[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

პოლიტიკა და ადამიანის უფლებები კონფლიქტის რეგიონებში / თარგმანი

ძალადობა, როგორც პოლიტიკა

გიორგი ჩუბინიძე 

  • ორიგინალი: II თავი წიგნიდან: Charles Tilly (2003) The Politics of Collective Violence, Cambridge University Press.

ძალადობრივი ხელისუფლებები

კოლექტიური ძალადობით პაექრული პოლიტიკის ველზე შევდივართ, სადაც ადამიანები ერთმანეთს უწყვეტ, საჯარო და კოლექტიურ პრეტენზიებს უყენებენ. რა თქმა უნდა, ყველა პაექრული პოლიტიკა აუცილებლად ძალადობას არ შობს; ჩვენი პრობლემა მდგომარეობს სწორედ იმაში, რომ ავხსნათ როდის გადადის პაექული პოლიტიკა ძალადობაში. თავის მხრივ, ნებისმიერი კოლექტიური ძალადობა ამა თუ იმ ტიპის პაექრობას გულისხმობს.

პაექრული პოლიტიკის სფეროში შესვლის მარკერად შეგვიძლია განვიხილოთ მომენტი, როცა ხელისუფლებები ზოგადად, ინდივიდები თუ ორგანიზაციები, რომლებიც იძულების შესაძლებლობებს ფლობენ, ხდებიან უწყვეტი, საჯარო და კოლექტიური პრეტენზიების წაყენების ერთ-ერთი მხარე. მთავრობები პაექრობის მხარე ხდებიან, როგორც პრეტენზიის წამყენებელი სუბიექტი, პრეტენზიის წაყენების ობიექტი, ან როგორც დაინტერესებული მხარე. როცა ორი მუსლიმური აქტივისტური ჯგუფის ლიდერი ერთმანეთს ეჯიბრება, რათა ყველა მუსლიმის სახელით სალაპარაკოდ აღიარება მოიპოვონ, თავისთავად მთავრობა, რომელსაც ისინი უნდა ელაპარაკონ დაინტერესებული მხარე ხდება. მსგავსადვე, როცა მაღაროელები მაღაროს მფლობელების წინააღმდეგ იფიცებიან, მთავრობის წარმომადგენლებს შეუძლიათ თავიდან აიცილონ კონფლიქტში აქტიური (ან ხილული) მონაწილეობა, თუმცა მთავრობა მაინც იქვე იქნება, როგორც კოლექტიური შეთანხმების წესების დამდგენი, პოლიციური სამსახურების მიმწოდებელი ან შესაძლო მედიატორი. მაშასადამე, კოლექტიური ძალადობა პაექრული პოლიტიკის ფორმაა. ის პაექრულად ითვლება, რადგან მონაწილეები აყენებენ პრეტენზიებს, რომლებიც მათი ოპონენტების ინტერესებსაც ეხება. ის პოლიტიკურად ითვლება, რადგან მონაწილეთა ურთიერთობა მთავრობასთან ყოველთვის სასწორზე დგას.

საგულისხმოა, რომ ძალადობასა და მთავრობას შორის ფაქიზი ურთიერთობა ნარჩუნდება. სადაც და როცა მთავრობები სუსტია, მათი ნომინალური იურისდიქციის ქვეშ მყოფ მოსახლეობებში, ჩვეულებრივ, ადამიანებს შორის ძალადობა იზრდება. ამასთან, სადაც და როცა მთავრობები ძალიან ძლიერდებიან, ჩვეულებრივ მოქალაქეებს შორის ძალადობაც იკლებს. პოლიტიკოსები და პოლიტიკის ფილოსოფოსები ხშირად კარგ და ძლიერ მთავრობას ემხრობიან, როგორც ძალადობრივი მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ დასაყრდენს. ამასთან, ყველა მთავრობა აკონტროლებს ძალადობის კონცენტრირებულ საშუალებებს იარაღის, ჯარების, დაცვისა და ციხეების სახით. მთავრობების უმეტესობა ფართოდ იყენებს ამ საშუალებებს, რათა შეინარჩუნონ ის, რასაც მათი მმართველები საზოგადოებრივ წესრიგად განსაზღვრავენ.

