფეთქებას, სამუშაოების წარმოების მიზნით, მოჰყვა ლავაში დაგროვილი გაზის აფეთქება ნახშირის მტვრის მონაწილეობით.   მსჯავრდებულებმა კი, სანგრევში, ხელოვნური აფეთქების განხორციელებამდე არ უზრუნველყვეს სამუშაოების მწარმოებელი სხვა მეშახტეების გაყვანა უსაფრთხო ადგილზე, რის გამოც აფეთქებამ რამდენიმე მათგანის გარდაცვალება და დაზიანება გამოიწვია. აფეთქებამდე მეშახტეების უსაფრთხო ადგილზე არ გაყვანით გ. ა.-სა და მ. ს.-ს მიერ, დაირღვა შრომის უსაფრთხოების წესები და განხორციელდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება.

ექსპერტიზის დასკვნით, სხვა პირთა, მათ შორის, მენეჯერულ პოზიციებზე მყოფი პირების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, არ გამოიკვეთა, მიუხედავად იმისა, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალები ქმნის ვარაუდს მენეჯერული რგოლის მხრიდან N1 ნახშირმომპოვებელ უბანზე სამუშაოების დაგეგმვისა და წარმოების უსაფრთხოების წესების დარღვევით განხორციელების და სამუშაოთა წარმოების პროცესში აფეთქების წესების დარღვევის სისტემატური პრაქტიკის თაობაზე ცოდნის შესახებ. უფრო კონკრეტულად კი, კომპანიის მაღალ მენეჯმენტს N1 ნახშირმომპოვებელ უბანზე სამუშაოების დაწყებამდე არ გაუზომავს და შეუფასებია ამ კონკრეტულ უბანზე მოპოვებითი სამუშაოების წარმოების შესაძლებლობა და რისკები. ამასთან ერთად, სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან დგინდება, რომ მეთანის საზომი ხელსაწყოების (ინტერფერომეტრის)  ფუნქციონირება ექსპლუატაციაში მიღების შემდგომ არ შეუმოწმებიათ, მაშინ, როდესაც 16 ივლისს მომხდარ შემთხვევამდე რამდენიმე ხნით ადრე ზოგიერთი მეშახტე ინტერფერომეტრების შეფერხებით მუშაობაზე მიუთითებდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2018 წლის 5 აპრილს ამავე სამუშაო უბანზე მომხდარი შემთხვევისა და ექვსი მეშახტის გარდაცვალების შემდგომ, კომპანიამ უზრუნველყო მეთანის, CO-ს, ჰაერის ნაკადისა და მეშახტეთა დეტექციის მაკონტროლებელი სენსორების განთავსება კონკრეტულ ველში. თუმცა, გარდა იმისა, რომ სენსორები სატესტო რეჟიმში მუშაობდა, ასევე პრობლემური იყო სამუშაო უბნის კონკრეტულ ადგილებში მათი განთავსების/განუთავსებლობის საკითხი. დასახელებული საკითხების პრობლემურობას და კომპანიის მაღალი მენეჯმენტის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამოკვეთის შესაძლებლობებს ქვემოთ დეტალურად მიმოვიხილავთ.

 

