[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

შრომის უფლება / ანალიტიკური დოკუმენტები

EMC აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ინტერესებს სასამართლოში დაიცავს

EMC აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსის, შორენა ღლონტის, უფროსის მოადგილის, მაია მეკრვილაძისა და საინფორმაციო გამოშვების წამყვანის, თეონა ბაკურიძის საქმეებზე სასამართლოს უახლოეს დღეებში მიმართავს. ჩვენი მთავარი მთხოვნა თანამშრომლების მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაწყების, სხვა პოზიციაზე გადაყვანისა და სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და თანამშრომლების დარღვეული შრომითი უფლებების აღდგენაა.

სასამართლოსთვის მიმართვამდე კი, EMC ახალი მენეჯმენტის მიერ მიღებული პრობლემური შრომითი და პოლიტიკური გადაწყვეტილებების დეტალურ სამართლებრივ შეფასებას წარმოადგენს.

კონტექსტის ზოგადი მიმოხილვა

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ბოლო რამდენიმე კვირაში აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალმა დირექტორმა სარედაქციო პოლიტიკაზე პასუხისმგებელ საკვანძო თანამშრომლებს შრომითი პირობები გაუუარესა, შეუზღუდა, ან მათი ნაწილი სამსახურიდან გაათავისუფლა. კერძოდ, 2020 წლის 2 თებერვალს კონტრაქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებების შეზღუდვისა და სამუშაო გარემოში შევიწროების და კონტროლის მძიმე პრაქტიკის გამო, მაუწყებელი დატოვა მაუწყებლის დირექტორის მოადგილემ, ნათია ზოიძემ. პროცედურებისა და საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესის დარღვევით მრჩეველთა საბჭოს მიერ საშტატო ნუსხაში შეტანილი ცვლილებებისა და მოჩვენებითი სტრუქტურული ცვლილებების შემდეგ, 2020 წლის 19 თებერვალს მაია მერკვილაძე ახალი ამბების სამსახურის სარედაქციო მიმართულებით უფროსის მოადგილის პოზიციიდან გადაიყვანეს რადიო მაუწყებლობის სამსახურში. 2020 წლის 28 თებერვალს ახალი ამბების სამსახურის უფროსი შორენა ღლონტი, თვითნებური და უსაფუძვლო დისციპლინური დევნის შემდეგ, დირექტორმა სამსახურიდან გაათავისუფლა. 2020 წლის 6 მარტს ისე, რომ დირექტორმა დისციპლინური წარმოების წესი და პროცედურები არ დაიცვა, მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანს თეონა ბაკურიძეს დროებით შეუზღუდა კონტრაქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებების შესრულება და მოხსნა ეთერიდან.

ცხადია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებები, რომელიც სარედაქციო გუნდში მაღალი პოზიციებისა და ახალი მენეჯმენტის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებების მქონე თანამშრომლებს შეეხოთ, შრომითი უფლებების უხეში დარღვევის პარალელურად, მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობის მოშლისა და მასზე კონტროლის მოპოვების აშკარა ნიშნებს აჩენს. მაუწყებელში შექმნილი მძიმე სამუშაო გარემო და მენეჯმენტის მიერ მიღებული უსამართლო გადაწყვეტილებების ეს ჯაჭვი, ჟურნალისტებსა და თანამშრომლებში აჩენს დასაბუთებულ შიშებს, რომ დამოუკიდებელი კადრების წმენდის და სარედაქციო პოლიტიკაში ინტერვენციის პრაქტიკა გაგრძელდება და ეს მაუწყებელზე ხელისუფლების კონტროლს საბოლოოდ გააფორმებს.

