საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ (შემდგომში -„ეკონომიკის სამინისტრო“, „სამინისტრო“) გამოაქვეყნა წერილობითი პასუხი EMC-ის მიერ ნამახვანი ჰესის თაობაზე მთავრობასა და შპს „ენკა რინიუებლზ“-ს (შემდგომში - „კომპანია“) შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებით 3 მარტს, გავრცელებულ განცხადებაზე. ხელშეკრულების გაფორმებიდან თითქმის 2 წლის შემდეგ, სამინისტროს მხრიდან, მხოლოდ EMC-ის მიერ მომზადებული შეფასების საპასუხოდ, გაკეთებული განმარტებები ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტის პირობებთან დაკავშირებით შეიცავს უსაფუძვლო და მანიპულაციურ მსჯელობებს, არ პასუხობს სახელმწიფოს მხრიდან საზოგადოებასთან კომუნიკაციის მინიმალურ სტანდარტს, სრულად თავს არიდებს ორგანიზაციის მიერ დასმულ არაერთ მწვავე საკითხს და ვერ ანეიტრალებს ხელშეკრულების პირობებთან მიმართებით არსებულ კრიტიკას.
სამინისტროს პასუხში ნათქვამია, რომ EMC-ის პუბლიკაცია ვერ აკმაყოფილებს მინიმალურ პროფესიულ სტანდარტებს და რომ იგი „პრაქტიკულად არ შეიცავს სახელშეკრულებო მუხლებზე კონკრეტულ მითითებებს, რაც ბუნებრივია მკითხველთა უმრავლესობისათვის პუბლიკაციაში მოყვანილი ინფორმაციის გადამოწმებას შეუძლებელს ხდის.“
სამინისტროს განცხადებაზე პასუხად, პირველ რიგში, უნდა შევნიშნოთ, რომ ჩვენს ვებ-გვერდზე 3 მარტს გამოქვეყნებული 5-გვერდიანი პუბლიკაცია აღწერს და აჯამებს იმ ძირითად მიგნებებსა და პრობლემურ საკითხებს, რომლებიც ხელშეკრულების ანალიზის შედეგად გამოიკვეთა. აღნიშნული ანალიზის შედეგები და ხელშეკრულების ვრცელი, 27-გვერდიანი შეფასება, რომელშიც ხელშეკრულების კონკრეტულ პუნქტებზე მითითებით დეტალურადაა დასაბუთებული EMC-ის განცხადებები და რომელში მოცემულ არგუმენტებსაც სამინისტრო არ პასუხობს, ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
წერილობით განმარტებაში საჯარო დაწესებულების მიერ გამოყენებული უკიდურესად პრობლემური საკომუნიკაციო ენის გარდა, განსაკუთრებით პრობლემურია ასეთი მნიშვნელობის პროქტებზე პასუხისმგებელი უწყების - ეკონომიკის სამინისტროს გამჭვირვალობისა და საზოგადოებასთან ანგარიშვალდებულების მწვავე დეფიციტი. მიუხედავად გამჭვირვალობის უზრუნველყოფის ვალდებულებისა და პროექტის ირგვლივ არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა, ხელშეკრულების გაფორმებიდან - 2019 წლის 25 აპრილიდან - დღემდე, სამინისტრომ „სახელმწიფო მნიშვნელობის“[1] პროექტზე გაფორმებული ხელშეკრულების პირობებზე ამგვარი განმარტება მხოლოდ ჩვენს განცხადებაზე პასუხად ჩათვალა საჭიროდ.
უნდა აღინიშნოს, რომ „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, გამჭვირვალობა, უფრო ზუსტად კი, საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის (როგორიცაა ნამახვანი ჰესი) შესახებ ინფორმაციის საჯარო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ამ პროექტის განხორციელების ერთ-ერთი მთავარი პრინციპია.[2] სამინისტრო კი, კანონით განსაზღვრული პირდაპირი ვალდებულების შესრულების და ხელშეკრულების პროაქტიული გამოქვეყნების ნაცვლად, დიდი ხნის განმავლობაში არ ასაჯაროებდა ხელშეკრულებას და მისი შინაარსი მხოლოდ რამდენიმე კვირის წინ გამომძიებელ ჟურნალისტთა (ifact) ძალისხმევით გახდა ცნობილი.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სამინისტროს საპასუხო განცხადების ტონი და ენერგეტიკული პროექტებზე გაფორმებული ხელშეკრულების სამართლებრივი შეფასების სირთულეზე ხაზგასმა იმაზე მეტყველებს, რომ სამინისტროს აზრით, ხელშეკრულების შინაარსთან დაკავშირებული საკითხები მხოლოდ ვიწრო ჯგუფის შეფასების, მსჯელობის და გადაწყვეტილების საგანი შეიძლება იყოს, ხოლო საზოგადოების სხვა ნაწილს შესაბამისი კომპეტენცია და ცოდნა არ გააჩნიათ (მაგალითად, ტექსტში ნათქვამია: „იმისათვის, რომ დაინტერესებულმა პირმა წაიკითხოს და გაიგოს ენერგეტიკის სფეროში დადებული ხელშეკრულების შინაარსი, მას წარმოდგენა უნდა ჰქონდეს მთელ რიგ საკითხებზე“, რასაც ამ საკითხების ახსნა მოჰყვება). თუმცა, ადგილობრივებთან მინისტრების შეხვედრამაც აჩვენა, რომ მოსახლეობას გამორჩეული სიზუსტით და სიღრმით ესმის პროექტთან დაკავშირებული ასპექტები. სამინისტროს პასუხი, რომელიც აჩვენებს მათი საზოგადოებასთან მუშაობის პრინციპებს, მიდგომებსა და დამოკიდებულებებს, ხაზს უსვამს, რამდენად ბუნდოვანია სამინისტროსთვის მნიშვნელოვან პროექტზე გაფორმებული ხელშეკრულების შინაარსის საზოგადოებისთვის განმარტების მიზანი და ფორმა.