N1 ნახშირმომპოვებელი უბნის გეოლოგიური და სამარკშაიდერო დოკუმენტაციის არარსებობა

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2018 წლის 16 ივლისს, მინდელის სახელობის შახტაში, N1 ნახშირმომპოვებელ უბანზე, ერთ-ერთ ველზე მომხდარ შემთხვევას წინ უსწრებდა ამავე უბანზე, ამავე ველის მეზობლად მდებარე ველზე 2018 წლის 5 აპრილს მომხდარი შემთხვევა, რომლის დროსაც ექვსი მეშახტე დაიღუპა, ხოლო დანარჩენებმა მძიმე დაზიანებები მიიღეს. ამ შემთხვევიდან დაახლოებით ორ თვეში, კომპანიის მაღალმა მენეჯმენტმა, ისე, რომ არ შეუსწავლია, შეიძლებოდა თუ არა ამ უბანზე კვლავ ეწარმოებინა მოპოვებითი სამუშაოები და არ შეუფასებია ყველა რისკი, მიიღო გადაწყვეტილება ამავე უბანზე სამუშაოების განახლების შესახებ. ზოგადად, 2013 წლის 31 დეკემბრის N449-ე საქართველოს მთავრობის „ნახშირის შახტების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ დადგენილების (შემდგ. რეგლამენტი) მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომპანიას უნდა ჰქონდეს რეგლამენტის და სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად შედგენილი სამარკშაიდერო და გეოლოგიური დოკუმენტაცია, შედგენილი სამუშაო უბნის გახსნის ეტაპზე, რომელიც უნდა ასახავდეს გეოლოგიურ მდგომარეობას და მოპოვებითი სამუშაოების (მათ შორის, ბურღვა-აფეთქების) წარმოების შესაძლებლობას იმ კონკრეტულ უბანზე. აღნიშნული საკანონმდებლო ვალდებულებიდან გამომდინარე, ცხადია, კომპანიას N1 ნახშირმომპოვებელი უბნის გახსნამდე უნდა ჩაეტარებინა შესაბამისი გეოლოგიური კვლევა და განესაზღვრა, იყო თუ არა შესაძლებელი ამ უბანზე მოპოვებითი სამუშაოების წარმოება.  კომპანიის მიერ სწორედ ამ შემოწმების ჩატარებისა და საჭირო გეოლოგიური დოკუმენტების არსებობის შესწავლის საკითხი დააყენა გამოძიების ფარგლებში EMC-იმ, თუმცა  სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გამოძიებამ შეისწავლა ეს საკითხი და შეაფასა, კომპანიას ჰქონდა თუ არა ჩატარებული საჭირო გეოლოგიური კვლევები. ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ რეგლამენტის 27-ე მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, აირიან შახტებში უნდა შედგეს მეთანის დაგროვების მხრივ საშიში გვირაბების ნუსხა, რომელიც თავის მხრივ უნდა განახლდეს მოპოვებითი სამუშაოების გათვალისწინებით. მინდელის სახელობის შახტის ეს უბანი კი, ზეკატეგორიულ, აირის დაგროვების მხრივ საფრთხის შემცველ შახტას მიეკუთვნება. შესაბამისად, კომპანიას მეთანის დაგროვების მხრივ საშიში უბნები უნდა გამოევლინა და იქ მუშაობის რისკები შეეფასებინა, თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება.

კომპანიის მიერ N1 ნახშირმომპოვებელ უბანზე საჭირო გეოლოგიური კვლევების, მათ შორის, განმეორებითი კვლევების ჩატარების აუცილებლობას 16 ივლისამდე მომხდარი ფაქტი კიდევ უფრო კრიტიკულად წარმოაჩენდა და ის, რომ კომპანიის მენეჯმენტმა შესაძლოა ყოველგვარი გეოლოგიური კვლევის გარეშე მიიღო ახალი სამუშაო ველის გახსნის გადაწყვეტილება, ბუნებრივია, რეგლამენტით გათვალისწინებული წესების დარღვევასა და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობაზე მიუთითებს.

 

მეთანის მზომი ხელსაწყოებისა და მეთანის, CO-ს, ჰაერის ნაკადისა და მეშახტეთა დეტექციის მაკონტროლებელი სენსორების/სიგნალიზატორის ფუნქციონირების საკითხი

რეგლამენტის თანახმად, ნახშირის მოპოვებისას მეთანისა და ნახშიროჟანგის შემცველობა უნდა კონტროლდებოდეს ავტომატური ხელსაწყოებით, რომლებიც მეშახტეთა ინდივიდუალური ეკიპირების ნაწილია. ამავე რეგლამენტის 27-ე მუხლის მე-12 პუნქტის მიხედვით კი, აღნიშნულ ხელსაწყოს (ე.წ. ინტერფერომეტრი) პერიოდულად უნდა ამოწმებდეს შახტის ტექნიკური ხელმძღვანელობა. განსახილველ შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმის მასალები (შახტის თანამშრომლების გამოკითხვის ოქმები) აჩვენებს, რომ მინდელის სახელობის შახტაში სამუშაო უბნებზე მეთანის საზომ ხელსაწყოდ გამოიყენება რუსული და ჩინური წარმოების მოდელები, რომლებსაც უკვე  4 წელია იყენებს კომპანია და ამ ხნის განმავლობაში არ გადაუმოწმებიათ მათი ფუნქციონირება, რამდენადაც კომპანიას არ აქვს შესამოწმებელი მოწყობილობა. ზოგადად, ინტერფერომეტრები წელიწადში ერთხელ უნდა შემოწმდეს. ინტერფერომეტრების შეუმოწმებლობის პარალელურად კი, კომპანიის იმ განყოფილების თანამშრომელი, რომელიც უშუალოდ პასუხისმგებელია ინტერფერომეტრების დამუხტვასა და გარეგნულ შემოწმებაზე, გამოძიების წინაშე უთითებს, რომ მეშახტეებმა რამდენჯერმე განაცხადეს, რომ ზოგი ინტერფერომეტრი გამართულად არ მუშაობდა და ერთმანეთისგან განსხვავებულ მონაცემებს აფიქსირებდა. ინტერფერომეტრების ამ დონეზე გაუმართავობა კი, რა თქმა უნდა, პირდაპირ მიუთითებს შესაძლებლობაზე, რომ ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოების დაწყებამდე მეთანის ან ნახშიროჟანგის შემცველობის შესახებ არასწორი მონაცემების დაფიქსირების შემთხვევაში, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს მეთანის აფეთქებას, რამაც გამოიწვიოს ადგილზე მყოფი პირების დაზიანება. ამგვარი მაღალი რისკის არსებობის მიუხედავად, კომპანიის მაღალმა მენეჯმენტმა არ უზრუნველყო ინტერფერომეტრების სათანადო შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში ახლით ჩანაცვლება.

