[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სხვა / ანალიტიკური დოკუმენტები

EMC 7 მუნიციპალიტეტს საბიუჯეტო რეკომენდაციებით და ინიციატივებით მიმართა

ფოტოს წყარო: allnews.ge

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) ხულოს, შუახევისა და ქედის, ასევე ბოლნისის, მარნეულის, წალკისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებს ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის მიღების პროცესში პრიორიტეტული რეკომენდაციებით და ზოგიერთ შემთხვევებში ადგილობრივ ორგანიზაციებთან და ერთობებთან ერთად, საბიუჯეტო ინიციატივებით მიმართა. წარდგენილი რეკომენდაციები ამ რელიგიური და ეთნიკური თვალსაზრისით მრავალფეროვან მუნიციპალიტეტებში უფრო ინკლუზიური, სამართლიანი და სოციალურად მგრძნობიარე პოლიტიკური და სოციალური გარემოს შექმნის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

EMC-ის საბიუჯეტო რეკომენდაციები 1 წელზე მეტი ხნის განმავლობაში შესაბამისი მუნიციპალიტეტების ცენტრსა და სოფლებში ადგილობრივი თემების უფლებრივი და სოციალური მდგომარეობის სისტემურ შესწავლას ეფუძნება და მაქსიმალურად ცდილობს მოიცვას ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური საჭიროებები, წუხილები და ინტერესები.

EMC მიიჩნევს, რომ ბიუჯეტი მნიშვნელოვანი პოლიტიკური დოკუმენტი და ის საჯარო რესურსების და სიკეთების საზოგადოებრივი ინტერესების და სოციალური საჭიროებების მიხედვით სამართლიანი გადანაწილების მექანიზმია. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ის, ერთი მხრივ ადგილობრივი საჭიროებების რეალურ შესწავლას და მეორეს მხრივ, თავად ადგილობრივი თემის აქტიურ ჩართულობას და მონაწილეობას დაეფუძნოს.

სამწუხაროა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ხედვა და საქმიანობა ძირითადად დაცლილია დემოკრატიული და ტრანსფორმაციული პრაქტიკებისგან და ნაცვლად ამისა, მუნიციპალიტეტის როლი და მანდატი ინფრასტრუქტული პროექტების ტექნიკური შესრულებითა, დემოკრატიული მექანიზმების ფორმალური გამოყენებისა და ერთჯერადი სოციალური დახმარებების გამოცდილებით შემოიფარგლება.

ადგილობრივი თვითმმართველობების დიდ ნაწილს მუნიციპალიტეტის სოციალური და ეკონომიკური განვითრების გრძელვადიანი გეგმები, ისევე როგორც პრიორიტეტების დოკუმენტები არ აქვთ, რაც ბიუჯეტებისა საერთო სურათში და სტრატეგიულ მიზნებთან კავშირში დანახვის შესაძლებლობას არ იძლევა. ამასთან ბიუჯეტის პროექტებს მეტწილად ტექნიკური შინაარსი და ფორმა აქვს და ის არ ზომავს სოციალური და სხვა ტიპის გავლენებს კონკრეტულ ჯგუფებზე, რაც მისი სოციალური მნიშვნელობისა და შედეგების სათანადო გააზრებისა და გაზომვის შესაძლებლობას არ იძლევა.

EMC მიერ წარდგენილი რეკომენდაციები სამ ძირითად კატეგორიად შეიძლება დაიყოს: 1. ინკლუზიაზე და სამართლიანობაზე დაფუძნებული მდგრადი სოციალური პოლიტიკის მშენებლობის ხელშეწყობა; 2. მოქალაქეების პოლიტიკური მონაწილეობის ხელშეწყობის მხარდაჭერაზე მიმართული ინიციატივები; 3. მუნიციპალიტეტებში მულტიკულტურული და თანასწორი სოციალური გარემოს შექმნის ხელშეწყობა.