2019 წლის გაზაფხულიდან მაუწყებელში განვითარებული მოვლენების დინამიკა და კონტექსტი, მათ შორის, ნათია კაპანაძის უსაფუძვლო იმპიჩმენტი, გიორგი კოხრეიძის არჩევის პრობლემური წესი და პროცედურა, მანამდე ბიძინა ივანიშვილის კრიტიკული განცხადებები აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელზე, აჩვენებს, რომ ხელისუფლება მაუწყებელზე კონტროლის მოპოვებას ცდილობს და მისი მიზანია ამ მედიასივრცის კრიტიკულობის და დამოუკიდებლობის შესუსტება. მაუწყებლის დამოუკიდებლობის დასუსტება გააქრობს იმ ღია, კრიტიკულ საზოგადოებრივ სივრცეს, რომელიც აჭარის მაუწყებელმა ბოლო პერიოდში შექმნა და რომელიც არაპრივილეგირებული, ჩაგრული სოციალური ჯგუფებისთვის მათი საჭიროებების, წუხილებისა და ინტერესების რეპრეზენტაციის და მათი ხმის მიწვდენის რესურსი გახდა.

ცხადია, რომ აჭარის მაუწყებელში მიმდინარე პროცესი არსებული პოლიტიკური გარემოს ზოგად კონტექსტში უნდა იქნას დანახული, სადაც აშკარაა ხელისუფლების ინტერესი ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით დაასუსტოს კრიტიკულ პოზიციებზე მყოფი პოლიტიკური, სამოქალაქო და მედია ჯგუფები და საკუთარ კონტროლს დაუქვემდებაროს.

წინამდებარე განცხადებაში EMC უკანონო შრომითი გადაწყვეტილებების ადრესატების მაია მერკვილაძის, შორენა ღლონტისა და თეონა ბაკურიძის საქმეების პირველად შეფასებას წარმოადგენს.

ჩვენ სასამართლოში ვიცავთ ყველა აღნიშნული პირის შრომით უფლებებსა და გამოხატვის თავისუფლებას და ამასთან, სამართლებრივ მხარდაჭერას ვუწევთ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ალტერნატიულ პროფესიულ კავშირს კოლექტიურ დავაში.

  • მაუწყებლის ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოადგილის - მაია მერკვილაძის საქმე

მაია მერკვილაძე აჭარის მაუწყებლის ტელევიზიასა და რადიოში 2017 წლიდან იკავებდა ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოადგილის (სარედაქციო მიმართულებით) თანამდებობას. მაუწყებლის ახალი დირექტორის ინიციატივით 2020 წლის 24 თებერვლიდან ამოქმედდა მაუწყებლის ახალი საშტატო განრიგი, რომელმაც აღარ გაითვალისწინა სამსახურის უფროსის მოადგილეების თანამდებობები და მათ ნაცვლად „რედაქტორის“ პოზიცია გაჩნდა. რედაქტორისა და უფროსის მოადგილის სამუშაო აღწერილობა იდენტურია და არსებითად მსგავს ვალდებულებებს მოიცავს.

განხორციელებული ცვლილება რამდენიმე სამსახურის უფროსის მოადგილეს შეეხო, თუმცა, სხვა სამსახურის უფროსის მოადგილეების შორის მაია მერკვილაძე ერთადერთი გამონაკლისი იყო, რომელსაც დირექტორის მხრიდან ახლად შექმნილი რედაქტორის პოზიცია არ შეეთავაზა. ამის ნაცვლად, მას ფუნდამენტურად განსხვავებული პოზიცია - „რადიოს საინფორმაციო გამოშვებების რედაქტორის“ შტატგარეშე პოზიცია შესთავაზეს, რომელიც პოზიციურად მის დაქვეითებას და დაცვის გარანტიების გაუარესებას ნიშნავს.

EMC მიიჩნევს, რომ სამართლებრივად დაუსაბუთებელია და კრიტიკას ვერ უძლებს როგორც საშტატო განრიგში შეტანილი ცვლილებების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, ასევე, მაია მერკვილაძის რადიოს საინფორმაციო გამოშვებების რედაქტორის პოზიციაზე გადაყვანის ბრძანება.