გარდა ამისა, თითქმის ყველა მთავრობაში ზოგიერთი მმართველი ძალადობრივ მექანიზმებს იყენებს, რათა გაზარდოს თავისი ძალაუფლება და მატერიალური უპირატესობა. როცა მასშტაბური კოლექტიური ძალადობა ხდება, ამა თუ იმ ტიპის სამთავრობო ძალები, თითქმის ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებენ, როგორც თავდამსხმელები, თავდასხმის ობიექტები, კონკურენტები ან მასში ჩარეული სუბიექტები. საერთაშორისო ომი ძალადობაში ხელისუფლების მონაწილეობის ყველაზე უკიდურესი და ჯამში, ყველაზე მომაკვდინებელი შემთხვევაა. ამ მიზეზთა გამო, კოლექტიური ძალადობა და არაძალადობრივი პოლიტიკები მუდმივად ერთმანეთს კვეთენ.

მმართველები, პოლიცია, ფილოსოფოსები და ისტორიკოსები ხშირად ერთმანეთისგან განარჩევენ ძალას და ძალადობას. ძალა, ამ თვალსაზრისით, გულისხმობს ლეგიტიმური მოკლევადიანი ზიანის მიყენებას და კონფისკაციას, რაც ნიშნავს იმას, რომ გარკვეული პირები, რომლებიც ასეთ ზიანს აყენებენ, თავიანთ ქმედებებისთვის სამართლებრივი დაცვით სარგებლობენ. მაშასადამე, ძალა შეიძლება ლეგიტიმურ თავდაცვას გულისხმობდეს, მაგრამ არა არაპროვოცირებულ აგრესიას. ამ თვალსაზირით, ძალადობა ნიშნავს ზიანის მიყენებას, რომელიც არ სარგებლობს სამართლებრივი დაცვით.

ემსახურება თუ არა ძალისა და ძალადობის ერთმანეთისგან გარჩევა ჩვენს მიზნებს? როგორც მოქალაქეებს, ჩვენ ყველას გვსურს ასეთი განსხვავების გაკეთება; ჩვენ გვსურს ერთმანეთისგან გავმიჯნოთ ადამიანთა დაზიანების ან მათი ქონების ჩამორთმევის მიზნით სამთავრობო უფლებამოსილების სწორი და არასწორი გამოყენებები. სხვადასხვა ხარისხით და სამართლიანობის კონკურენტი განმარტებებით, ჩვენ აგრეთვე გვინდა მთავრობებმა გამოიყენონ თავიანთი კონცენტრირებული იძულების მექანიზმები ძალადობის არალეგიტიმური გამოყენებების წინააღმდეგ. აქვე აღსანიშნავია შემდეგი გარემოება, ძალადობრივი ინტერაქციების ასახსნელად, გამიჯვნა (ლეგიტიმურ) ძალასა და (არალეგიტიმურ) ძალადობას შორის სამ გადაულახავ პრობლემას აწყდება:

პირველი, ლეგიტიმური ძალის ზუსტი ზღვარი ყველა პოლიტიკურ სისტემაში კვლავ ცხარე კამათის საგანია. გავიხსენოთ კამათი იმაზე, თუ რა წარმოადგენს პოლიციის მხრიდან ეჭვმიტანილის დევნის სწორ ან არასწორ ფორმებს, სიკვდილით დასჯის მართებულობას თუ არამართებულობას ან ომში მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ დასაშვებ სამხედრო ქმედებებს. ჯერ მშვიდობიანი და შემდეგ ძალადობრივში გადაზრდილი აქციების განმავლობაში, აქციის მონაწილეები და პოლიცია თითქმის ყოველთვის პაექრობენ იმის განსასაზღვრად, თუ რა წარმოადგენს ძალის ლეგიტიმურ და არალეგიტიმურ გამოყენებებს.

მეორე, პრაქტიკაში ფართო გრადაციას ვაწყდებით ხოლმე, რომლის ერთ ბოლოში (1) სათანადოდ დასაბუთებული სამთავრობო ქმედებაა და მის სისწორეს ეჭქვეშ არავინ აყენებს, შუაში (2) სამთავრობო უწყებების დაუდევრობა და ხოლო მეორე ბოლოში (3) ზიანია, მთავრობის გარკვეული ნაწილის ფარული მხარდაჭერით ან ხელშეწყობით მიყენებული. მაგალითისთვის შეგვიძლია გავიხსენოთ 1960-იან წლებში FBI-ს მიერ აგენტების ჩანერგვა შავკანიანთა ნაციონალისტური ჯგუფების ძალადობრივ ორგანიზაციებში, 1980-იან წლებში ამერიკის მიერ გვატემალაში, ელ სალვადორში და ნიკარაგუაში პარამილიტარული ძალების მხარდაჭერა ან 1993 და 2001 წლებში მუსლიმი აქტივისტების მიერ ნიუ იორკის მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე თავდასხმები. ყველა ამ შემთხვევაში, კოლექტიური ძალადობა ნაწილობრივ მთავრობის შინაურ თუ უცხოელ წარმომადგენლებთან ფარულ გარიგებებზე იყო დამოკიდებული. ამ გრადაციაში სად შეიძლება მყარი ზღვარის დადება გონივრულად, ლეგიტიმურ და არალეგიტიმურ ძალადობებს შორის? ვისი გადმოსახედიდან?