ინტერფერომეტრების ფუნქციონირების საკითხის გარდა, აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში მნიშვნელოვანი იყო კონკრეტულ ველში, კომპანიის მიერ დამონტაჟებული მეთანის, CO-ს, ჰაერის ნაკადისა და მეშახტეთა დეტექციის მაკონტროლებელი სენსორების მუშაობის საკითხიც. სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, N1 ნახშირმომპოვებელ უბანზე, მეათე ველის +325 და +300 ჰორიზონტებს შორის დამონტაჟებული იყო მეთანის, CO-ს, ჰაერის ნაკადისა და მეშახტეთა დეტექციის მაკონტროლებელი სენსორები, რომლებიც მეთანის ან ნახშიროჟანგის დონის მატებას ადგილზე მყოფ პირებს და მორიგე ოპერატორს (რომელიც კომპიუტერული სისტემის მეშვეობით აკონტროლებს ამ მონაცემებს) სპეციალური სიგნალითა და ფერით ატყობინებს. აღნიშნული სენსორები მომხდარ შემთხვევამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე განათავსეს N1 ნახშირმომპოვებელ უბანზე და სატესტო რეჟიმში მუშაობდა.  სისხლის სამართლის საქმის მასალებში არსებული კომპანიის რამდენიმე თანამშრომლის, მათ შორის, მორიგე ოპერატორის გამოკითხვის ოქმებში მითითებულია, რომ 2018 წლის 16 ივლისს N2 ნახშირმომპოვებელ უბანზე მყოფმა პირებმა დარეკეს სადიპეტჩეროში და განაცხადეს, რომ N1 სამუშაო უბნიდან ხმაური შემოესმათ და ჰაერის ნაკადის მატება იგრძნეს. ამ ზარის მიმდინარეობისას კი, კომპიუტერის ეკრანზე N1 უბანზე დამონტაჟებული ყველა სენსორის მაჩვენებელი გაწითლდა, რის შემდგომაც აღმოაჩინეს, რომ უბანზე აფეთქება მოხდა. მსგავსი მითითების პირობებში ბუნებრივია ჩნდება კითხვა, თუ სამუშაო უბანზე დამონტაჟებულ სენსორებს მომენტალურად უნდა განესაზღვრათ, მაგალითად, მეთანის დონის მატება, როგორ მოხდა, რომ მონაცემების მატება მორიგე ოპერატორთან აფეთქების წინ ან აფეთქების პროცესში არ დაფიქსირდა და მხოლოდ აფეთქების შემდგომ გაწითლდა მაჩვენებლები? ცხადია, გამოძიებას უნდა შეესწავლა, ხომ არ იყო სენსორები დაზიანებული და, ზოგადად, როგორ ფუნქციონირებდა, თუმცა გამოძიებამ (EMC-ის მიმართვის მიუხედავად) საერთოდ არ უზრუნველყო სამუშაო უბანზე დამონტაჟებული სენსორების ამოღება და არც უკვე ამოღებულ სენსორებზე საჭირო საექსპერტო კვლევების დანიშვნა.

მნიშვნელოვანია მიეთითოს იმ გარემოებაზეც, რომ სენსორები დამონტაჟებულია ლავის გარეთ, მაშინ როდესაც უშუალოდ ლავაში მიმდინარეობს ბურღვა-ფეთქვითი სამუშაოები და მეთანის დონის კონტროლს სწორედ აქ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი იყო გამოძიებას შეესწავლა, არსებობდა თუ არა ლავაში სენსორების დამონტაჟების ტექნიკური შესაძლებლობა და ამგვარი შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში, აიცილებდნენ თუ არა თავიდან მომხდარ ფაქტს.  