საქმის მასალების ანალიზი აჩვენებს, რომ გიორგი კოხრეიძის მიერ ინიცირებული და მმართველთა საბჭოს მიერ დამტკიცებული საშტატო განრიგის ცვლილებების საჭიროება განხილვის არცერთ ეტაპზე არ დასაბუთებულა. მეტიც, საშტატო ნუსხის ცვლილებების თაობაზე არ ყოფილა ინფორმირებული მაუწყებლის სამსახურები.

შრომის კანონმდებლობით, შტატის გაუქმების საფუძვლით სამსახურიდან პირის დათხოვნა შესაძლოა განპირობებული იყოს ეკონომიკური გარემოებებით, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებებით, რომელიც შტატების შემცირების აუცილებლობას წარმოშობს. თუმცა, იმისათვის, რომ რეორგანიზაცია თანამშრომლის თვითნებური დათხოვნის შეფარულ იარაღად არ იქცეს, აუცილებელია რომ სახეზე იყოს რეალური, საჭიროებებიდან მომდინარე ორგანიზაციული ცვლილება. სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკით, უკანონოა რეორგანიზაცია, თუ მის შედეგად შემოღებულია ახალი სტრუქტურული ერთეულები, რომელიც ფორმალური ნიშნით განსხვავდება, თუმცა, შინაარსობრივად იმავე ფუნქციის მატარებელია.

მაია მერკვილაძესთან შრომითი ურთიერთობის ძველებურად გაგრძელების შეუძლებლობა დამსაქმებლის მხრიდან სწორედ შტატის გაუქმებით დასაბუთდა. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში ცხადია, რომ საშტატო ნუსხის ცვლილება მოჩვენებითი იყო, რადგან მენეჯმენტმა სხვა სახელდების, თუმცა იმავე კომპეტენციების ახალი პოზიციები გააჩინა, თუმცა მხოლოდ მაია მერკვილაძეს არ შეეთავაზა რედაქტორის პოზიცია, რომელიც ფუნქციურად ყველაზე ახლოს იყო მის ყოფილ თანამდებობასთან და მოიცავდა მის სამუშაო აღწერილობას. ამ დაშვებას კიდევ უფრო მეტ ლეგიტიმაციას სძენს ის გარემოებაც, რომ მაია მერკვილაძის პოზიციაზე ამ დრომდე მოვალეობის შემსრულებელია დანიშნული. ამ პირობებში აშკარაა, რომ ამ პროცესს პერსონალურად მაია მერკვილაძის სამუშაოდან ჩამოშორების მიზანი უფრო გააჩნდა.

ცხადია, რომ განხორციელებული ცვლილებები მიზნად ისახავდა ახალი ამბების სამსახურიდან მაია მერკვილაძის მაქსიმალურ დისტანცირებას. სწორედ ამით აიხსნება მისი რედაქტორად გადაყვანა არა ტელევიზიაში, არამედ რადიოში, რომელიც ტექნიკურადაც სხვა შენობაში და სივრცეში არის განთავსებული.

  • მაუწყებლის ახალი ამბების სამსახურის უფროსის - შორენა ღლონტის საქმე

შორენა ღლონტი მიმდინარე წლის 28 თებერვალს "სამსახურიდან უხეში დისციპლინური გადაცდომის გამო" გაათავისუფლეს. გათავისუფლებას წინ უძღვოდა ახალი დირექტორის გიორგი კოხრეიძის დანიშვნის შემდგომ განახლებული დისციპლინური წარმოება, რომელიც მმართველთა საბჭოს წევრის - თამილა დოლიძის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე დაიწყო. შორენა ღლონტის სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანებით ირკვევა, რომ გათავისუფლების ფაქტობრივი საფუძველი გასული წლის თებერვლის თვეში მას და NDI-ს შორის გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე მომზადებული გადაცემა გახდა. დირექტორის ბრალდებით, სადავოდ გამხდარი გადაცემა მაუწყებლის უფლებამოსილი პირებისა და ფინანსური სამსახურის გვერდის ავლით მომზადდა და შორენა ღლონტმა ფინანსური სარგებელი მიიღო.