მესამე და ამ წიგნის მიზნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, ის კოლექტიური ძალადობის მომენტებია, როცა ადამიანები აწყობენ არეულობას, ამბოხებას ან ახდენენ რევოლუციას, რა დროსაც სამთავრობო სუბიექტები ზიანის მიმყენებლები ან მისი ობიექტები არიან ხოლმე. მოკლული პოლიციელებისა და ჯარისკაცების ან მათ მიერ მოკლული მოქალაქეების რაოდენობის გათვალისწინების გარეშე, ჩვენ ვერ შევძლებთ ავხსნათ სხვადასხვა მომაკვდინებელ კოლექტიურ ქმედებას შორის განსხვავებები. მაგალითისთვის, 1871 წლის პარიზის კომუნაში, ერთ-ერთ წყაროზე დაყრდნობით,16,000 აჯანყებული საფრანგეთის ჯართან ქუჩის ბრძოლებში დაიღუპა, ხოლო ქუჩის ბრძოლების დასრულების შემდეგ გამარჯვებულმა ეროვნულმა არმიამ 3,500 აჯანყებული სიკვდილით დასაჯა, ამასთან, მთელ ამ პროცესში ეროვნული არმიის 880 წევრი დაიღუპა (Chesnais 1976: 168). კომუნის სისასტიკის შეფასებისთვის, ჩვენ აუცილებლად მხედველობაში უნდა მივიღოთ ორივე მხრიდან ქუჩის ბრძოლებში დაღუპული 16,880 ადამიანი და ასევე 3,500 სიკვდილით დასჯილი. ანალიტიკური მიზნებისთვის, უცნაური იქნებოდა თუ ერთ ნაწილს ძალადობის შედეგად დაღუპულად ჩავთვლიდით, ხოლო მეორე ნაწილს ლეგიტიმური ძალის გამოყენების. თუკი აჯანყებულები გაიმარჯვებდნენ, მათი ძალადობრივი ქმედებები რეტროაქტიულად ლეგიტიმური ძალის გამოყენებად ხომ არ მოინათლებოდა?

ცხადია, ყველა კოლექტიური ძალადობა სახელმწიფოსა და მის მოქალაქეებს შორის დაპირისპირებისგან არ შედგება, თუმცა ბევრი შედგება, რაც ხელისუფლებისა და მოქალაქის ინტერაქციის ფრთხილ შესწავლას საჭიროებს. კოლექტიური ძალადობის შესწავლისას არ შეიძლება სამთავრობო ხელისუფლების ქმედებების ან სამთავრობო და არასამთავრობო აგენტების ურთიერთქმედებების უგულვებელყოფა. მართლაც, ჩვენ საბოლოოდ უნდა შეგვეძლოს ახსნა, ასე ძლიერ რატომ განსხვავდებიან რეჟიმები იმის მიხედვით, თუ რა სახის ძალადობის ფორმებსა და აქტორებს უჭერენ მხარს, ანიჭებენ ლეგიტიმაციას, შეიწყნარებენ ან კრძალავენ.

