საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
COVID 19-ის პანდემიით გამოწვეული კრიზისის მიერ ქვეყნის ეკონომიკასა და ადამიანების კეთილდღეობაზე მიყენებული ზიანი ჯერ კიდევ არაპროგნოზირებადი და მზარდია. სახელმწიფოების მხრიდან ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენის და პანდემიის გავრცელების პრევენციისთვის გატარებულმა ზომებმა - მათ შორის, საზღვრების ჩაკეტვამ, ქალაქებს შორის მოძრაობის აკრძალვამ, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამ და სოციალური დისტანცირების მოტივით ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვამ, - მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა მსოფლიოს ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებას. სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის თანახმად, 2020 წელს გლობალური ეკონომიკა მკვეთრად შემცირდება, სულ ცოტა -3%-ით მაინც, რაც 2008-2009 წლების გლობალურ კრიზისზე უფრო ცუდი მაჩვენებელია[1]. რაც შეეხება საქათველოს მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურ ზრდას, ნავარაუდებია, რომ 2020 წლისთვის ადგილი ექნება რადიკალურ შემცირებას და ის -4.0%-ით დაეცემა, ხოლო ქვეყნის საგადამხდელო ბალანსი (საქართველოსა და დანარჩენ მსოფლიოს შორის განხორციელებული ფულადი მიმოცვლის შეფარდება) კი თითქმის გაორმაგდება და -10,5%-ს მიუახლოვდება[2].
კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის მიმართ საქართველოს ეკონომიკის მაღალი მოწყვლადობა სხვადასხვა ფაქტორებითაა გამოწვეული. უპირველეს ყოვლისა ეს დაკავშირებულია მთლიანი შიდა პროდუქტის სტრუქტურასთან, სადაც დარგობრივად ყველაზე დიდი წილი ისეთ ეკონომიკურ საქმიანობებზე მოდის, რომლებიც ყველაზე მეტად დაზიანდნენ კორონავირუსის პირობებში - ესენია საბითუმო და საცალო ვაჭრობა (13.9 %), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (11.4 %), მშენებლობის სექტორი (8.3%) და საფინანსო-სადაზღვევო საქმიანობები (6.1%)[3]. ამასთან, ტურისტული სექტორის გაჩერებამ, რომელიც წლებია ეკონომიკური განვითარების ქვაკუთხედად მოიაზრება, მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა როგორც შრომით ბაზარს, ასევე ლარის კურსის სტაბილურობას - ტურიზმიდან შემოსული ფინანსური კაპიტალი, უცხოეთიდან შემოსულ ფულად გზავნილებთან და პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებთან ერთად, ლარის კურსის გამყარების მნიშვნელოვან წინაპირობას ქმნიდა[4]. კიდევ ერთი გარემოება, რამაც კორონავირუსის პირობებში მაღალი ეკონომიკური დესტაბილიზაცია განაპირობა დაკავშირებულია შრომის ბაზრის სტრუქტურასთან, სადაც დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა არაფორმალურ სექტორში თვითდასაქმებულთა რაოდენობას უტოლდება, ხოლო თავად დაქირავებით დასაქმებულთა შორის მაღალია ე.წ. Პპრეკარიალურ და არასტაბილურ სამსახურებში დასაქმებულთა წილი, როგორიცაა მომსახურების სფერო, ატიპიური დასაქმებები, სეზონური დასაქმება თუ სხვა[5]. ამ პირობებში კი გასაკვირი არ არის, რომ უმუშევრობის რადიკალური ზრდაა ნავარაუდევი, სადაც დაქირავებით დასაქმებულ მშრომელთა საერთო რაოდენობის 30% სამსახურის დაკარგვის მაღალი რისკის წინაშე დგას, ხოლო თვითდასაქმებულთა 83,5%-ს მოუწევს შემოსავლების ვარდნასთან და შემცირებულ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან გამკლავება[6].
სოციოეკონომიკური ცვლილებების გარდა, კრიზისმა პოლიტიკური დღის წესრიგიც გარდაქმნა და მმართველობითი ძალაუფლების ცენტრში სახელმწიფოები და აღმასრულებელი მთავრობები დააბრუნა. Შშესაბამისად, საქართველოში, პანდემიით გამოწვეული კრიზისის ფონზე, მნიშნველოვანია, რიგი კითხვების დასმა: ეკონომიკურ პოლიტიკასთან დაკავშირებული რა სახის სისტემური ჩავარდნები გამოიტანა კრიზისმა დღის შუქზე? რატომ არ აღმოჩნდა ეკონომიკა, ბიზნესი თუ დასაქმებული საკმარისად ძლიერი იმისთვის, რომ გამკლავებოდა პანდემიის პირობებში დამდგარ სოციალურ და ეკონომიკურ გამოწვევებს? Რრამდენად გააჩნია სახელმწიფოს, დღეს, კრიზისთან გამკლავებისთვის საჭირო ინსტრუმენტები და მექანიზმები? როგორ უნდა გადაეწყოს არსებული ეკონომიკური სტრუქტურა ისე, რათა უფრო ეფექტიანად მოხდეს მომავალ ეკონომიკური კრიზისებთან გამკლავება? ამ და სხვა მნიშვნელოვანი კითხვების ირგვლივ სამსჯელოდ ჩვენ ეკონომიკის საკითხებზე მომუშავე მკვლევრებს და ანალიტიკოსებს გავესაუბრეთ.
თემები:
ტატო ხუნდაძე - ეკონომისტი, საზოგადოებრივი მაუწყებლის ანალიტიკოსი
ტატო: საქართველოში და სხვა პოსტ-საბჭოათა ქვეყანაში ადგილი ჰქონდა სწრაფ დეინდუსტრიალიზაციას, დასაქმებაში (და არა ეკონომიკაში) სოფლის მეურნეობის წილის ზრდას და სერვისული სექტორების გაძლიერებას. ამ სერვის სექტორებმა შექმნეს სპეციფიური დასაქმების სტრუქტურები, ე.წ. პრეკარიატული დასაქმების ადგილები, არასტაბილური სამსახურები, რომლებიც შოკის მიმართ მაღალი მოწყვლადებით ხასიათდებიან. ეს აჩვენა არა მხოლოდ ახლანდელმა კრიზისმა, არამედ უფრო ადრინდელი კრიზისებიც ამაზე მეტყველებენ. Სსაქართველოში დღეს გვაქვს მდგომარეობა, როდესაც ჩვენი საგადამხდელო ბალანსი მეტწილად დამოკიდებული იყო ტურიზმის სექტორზე და საგარეო გადმორიცხვებზე. ამას ემატებოდა ქვეყნის უარყოფითი სავაჭრო დეფიციტი (სხვაობა ქვეყნის საერთო ექსპორტსა და იმპორტს შორის), რისი დაბალანსებაც მეტწილად ტურიზმით და საგარეო გადმორიცხვებით ხდებოდა. დღეს კი სახეზე გვაქვს კრიზისების წარმოქმნის დომინოსებური ეფექტი - ტურიზმის კოლაფსმა გაზარდა უმუშევრობა, დაეცა შემოსავლები, შემცირდა მთლიანი შიდა მოთხოვნა და შესაბამისად შემცირდა საბიუჯეტო შემოსავლები. ამას დაემატა ლარის დაბალანსების პრობლემა და დოლარიზაციის ნეგატიური გავლენის ზრდა შინამეურნეობებზე თუ იმ ადამიანებზე, რომელთაც სესხები დოლარში აქვს აღებული (მთლიანი გაცემული სესხების დაახლოებით 70%).
რამდენად რეალისტურია მთავრობის მიერ დაანონსებული იმპორტის ჩანაცვლების თუ ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის წამოწყება და რა პოტენციალი აქვს გლობალური ბაზრებიდან ეტაპობრივი განწყვილების ამ ახალ პოლიტიკას?