  • კერძოდ,

ინკლუზიაზე და სამართლიანობაზე დაფუძნებული მდგრადი სოციალური პოლიტიკის მშენებლობის მიზნის ქვეშ ჩვენ მოვითხოვეთ, რომ მუნიციპალიტეტებში შემუშავდეს სოციალური პოლიტიკის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რაც სოციალური დაცვის სფეროში ადგილობრივი თვითმმართელობის დონეზე მდგრადი და მგრძნობიარე პრაქტიკების დანერგვას გულისხმობს, მათ შორის, სოციალური საჭიროებების ჩაშლილი და მრავალშლიანი ბაზის შექმნას, სოციალური სამსახურების თანამშრომლების ცოდნისა და მგრძნობელობის სისტემურ გაძლიერებას, ეროვნული და ადგილობრივი სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების შესახებ კამპანიებს, მდგრადი სერვისებისა და რესურსების (მაგალითად, დღის ცენტრების, აფთიაქების) შექმნის ხელშეწყობას, მოწყვლად სოციალურ ჯგუფებზე ორიენტირებული მხარდაჭერის კონკრეტულ აქტივობებს.

საბიუჯეტო ინიციატივები ასე მოიცავს მუნიციპალიტეტებში სატრანსპორტო და გარემოს დაცვაზე ორიენტირებული პოლიტიკების შემუშავებას. რაც გულისხმობს, ერთის მხრივ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში თანხის გამოყოფას ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტის შესაძენად და მოსახლეობის საჭიროებების გათვალისწინებით, ტრანსპორტის მოძრაობის სქემის შემუშავებას. მეორეს მხრივ კი ნარჩენების მართვის ეფექტური გეგმის შექმნას და განხორციელებას.

რეკომენდაციებში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა მუნიციპალიტეტებში სასმელი და სარწყავი წყლის ინფრასტრუქტურის შექმნასა და განვითარებაზე. მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტებმა უზრუნველყონ რეალისტური გეგმის შედგენა და სასმელი წყლის გარეშე დარჩენილი სოფლების წყლით ეტაპობრივი დაკმაყოფილებისთვის.

მოქალაქეების პოლიტიკური მონაწილეობის ხელშეწყობის მხარდაჭერაზე მიმართული ინიციატივების ქვეშ, ჩვენ მივიჩნევთ, რომ მნიშვნელოვანია, მუნიციპალიტეტებში მოხდეს იმგვარი საკონსულტაციო მექანიზმების გაძლიერება და შემუშავება, რომელიც ხელს შეუწყობს ეთნიკური უმცირესობების, ქალების პოლიტიკური წარმომადგენლობის გაძლიერებას. ასევე ჩვენ ვითხოვთ, თვითმმართველობის სერვისებისა და სამუშაოების გენდერული და ეთნიკური პერსპექტივით გაზომვის ინსტრუმენტის შექმნასა და მუდმივ ანგარიშგებას.

არადომინანტური ეთნიკური ჯგუფებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში, განსაკუთრებით კი მარნეულსა და ბოლნისში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საინფორმაციო პოლიტიკაზე და თვითმმართველობის ორგანოების ოფიციალური ვებ-გვერდების ეთნიკური უმცირესობების ენაზე ამუშავებას, პოლიტიკის დოკუმენტების თარგმნასა და პროაქტიულ გავრცელებას, ადმინისტრაციულ წარმოებაში მოქალაქეებისთვის თარგმანის რესურსების შექმნასა და მათი გაუცხოების დაძლევას.

მუნიციპალიტეტებში მულტიკულტურული და თანასწორი სოციალური გარემოს შექმნის ხელშეწყობის მიზნის ქვეშ, ჩვენი ძირითადი რეკომენდაციები ინტერ-ეთნიკური საკონსულტაციო პლატფორმების შექმნას, უმცირესობების კულტურის მდგრადი განვითარებასა და პოპულარიზებას, ადგილობრივი რეწვის მხარდაჭერას, სოფლად კულტურული სივრცეების ორგანიზებას უკავშირდება.

მუნიციპლიატეტებში ბიუჯეტის მიღების პროცესი არ დასრულება და EMC იმედს გამოთქვამს, რომ მისი რეკომენდაციების ნაწილი ბიუჯეტის შემუშავების დროს და უკვე შემდგომში მისი აღსრულების პროცესში თვითმმართველობების მიერ გაზიარებული იქნება.

დოკუმენტები შეგიძლიათ იხ. მიმაგრებულ ფაილში.

ხულო_1609239188.pdf

ქედა_1609239201.pdf

შუახევი_1609239219.pdf

ახმეტა_1609239234.pdf

წალკა_1609239248.pdf

ბოლნისი_1609239263.pdf

მარნეული_1609239285.pdf

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“