 

შეჯამება

ზემოთ განხილული საკითხებიდან გამომდინარე, ცხადი ხდება, რომ სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში ჯეროვნად არ იქნა შესწავლილი და შეფასებული ის საკითხები, რომლებსაც შესაძლოა შახტის მმართველი მენეჯმენტის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის განსაზღვრაზე მოეხდინა გავლენა. ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხია სამუშაო უბნის ხელახალი გეოლოგიური შესწავლა და რისკების გაანალიზება, რამდენადაც ამავე სამუშაო უბანზე 2018 წლის 16 ივლისამდე, 5 აპრილს მოხდა კიდევ ერთი მძიმე საწარმოო შემთხვევა, რომელსაც 6 ადამიანი ემსხვერპლა. ამგვარი ვითარების არსებობისას, ცხადია, შახტის მენეჯმენტს უნდა დაესვა კითხვა და ჩაეტარებინა შესაბამისი კვლევა, საერთოდ იყო თუ არა ნებისმიერი ტიპის სამუშაოების წარმოებისთვის ვარგისი N1 ნახშირმომპოვებელი უბანი. ამასთან, ცხადია, იმ პირობებში, როდესაც გამოძიების ფარგლებში ჩნდება ეჭვი, რომ ინტერფერომეტრები შეფერხებით მუშაობდა, ხოლო სამუშაო უბანზე დამონტაჟებული, სატესტო რეჟიმში მომუშავე სენსორები მხოლოდ აფეთქების შემდგომ იწყებს მოქმედებას, უნდა შეფასებულიყო ზოგადად ამ კონკრეტულ სამუშაო უბანზე სამუშაოების წარმოების შესაძლებლობა და ხომ არ გამოიჩინა შახტის ადმინისტრაციამ ამ პრობლემების მიმართ გულგრილობა, როდესაც არსებული მდგომარეობისა და მაღალი რისკის გაცნობიერების მიუხედავად, გასცა სამუშაოების დაწყების ნებართვა და ჩაიდინა დანაშაული. აღნიშნულის მიუხედავად, გამოძიებას არცერთი ეს საკითხი არ შეუფასებია, რითიც კიდევ ერთხელ ჩნდება შახტის მენეჯმენტის მაღალი რგოლისთვის პასუხისმგებლობის არიდების ვარაუდი.

სამუშაოების წარმოებებისას უსაფრთხოების წესების დარღვევა და მომხდარ შემთხვევებზე ეფექტური გამოძიების წარმოება კვლავ გამოწვევად რჩება.  2018 წლის სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ წინა წლებთან შედარებით წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზრდილია.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია ცხადყოფს, რომ 2016 წელს 133 შემთხვევას ჰქონდა ადგილი, 2017 წელს  163 შემთხვევას[1], ხოლო 2018 წლის მონაცემებით წარმოებაში მომხდარი შემთხვევების შედეგად დაიღუპა 59 ადამიანი და დაშავდა 199 ადამიანი. [2] რაც შეეხება გამოძიების წარმოებას, შსს -ს თანახმად 2017 წელს გამოძიება დაიწყო 128 შემთხვევაზე, ხოლო 2018 წელს 224 შემთხვევაში.  გამოძიების დაწყების მიუხედავად საკამოდ დაბალი სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისა და საქმის სასამართლოში წარმართვის მაჩვენებელი. კერძოდ, 2018 წელს საქალაქო და რაიონულმა სასამართლოებმა მხოლოდ 35 საქმე განიხილეს და მათგან მხოლოდ 2 შემთხვევაში განისაზღვრა თავისუფლების აღკვეთა.  საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად მსგავსი კატეგორიის საქმეებში საქმეთა 69% საპროცესო შეთანხმებების გაფორმებით სრულდება და სახელმწიფო კვლავ არ ირჩევს მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას[3].

ამგვარი სისხლის სამართლის პოლიტიკის პარალელურად, როგორც უკვე აღინიშნა მსგავსი კატეგორიის საქმეებში გამოძიება როგორც წესი საშუალო ან დაბალი მენეჯერული რგოლის პასუხისმგებლობის გამოკვეთის მიზნით მიმდინარეობს და კონკრეტული საკითხების შესწავლა, რამაც შეიძლება მაღალი მენეჯერული რგოლის პასუხისმგებლობა დააყენოს ნაკლებად მიმდინარეობს.  

 

 

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

 

[1] https://police.ge/files/pdf/vizitorebi/2017/2018%20%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90/%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%20-%20%E1%83%95%E1%83%98%E1%83%96%E1%83%A3%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%96%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%20(2).pdf

[2] საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიში, გვ. 186 http://www.ombudsman.ge/res/docs/2019042620571319466.pdf

[3] იგივე, გვ. 188

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“