ტატო: არსებული კრიზისი არა მარტო ადამიანის სიცოცხლეს და კეთილდღეობას ურტყამს, არამედ მთავრობის ძალაუფლებასაც აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ (ამიტომაც არის დღეს მთავრობა ასეთი გააქტიურებული, რომ ის თავისი ინტერესების დასაცავადაც იბრძვის). ფაქტია, რომ მთავრობაში დღეს ამას აცნობიერებენ. ხვდებიან, რომ ამ კრიზისმა არა მარტო ერთი მთავრობა, არამედ რამოდენიმე მთავრობაც კი შეიძლება, შეიწიროს. Რაში მდგომარეობს კრიზისი? იმაში, რომ დღევანდელ ვითარებაში ჩვენ სახეზე გვაქვს როგორც შემცირებული მოთხოვნა (შემოსავლის შემცირების გამო), ასევე მიწოდების შოკიც (წარმოების დეფიციტის გამო). დღეს სწორედ ეს რამოდენიმე ფაქტორი უბიძგებს მთავრობას, რომ თავი აარიდოს პრობლემის ნეოლიბერალურ გადაწყვეტას და ისაუბროს იმპორტის ჩანაცვლებაზე თუ შიდა წარმოების წახალისებაზე.Ააქ ყველაზე საყურადღებოა, თუ ვინ დააფინანსებს ამ ახალ ეკონომიკურ პოლიტიკას და რის ფასად გატარდება ის? Კკერძოდ, როდესაც ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობისთვის მთავრობა მოლაპარაკებებს იწყებს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თუ საგარეო კრედიტორებთან, მნიშნველოვანია ვიცოდეთ, თუ რაზე ხდება მოლაპარაკება, რა პირობებზე დგება შეთანხმებები? Რრა ვალდებულებებს იღებს ქვეყანა? ეს არ არის გამჭირვალე პროცესი, და შესაძლოა ჩვენ საბოლოო ჯამში აღმოვჩნდეთ სიტუაციაში, როდესაც რაღაც სექტორები გადარჩება, თუმცა ჩვენ მაინც ღრმა კრიზისისთვის გავხდეთ განწირულები, თან უფრო მეტი ვალდებულებით.
რაც შეეხება ფინანსურ და საბანკო სექტორს, რამდენად შეიძლება ამ სექტორმა შექმნას ეკონომიკისთვის უსაფრთხოების ბალიშები?
ტატო: დღეს ფინანსური და საბანკო სექტორის გადარჩენის საკითხი ყველაზე მეტად დგას დღის წესრიგში, რამდენადაც მათზე მოდის არაპროფილური ბიზნესების ყველაზე დიდი წილი. თუ ფინანსური სექტორი ჩამოიშლება, მაშინ ბევრი ეს ბიზნესიც დაიხურება, და თავის მხრივ, ეს კიდევ უფრო გაზრდის უმუშევრობას, გააჩენს უმუშერვობის სპირალს. თუმცა საუბარი იმაზე, რომ ბანკები უნდა გადაარჩინოს სახელმწიფომ, მოწვეტილია მათივე მემარჯვენე არგუმენტებს. მაგრამ, როგორც ისტორია გვაჩვენებს, როდესაც კაპიტალისტებს სჭირდებათ გადარჩენა, ისინი ითხოვენ ძლიერ სახელმწიფოს.
ამ ყველაფერის გათვალისწინებით, რა შეიძლება გაკეთდეს მძიმე ეკონომიკური შედეგების თავიდან ასაცილებლად?
ტატო: სამი მნიშვნელოვანი ნაბიჯი უნდა გადაიდგას - პირველი, უნდა მოხერხდეს, რომ ადამიანები არ დარჩნენ მშიერები და მოხდეს სოციალური პაკეტების ზრდა, ან უმუშევრობის კონპენსაციის დანერგვა; მეორე მხრივ მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს გააზრება თუ რა ტიპის ეკონომიკა გვაქვს და დაიწყოს სტრუქტურული ცვლილებისთვის გეგმების შემუშავება, იქნება ეს სოფლის მეურნეობაში არსებული უმუშევრების არმიის დასაქმება და მათი შრომითი რესურსის ათვისება, ასევე იმ ადამიანებზე ფიქრი, ვინც უცხოეთში მუშაობს. Საჭიროა ასევე ინდუსტრიული განვითარების გეგმა და ფინანსური რესურსის მობილიზება იმ კომპანიებისთვის, რომელებიც ორიენტირებულნი იქნებიან ადგილობრივი წარმოების გაჩენაზე. Მესამე ნაბიჯი კი უნდა იყოს მწყობრი პოლიტიკური ხედვის და მიდგომის შემუშავება, რათა არ მოხდეს ქვეყნის პოზიციების დათმობა არც საერთაშორისო აქტორებთან და სავალუტო ფონდთან, არც ადგილობრივ ბიზნეს კორპორაციებთან.
მათე გაბიცინაშვილი - პოლიტიკის მიმომხილველი საზოგადოებრივი მაუწყებლზე, პოლიტიკური ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების ანალიტიკოსი
როგორი იყო ეკონომიკური განვითარების აქამდე არსებული მიდგომები და რატომ დადგა ეკონომიკის სტიმულირების აუცილებლობა?
მათე: კრიზისმა გვაჩვენა, რომ ეკონომიკური განვითარების მოდელი, რომლის ფარგლებშიც საქართველო ცდილობდა მსოფლიო ეკონომიკაში ადგილის დაკავებს და განვითარებას, აღმოჩნდა ‘გადასაგდები’. ამ კრიზისმა უკვე არსებული კრიზისები გაამძაფრა - ისედაც დიდი უმუშევრობა კიდევ უფრო გაზარდა, უთანასწორობას კიდევ უფრო გააღმავებს და არსებულ სოციალურ კრიზისს უფრო მეტად გაამწვავებს. Რაც შეეხება ეკონომიკის სტიმულირების გეგმას, აქ ორი ვარიანტია რატომაც დადგა ეს დღის წესრიგში - პირველი, ბიზნესი აღმოჩნდა ძალიან მოწყვლადი და მისი სამი მთავარი საყრდენი - დერეგულაცია, ნაკლები გადასახადები და იაფი მუშახელი - აღმოჩნდა მყიფე. ანუ აღმოჩნდა, რომ ჩვენი ბიზნესი არის იმდენად სუსტი, რომ მას ერთი თვეც კი არ შეუძლია შეინარჩუნოს სამუშაო ძალა. Ხოლო მეორე მიზეზი, რატომაც დადგა სტიმულირების გეგმა დღის წესრიგში, არის იმ რეკომენდაციების შედეგი, რასაც საქართველოს მთავრობა საერთაშორისო ინსტიტუციებიდან იღებს. ეს ინსტიტუციები (საერთაშორისო სავალუტო ფონდი თუ მსოფლიო ბანკი) ყოველთვის განმსაზღვრავდნენ საქართველოში მიმდინარე რეფორმებს თუ ეკონომიკის ფორმაციებს. აქ საინტერესოა ვიკითხოთ, თუ რატომ გვიბიძგებენ საერთაშორისო ინსტიტუციები სტიმულირების გეგმისკენ? Პირველ რიგში ეს ხდება იმიტომ, რომ ასეთ სიტუაციაში აუცილებელია ეკონომიკის სტიმულირება, რათა რადიკალურად არ მოხდეს საერთო დანახარჯების შემცირება. თუმცა გარდა ამ მოტივაციისა, ასევე მნიშვენლოვან როლს თამაშობს ისიც, რომ საქართველოს კაპიტალის დიდი ნაწილის ძირითადად უცხოური კაპიტალია და ამ კაპიტალს სჭირდება გარკვეული სტაბილიზაცია.
სახელმწიფოს ეკონომიკურ პოლიტიკაში ინტერვენციების რა მექანიზმები გააჩნია დღეს მთავრობას და რამდენად იყენებს ის ამ მექანიზმებს ეკონომიკის სტიმულირების ხელშეწყობისთვის?