აქვე გვინდა გამოვეხმაუროთ სამინისტროს მსჯელობას, როდესაც ის „სენსიტიურ თემაზე“ აპელირებს, რაც სავარაუდოდ მიანიშნებს ნამახვანი ჰესის ინვესტორის წარმომავლობასთან დაკავშირებით საზოგადოების ნაწილში არსებულ უკმაყოფილებაზე. ზოგადად, მიგვაჩნია, რომ საზოგადოების გარკვეულ ჯგუფებში წარმოქმნილ ქსენოფობიურ განწყობებთან ინფორმაციის დამალვით და დახურულობით ბრძოლა აბსოლუტურად გაუმართლებელი და, რაც მთავარია, არაეფექტურია; სახელმწიფო თავისი ქმედებებით, როდესაც ის ადგილობრივების სამართლიან და დემოკრატიულად ორგანიზებულ წუხილებს დროულ და ადეკვატურ პასუხს არ ახვედრებს და მათ პრაქტიკულად ბოლო დრომდე კომპანიის პირისპირ ტოვებს (ან უარეს შემთხვევაში საპოლიციო ძალით ცდილობს ლეგიტიმური და სამართლიანი პროტესტის ჩახშობას), ნაცვლად იმისა, რომ პროცესში სახელმწიფოს როლი იკისროს, მხოლოდ ხელს უწყობს სოციალური უსამართლობით გამოწვეული ბრაზის დაგროვებას, რომელიც შესაძლოა, ზოგიერთ შემთხვევაში, არასწორი ადრესატისკენ იყოს მიმართული.
EMC ემიჯნება პროექტის ირგვლივ საზოგადოების ნაწილში შექმნილ ქსენოფობიურ განწყობებს. მიგვაჩნია, რომ პროექტთან დაკავშირებით რელევანტურია არა ინვესტორის წარმომავლობა, არამედ ის, თუ როგორ მოამზადა, დაგეგმა და განახორციელა სახელმწიფომ პროექტი და უზრუნველყო თუ არა მან ინვესტორის მიერ საკანონმდებლო მოთხოვნების შესრულება, პროექტის განხორცილების მიზანშეწყონილობის სათანადო შეფასება და შესაბამისი დემოკრატიული პროცესის უზრუნველყოფა. ამავდროულად, მიგვაჩნია, რომ პროტესტის ორგანიზატორები და ნამახვანი ჰესის მოწინააღმდეგე მოსახლეობის დიდი ნაწილიც სწორედ პროექტის განხორციელების პროცესში არსებულ დასახელებულ ჩავარდნებს აპროტესტებს.
და ბოლოს, ჩვენს შეფასებაზე სამინისტროს საკმაოდ არაკონსტრუქციული და დაუსაბუთებელი პასუხის მიუხედავად, EMC მიესალმება სამინისტროს გამოხმაურებას, რადგან სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფები ენერგეტიკული საინვესტიციო პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებულ ხარვეზებზე და შესაძლო გადაცდომებზე დიდი ხანია საუბრობენ, თუმცა ეკონომიკის სამინისტრო, ამ კრიტიკას, როგორც წესი, არ პასუხობდა. ამდენად, ვინაიდან პროექტის მასშტაბის გათვალისწინებით, მის განხორციელებასთან დაკავშირებულ ასპექტებზე საჯარო დისკუსია ფუნდამენტურად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, სამინისტროს გამოხმაურებას, როგორიც არ უნდა იყოს ის, ვიყენებთ შესაძლებლობად, გავაგრძელოთ ფაქტებზე და კონკრეტულ არგუმენტებზე დაფუძნებული მსჯელობა ნამახვანი ჰესის ხელშეკრულების ირგვლივ არსებულ საკვანძო საკითხებზე.
EMC-ის პასუხები სამინისტროს განცხადებაზე სრულად შეგიძლიათ იხ. მიმაგრებულ დოკუმენტში
[1] ნამახვანის ჰესების კასკადს სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტად თავად ხელშეკრულების ტექსტი აცხადებს, მე-5 დანართი, “g” პუნქტი, გვ. 120.
[2] „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 5, http://bit.ly/3qh5sig.
ინსტრუქცია