ჩვენი პირველადი შეფასებით, გამოცემული ბრძანება რამდენიმე მიმართულებითაა პრობლემური, მათ შორის, პრობლემურია ქმედების დარღვევად შეფასების საკითხი, საქმეში დარღვეულია დისციპლინური წარმოების პროცედურები და წესები, ამასთან გამოყენებული სანქცია არ აკმაყოფილებს პროპორციულობისა და გონივრულობის პრინციპებს.

დისციპლინური დევნის მექანიზმი დამსაქმებლის ხელში ხშირად თვითნებობის და დასაქმებულის კონტროლის და ექსპლუატაციის იარაღია. დამსაქმებლისა და დასაქმებულის ასიმეტრიული ურთიერთობის გათვალისწინებით, მაღალია ამ მექანიზმების დაუსაბუთებლად, დასაქმებულის კონტროლისთვის და დევნისთვის გამოყენების რისკი, რის გამოც არსებითია დისციპლინური წარმოების მექანიზმები, პროცედურები და გადაწყვეტილებები მკაცრი სამართლებრივი კონტროლის ქვეშ მოექცეს.

დისციპლინური წარმოებისას სამსახურიდან გათავისუფლებისას, მისი კანონიერების შეფასებისათვის არსებითია ქმედება წარმოადგენდეს კანონის/ხელშეკრულების/სხვა შიდა რეგულაციების დარღვევას, რისი მტკიცების ტვირთი სწორედ დამსაქმებელს აკისრია. შორენა ღლონტის საქმეში არსებითი პრობლემაა ის, რომ გამოცემული ბრძანება არ არის დასაბუთებული და სათანადოდ არგუმენტირებული. დამსაქმებელი ვერ ასაბუთებს შორენა ღლონტის მხრიდან დარღვევის შემადგენლობასა და ვერ უთითებს შესაბამის სამართლებრივ საფუძვლებზე. იმ პირობებში, როდესაც სადავო ხელშეკრულება მოწონებული იყო მაშინდელი ადმინისტრაციის მხრიდან, მის შესახებ ინფორმირებული იყო ყველა უფლებამოსილი პირი და შეთანხმების შესასრულებლად ყველა ქმედება, მათ შორის, გადაცემის მომზადებაში ჩართული ყველა პირისათვის შესაბამისი ანაზღაურების გაცემა, მათი თანხმობით/დაშვებით მოხდა. გაუგებარია ამ გადაწყვეტილებას მენეჯმენტი რატომ ედავება შორენა ღლონტს.

თავად სადავოდ გამხდარი ქმედების შეფასებისას არსებითია, რომ საქმე არ არის სრულყოფილად გამოკვლეული და შეფასებული. მათ შორის, გადაწყვეტილება რამდენიმე სამსახურის უფროსის ახსნა-განმარტების საფუძველზეა მიღებული და უშუალოდ შორენა ღლონტის მონაწილეობა იყო უკიდურესად დაბალია, რის გამოც მას არ მიეცა საკუთარი ინტერესების ეფექტიანი და რეალური დაცვის შესაძლებლობა.

პრობლემას წარმოადგენს დისციპლინური დევნის პროცედურის დარღვევაც. მაუწყებელში მოქმედი შინაგანაწესით ადმინისტრაცია ვალდებული იყო, დისციპლინური პასუხისმგებლობა/სანქცია შორენა ღლონტისათვის სავარაუდო დარღვევის გამოვლენიდან 1 თვის ვადაში მოეკვლია და შეეფარდებინა. საყურადღებოა, რომ შორენა ღლონტის სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტობრივი საფუძველი მაუწყებლის ყოფილი დირექტორის იმპიჩმენტის ერთ-ერთი საფუძველიც გახლდათ, შესაბამისად, მაუწყებლის ადმინისტრაციას სწორედ ამ პერიოდიდან გააჩნდა დისციპლინური წარმოების ჩატარების ვალდებულება, თუმცა, ეს საკითხი ახალი ხელმძღვანელობის მხრიდან გამიზნულად დაგვიანებით შორენა ღლონტის დევნისა და შევიწროების მიზეზად იქნა გამოყენებული.