მათე: სახელმწიფოს მხრიდან შეიძლება არსებობდეს ინტერვენციის სხვადასხვა გზა. Მაგალითად არსებობს მიდგომა, როდესაც ნაღდი ფულის დარიგება ხდება ოჯახებისთვის (ამას helicopter money-დ მოიხსენიებენ და ამერიკა იყენებს). ამან შეიძლება მოკლევადიანი პრობლემა მოხსნას და მათი შემოსავალის მინიმალური სტაბილიზაცია განაპირობოს, თუმცა ეს ვერ იქნება სიღრმისეული პასუხი არსებულ კრიზისზე. Სახელმწიფო ვალდებულია მისი მხრიდან მოახდინოს ინვესტიცია ეკონომიკის ტრანსფორმირებისთვის, რადგან ეს უფრო მეტ პოტენციალს გააჩენს, ვიდრე მხოლოდ სტაბილიზაციის მცდელობა. ეკონომიკის ტრანსფორმაციაში იგულისხმება ისეთი ეკონომიკური პროექტების ინიცირება ან მხარდაჭერა (ინფრასტრუქტურული, მწარმოებლური, სამრეწველო თუ სხვა), რომელიც უზრუნველყოფს როგორც ადამიანთა დასაქმებას და მათთვის შემოსავლების გაჩენას, ასევე ეკონომიკის გადაგეგმვასაც. Აქ ვსაუბრობ კრიზისის მოკლევადიან და გრძელვადიან პასუხებზე, სადაც მოკლევადიანი გამოსავალი გამომდინარეობს გრძელვადიანი გეგმიდან. Ჩვენ ქვეყანას დღეს არ გააჩნია გრძელვადიანი გეგმა - არ ვიცით, ათი წლის შემდეგ სად უნდა ვიყოთ, და ამიტომ არ ვიცით რა პროფესიები დაგვჭირდება, მთავრობამ არ იცის რაში უნდა დახარჯოს კრიზისის პირობებში თავმოყრილი ფინანსური რესურსი. ფაქტია, რომ დღემდე განვითარების გეგმა კერძო ინტერესზე, კერძო ინვისტიციაზე იყო მიბმული და ეს ინტერესი/ინვესტიცია უნდა გამხარიყო განვითარების ლოკომოტივი. ამან გამოიწვია ის, რომ ჩვენ განვითარება ავაწყვეთ პირდაპ უცხოურ ინვესტიციებზე, რომელიც შემოდიოდა ისეთ სექტორებში, რომელიც არც განვითარებას იწვევდა და არც სამუშაო ძალის გაძლიერებას თუ დასაქმებას. Მაგალუთად, 2018 წელს ყველაზე დიდი ინვესტიცია შემოვიდა იტალიიდან და მშპ გაიზარდა, თუმცა ეს ინვესტიცია იყო ონლაინ კაზინოს შესყიდვა (აჭარაბეთის გაყიდვის შემთხვევა) და ამ ინვესტიციას არანაირი სიკეთე არ მოუტანია საზოგადოებისთვის. Შესაბამისად, დღეს პირველ რიგში რაც გადასაწყვეტია მდგომარეობს იმაში, თუ რას ემსახურება ეს ანტიკრიზისული გეგმა - არსებული ეკონომიკის სტაბილიზაციას, თუ სხვანაირ ეკონომიკურ მოდელზე აწყობილ განვითარებას.
პრემიერ მინისტრმა არაერთხელ აღნიშნა, რომ პოსტ-კოვიდ სამყაროში საქართველომ შესაძლოა უკეთესი პოზიციები დაიკავოს გლობალურ ეკონომიკებში, რამდენად რეალისტურია ეს პროგნოზი?
მათე: დღეს მთავობის მიერ დასახული მიზანი, რომ ვირუსის საფრთხის დასრულების შემდეგ ქვეყანა ახალი ძალებით უნდა ჩაერთოს გლობალურ კონკურენციაში, და დაშვება, რომ ვინც სწრაფად დაიწყებს ამა ის უკეთეს პირობებში აღმოჩნდება - არის ცარიელი სიტყვები. გაუგებარია რითი ვაპირებთ დანარჩენ მსოფლიოსთან კონკურენციაში შესვლას, ისევ იმ ბიზნესებით, რომლებმაც ერთი თვეც ვერ მოახერხეს თავისი თანამშრომლები შეენახათ? იგივე ტიპის თავისუფალი ეკონომიკური ვაჭრობის ხელშეკრულებებით ვაპირებთ დანარჩენ მსოფლიოში კონკურენციას? Ზოგადად კრიზისი შეიძლება კარგად იქნეს გამოყენებული, და შეიძლება ჩვენ ვერასდროს გადაგვეხვია იმ მცდარი ეკონომიკური განვითარების ინერციიდან, რასაც აქამდე მივყვებოდით. თუ ამ ინერციამ კრიზისი არ განიცადა, ვერ მოახდენ გადატვირთვას. ეხლა იქნებოდა იდეალური შანსი, თუ ნორმალური და საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიტიკური ელიტა იარსებებდა, რომ სხვა მიმართულებით წაგვეყვანა ეკონომიკა.
კრიზისის დასაძლევად რატომ არის მნიშვნელოვანი რომ მთავრობა და ეროვნული ბანკის შეთანხმებულად მოქმედებდნენ და როგორია აქ საერთაშორისო ინსტიტუციების როლი?
მათე: როდესაც, ერთი მხრივ, გამოდის მთავრობა და აანონსებს ეკონომიკის სტიმულირების გეგმას, ამას მხარს უნდა უჭერდეს ეროვნული ბანკი, რომელსაც გააჩნია რამოდენიმე ინსტრუმენტი - სავალუტო ბაზარზე ინტერვენცია და გაცვლითი კურსის რეგულირება, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირება, რაც ბანკების სესხებზე საპროცენტო განაკვეთს დაწევს და სესხებზე მოთხოვნას გაზრდის; სამთავრობო ვალების გამოსყიდვა, რაც მთავრობას ძველი ვალდებულებებისგან გაანთავისუფლებს, რათა ახალი ვალდებულებების აღებისთვის უფრო მოქნილები იყვნენ. თუმცა, ეროვნული ბანკი ამ ინსტრუმენტებს ვერ იყენებს და შესაბამისად მხარს ვერ აუბამს სამთავრობო პოლიტიკას, რადგან მისი სავალუტო რეზერვების ძალიან დიდი ნაწილი არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფულადი რესურსი და მას ხელ-ფეხი აქვს შეკრული საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან წარმოსული დირექტივების თუ წნეხის გამო; მისი მოქმედების არეალი უკიდურესად შეზღუდულია. აქ იკვეთება IMF-ის ორსახოვნობაც - ის ერთის მხრივ მთავრობას მოუწოდებს ეკონომიკის სტიმულირებისკენ, თუმცა მეორეს მხრივ ერონულ ბანკზე გავლენის შენარჩუნებით აფერხებს მის ხელთ არსებული ცენტრალური ინსტრუმენტების გამოყენებას, რაც ეკონომიკის სტიმულირებას რეალურს გახდიდა. Ჩვენთან საუბარი ნებისმიერი კრიზისის დაძლევაზე ან სტიმულირების პოლიტიკაზე ვერ იქნება სერიოზული, თუ ჩვენ არ გვესაუბრებიან ინსტიტუციური პოლიტიკის მხარდაჭერის ფარგლებში, რისი აუცილებელი წინაპირობაც სხვადასხვა პოლიტიკური და ეკონომიკური აქტორების პოლიტიკების თანხმვედრაა. Ზუსტად ორი კვირის წინ გამოვიდა ფინანსთა მინისტრი, ეროვნული ბანკის დირექტორი და IMF-ის დირექტორი, სადაც ეროვნული ბანკის დირექტორმა ისაუბრა ინფლაციის საშიშროებაზე და ამ არგუმენტის მოხმობით დაანონსა, რომ ისინი არ დაწევენ მონეტარულ პოლიტიკაზე საპროცენტო განაკვეთს (რაც გააიაფებდა სესხებს და დღეს არსებული გაზრდილი მოთხოვნის პირობებში, ხელს შეუწყობდა მეტი სესხის გაცემას, რაც თავის მხრივ გაზრდიდა ლარის მიმოქცევას ეკონომიკაში). ამის შემდეგ გამოდის ფინანსთა მინისტრი და საუბრობს ეკონომიკის სტიმულირების საჭიროებაზე. ფაქტია, რომ ეს ორი პოლიტიკა ერთმანეთთან თანხვედრაში არ მოდის, უფრო მეტიც - წინააღმდეგობაშია. ეროვნული ბანკი, მის მიერ დაანონსებული პოლიტიკით ახდენს უცხოური კაპიტალის ინტერესის გატარებას, რათა უცხოელ ინვესტორებში პანიკის დათესვა არ მომხდარიყო, რასაც შესაძლოა საქართველოდან მათი ფინანსური კაპიტალის გატანა მოჰყოლოდა, ხოლო მეორეს მხრივ, ფინანსთა მინისტრმა აქცენტი ადგილობრივ ბიზნესებზე გაეკეთებია, და ამით სცადა ადგილობრივებში შესაძლო პანიკის გაჩენის ჩახშობა. Ბოლოს, IMF-ის წარმომადგენელმა კი ყველაზე ნეიტრალური პოზიცია გააჟღერა და თქვა, რომ ისინი ეთანხმებიან ამ (წინააღმეგრობრივ) პოლიტიკებს. ამ პოლიტიკების შემხედვარე წრმუნდები, რომ ვერანაირი გრძელვადიანი გეგმა ვერ იარსებებს, თუ ჩვენი კონსტიტუციური ორგანოების სუვერენიტეტი და თვითმყოფადობა არა გარე აქტორებზე, არამედ ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ მიდგომებზე არ იქნება დამოკიდებული. ეს პოლიტიკები, რა თქმა უნდა, ყოველთვის კომპლექსური იქნება და აქ შემოვა უცხოური კაპიტალის, საერთაშორისო აქტორების თუ ადგილობრივი კაპიტალის ინტერესები, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ამ მოცემულობაში ვისწავლოთ ნავიგაცია. Დღეს კი გამოდის, რომ არსებული სტიმულირების გეგმა ემსახურება აქამდე არსებული ეკონომიკის სტაბილიზაციას - იგივე იერარქიები, იგივე ინტერესები, ყველაფერი იგივე რჩება. Შესაბამისად, როდესაც საუბრობენ ანტიკრიზისულ გეგმებზე და სტიმულირებაზე, ამას ლაპარაკობენ მხოლოდ ლოზუნგების დონეზე და ამას უკან მყარი ინსტიტუციური გადაწყვეტები არ უმაგრებს ზურგს.
