საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
EMC მშრომელთა საერთაშორისო დღეს ეხმიანება და სახელმწიფოს მშრომელთა უფლებების დაცვაზე ორიენტირებული საკანონდებლო და ინსტიტუციური ჩარჩოს, არსებული კანონმდებლობის აღსრულების მოქნილი მექანიზმებისა და სოციალური დაცვის მყარი სტანდარტების შექმნისკენ მოუწოდებს.
საქართველოში მშრომელთა დიდი ნაწილი შრომის კანონმდებლობის უგულებელყოფისა და შრომითი უფლებების დარღვევის მსხვერპლი ყოველდღიურად ხდება. თუმცა პანდემიის პირობებში ამან განსაკუთრებით მასობრივი ხასიათი შეიძინა. სისტემატიური სახე მიიღო წინასწარი შეტყობინებისა და სათანადო კომპენსაციის გარეშე ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლებამ, უხელფასო შვებულებაში დასაქმებულების იძულებით გაშვებამ, ხელფასის თვითნებურმა შემცირებამ თუ ანაზღაურებაზე უარის თქმამ. შექმნილმა ვითარებამ ზედაპირზე გამოიტანა და ხილული გახადა მშრომელთა მოწყვლადობა და სამართლიანი საკანონმდებლო მოწესრიგების, ქმედითი ინსტიტუტებისა და სოციალური დაცვის მყარი გარანტიების არარსებობა.
უფლებების დარღვევა კვლავ ხშირია სამთო-მოპოვებით და მძიმე ინდუსტრიებში. ტყიბულის შახტებში შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების ელემენტარული სტანდარტების დაცვა მოუგვარებელ პრობლემად რჩება და მეშახტეები, დაბალი ანაზღაურების სანაცვლოდ, ყოველდღიურად, საკუთარ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას რისკის ქვეშ აყენებენ. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს მიერ დაკვეთილი აუდიტის დასკვნის თანახმად, შახტების ფუნდამენტური ოპტიმიზაციის გარეშე იქ ნახშირმოპოვებითი საქმიანობა დაუშვებელია, მუშაობა ისე გრძელდება, რომ ვითარება არათუ გაუმჯობესებულა, არამედ რიგ შემთხვევებში გაუარესდა კიდეც. მძიმე და უსამართლო პირობებში აგრძელებენ მუშაობას ჭიათურასა და რუსთავშიც, სადაც გასულ წელს მშრომელთა მასიურ გაფიცვას ჰქონდა ადგილი.
შრომის კანონმდებლობის უგულებელყოფა ხშირი პრაქტიკაა სერვისის სექტორშიც. სუპერმარკეტის ქსელებში დასაქმებული კონსულტანტებისთვის კვლავ გამოწვევას წარმოადგენს არარეგულირებული სამუშაო დრო, აუნაზღაურებელი ზეგანაკვეთური შრომა, შესვენების და დასვენების დროის არარსებობა, ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი ფუნქციების შეთავსება და სხვა ღირსების შემლახავი პრაქტიკა. ამასთან, კონსულტანტებს საფრთხის შემცველ გარემოში და მუდმივი სტრესის ქვეშ უწევთ მუშაობა აგრესიული კლიენტებისგან არასათანადო დაცვის გამო, რაც წლის დასაწყისში კონსულტანტის გარდაცვალების მიზეზიც გახდა.
კვლავ მაღალი რჩება მშენებლობაზე დაღუპული და დაშავებული მუშების რიცხვიც. 2019 წელს 29 მუშა გარდაიცვალა და 54 დაშავდა;[1] შრომის უსაფრთხოების ნორმების დაუცველობამ, მათ შორის, არასრულწლოვნის სიცოცხლე შეიწირა. გახმაურებულმა ჟურნალისტურმა გამოძიებამ[2] კიდევ ერთხელ დაადასტურა სამკერვალო ფაბრიკებში არსებული მძიმე სამუშაო პირობები, - ღირსების შემლახავი დისციპლინა და საფრთხის შემცველი გარემო, მძიმე შრომისთვის შეუსაბამო დაბალი ანაზღაურება, რომლის ოდენობა არასტაბილური და არაგანჭვრეტადია და სხვა, რაზეც ჩვენი ორგანიზაცია თავის კვლევაშიც საუბრობდა. პარალელურად, ყველაზე მოწყვლად ჯგუფებთან მომუშავე სოციალური მუშაკების შრომა კვლავ დაუფასებელი და მძიმეა. მათ არ აქვთ საკუთარი ფუნქციების განხორციელებისთვის აუცილებელი რესურსები, ხოლო მათი შრომითი უფლებების დაცვის გარანტიები ძალზედ სუსტია. აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში კრიტიკული ჟურნალისტების მიმართ შევიწროებისა და კონტროლის მიზნით, რამდენიმე თვეა, გრძელდება შრომითი უფლებებისა და შრომის კანონმდებლობის უხეში დარღვევა.[3]