უნდა ითქვას, რომ მიღებული გადაწყვეტილება ვერ აკმაყოფილებს პროპორციულობის პრინციპს, რაც გამოვლენილი დარღვევის შემთხვევაში ადეკვატური და სამართლიანი სახდელის განსაზღვრას გულისხმობს. მიუხედავად იმისა, რომ მაუწყებელში მოქმედი შინაგანაწესი დისციპლინური სახდელის რამდენიმე ფორმას ცნობს, ადმინისტრაციის მხრიდან შორენა ღლონტის მიმართ დაუსაბუთებლად იქნა გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ყველაზე მკაცრი ზომა, რაც წინააღმდეგობაში მოდის კანონმდებლობასა და დადგენილ პრაქტიკასთან.

  • მაუწყებლის ახალი ამბების სამსახურის წამყვან/რეპორტიორის - თეონა ბაკურიძის საქმე

აჭარის მაუწყებლის ტელევიზიისა და რადიოს ახალი ამბების სამსახურის წამყვან/რეპორტიორის დისციპლინური დევნა მიმდინარე წლის 6 მარტს დაიწყო და რამდენიმე საათში მის მიმართ დროებით სატელევიზიო სივრციდან ჩამოშორების გადაწყვეტილებით დასრულდა.

ბრძანების თანახმად, თეონა ბაკურიძის მხრიდან ადგილი ჰქონდა დაუმორჩილებლობას, სამსახურეობრივი მოვალეობის შეუსრულებლობას. კერძოდ, ის ახდენდა ფსიქოლოგიურ ზეწოლას და აიძულებდა გ. აბაზაძეს (ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს) განცხადების საფუძველზე დაეტოვებინა მისი პოზიცია. შესაბამისად, თეონა ბაკურიძეს დირექტორის ბრძანებით დროებით აეკრძალა ფაქტის დასრულებამდე შრომითი ხელშეკრულებით გაწერილი კონკრეტული საქმიანობის განხორციელება და დროებით ჩამოშორდა ტელევიზიის ეთერს.

შრომის დისციპლინის დარღვევის შემთხვევაში აჭარის მაუწყებლის შინაგანაწესით გათვალისწინებულია დისციპლინური სანქციები, რაც შესაძლოა დასაქმებულის მიმართ იქნას გამოყენებული (გაფრთხილება, საყვედური, დაქვითვა შრომის ანაზღაურებიდან, სამსახურიდან დათხოვნა). ამას გარდა, შინაგანაწესი საგამონაკლისოდ ითვალისწინებს დისციპლინურ სანქციას, რომლის მიხედვითაც განსაკუთრებულ შემთხვევებში დირექტორს შეუძლია შეზღუდოს დასაქმებულის დაშვება კონკრეტულ საქმიანობაზე.

EMC-ს შეფასებით, დირექტორის მიერ გამოცემული ბრძანება ცალსახად უკანონო და დაუსაბუთებელია. ცალსახად დარღვეულია თეონა ბაკურიძის წინააღმდეგ დაწყებული დისციპლინური წარმოების პროცედურა, რომელშიც არ იქნა უზრუნველყოფილი მხარის სათანადო მონაწილეობა. პროცესში მონაწილეობის გამორიცხვით, თეონა ბაკურიძეს არ მიეცა შესაძლებლობა ემოქმედა საკუთარი ინტერესების შესაბამისად და თავი დაეცვა მის მიმართ წაყენებული ბრალდებისგან, წარედგინა საკუთარი მოსაზრებები და მტკიცებულებები, დაემტკიცებინა გარკვეული გარემოებები, საკუთარი პოზიციები გაემყარებინა მოწმეების საშუალებით და ა.შ.

