[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

შრომის უფლება / განცხადება

EMC ეხმიანება “სპარის“ კონსულტანტის გარდაცვალებას

ფოტო: commersant.ge

EMC ეხმიანება სუპერმარკეტების ქსელ „სპარში“, 2019 წლის 30 დეკემბერს, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაშავებული კონსულტანტის, მათე ჯომიდავას, გარდაცვალების ფაქტს და სახელმწიფოს მომსახურეობის სექტორში დასაქმებულ პირთა სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ღირსების დაცვისთვის გარანტიების შექმნისკენ მოუწოდებს.

30 დეკემბერს მომხდარი შემთხვევა კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ სერვისის სფერო და იქ არსებული შრომითი გარემო იმთავითვე არ წარმოადგენს უსაფრთხო სამუშაო სივრცეს, როგორც ეს ხშირად აღიქმება ხოლმე. როგორც წესი, სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, შრომის უსაფრთოების მხრივ რისკის შემცველ დასაქმების ადგილებს შორის მძიმე მრეწველობის, სამთო-მოპოვების, ტრანსპორტის და გადამუშავების სექტორებს გულისხმობენ, თუმცა არსებული ფაქტი ცხადყოფს, რომ შრომითი უსაფრთხოების საკითხი ცალკეული სექტორებით ვერ შემოისაზღვრება და ის ინტერსექტორულ გამოწვევას წარმოადგენს, მათ შორის დასაქმების ისეთ ადგილზეც კი, როგორიც ურბანულ ცენტრში განთავსებული სუპერმარკეტია. აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ დამსაქმებელის ვალდებულება, იზრუნოს უსაფრთხო სამუშაო გარემოზე და მინიმუმამდე დაიყვანოს ნებისმიერი რისკი, რომელიც დასაქმებულის სიცოცხლეს და ჯანმრთელობის სამუშაოს შესრულებისას შეიძლება, შეექმნას, მათ შორის მესამე პირების მხრიდან, პირველ რიგში სახელმწიფოს მიერ შესაბამისი საკანონმდებლო ბაზითა და ეფექტური ინსტიტუტებით უნდა იქნეს უზრუნველყოფილი.

EMC-ის მიერ სერვისის სექტორში ჩატარებულმა სოციოლოგიურმა კვლევამ აჩვენა, რომ დაცვის სისტემის გაუმართაობა და ფიზიკურ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პოზიციების გაუქმება სუპერმარკეტებში დასაქმებულთათვის მნიშვნელოვანი პრობლემაა. გამოკითხული კონსულტანტები თავდასხმის შემთხვევაში არასაკმარისად მიიჩნევდნენ, განსაკუთრებით ღამის საათებში, მხოლოდ ფარული კამერების არსებობას. იმ პირობებში, როცა სამუშაო ადგილას კონსულტანტებს ტელეფონის ტარების უფლება არ აქვს, გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში, მხოლოდ დისტანციურად შეუძლიათ კომუნიკაცია კომპანიის დაცვის სამსახურთან. ეს ასევე გამორიცხავს, დაცვის სამსახურის მონაწილეობის გარეშე, საპატრულო პოლიციის გამოძახების შესაძლებლობას. გარდა ამისა, რესპონდენტების თქმით, გარკვეულ სუპერმარკეტებში დაცვის სამსახური პატრულისგან განსხვავებით მყისიერად არ რეაგირებს.

არსებული მდგომარეობა შრომის კანონმდებლობლობის და აღსრულების მექანიზმების სისუსტის და დამსაქმებლის მხრიდან არსებული კანონების მიზანმიმართულად არასწორი ინტერპრეტაციის შედეგია.

წლებია სერვისის სექტორში დასაქმებულთათვის დადგენილი სამუშაო პრაქტიკა შრომითი ექსპლუატაციის ხაზზე გადის და უხეშად არღვევს დასაქმების მინიმალურ სტანდარტებს, როგორც უსაფრთხოების, ასევე შრომითი უფლებების ნაწილში. არსებობს არაერთი შემთხვევა, რომელიც ადასტურებს სერვისის სექტორში, განსაკუთრებით კი სუპერმარკეტების ქსელში არსებულ მძიმე შრომითი ექსპლუატაციის სისტემურ პრობლემებს. ეს კი გამომდინარეობს ისეთი ფართოდ დამკვიდრებული შრომითი პრაქტიკისგან, როგორიცაა დაურეგულებული შრომითი გრაფიკი, დაბალანაზღაურებადი შრომა, კადრების ნაკლებობა, შრომითი ვალდებულებების და პასუხიმსგებლობების ბუნდუვანება და შრომითი პოზიციების მოუწესრიგებელი და გაუმიჯნავი ხასიათი; დასაქმებულებს არაგონივრულად დიდი სამუშაო დროის მიღმა უწევთ შეთავსებით სხვადასხვა ტიპის სამუშაოების შესრულება - კერძოდ, პარალელურ რეჟიმში მათ უწევთ კონსულტანტის, დამლაგებლის, საწყობის მთვლელის, მტვირთავის, დაცვის და მოლარის ფუქნციების შეთავსება. ხაზგასასმელია ისიც, რომ ზეგანაკვეთური სამუშაო და ღამით შრომა სათანადოდ არ ნაზღაურდება, დასაქმებულები ვერ სარგებლობენ ადეკვატური დასვენების დროით და შრომის კანონმდებლობით გათვალისწინებული მინიმალური გარანტიებით. გაწეულ შრომასთან შეუსაბამო ანაზღაურებასა და მძიმე სამუშაო პირობებთან ერთად, როგორც უკანასკნელმა ტრაგიკულმა შემთხვევამაც აჩვენა, გამოწვევაა შრომის უსაფრთხოების საკითხიც.