ჩვენი ორგანიზაცია დიდი ხანია საუბრობს შრომის ინსპექციის, როგორც შრომითი უფლებების დაცვის მნიშვნელოვანი მექანიზმის გაძლიერების აუცილებლობაზე.[4] მიუხედავად იმისა, რომ 2019 წლის პირველი სექტემბრიდან, „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონის მნიშვნელოვანი მუხლები ამოქმედდა და ინსპექციას დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში, წინასწარი გაფრთხილების გარეშე, ეკონომიკური საქმიანობის ყველა სექტორი შემოწმების უფლებამოსილება მიენიჭა,[5] კვლავ დღის წესრიგში რჩება ინსპექციის ინსტიტუციური დამოუკიდებლობის, მისი ადამიანური და მატერიალური რესურსებით გაძლიერების საჭიროება. გარდა ამისა, შრომის ინსპექცია[6] დღეს მხოლოდ უსაფრთხო სამუშაო გარემოს კონტროლსა და მონიტორინგს ახორციელებს და კვლავ არ აქვს შრომითი უფლებების დარღვევაზე სანქცირების მანდატი, რაც გადატვირთული სასამართლოსა და გაჭიანურებული შრომითი დავების პირობებში, უკიდურესად ართულებს მშრომელთა უფლებების დაცვას. 2014 წლიდან კანონმდებლობით გათვალისწინებული შრომითი მედიაციის ინსტიტუტიც, სამწუხაროდ, ვერ ჩამოყალიბდა დავების გადაწყვეტის ეფექტიან მექანიზმად, რაც[7] აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე კოლექტიური დავის პროცესში შრომითი მედიაციის წარუმატებლობამ კიდევ ერთხელ ცხადყო.
დასაქმების ფორმალურ სექტორში შრომითი უფლებების კუთხით არსებულ ჩავარდნებს ემატება ისიც, რომ სახელმწიფოს არ გააჩნია ხედვა და პოლიტიკა თვითდასაქმებული ადამიანების უფლებების დაცვის კუთხით, რამაც თავი პანდემიის დროს იჩინა, როდესაც ანტიკრიზისული სოციალური მხარდაჭერის პაკეტის მიზნებისთვის თვითდასაქმებულთა აღრიცხვა და მათი საჭიროებების ცოდნა გახდა საჭირო. აღნიშნული ჯგუფი, რომელთა ყველაზე მოწყვლად ნაწილს ზრუნვით შრომაში (დამლაგებლები, ძიძები, მომვლელები) ჩართული ქალები წარმოადგენენ, სახელმწიფოს განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდება.
სამწუხაროდ, შრომის კანონმდებლობის რეფორმის 2019 წელს დაწყებული პროცესი, რომელიც მშრომელების უფლებების დაცვის კუთხით ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს ითვალისწინებდა, როგორიც სამუშაო დროის დარეგულირება, შრომითი მედიაციის ინსტიტუტის გაძლიერება, დისკრიმინაციის თუ დეკრეტული შვებულების, სტაჟირების თუ არასრული განაკვეთის წესების დახვეწა, შრომის ინსპექციის მანდატის გაზრდა და მისი ინსტიტუციონალური გაძლიერებაა, გაურკვეველი დროით გადავადდა. შრომითი უფლებების დარღვევის მასშტაბისა და კანონმდებლობისა და მისი აღსრულების ინსტრუმენტების ხარვეზულობის გათვალისწინებით, უკიდურესად მნიშნველოვანია ამ პროცესის დაუყოვნებლივ განახლება და მასში მშრომელების მაქსიმალური ჩართულობა.
1 მაისი, მშრომელთა საერთაშორისო დღე, სახელმწიფოსთვის კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღებული ვალდებულებების შესახსენებლად უნდა იქნას გამოყენებული. სახელმწიფომ უნდა შექმნას ღირსეული შრომის უზრუნველყოფისთვის აუცილებელი საკანონმდებლო და ინსტიტუტიცური მექანიზმები, რათა შემდეგ 1 მაისს მშრომელთა უფლებრივი მდგომარეობა ისეთივე სავალალო არ იყოს, როგორიც დღეს არის.
[1] შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის 2019 წლის ანგარიში
[2] https://oc-media.org/ra-khdeba-sakartvelos-samkervalo-karkhnebshi-natsili-i-propesiui-gaertianebebi/
[3] https://emc.org.ge/ka/products/emc-acharis-sazogadoebrivi-mautsqeblis-tanamshromelta-interesebs-sasamartloshi-daitsavs
[4] https://emc.org.ge/ka/products/moitkhove-shromis-dzlieri-inspektsia
[5] „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, მუხლი 24, 25
[6] „იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის პრევენციის და მათზე რეაგირების მიზნით სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 7 მარტის N112 დადგენილება
[7] https://emc.org.ge/ka/products/emc-moutsodebs-shromis-ministrs-ar-daakmaqofilos-acharis-sazogadoebrivi-mautsqeblis-direktoris-usafudzvlo-motkhovna-mediatsiis-shetsqvetis-taobaze
ინსტრუქცია