თორნიკე ჩივაძე - ეკონომიური და სოციალური პოლიტიკის მკვლევარი
თუ დავაკვირდებით კორონავირუსის პიროებში დამდგარ კრიზისს, რა ჩავარდნებზე და გამოწვევებზე მეტყველებს ის სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკების მიმართულებით?
თორნიკე: კრიზისმა მოახდინე ათწლეულების განმალობაში დაგროვილი ჩავარდნილი ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკების კონცენტრირება. ეკონომიკური და საბიუჯეტო თვალსაზრისით, ესაა მცირე შემოსავლების პრობლემა - საგადასახადო შემოსავლების შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან მხოლოდ 22% იყო და თანდათანობით ეს კიდევ შემცირდება. Გადასახადების თვალსაზრისით ესაა დასაბეგრი ბაზის შეზღუდულობა და არასამართლიანი განაწილება - სახელმწიფო არ იყენებს ისეთ ბერკეტებს, როგორიცაა ქონების გადასახდი (მთლიანი საბიუჯეტო შემოსავლების ძალიან მცირე წილი მოდის ამ გადასახადზე), მოგების გადასახადი (რომლის მიხედვითაც საქართველო არის მსოფლიოში მესამე ადგილზე და თუ ჯამურად ბიუჯეტში შესულ თანხიდან დავთვლით, მხოლოდ 9,9%-ია, რაც საკმაოდ დაბალი განაკვეთია), და პროგრესული გადასახადი, რაც ყველაზე მაღალშემოსავლიანი დაქირავებით დასაქმებულებისგან ამოღებული საბიუჯეტო შემოსავალი იქნებოდა. აქვე არ უდნა დაგვავიწყდეს დივიდენდებზე გადასახადი, რაც დღეს 5%-მდეა. Სახელწმიფო საგადასახადო სისტემა, რომელიც ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტად უნდა იქცეს რესურსების მობილიზებისთვის და კოორდინირებისთვის, განუვითარებელია. Სოციალური მიმართულებით, Ჩავარდნის Მეორე მხარეა ასევე განუვითარებელი დასაქმების ბაზრის სტრუქტურა. კერძოდ, თვითდასაქმების მაღალი მაჩვენებელი, რაც არა მხოლოდ დაბალშემოსავლიანების უზარმაზარ არმიას ქმნის, არამედ სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკის მიღმა ტოვებს ასეთ ადამიანებს და ვნახეთ, რომ სოციალური კრიზისის პირობებში შეიქმნა პრობლემები ამ ადამიანების იდენტიფიცირების მხრივ.
შეცვალა თუ არა კრიზისმა სახელმწიფოს როლის გაგება?
თორნიკე: კორონავირუსის კრიზისის პირობებში ლეგიტიმური გახდა საუბარი სახელმწიფოს როლზე ეკონომიკაში - პირველ რიგში ეს ეხება ჯანდაცვის სექტორს. Მ ჯანდაცვის სექტორის დღევანდელი წარმატება, არა უშუალოდ ამ სექტორის სიჯანსაღეს, არამედ სახელმწიფოს სწორ პოზიციონირებას და აქ არსებული ინდივიდების მაღალ პროფესიონალიზმს ეყრდნობა. თუ მდგომარეობა დამძიმდა, ჩვენ ვნახავთ, თუ რამდენად გაუძლებს ეს სექტორი მზარდ მოთხოვნას. აქ შესაძლოა სერიოზული გამოწვევები გაჩნდეს. მაგალითად, ჰოსპიტალურ სექტორზე მზარდი მოთხოვნის წარმოქმნა, რომელიც დომინირებულია კერძო სექტორის მიერ, ვერ იქნება მხოლოდ სწორ მართვაზე და კოორდინირებაზე დამოკიდებული. რატომ? იმიტომ, რომ, როგორც წესი, ეს დარგი არის არამასიური დარგი ნორმალურ, არაპანდემიურ პერიოდებში - აქ წარმოდგენილ კერძო მესაკუთრეებს არ უღირს ხოლმე სპეციალიზებული პალატების თუ სამედიცინო აპარატურის დიდი რეზერვების ფლობა და მათი შენახვა, რადგან მისი სწრაფი, მოგებაზე დამოკიდებული უტილიზაცია, ნორმალურ პერიოდებში, რთული არის. Ჰოსპიტალური დარგის Მაღალი პრივატიზების პირობებში კი, როდესაც გაიზრდება საავამდყოფოების მომსახურებაზე მოთხოვნა, მის მდგრადობის ერთადერთი უზრუნველმყოფელი სახელმწიფოს მიერ სწორად შემუშავებული პოლიტიკა იქნებოდა, თუმცა დღეს მსგავსი პოლიტიკა არ არსებობს. ამას ემატება კიდევ ის, რომ კოორდინაციას პრობლემებს შეუქმნის კერძო სექტორის ფაქტორიც - ვირუსის Სწრაფო გავრცელების შემთხვევაში ეს კრიზისი აუცილებლად დადგება და მას მხოლოდ სახელმწიფოს მხრიდან სწრაფი ჩარევა ან რამოდენიმე ადამიანის მაღალი პროფესიონალიზმი ვერ დააზღვევს. გარდა ჯანდაცვის სექტორისა, ასევე დღის წესრიგში დადგა გაზრდილი მოთხოვნა სახელმწიფოს მიერ ბიზნესის ხელშეწყობაზეც. თუმცა, ცალსახად პოზიტიურად არ უნდა დავინახოთ იმპორტის ჩანაცვლების ან ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის პოლიტიკა, რადგან მას ბევრი საფრთხე შეიძება ახლდეს თან, რაც აუცილებლად უნდა განეიტრალდეს. შესაძლოა საფრთხე იყოს ის, რომ კონკრეტულმა ბიზნესებმა დაიწყონ “ნადირობა” სახელმწიფოს მფარველობაზე არაკეთილსინდისიერი მოტივებით. ასევე, როდესაც საუბარია იმპორტის ჩანაცვლებაზე, და ამას არ მოჰყვება ექსპოტის ხელშეწყობის გეგმები, გრძელვადიან პერსპექტივაში ეს პოლიტიკა შეიძლება განწირული იყოს. კერძოდ, თუ სპეციფიური პოლიტიკები და რეგულაციები არ შეიქმნება იმპორტის ჩანაცვლების პოლიტიკასთან ერთად, ეს პოლიტიკა შეიძლება წამგებიანი გადაწყვეტილებაც კი აღმოჩნდეს - მაგალითად, როდესაც ბაზრები გაიხსნება და აქ წარმოებულ პროდუქციას არ ექნება საშუალება კონკურენცია გაუწიოს უცხოეთში წარმოებულ პროდუქციას, მაშინ საქართველოში წარმოდგენილი მწარმოებლები რთულ სიტუაციაში აღმოჩნდებიან და შესაძლოა წარმოების შეწყვეტაც კი მოუხდეთ. კორონავირუსმა დაგვანახა, რომ ამ კრიზისში ელიტები არანაკლებ შეშინებულნი არიან, ვიდრე საზოგადოების სხვა წევრები. აქედან გამომდინარე, ჩვენი ფუნქცია ამ პირობებში უნდა იყოს პროცესებში მაქსიმალური ჩართულობა, რათა მიმდინარე ცვლილებები - სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობა ეკონომიკურ პოლიტიკაში, ჯანდაცვის პოლიტიკაში, ან შრომით ურთიერთობაში - არ იყოს დროებითი და ერთჯერადი. ისე გამოდის, რომ სახელმწიფო კორონავირუსთან ბრძოლის პირობში გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, ნეოლიბერალიზმსაც ებრძვის.
