[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

შრომის უფლება / განცხადება

მხუთავი აირებით მოწამლული მეშახტეები ტყიბულში - გამოხმაურება

ჩვენი ორგანიზაციებისთვის ცნობილი გახდა, რომ 10 მარტს, ქალაქ ტყიბულში, ძიძიგურისა და მინდელის შახტების დამაკავშირებელ სავენტილაციო გვირაბში, იქ დაგროვილი მხუთავი აირებისგან მოწამვლის გამო სამი მეშახტე ქალაქ ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ჩვენი ორგანიზაციები მთავრობისგან მოითხოვენ უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფამდე ტყიბულის შახტების დახურვას და სამუშაოების განახლებამდე მეშახტეებისთვის ხელფასების სრულად ანაზღაურებას.

აღსანიშნავია, რომ 24 თებერვლის საინფორმაციო საშუალებებით ცნობილი გახდა, რომ ტყიბულში, ძიძიგურის სახელობის შახტში დასაქმებული მეშახტეები პროტესტის ნიშნად უარს ამბობდნენ სამუშაოს გაგრძელებაზე. პროტესტი კომპანიის სწორედ იმ გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის თანახმადაც ძიძიგურის შახტი დროებით დაიხურა, რის გამოც იქ დასაქმებულებს სამუშაო ადგილამდე მისვლა გაცლებით უფრო საფრთხის შემცველი გზით, კეძოდ კი მიწისქვეშა სავენტილაციო გვირაბით მოუწევდათ, რის გამოც მეშახტეები უარს აცხადებდნენ ამ გზით საქმიანობის განხორციელებაზე. მათი თქმით, საწარმოო პროცესის შედეგად დაგროვებული ნარჩენების ნაწილი - მათ შორის ჯანმრთელობისთვის საშიში ჰაერის დამაბინძურებლები - თავს სავენტილაციო გვირაბში იყრის, რაც მისი გადაადგილებისთვის გამოყენებას საზიანოს ხდის. მას შემდეგ, რაც მეშახტეებმა კომპანიისგან სიტყვიერი დაპირება მიიღეს, რომ ნაკლები საფრთხის შემცველი ძიძიგურის შახტი მალევე აღდგებოდა, ხოლო მომეტებული საფრთხის შემცველი ალტერნატივით სარგებლობა დროებითი იყო, საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ფასად, შეცვლილ პირობებს დათანხმდენენ. თუმცა, თავიდან ვერ ქნა აცილებული მძიმე ზიანი.

ტყიბულში არსებული საფრთხისშემცველი სამუშაო გარემოს არსებობას ადასტურებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაკვეთით, გერმანული კომპანიის DMT GmbH&Co.KG მიერ მომზადებული დასკვნა.

2018 წელს საწარმოო შემთხვევების შედეგად 10 მეშახტის გარდაცვლებაზე პასუხად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, აუდიტორული კომპანიის მიერ ტყიბულის შახტებში ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების რისკების შეფასებამდე ნახშირმოპოვებითი სამუშაოები უნდა შეჩერებულიყო და ამ პერიოდის განმავლობაში მეშახტეებს სრულად უნდა ანაზღაურებოდათ კუთვნილი ხელფასები.

საგულისხმოა, რომ აუდიტის დასკვნა 2019 წლის იანვარში იყო მზად, მაგრამ ის ხელმისაწვდომი, ინგლისურ ენაზე, მხოლოდ 11 თვის შემდეგ, 2019 წლის დეკემბერში გახდა. აღნიშნული დასვკნის შინაარსის შესახებ მწირი ინფორმაცია აქვთ თავად ტყიბულელ მეშახტეებს.

დასკვნის ავტორების აზრით, 2018 წლის ფატალური ინციდენტების თავიდან აცილება შესაძლებელი იყო. ამავდროულად, DMT-ის დასკვნაში გამოვლენილი პრობლემები უშუალოდ 2018 წელს მომხდარი ფატალური შემთხვევების მიზეზებს სცდება და ღრმა და ფუნდამენტური ინფრასტრუქტურული და მართვითი ჩავარდნების შესახებ საუბრობს. შახტში ვიზიტის დროს ექსპერტთა ჯგუფმა დააფიქსირა უსაფრთხოების ნორმების მძიმე დარღვევები - მათ შორის კონკრეტულად მიწისქვეშა სატრანსპორტო და დამაკავშირებელი რგოლების გაუმართაობები, როგორებიცაა შახტში ჩასასვლელი გზების დაზიანებული ჭერი და კედლები, მრავალ ადგილას დაზიანებული ვაგონის ლიანდაგები. აუდიტის დასკვნის თანახმად, ნახშირმოპოვებითი სამუშაოების აღდგენა დაუშვებელია ჯანმრთელობისთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების მინიმუმამდე დაყვანის გარეშე.

ამ კონტექსტში გაუგებარია არა მხოლოდ გადაწყვეტილება ძიძიგურის შახტის დახურვის და მეშახტეების სამუშაო ადგილამდე სავენტილაციო გვირაბით დაკავშირების შესახებ - რაც მოპოვებას კიდევ უფრო საფრთხისშემცველს ხდის - არამედ DMT-ის დასკვნის აშკარა და ცალსახა მიგნებების უგულვებელყოფაც. როგორც ჩანს, კომპანიამ არათუ არ გაითვალისწინა დასკვნაში შესული რეკომენდაციები, არამედ, ამ გადაწყვეტილებით, დასაქმებულებს კიდევ უფრო მაღალი რისკის მატარებელი სამუშაო გარემო შესთავაზა.

სახელმწიფოს პოზიცია მის მიერ დაკვეთილი აუდიტის რეკომენდაციების, ისევე როგორც რეკომენდაციების გათვალისწინების გარეშე ტყიბულში ნახშირმოპოვებითი სამუშაობის განახლების შესახებ, დღემდე უცნობია.

ამ გარემოებების გათვალისწინებით, მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას:

  • უზრუნველყოს ტყიბულის შახტებში ნახშირმოპოვებითი სამუშაოების შეწყვეტა და DMT-ის დასკვნაში მითითებული რეკომენდაციების შესრულებამდე არ დაუშვას სამუშაოების გაგრძელება.
  • DMT-ის აუდიტის ანგარიში ხელმისაწვდომი გახადოს ტყიბულის შახტში დასაქმებული და ყველა სხვა დაინტერესებული პირებისათვის, მათ შორის ანგარიშის მეშახტეებისათვის წარდგენის და მისი ქართულ ენაზე გამოქვეყნების გზით. ასევე, დაიწყოს აქტიური შეხვედრები ადგილობრივებთან დასკვნის განხილვის მიზნით, შეიქმნას მონაწილეობითი პროცესი და ადგილობრივების აქტიური ჩართულობით შემუშავდეს შახტის განახლების გეგმა.
  • ნახშირმოპოვებითი სამუშაოების განახლებამდე დასაქმებულები სრულად იქნან უზრუნველყოფილნი ხელფასებით.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

  • ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
  • ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“