[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

შრომის უფლება / განცხადება

EMC და PHR მშენებლობაზე 16 წლის მოზარდის გარდაცვალებას ეხმიანებიან

ფოტო: ნეტგაზეთი

"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" (EMC) და "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთის" (PHR) ეხმიანებიან კიდევ ერთ უმძმეს ტრაგედიას, რომლის შედეგადაც, მშენებლობაზე სამუშაოს შესრულებისას 16 წლის მოზარდი გარდაიცვალა და უსამძიმრებენ ოჯახს. როგოც ცნობილია, 2019 წლის 16 ივლისს, ქ. თბილისში, დოლაბაურის ქუჩაზე მშენებარე კორპუსის ლიფტის შახტში არასწრულწლოვანი მუშა ჩავარდა და ადგილზე გარდაიცვალა. შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის განცხადებით, ობიექტის პირველადი შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ობიექტზე არ იყო დაცული შრომის უსაფრთხოების ნორმები.

EMC-ს და PHR-ის შეფასებით, ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების კუთხით მდგომარეობა საგანგაშოა, ხოლო არსებული გამოწვევის საპასუხოდ, სახელმწიფოს მხრიდან გაწეული ძალისხმევა - არაადეკვატურია.

სამწუხაროა, რომ დასაქმების ადგილზე მუშების გარდაცვალებისა და დაშავების პრობლემა, განსაკუთრებით სამშენებლო სექტორში, გადაუჭრელ დაბრკოლებად იქცა. შესაბამისი ზედამხედველობის მექანიზმის შემუშავების და კანონმდებლობის გამკაცრების მიუხედავად, პრევენციისა და აღსრულების მექანიზმების არაეფექტიანობა, ისევე, როგორც მნიშვნელოვანი საკანონმდებლო რეგულაციების ამოქმედების ვადის მომავალში გადადება, დასაქმებულთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას  ყოველდღიურად უქმნის საფრთხეს. სახელმწიფოს ხელში არსებული მექანიზმების სისუსტესა და არაეფექტიანობაზე მიუთითებს სამუშაო ადგილზე გარდაცვლილთა და დაშავებულთა მუდმივად მზარდი სტატისტიკა.[1]

კლავაც პრობლემად რჩება ის გარემოება, რომ შრომის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ძირითადი ორგანოს - შრომის ინსპექციის მანდატი შეზღუდულია,  ადგილობრივი თვითმმართველობების და ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისი ზედამხედველობის სამსახურები კი ეფექტიანად ვერ საქმიანობენ. ამ სამსახურებს შორის კოორდინაცია კი ფაქტობრივად არ არსებობს. ასევე, პრობლემურია დასაქმების ადგილზე დაშავებისა და გარდაცვალების ფაქტებზე ეფექტიანი გამოძიების არარსებობაც.  ეს მოცემულობა სრულიად დაუცველს ხდის დასაქმებულებს დამსაქმებელთა მხრიდან შრომითი უსაფრთხოების ნორმების დარღვევისა და მისგან მომდინარე სავალალო შედეგებისგან.

საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში ფუნქციონირებს სამუშაო ჯგუფი, რომლის გაცხადებული მიზანი შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებაა. ასევე, რამდენიმე თვის წინ პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსდა ამავე მიზნით უწყებათაშორისი ჯგუფების შექმნა. მიუხედავად ამისა,  გამოწვევად რჩება რეალური პოლიტიკური ნების არარსებობა, რომელიც საფუძველს დაუდებდა კრიზისის აღმოფხვრას და გამორიცხავდა ამგვარ ფატალურ შემთხვევებს. 

გარდა ამისა, ბავშვების იძულება, დასაქმდნენ მათი ასაკისთვის შეუფერებელ სამუშაო ადგილზე, როგორც წესი, გამოწვეულია ქვეყანაში ფაქტობრივად არარსებული სოციალური დაცვის სისტემით, რაც ერთ-ერთ უმწვავეს პრობლემას წარმოადგენს ქვეყანაში ბავშვთა დაცვის კუთხით. შიმშილის გამოწვევის წინაშე მდგარი ოჯახები გამოსავალს ბავშვების შრომის გამოყენებაში პოულობენ. სიღარიბის შემცირების პროგრამა არაეფექტიანია, ბავშვთა დაცვის სისტემა ვერ ფუნქციონირებს, განათლების სისტემა კი სკოლიდან მშენებლობაზე წასულ ბავშვებს ვერ ხედავს, ხოლო სახელმწიფო ამ ყველაფერში თავის პასუხისმგებლობას არ აღიარებს.

სახელმწიფო მოხელეების განცხადებით, ბავშვთა შრომითი ექსპლუატაციისგან დაცვის სისტემის განვითარებას მრავალი წელი სჭირდება, რაც იმაზე მიუთუთებს, რომ სახელმწიფოს პოლიტიკაში ბავშვთა საკითხები ნაკლებ პრიორიტეტულია. ბავშვთა დასაცავად შექმნილი სოციალური სამსახური, განათლების სამინისტრო, შრომის ინსპექცია და სხვა უწყებები შეთანხმებულ მოქმედებას ვერ ახერხებენ ბავშვთა საშიშ პირობებში შრომის პრობლემის უსწრაფესი გადაჭრის მიზნით.

მოვუწოდებთ:

  • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს - მშენებლობაზე დასაქმებული პირის გარდაცვალების შემთხვევაზე უზრუნველყოს დროული და ეფექტიანი გამოძიება;
  • შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტს - დროულად შეისწავლოს დასაქმების ადგილზე შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი პირობების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა, მოახდინოს დარღვევათა იდენტიფიცირება და მიიღოს შესაბამისი სანქციები მათ აღმოსაფხვრელად. ასევე, ჩაატაროს პროაქტიული ინსპექტირება დასაქმების ადგილების და განსაკუთრებით სამშენებლო ობიექტების.
  • საქართველოს პარლამენტს - შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი პირობების ეფექტური დაცვის მიზნით, შექმნას ადეკვატური კანონმდებლობა და საზედამხედველო მექანიზმი, რომელიც შეძლებს სამუშაო ადგილზე სრულყოფილი ზედამხედველობის პირობებში დარღვევათა იდენტიფიცირებას და ადეკვატურ რეაგირებას;
  • საქართველოს მთავრობას - უზრუნველყოს საქართველოს პარლამენტში შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება და შრომითი ინსპექციის ინსტიტუციური გაძლიერების მიზნით შესაბამისი მხარდაჭერა; უწყებათაშორისი ჯგუფების ფარგლებში უნდა მოხერხდეს შრომის ინსპექციასა და ზედამხედველობის სხვა სამსახურებს შორის კოორდინირებული მუშაობა და შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მდგომარეობის გაუმჯობესებაზე მონიტორინგი. არსებული რეალობის და გამოწვევების ანალიზის საფუძველზე უნდა  შემუშავდეს შრომის ერთიანი და თანმიმდევრული პოლიტიკა, რომელიც ორიენტირებული იქნება დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვაზე და იქნება უსაფრთხო და ღირსეული შრომის გარანტი; უნდა შემუშავდეს სამოქმედო გეგმა და უნდა გატარდეს დაუყოვნებელი ღონისძიებები  ბავშვთა მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი შრომის ეფექტიანი აღმოფხვრისთვის და იმ მიზეზების პრევენციისთვის, რომელიც ბავშვებს აიძულებს სიცოცხლის რისკის ფასად მოიპოვონ საკუთარი თავის და ოჯახის რჩენისთვის საჭირო რესურსები.

 

 

 

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“