გარდა პროცედურული გაუმართაობისა, არსებითია დარღვევის შინაარსის ბუნდოვანება და საქმეში მტკიცებულებების არარსებობა. გამოცემული ბრძანებიდან მაუწყებლის დირექტორი თეონა ბაკურიძის მხრიდან დაუმორჩილებლობას, სამსახურეობრივი მოვალეობის შეუსრულებლობას, სამსახურეობრივად მასზე ზემდგომ პირზე (ახალი ამბების სამსახურის უფროსი) ზეწოლას და იძულებას ედავება, თუმცა კონკრეტული მტკიცებულებების გარეშე. ბრალდებების დაუსაბუთებლობის გარდა, უნდა აღინიშნოს, რომ თეონა ბაკურიძეს არათუ არ ჩაუდენია ამგვარი გადაცდომა, არამედ მან შეასრულა მასზე დაკისრებული ყველა ვალდებულება, დაუსაბუთებელი და მოულოდნელი გადაწყვეტილების მიუხედავად, თავი გაართვა მის პასუხისმგებლობას და მათ შორის, გათავისუფლების დღეს წაიყვანა 8-საათიანი გადაცემა.

ხაზგასასმელია, რომ დისციპლინური სახდელი თავისი შინაარსით უნდა იყოს დარღვევის პრევენციული ფუნქციის მატარებელი, რათა მან შეძლოს აღმოფხვრას ან მინიმუმამდე შეამციროს დამრღვევის მხრიდან მსგავსი ზიანის რისკები. თუმცა, ამ შემთხვევაში ცხადია, რომ თეონა ბაკურიძის ტელეეკრანიდან ჩამოშორება კონკრეტული ვადის მითითების გარეშე, ვერ მიაღწევს ბრძანებაში მითითებული დარღვევის განმეორებით გამოვლენის რისკებს. ეს კიდევ ერთხელ ამყარებს ლეგიტიმურ ეჭვს, რომ თეონა ბაკურიძის ტელეეკრანიდან ჩამოშორებას მაუწყებელში მიმდინარე პროცესების მიმართ მისი კრიტიკული აზრის გაქრობის ფარული მიზანი გააჩნია.

მოთხოვნები

მაია მერკვილაძის, შორენა ღლონტისა და თეონა ბაკურიძის შრომითი საქმეების სამართლებრივი ანალიზი აჩვენებს, რომ მენეჯმენტის მხრიდან ამ გადაწყვეტილებების მიღება კანონის არსებითი და აშკარა დარღვევით განხორციელდა, რაც დამსაქმებლის მხრიდან საკუთარი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და შიდა სარედაქციო პროცესში თვითნებური ჩარევისა და ხელყოფის შინაარსს ატარებს.

EMC უახლოეს დღეებში გეგმავს სამოქალაქო დავის ფარგლებში მიმართოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვოს მაია მერკვილაძის, შორენა ღლონტისა და თეონა ბაკურიძის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მაია მერკვილაძისა და შორენა ღლონტის სამსახურში აღდგენა პირვანდელ თანამდებობებზე. ამასთან, თეონა ბაკურიძის საქმეზე ჩვენ მოვითხოვთ მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობამდე მისი უფლებამოსილების დროებითი შეჩერების შესახებ ზომის დაუყოვნებლივ შეჩერებას. გარდა ამისა, სასამართლოში უკვე გასაჩივრებულია და ჩვენ გავაგრძელებთ წარმოებას საშტატო განრიგის ცვლილების თაობაზე მრჩეველთა საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ბათილობასთან დაკავშირებით და ამ შემთხვევაშიც გადაწყვეტილების მიღებამდე სარჩელის უზრუნველყოფის სახით ჩვენ ამ გადაწყვეტილების შეჩერებას ვთხოვთ სასამართლოს.

EMC საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის განახლებულ ინფორმაციას თითოეული საქმის წარმოების პროგრესის შესახებ.

EMC სოლიდარობას უცხადებს აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტებს და დასაქმებულებს და გამოთქვამს მზადყოფნას სამართლებრივი და პოლიტიკური ადვოკატირების გზებით შემდგომშიც დაეხმაროს მაუწყებლის დასაქმებულებს შრომითი უფლებებისთვის, გამოხატვის თავისუფლებისთვის და სარედაქციო დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“