სოციალურ და ეკონომიკურ კრიზისთან გასამკლავებლად 3,5 მილიარდამდე ლარის მოძიება მოხდა საერთაშორისო ინსტიტუციებისგან. რა საფრთხეები ახლავს თან ამ თანხების განკარგვას და განაწილებას?
თორნიკე: როდესაც ქვეყანაში ჩნდება დიდი რაოდენობის თანხები, აქ იქნება სერიოზული გავლენების ამუშავება და ინტერესების ლობირება. Მმაგალითად, აგვისტოს ომის შემდგომ შემოსული 4 მილიარდი დოლარის ხარჯვის შესახებ ინფორმაცია დღემდე არ არსებობს, რადგან ეს იყო გაუმჭვირვალე პროცესი. Სსახელმწიფოს მიმართ საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ეს მოთხოვნა, რომ პროცესები იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე. Რრაც შეეხება ანტიკრიზისულ გეგმას, მთავრობამ ღიად განაცხადა, რომ ეს არის კრიზისული მდგომარეობის გეგმა და არა პოსტკრიზისულის. ამ გეგმაში აქცენტი უფრო მოკლევადიან პროექტებზე გაკეთდა, რათა მაქსიმალურად მოხდეს მიმდინარე საჭიროებების დაკმაყოფილება. ამის მიუხედავად, აუცილებელია, რომ მთავრობამ შეიმუშავოს მკვეთრი პოლიტიკა და მკაფიოდ იყოს თანხების მიმართვის სტანდარტები განსაზღვრული, რათა არ გაჩნდეს უსამართლობის განცდა. Რრაც შეეხება თანხების განაწილების სქემას, ვიცით, რომ Ბბანკებს გადაეცემათ ეს ფულადი რესურსები და ბანკები გაანაწილებენ მას. თუმცა ბანკების მიერ თანხების განაწილების უშუალო მექანიზმები ბუნდოვანი რჩება - არ ვიცით თუ რა პრინციპით დარიგდება ეს რესურსი. ცხადია, თუ მხოლოდ კომერციული პრინციპით განაწილდა ეს ფინანსები, მაშინ ის წინააღმდეგობაში მოვა მთავრობის მიზანთან, რომ ეს არის ე.წ. ანტიკრიზისული ფული - უშუალო საჭიროების დაკმაყოფილებაზე მიმართული ფული. Აამიტომ Მმნიშნველოვანია, სახელმწიფომ რაც შეიძლება ნათლად წარმოადგინოს ის მკვეთრი კრიტერიუმები, რითაც მოხდება თანხის განაწილება და არ იყოს ეს უშუალოდ ბანკების მიერ გადასაწყვეტი. Ამის გარეშე მოძიებული ფულის ეკონომიკაში “ჩაღვრის” მცდელობა ყოველგვარ ლეგიტიმაციას დაკარგავს. რაც შეეხება ბანკების როლს თანხის განაწილების ნაწილში, ამ შემთხვევაში ბანკები უნდა იყოს გამოყენებული, როგორც მექანიზმი ბიზნესებისთვის ფულის მიწოდების და წარმოების იდეის განსაზღვრის - ბანკი უნდა იყოს საშუალება. Მმთავრობამ პირველ რიგში უნდა წარმოადგინოს გეგმა, რა კრიტერიუმებით და რა მიზნებით უნდა მოხდეს ფულის განაწილება, და ამ ხედვით უნდა შმოსაზღვროს ბანკების კომერციული ლოგიკა. ამასთან ერთად, Ნნებისმიერ შემთხვევაში, საშუალო ვადიან პერსპექტივაში, ბანკებიც ავტომატურად, ტურიზმის და საბინაო სექტორის შემცირების გამო, იძულებულნი გახდებიან უფრო რეალური სექტორის დაფინანსება დაიწყონ. თუ აქამდე ჩამოყალიბებული საბანკო პოლიტიკა არ იყო ორიენტირებული ეკონომიკის რეალური სექტორების დაფინანსებაზე და მათ მოტივაციას მოხმარების დაფინანსება წარმოადგენდა (მაგალითად, 2003 წლიდან 2020-მდე სესხების 49% გაცემულია შინამეურნეობებზე, 16-17% ვაჭრობაზე, 12% წარმოებაზე და 1,5% სოფლის მეურნეობაზე), დღეს კორონავირუსის გამო მოუწევთ გადაწყობა აგრომეურნეობისა და ადგილობრივი წარმოების პრიორიტიზების პირობებში. აქ ყველაზე მნიშნველოვანია, თუ როგორი იქნება ეს გადაწყობა და როგორი იქნება აქ სახელმწიფოს როლი. იმის გამო, რომ დღეს სახელმწიფოს არ გააჩნია მექანიზმები, თვითონ უზრუნველყოს ფულის შედინება ეკონომიკაში და ამისთვის იძულებულია გამოიყენოს ბანკები, აქ სახელმწიფოს მაკოორდინირებელი როლი მკვეთრად უნდა გაიზარდოს. ამ პროცესში ასევე მნიშვნელოვანია, რომ არ იქნას დაშვებული ნეპოტიზმი თუ კორუფცია.
გარდა ზემოთ მოყვანილი რისკებისა, კიდევ რა სტრუქტურული ან პოლიტიკური გამოწვევები ახლავს თან ფინანსური რესურსების განაწილებას?
თორნიკე: დიდი ფულის ჩაღვრას ეკონომიკაში და სამეურნეო სექტორში შეიძლება მოჰყვეს ორი ნეგატიური რამ: მოხდეს მეურნეობების უკიდურესი დაწვრილება, რამაც შეიძლება ეკონომიკური არაეფექტიანობა გამოიწვიოს (მაგალითად ბევრმა წვრილმა ფერმერმა ცოტ-ცოტა პროდუქცია აწარმოოს), და მეორე სცენარია მეურნეობების გამსხვილება, რამაც შეიძლება რესურსების კონტცენტრაციის და მონოპოლისტების წარმოქმნის პრობლემა წარმოქმნას. აქ მნიშვნელოვანია სახელმწიფოს როლი, რომ არც ეფექტიანობა იყოს დაბალი და, არც სოციალური უთანასწორობის ზრდა მოხდეს. ანტიკრიზისული გეგმიდან იკვეთება, რომ მთავრობის მიერ დაანონსებული პოლიტიკა მცირე მეურნეობების დაფინანსებაზე არის ორიენტირებული, რაც უფრო სიციალურ მიდგომას წარმოადგენს. ყველაფერი მაინც დამოკიდებულია კრიზისის ხანგრძლივობაზე - თუ მოკლევადიანი კრიზისი იქნება, მაშინაც მცირე მეურნეობების მხარდაჭერა გაამართლებს, მაგრამ თუ გრძელ ვადაში გაგრძელდა კრიზისი, მაშინ მცირემეურნეობები ვერ გადარჩება და მნიშვნელოვანი იქნება გამსხვილებაზე ორიენტირება. ორივე შემთხვევაში ბუნდოვანებებს სახელმწიფოს მხრიდან მეტი გეგმარებითი პოლიტიკის გატარება დააზღვევს, რაც შესაძლოა მოხდეს სამინისტროთა შორის არსებული უწყების ჩამოყალიბებით, რასაც ექნება მაღალი ავტორიტეტი და პასუხისმგებელი იქნება განვითარების გეგმების წარმოდგენაზე და მის აღსრულებაზე. ეს საკითხი უკვე დგას, და მნიშვნელოვანია ამ საჭიროების აღიარება და უფრო გამბედავი ნაბიჯების გადადგმა. ანტიკრიზისული გეგმის სოციალურ ნაწილს რაც შეეხება, აქაც სახელმწიფო მოგვევლინა ცენტრალურ აქტორად. ის იძულებული გახდა ეღიარებინა იმ დაავადების არსებობა, რომელიც კორონავირუსამდე არსებობდა - უმუშევრობის დაავადება. და თუ მანამდე ამ დაავადების მკურნალობა მხოლოდ ბიზნესზე იყო გადაბარებული, დღეს ამ დაავადების მართვაც სახელმწიფომ - სიტუაციური იძულებით - აიღო ხელში. შედეგად Სსაზოგადოება დაინახავს და იმედია თვითონ სახლემწიფოც გააცნობიერებს, რომ სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობით შესაძლებელია სხვადასხვა სოციალური პრობლემის გადაწყვეტა.
პოსტ-კორონა რეალობაში მნიშნველოვანი იქნება სახელმწიფოს აქტიური როლის შენარჩუნება და პოსტ-კრიზისული გეგმის შემუშავება, რა შესაძლებლობები არსებობს ამ მხრივ?
