საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების იურიდიული დახმარების ქსელი ყოველდღიურ რეჟიმში შეზღუდული რესურსებით აგრძელებს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობისას დაზარალებული, ადმინისტრაციული წესით დაკავებული და ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირების უფლებების დაცვას.
იურიდიული დახმარების ქსელი 12-მა ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ 2024 წელს ერთობლივი ძალისხმევით აამოქმედა. ქსელის ფარგლებში 24 საათის განმავლობაში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი. ამ დრომდე ქსელის ცხელი ხაზით 10 000-ზე მეტმა პირმა ისარგებლა. ქსელის წევრი ორგანიზაციების ადვოკატებმა ადმინისტრაციული წესით დაკავებული 450-მდე პირი მოინახულეს იზოლატორებში და გაუწიეს როგორც პირველადი სამართლებრივი დახმარება, ასევე, მათი დიდი უმრავლესობის უფლებები დაიცვეს სასამართლო პროცესებზე. სამართლებრივი დახმარების ქსელი ასევე 1400-მდე პირს დაეხმარა უსამართლო ჯარიმების გასაჩივრებაში და განახორციელა სასამართლო წარმომადგენლობა. აღნიშნული საქმეების ნაწილი სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოში კვლავაც განხილვის ეტაპზეა. ქსელის ადვოკატები აგრძელებენ აქციების დროს დაზარალებული პირების უფლებების დაცვას საგამოძიებო ორგანოებში. ქსელის საქმიანობის მიღმა, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი სამართლებრივ დახმარებას ასევე უწევს სისხლის სამართლის წესით დაკავებულ პირებს.
გვინდა საზოგადოებას შევახსენოთ, რომ 2024-2025 წლებში „ქართულმა ოცნებამ“ ქართული სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობის წინააღმდეგ მიიღო და აამოქმედა არაერთი კანონი, რომლებიც კრძალავს რესურსების მიღებას საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და ფონდებიდან, ახდენს თანამოქალაქეთა დახმარების კრიმინალიზებას და მოითხოვს ორგანიზაციები დარეგისტრირდნენ ღირსების შემლახავ „უცხო ქვეყნის აგენტების“ რეესტრში. ამ ეტაპისათვის, ქსელში შემავალი ყველა ორგანიზაციის წინააღმდეგ ანტიკორუფციულ ბიუროს დაწყებული აქვს მონიტორინგი სხვადასხვა საფუძვლით. პარალელურად, დაყადაღებულია სამართლებრივი დახმარების ქსელის წევრი ცალკეული ორგანიზაციების ანგარიშები და სისხლის სამართლის მძიმე მუხლებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოიკითხნენ მათი ხელმძღვანელი პირები.
განხორციელებული რეპრესიული და ანტიდემოკრატიული კანონების ამოქმედების შედეგად, ორგანიზაციების ნაწილი იძულებული გახდა შეეწყვიტა საქმიანობა, ხოლო ნაწილი - ვაგრძელებთ ადამიანის უფლებების დაცვას დარჩენილი მინიმალური რესურსებითა და პირადი ძალისხმევით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, არცერთი ადამიანი არ დარჩეს კვალიფიციური სამართლებრივი დახმარების გარეშე და არსებული რესურსების გათვალისწინებით, კვლავ გავაგრძელებთ მოქალაქეების დაცვას.
ხელმომწერი ორგანიზაციები:
ინსტრუქცია