ამ თავში წარმოდგენილია ასეთი დიდი განსხვავებების პოლიტიკური კონტექსტი. რეჟიმების მოკლე მიმოხილვის შემდეგ, მასში განხილული იქნება პოლიტიკური აქტორების ორგანიზების წესის [constitution], პოლიტიკური საქმოსნების, როგორც კოლექტიური ძალადობის მაკავშირებლებისა და მაორგანიზებლების განსაკუთრებული ადგილი და პოლიციისა თუ ბანდიტების მსგავსი ძალადობის სპეციალისტების მნიშვნელობა. შემდეგ შედარებული იქნება რეჟიმების უფრო ზოგადი ტიპები, დახასიათებული იქნება სხვადასხვა ტიპის რეჟიმებში პოლიტიკური ურთიერთქმედების ზოგადი ნიმუშები და უფრო ახლოს იქნება გაანალიზებული სხვადასხვა ტიპის რეჟიმების კოლექტიური ძალადობის ინტენსივობებსა და რაგვარობებს შორის ვარიაციები. პოლიტიკური კონტექსტების მიმოხილვამ უნდა გააადვილოს იმის გაგება, თუ როგორ აყალიბებს ზოგადად პოლიტიკური ცხოვრების ორგანიზება კოლექტიური ძალადობის ხასიათს და ასევე რამდენად მჭიდროდ ურთიერთქმედებენ პოლიტიკური ცხოვრების ძალადობრივი და არაძალადობრივი ფორმები.

მოდით, ამ ამოცანისთვის კონცეპტუალური ინსტრმენტების მარტივი ნაკრები ავიღოთ. მთავრობის იდენტიფიცირების შემდეგ, ჩვენ შეგვიძლია ამ მთავრობის გარშემო ორგანიზებული პოლიტიკური აქტორები მოვიძიოთ, რომლებიც ზოგჯერ მთავრობასთან ურთიერთქმედებენ. მათი ურთიერთქმედების მთლიანობა ერთმანეთთან და ხელისუფლებასთან წარმოადგენს პოლიტიკურ რეჟიმს. რეჟიმის ფარგლებში შეგვიძლია განვასხვავოთ:

სამთავრობო აგენტები, პოლიტიკური ერთეულის წევრები (რომლებიც წარმოადგენენ პოლიტიკურ აქტორებს და რუტინული წვდომა აქვთ მთავრობის წარმომადგენლებსა თუ მათ რესურსებზე);
მოწინააღმდეგეები (რომლებიც წარმოადგენენ პოლიტიკურ აქტორებს რუტინული წვდომის გარეშე);
სუბიექტები (პირები ან ჯგუფებიც ამჟამად არ არიან პოლიტიკურ აქტორებად შემდგარები); და
გარე პოლიტიკური აქტორები, მათ შორის სხვა ქვეყნის მთავრობები.

ესენი, ცხადია, აქტორთა მთელი კატეგორიებია და არა ცალკეული აქტორები. კონცეპტუალურად მთავრობები მათ ორ კატეგორიულ დონედ ყოფენ: ზოგად და შემდეგ ქვეკატეგორიულ დონეებად. მაგალითისთვის, ზოგადად, ნებისმიერი მთავრობა ერთმანეთისგან ჰყოფს თავის სამთავრობო აგენტებს და პოლიტიკური ერთეულის წევრებს, რასაც, როგორც წესი, სამთავრობო აგენტებში სახელმწიფო რესურსების პირდაპირი ჩადებით აკეთებს და მსგავს რესურსებზე წვდომისთვის ის, ამავდროულად, პოლიტიკური ერთეულის წევრებისგან მოითხოვს დადგენილი პროცედურების (ფორმალური აპლიკაციები, პეტიციები, ხელშეკრულებები, მოსმენები და ა.შ.) მიდევნებას.

მთავრობები ასევე ხანდახან იღებენ ან აძლიერებენ საზღვრებს, რომლებიც ოპონენტებს პოლიტიკური ერთეულის წევრებისგან აშორებს, იმაზე ვაჭრობით, თუ ვინ ეკუთვნის მათ და ვის აქვს უფლება ისაუბროს ოპონენტების სახელით, მაშინაც კი, როდესაც მათ უარს ეუბნებიან სამთავრობო რესურსებზე რუტინულ წვდომაზე. მაგალითად, 1960-იანი წლების სამოქალაქო უფლებების მოძრაობის ადრეულ ეტაპებზე, აშშ-ს სამთავრობო აგენტებმა სამოქალაქო უფლებების დამცველი ორგანიზაციების ლიდერებთან ისე დაიწყეს საუბარი, არავითარ შემთხვევაში არ აღიარებდნენ, რომ ისინი აფროამერიკელებს წარმოადგენდნენ. მოგვიანებით, ისეთმა ორგანიზაციამ, როგორიცაა ფერადკანიანთა წინსვლის ეროვნული ასოციაცია, მუდმივი ადგილი დაიმკვიდრა მთავრობის მიერ მხარდაჭერილ რასობრივი ურთიერთობების დისკუსიებში, მაშინ როცა მთავრობა განაგრძობდა შავკანიანი ნაციონალისტური ჯგუფების შევიწროებას. ამგვარად, განსხვავებები სამთავრობო აგენტებს, პოლიტიკური ერთეულის წევრებს, ოპონენტებს, სუბიექტებს და გარე პოლიტიკურ აქტორებს შორის სამართლებრივ ხასიათს იძენს.