თორნიკე: ეს საკითხი მწვავედ დადგება პოსტ-კრიზისულ მოცემულობაში. დღეს გატარებული გადასახადების შემცირების პოლიტიკა (დღგ-ს ავტომატური დაბრუნება თუ საშემოსავლო გადასახადზე შეღავათები) მოაზრებულია, როგორც სამუშაო ადგილების შენარჩუნების საშუალება და ერთგვარი სტიმული. თუმცა მომავალში ამ შეღავათის კომპენსირება უნდა მოხდეს პროგრესული გადასახადების შემოღებით, რაც იქნება ცენტრალური საკითხი, მით უმეტეს ვალების გადახდის პერიოდში. მთავრობამ ნაწილობრივ აღიარა, რომ დიფერენცირებული მიდგომა არის აუცილებელი, როდესაც მხოლოდ 750 ლარიან ხელფასებზე დააწესა საშემოსავლოს შეღავათები და ამის ზევით შემოსავლები სტანდარტულად დაბეგრა. ეს სინამდვილეში არის გაუცნობიერებული, იმპლიციტური აღიარება იმისა, რომ საგადასახადო სისტემა უნდა იყოს აგებული შემოსავლების დიფერენცირების და გადახდისუნარიანობის შეფასების მიდგომაზე. შესაბამისად, პოსტ-კრიზისულ მოცემულობაში, როდესაც აუცილებლად დადგება ბიუჯეტის ზრდის საჭიროება, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი იქნება, როგორ მოხდება ამ ზრდის უზრუნველყოფა - მაგალითად კვლავ გაიზრდება აქციზის გადასახადი? თუ შემოვა პროგრესული დაბეგვრის მეთოდები? აი ეს იქნება ბრძოლის მთავარი ველი.
ია ერაძე - პოლიტიკური მეცნიერებების დოქტორი, პოლიტიკური ეკონომიის მკვლევარი
როგორ ხედავ ბანკების როლს შექმნილ ვითარებაში?
ია: კრიზისმა ამოატივტივა ის ნაკლოვანებები, რაც გააჩნია ეკონომიკას თავისი სტრუქტურული მოწყობით, ფინანსურ სისტემას, სოციალურ პოლიტიკას და ა.შ. თუ კონკრეტულად ვალუტის სტაბილურობაზე, ფასების ცვლილებაზე და ეროვნული ბანკის პოლიტიკაზე ვისაუბრებთ, აქაც გამოჩნდა ის საფრთხეები, რაც დაკავშირებულია ლარის კურსის გაუფასურებასთან, ინფლაციის ზრდასთან და ქვეყნის სარეზერვო თანხების არ არსებობასთან. Სოფიციალური პროგრამების დაფინანსებისთვის საჭირო გახდა საგარეო ვალის აღება, რომელიც უცხოურ ვალუტაშია. Გაღმოჩნდა, რომ ეკონომიკა დამოკიდებულია პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე, უცხოეთიდან გზავნილებზე, ტურიზმის სექტორიდან შემოდინებულ უცხოურ ვალუტაზე და არ გააჩნია თვითმყოფადობის თუ მდგრადობის რესურსი. Ეეს კი, თავის მხრივ, გავლენას ახდენს ლარის სტაბილურობაზე და ფასების ზრდაზეც.
არსებულმა კრიზისმა გვაჩვენა, რომ საგარეო ვალის გარეშე საქართველოს ძალიან მწირი რესურსის მობილიზება შეეძლო ქვეყნის შიგნით. აღნიშნულმა კი დაგვანახა, თუ რამდენად არამდგრადია ჩვენი ეკონომიკა და რომ მას აუცილებლად სჭირდება გადაწყობა. Მმეორეს მხრივ, Მმთავრობის მიერ შემოთავაზებული ანტიკრიზისული გეგმა გვაჩვენებს, რომ დღეს ვსაუბრობთ არა დიდი და აქამდე დაგროვებული პრობლემების მოგვარებაზე, არამედ ხდება მათი გადავადება. ამას ადასტურებს თუნდაც ის, რომ ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი, რასაც მთავრობა მიმართავს არის სესხების რესტრუქტურიზაცია, ხოლო მეორე მეთოდი არის ბანკების გავლით სესხების გაცემა. Პპირველი მაგალითი, სესხების რესტრუქტურიზაცია თავისთავად ცუდი არ არის, უბრალოდ ეს არის პრობლემის დროებით გადავადება და არა მისი მოგვარება (მაგალითად ტურიზმის სექტორში არსებული კომანიების შემთხვევაში). Მმეორე ნაწილში კი, ბანკების გავლით ფულის მიწოდება, ეს თავისთავად ცუდი არ არის. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ წინარე გამოცდილებას, როდესაც მცირე ან საშუალო ბიზნესს მუდმივად გააჩნია სესხზე წვდომის შეზღუდვები, ხოლო თავად კომერციული ბანკები მათი სასესხო პოლიტიკიდან გამომდინარე არ იყვნენ ჩართული ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ხელშწყობაში, ეხლა რამდენად აიღებენ ბანკები ამ როლს ან მისიას, ეს კითხვის ნიშნის ქვეშაა. ამის ალტერნატიული გზა იქნებოდა განვითარების ბანკი, რომელიც საქართველოში არ არსებობს, მისი მთავარი განმასხვავებელი კომერციული ბანკისგან ის არის, რომ ესეთი ბანკები აპრიორი მოგებაზე არ არიან ორიენტირებულნი და როგორც წესი, ინვესტიციას აკეთებენ ეკონომიკის იმ სფეროებში, რომელიც შეიძლება იყოს რისკიანი. თუ ასეთ შემთხვევაში კომერციული ბანკები თავს შეიკავებდნენ, განვითარების ბანკი აქ აიღებდა ინიციატივას საკუთარ თავზე. მისი უპირატესობა ასევე, როგორც წესი, დაბალპროცენტიანი სესხების გაცემა, ან თუნდაც გარკვეული რაციონალობის ფარგლებში, სარისკო ბიზნესების დაფინანსებაა.
რას აკეთებს დღეს საქართველოში ეროვნული ბანკი კრიზისის დაძლევის მიმართულებით?
ია: საქართველოს ეროვნული ბანკი 2009 წლიდან მოქმედებს ინფლაციის თარგეთირების რეჟიმში, რომელიც 1990 წლებიდან გავრცელდა სხვადასხვა ქვეყანებში, და სხვადასხვა მკვლევარები ამას ნეოლიბერალიზაციისა და ფინანსიალიზაციის ტალღასთან ბმაში განიხილავენ. ეს რეჟიმი ერთ-ერთ ყველაზე დომინანტური ფორმად იქცა სხვადასხვა ქვეყნის ეროვნული ბანკის მართველობაში. Ძალიან მოკლედ რომ ვთქვათ თუ რას ნიშნავს ინფლაციის თარგეთირების რეჟიმი - ეს ნიშნავს იმას, რომ ეროვნული ბანკის მთავარ მისიად და ამოცანად განსაზღვრულია ფასების სტაბილურობის შენარჩუნება და ინფლაციის გარკვეული ნიშნულის მიღწევა. Მაგალითად, დღესდღეობით ეროვნული ბანკის სამიზნე ინფლაცია არის 3%-ი. ამიტომაც, ამოსავალი წერტილი არის, რომ წლიურმა ინფლაციამ არ გადააჭარბოს 3%-ს. Შესაბამისად, როდესაც ინფლაციის ნიშნულის შენარჩუნება ხდება ეროვნული ბანკის ნომერ პირველი პრიორიტეტი, ყველა სხვა მიზანი თუ მისია - იქნება ეს პირდაპირი ჩართულობა ეკონომიკურ განვითარებაში, სრული დასაქმება (რომელიც ბევრი სხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკის პირველად მისიად არის განსაზღვრული) - უკანა პლანზე იწევს. ამის პარალელურად, ჩვენს ეროვნულ ბანკს სხვა ფუნქციებიც აქვს - ეს არის ვალუტის სტაბილურობა, ფინანსური სისტემის სტაბილურობის შენარჩუნება და სხვა. მაგრამ აქაც, ეროვნული ბანკი ოფიციალურად არ არის ვალდებული, რომ თუნდაც ლარის კურსის მერყოების დროს ჩაერიოს მის სტაბილურობაში, თუ ეს პროცესი საფრთხეს არ უქმნის ინფლაციას. ანუ მოკლედ რომ შევაჯამოთ, გამოდის, რომ ეროვნული ბანკი არის ხელ-ფეხ შეკრული ინსტიტუტი, რომელის აქტივობები და მოქმედებები ფიქსირებულია ამ ინფლაციის გარკვეული ნიშნულის მიღწევაზე, და ყველაფერი სხვა არის მეორეხარისხოვანი. კორონავირუსის პირობებში დამდგარ კრიზისს რომ დავუკავშიროთ ეროვნული ბანკის პოლიტიკა და უფრო კონკრეტულ მაგალითზე ავხსნათ ინფლაციის ტარგეტირების რეჟიმი, საინტერესო დასაკვირვებელია ლარის სტაბილურობის პოლიტიკა.