განსაკუთრებით პრობლემურ და მაღალი მოწყვლადობის ჯგუფად შეგვიძლია გამოვყოთ სერვისის სფეროში დასაქმებული სტუდენტების კატეგორია, რომელთა რიცხვსაც გარდაცვლილი მიეკუთვნებოდა. სტუდენტების გადაწყვეტილება სუპერმარკეტებში დასაქმებაზე ძირითადად სოციალური ხელმომჭირნეობით, მინიმალური ფინანსური საჭიროებების დაკმაყოფილებით არის ნაკარნახევი და სწავლის საფასურის გადახდის სურვილით არის მოტივირებული. განსაკუთრებით მძიმეა იმ სტუდენტების მდგომარეობა, რომლებიც რეგიონებიდან დედაქალაქში განათლების მისაღებად გადმოდიან საცხოვრებლად - მათ ერთდროულად უწევთ საცხოვრებლისა და საყოფაცხოვრებო ხარჯებთან გასამკლავებლად მძიმე სამუშაო პირობებზე დათანხმება. მძიმე სოციალური ფონის და ალტერნატივების არ არსებობის პირობებში, სერვისის სექტორში დასაქმებული სტუდენტები იძულებულები ხდებიან მინიმალური და გაწეულ შრომასთან შეუსაბამო ანაზღაურების სანაცვლოდ დასთანხმდნენ მძიმე სამუშაოს შესრულებას, რაც უმეტესწილად საკუთარი ჯანმრთელობისა და ზოგიერთ შემთხვევაში სიცოცხლის რისკის ფასადაც კი უჯდებათ.

იმის მიუხედავად, რომ სახელმწიფომ გადადგა გარკვეული ნაბიჯები უსაფრთხო შრომის უზრუნველსაყოდ, კვლავ დიდი გამოწვევაა დასაქმების სექტორში მძიმე შრომითი პირობების არსებობა, რაც კანონმდებლობის ხარვეზულობისა და არაეფექტური სააღსრულებო მექანიზმების შედეგია. ამ რეალობაში სახელმწიფო ვალდებულია საკანონმდებლო გარანტიების გაჩენისა და შრომის ინსპექციის გაძლიერებით გამორიცხოს მომსახურების სფეროში არსებული შრომითი ექსპლუატაცია და დაიცვას მშრომელების სიცოცხლე და ჯანმრთელობა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, EMC მოუწოდებს:

შრომის ინსპექციის დეპარტამენტს:

  • განახორციელოს სუპერმარკეტების ქსელ “სპარში” შრომის პირობების ინსპექტირება და შეამოწმოს შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაუცველობის, მათ შორის ადგილზე დაცვის სამსახურის არარსებობის, კავშირი მომხდარ უბედურ შემთხვევასთან. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული საკითხი გახდეს გამოძიების საგანიც, რომელიც სსკ-ის 117 მულხით მიმდინარებს.
  • დაუყოვნებლივ დაინტერესდეს სუპერმარკეტების ქსელებში არსებული უსაფრთხოების საკითხით, სისტემურად შეაფასოს ეს პრობლემა და უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებები გამოვლენილი პრობლემების აღმოფხვრისთვის;

საქართველოს პარლამენტს:

  • საერთაშორისო სტანდარტებისა და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესაბამისად, შრომის კოდექსში შევიდეს ცვლილებები, რომელიც მშრომელებს ექსპლოატაციური, არაღირსეული და საფრთხისშემცველი შრომისგან დაიცავს:
  • შესაბამისი რესურსების მობილიზების გზით მოხდეს შრომის ინსპექციის დეპარტამენტის გაძლიერება და საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე ინსპექციის მანდატის შრომით უფლებების დაცვაზე გავრცელება;

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“