ლარის სტაბილურობა საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რიგი მიზეზების გამო, როგორიცაა დოლარიზაციის განსაკუთრებით მაღალი დონე, და ქვეყნის მაღალი დამოკიდებულება იმპორტზე, რაც ასევე ზრდის იმპორტული ინფლაციის წილს. შესაბამისად, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ჩვენი ვალუტა იყოს სტაბილური. ასევე ვიცით, რომ გლობალური პანდემიის პირობებში საგრძნობლად შემცირდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თუ ქვეყანაში ფულადი გზავნილების წილი, რაც უარყოფითად აისახება ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტის დეფიციტზე და ასევე ლარის კურსის სტაბილურობაზე. ასეთ შემთხვევაში, არსებული მანდატიდან გამომდინარე, ეროვნული ბანკი არც კი არის ვალდებული ჩაერიოს და დაასტაბილუროს ლარის კურსი. ამავე დროს, ჩვენ ვნახეთ, რომ 2020 წლის მარტში გადაუხვია ამ მანდატიდან ეროვნულმა ბანკმა და 100 მილიონი დოლარი გაყიდა სავაჭრო აუქციონზე, რათა ლარის კურსი დაესტაბილურებინა. თუმცა ესეც არ არის საკმარისი ბერკეტი და მექანიზმი, რითაც ეროვნულ ბანკი მომდევნო თვეების განმავლობაში მოახერხებს ლარის კურსის სტაბილიზებას, ხოლო მის ხელთ არსებული რეზერვებიც შეზღუდული და ლიმიტირებულია. ეროვნული ბანკის ამ ვიწრო მანდატიდან და ვიწრო ინსტრუმენტებიდან გამომდინარე, რასაც არა მხოლოდ ინფლაციის თარგეთირების რეჟიმი, არამედ დოლარიზაციის მაღალი დონეც ზღუდავს, იზღუდება მისი მოქმედების არეალიც.
EMC - ეროვნული ბანკის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაა მონეტარული პოლიტიკის ფორმირება და ფინანსურ რესურსზე წვდომის უზრუნველყოფა, ამ მიმართულებით რა ცვლილებები შეინიშნება?
თ. Ეჩ. - Ბბოლო თვეების განმავლობაში ვხედავთ, რომ ეროვნული ბანკი ამკაცრებს რეფინანსირების განაკვეთს და ეს ხდება იმისთვის, რომ ინფლაცია შემცირდეს. Მაგრამ მეორეს მხრივ, რეფინანასირების განაკვეთის შემცირება აძვირებს სესხს ეროვნულ ვალუტაში როგორც ფიზიკური პირებისთვის, ასევე კერძო მეწარმეებისთვის. ამიტომ ეხლა, ამ კრიზისულ პირობებში, შესაძლოა უფრო გონივრული იყოს, რომ შეამციროს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი, რათა ხელმისაწვდომობა სესხებზე გაიზარდოს. თუმცა ამას ჯერ არ აკეთებს იმის შიშით, რომ ამას ინფლაციაზე ექნება უარყოფითი გავლენა. ამიტომ მონეტარულ პოლიტიკაშიც, ისევ და ისევ ინფლაციის თარგეთირება და მისი არსებული ნიშნულის მიღწევა ეროვნული ბანკის ამოსავალ მისიად რჩება (განახლება: 29 აპრილს საქართველოს ეროვნულმა განკმა შეამცირა რეფინანსირების განაკვეთი და დღევანდელი მდგომარეობით მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.5 პროცენტს შეადგენს. Მოცემულ ინტერვიუში, რომელიც 27 აპრილსაა ჩანაწერი, სწორედ ამ რეკომენდაციაზეა საუბარი ია ერსძის მხრიდან)
რა ზეგავლენა ექნება საქართველოს ეკონომიკაზე ანტიკრიზისული მხარდაჭერის აღმოსაჩენად შემოდინებულ 3.5 მილიარდი ლარის ექვივალენტ უცხოურ ფინანსურ კაპიტალს დოლარიზაციის მაჩვენებელზე?
ია: Რროდესაც დოლარიზაციაზე მიდის საუბარი, გასათვალისწინებელია ის, რომ ქართული ბანკების უმეტესობა რჩება უცხოურ მფლობელობაში, რამაც დიდი ალბათობით ისევე, როგორც 2008-2009 წლის კრიზისების დროს, შესაძლოა გადაარჩინოს ამ ბანკების არსებობა, რადგან მათ გარკვეულწილად ხელი მიუწვდებოდათ უცხურ კაპიტალზე (და საერთოდ კაპიტალზე). ამ შემთხვევაშიც შესაძლებელია, რომ ბანკებს არ გაუჭირდეთ უცხოურ ვალუტაზე წვდომა. აქ ასევე ძალიან მნიშნველოვან როლს თამაშობს ამერიკის ცენტრალური ბანკის პოლიტიკა, რომელიც ბოლო დროს აიაფებს დოლარს და ამით ამარტივებს საქართველოსნაირი ქვეყნებისთვის დოლარზე ხელმისაწვდომობას. 2008 წლის ომის დროს ის, რომ დოლარში ლიკვიდობა გაეზარდათ ქართული ბანკებს, ეს დოლარიზაციაზე უარყოფითად აისახა. Მმაგრამ, 2008 წლისგან განსხვავებით, დღემდე ბევრი ზომა გაატარა ეროვნულმა ბანკმა იმისათვის, რომ დოლარიზაციის დონე შემცირდეს. და ამასთან ის, რომ ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში ლარის გაცემა ხდება და არა დოლარის, თავისთავად ამცირებს დოლარიზაციის საფრთხეებს. Ბბოლოს, თუ ვისაუბრებთ შესაძლო გამოსავლებზე, აქ შეიძლება დავასახელოთ კრიზისის მოკლევადიანი და გრძელვადიანი გადაჭრის შესაძლო გზები. მოკლევადიან პერსპექტივაში მნიშნველოვანია, შემცირდეს რეფინანსირების განაკვეთი და გამარტივდეს სესხებზე ხელმისაწვდომობა, რაც განსაკუთრებული შეღავათი იქნება მეწარმეებისთვის, მცირე ბიზნესისთვის თუ ადგილობრივი წარმოებისთვის, რომელიც დღეს მძაფრად განიცდის ფინანსური კაპიტალის დეფიციტს და მას უფრო და უფრო გაეზრდება მოთხოვნა დაბალპროცენტიან სესხებზე. Რრაც შეეხება გრძელვადიან გამოსავლებს, მნიშვნელოვანია, მუშაობა დაიწყოს ეკონომიკის რესტრუქტურიზაციაზე, რათა შემცირდეს ქვეყნის ეკონომიკის მაღალი დამოკიდებულება უცხოურ ინვესტიციებზე, ტურიზმის სექტორზე, არ გვქონდეს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი და მუდმივი დეფიციტი. Რრაც შეეხება ეროვნულ ბანკს, მასთან მიმართებაში მნიშნველოვანია გადაიხედოს, თუ რამდენად ადეკვატურია და რამდენად რელევანტურია საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის, რომ ეროვნულ ბანკს ჰქონდეს ინფლაციის ტარგეთირების რეჟიმი. ასევე უნდა გადაიხედოს ეროვნული ბანკის მთლიანი მანდატი, რათა მან ეკონომიკური პოლიტიკის განსაზღვრის და მასში აქტიურად მონაწილეობის ბერკეტები და ინსტრუმენტები დაიბრუნოს.
ანა დიაკონიძე - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი, შრომის პოლიტიკის მკვლევარი
როგორ გარდაიქმნა კონორავირუსის პირობებში სოციალური ყოფა და ვინ აღმოჩნდნენ ამ ახალ რეალობაში ყველაზე დაუცველები?
ანა: კორონავირუსის პირობებში დამდგარმა კრიზისმა კიდევ ერთხელ დაგვანახა არსებული სოციალური დაცვის სისტემების აცდენა ჩვენს ეკონომიკურ მოცემულობასთან და ადამიანთა საჭიროებებთან. Პირველ რიგში, კრიზისმა ცხადყო ბაზისური შემოსავლის დაზღვევის აუცილებლობა, რაც დღეს ყველაზე მწვავედ დაუდგათ იმ ადამიანებს, ვინც სამსახურები დაკარგეს და უმუშევრები დარჩნენ. აქ შეიძლება არ ვისაუბროთ აუცილებლად უმუშევრობის დაზღვევაზე, არამედ მის ალტერნატივაზე, რომელიც უმუშევრობის შემწეობას გულისხმობს. სამწუხაროდ, დღეს Ჩვენ მხოლოდ საარსებო შემწეობის სისტემა გვაქვს, რაც სოციალური უსაფრთხოების ერთადერთ ბადეს წარმოადგენს და რომლის სტრუქტურაც, როგორც ვიცით, ადამიანთა დიდ ნაწილს ამ ბადის მიღმა ტოვებს. არსებულ მოცემულობაში, სიტუაციას კიდევ ის ართულებს, რომ სოციალური დაცვის არსებულ მექანიზმს არ გააჩნია სწრაფი რეაგირების საშუალება. მოუქნელობის პრობლემა მწვავედ სწორედ მსგავსი კრიზისების დროს დგება, როდესაც სასიცოცხლოდ აუცილებელია ადამიანთა მყისიერი ჩართვა პროგრამაში. Მეორე გამოწვევა, რაც კორონავირუსის კრიზისმა დაგვანახა, დაკავშირებულია არაფორმალურ სექტორში ჩართულ და არასტანდარტული თუ ატიპური შრომით დაკავებული ადამიანების (gig-workers) დიდ რაოდენობასთან, რომლებიც მოუხელთებელნი აღმოჩნდნენ დღეს არსებული სახელმწიფო სოციალური დაცვის სისტემებისთვის. არსებული კრიზისის გამო, ამ ადამიანებთა აბსოლიტურმა უმრავლესობამ სამსახური და შემოსავალი დაკარგა (მათ შორის ტურ-გიდებმა, ტაქსის მძღოლებმა, აგრობაზრების ან წვრილი პროდუქტების მოვაჭრეებმა, ძიძებმა, სალონის თანამშრომლებმა, თუ სხვა), თუმცა მათი მყისიერი ჩართვა სოციალური დახმარების სქემაში რთული ამოცანაა - დიდია ალბათობა, რომ ბევრ მართგანს არ დაუკმაყოფილებენ განაცხადს, და რომც დაუკმაყოფილონ, ხანგრძლივი პერიოდი მოუწევთ მოცდა, რათა ბენეფიტი მიიღონ (ეს კი მაშინ, როდესაც ერთი კვირის სარჩოს დროული მიღებაც კი შესაძლოა ძალზე მნიშვნელოვანი იყოს, რადგან ისინი დღიურ შემოსავალზე იყვნენ დამოკიდებულნი). თუმცა, მიუხედავად მიზნობრივ შემწეობასთან დაკავშირებული სირთულეებისა, როგორიცაა მოუქნელობა, ადმინისტრირების გამოწვევები თუ დროში გაწელილობა, კრიზისულ სიტუაციაში არის შესაძლებლობა, რომ რადიკალური ნაბიჯები იქნეს გადადგმული და გამარტივდეს ბიუროკრატიული პროცედურები. თუმცა, რჩება დიდი რისკი, რომ უმუშევრად დარჩენილი ადამიანები მაინც სისტემის მიღმა აღმოჩდნენ.
როგორი პოლიტიკის გატარება არის ადეკვატური სხვადასხვა ტიპის დასაქმებულთა მაქსიმალურად მოცვისთვის და მათი მხარდაჭერისთვის?
ანა: ადეკვატური იქნება საუბარი დავიწყოთ არა არსებული საარსებო შემწეობის გაცემის პროცედურების გამარტივებაზე, არამედ უმუშევრობის შემწეობის დანერგვაზე, რომელიც ზოგადი გადასახადებიდან და ბიუჯეტიდან იქნება დაფინანსებული. აქ ხაზგასასმელია ის განსხვავება, რაც უმუშევრობის შემწეობასა და საარსებო შემწეობას შორის არსებობს - უმუშევრობის შემწეობის Მიმღები ადამიანი ჩართულია სამუშაო ძებნის პროცესში და მას დასაქმების სააგენტოები ეხმარებიან, რომ მოიძიოს სამსახური, გაიაროს სხვადასხვა ტრენინგი და პროფესიულად გადამზადდეს. შესაბამისად, ამ შემწეობის მიმღები ადამიანი განიხილება სამუშაოს მაძიებლად. საარსებო შემწეობა კი დაცულობის მინიმალურ ბადეს წარმოადგენს, რომელიც სქემაში ჩართულ ადამიანებს არ უყენებს მოთხოვნებს და პირობებს შრომის ბაზარზე დაბრუნების შესახებ, არამედ მიზნად ისახავს მათ საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფას. Ჩვენს შემთხვევაში პრობლემას წარმოადგენს ის, რომ არაფორმალურ და არასტანდარტული სამუშაოთი დაკავებული ადამიანები რთულად მოსახელთებელნი არიან და სახელმწიფო დონეზე თითქმის არ ხდება მათი აღრიცხვა. Შესაბამისად, კრიზისის პირობებში, მაშინ, როდესაც არ გაქვს რეალური მონაცემები შემოსავლის გარეშე დარჩენილი ადამიანების შესახებ, შესაძლოა მყისიერად ბევრი ვერაფერი გააკეთო. თუმცა ერთი მნიშვნელოვანი რამ, რისი გაკეთებაც შეიძლება, არის არსებული სოციალური დაცვის სისტემების გადააზრება, მის სტრუქტურული ცვლილებაზე მუშაობის დაწყება და მომავალი კრიზისებისთვის შემზადება, რათა ცოტა უფრო მომზადებული იყო.
რა არის მთავარი რეკომენდაციები ამ პოლიტიკის გასატარებლად?
ანა: ამ შემთხვევაში საინტერესოა შევხედოთ ჩვენი მსგავსი კონტექსტის მქონე, თუმცა უფრო განვითარებულ ქვეყნებს. Ძირითად ამოცანას, როდესაც ასეთი მასშტაბის არაფორმალური ეკონომიკა და მზარდი არასტანდარტული დასაქმების ადგილები გვაქვს, წარმოადგენს ორი რამ - ერთის მხრივ მოხდეს ყველა მშრომელის მაქსიმალური მოცვა, ხოლო მეორეს მხრივ მაქსიმალურად დაშორიშორდეს უმუშევრობის შემწეობა სამუშაო გამოცდილებისგან, რაც იმას ნიშნავს, რომ გასაცემი შემწეობა არ განისაზღვროს ადამიანის სტაჟით თუ შენატანებით, არამედ ჰქონდეს უნივერსალური ხასიათი. დაახლოებით მსგავს სისტემას წარმოადგენს უნივერსალური საბაზიო შემოსავალიც (Universal Basic Income), რომელიც გადასახადებიდან იფარება და არ წარმოადგენს მიზნობრივ დახმარებას, არამედ უნივერსალურია. თუმცა, ეს სქემა დღეს ერთ-ერთი ყველაზე ძვირი ჯდება, მას ყველაზე გასცემ. Ძირითადი რეკომენდაცია კი, ჩვენი მოცემულობის გათვალისწინებით, არის გაჩნდეს ისეთი სახის უმუშევრობის შემწეობა, რომელიც არსებულ მინიმალური შემწობის სქემიდან მოახდენს სამუშაო ძალის და დასაქმების მაძიებელი ადამიანების გამოხშირვას და მათ ჩართვას უმუშევრობის შემწეობის სქემაში, რითაც მათ მისცემს ბიძგს დაუბრუნდნენ შრომის ბაზარს და გახდნენ ფორმალურ სექტორში დასაქმებულები. Ამასთან, ამ მექანიზმმა უნდა მოახდინოს არაფორმალურ სექტორსა თუ არასტანდარტულ სამსახურებში დასაქმებულების შემოერთებაც, რისი გარანტორიც ამ შემწეობის უნივერსალური ხასიათი გახდებოდა.
[1] World Economic Outlook, April 2020
[2] World Economic Outlook, April 2020, გვ:23
[3] მთლიანი შიდა პროდუქტი, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, 2018 წელი,
[4] მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციები, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, 2019
[5] სამუშაო ძალის გამოკვლევა, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, 2018 წელი
[6] COVID-19-ის სოციალური ეფექტი – უნივერსალური დახმარების შემოღების საფუძველი?, ISET
ინსტრუქცია