კატეგორიების ფორმირება თავისთავად გადამწყვეტი პოლიტიკური პროცესია. კატეგორიის ფორმირება ქმნის იდენტობებს. სოციალური კატეგორია შედგება ადგილების ერთობლიობისაგან, რომლებიც იზიარებენ საზღვარს და რომელიც ყველა მათგანს ერთმანეთთან აკავშირებს, ასევე მათ მთლიანობაში, მკაფიოდ გამორიცხული სხვა ადგილების, სულ მცირე, ერთი ნაკრებისგან გამიჯნავს. კატეგორიის ფორმირება ხდება სამი განსხვავებული მექანიზმის საშუალებით: გამოგონება, სესხება და შეხვედრა. გამოგონება გულისხმობს საზღვრის ძალისმიერ [authoritative] გავლებას და ამ საზღვარზე ურთიერთობების სავალდებულო მოდელის განსაზღვრას [prescription], მაგალითად, როდესაც ბოსნიელი სერბი ლიდერები წყვეტენ, ვინ არის ბოსნია-ჰერცეგოვინაში სერბი და ვინ არა, რითაც შემდეგ არეგულირებენ სერბების არასერბებთან ურთიერთობას. სესხება გულისხმობს სხვაგან უკვე არსებული სასაზღვრო კავშირების პაკეტის იმპორტირებას და მის ადგილობრივ გარემოზე მორგებას. ამის მაგალითია რურალური ფრანგი რევოლუციონერები, რომლებიც პარიზისა და საფრანგეთის სხვა დიდი ქალაქების მოდელზე, თავის მხრივ, პატრიოტებად და არისტოკრატებად დაიყვნენ. შეხვედრა გულისხმობს თავდაპირველ კონტაქტს ადრე განცალკევებულ (მაგრამ შიგნიდან კარგად დაკავშირებულ) ქსელებს შორის, რომლის დროსაც ერთი ქსელის წევრები მეორე ქსელის წევრებთან რესურსებისთვის იწყებენ კონკურენციას, რა დროსაც ურთიერთქმედებით წარმოქმნიან საზღვრებისა და ურთიერთობების განსაზღვრებებს.

საგულისხმოა, რომ კატეგორიული საზღვრები ჩნდება აქტორების ძირითად ჯგუფშიც. მაგალითად, ნებისმიერ კონკრეტულ მთავრობას შეიძლება ურთიერთობა ჰქონდეს სხვადასხვა პოლიტიკური ერთეულის წევრებთან, რომლებიც ადგილობრივ თემებად, რელიგიურ კრებებად, სამხედრო ნაწილებად და მესაკუთრეთა კატეგორიებად არიან ორგანიზებული. გარდა ამისა, ჩვენ ცოტა ხანში მოგვიწევს გამოვყოთ პოლიტიკური აქტორების ორი ურთიერთმკვეთი ტიპი, რომლებიც კოლექტიური ძალადობით არიან გამორჩეული: (i) პოლიტიკური საქმოსნები, რომელთა სპეციალობა გულისხმობს საარჩევნო ოლქების ორგანიზებას, დაკავშირებას, დაყოფასა თუ წარმომადგენლობას; და (ii) ძალადობრივი საშუალებების გამოყენების სპეციალისტები, როგორებიცაა: ჯარისკაცები, პოლიცია, ხულიგნები და ბანდის ლიდერები. განსხვავებები სახელისუფლებო აქტორებს, პოლიტიკური ერთეულის წევრებს, ოპონენტებს, სუბიექტებს და გარე პოლიტიკურ აქტორებს შორის მხოლოდ ანალიზის დასაწყისია. ისინი ამბობენ, რომ მნიშვნელოვანი გამყოფი არსებობს იმ აქტორების, რომლებსაც რუტინული წვდომა აქვთ სამთავრობო უწყებებსა და რესურსებზე სხვებისგან (მაგ. საპროტესტოდ განწყობილი ეროვნული უმცირესობების), რომლებსაც არ აქვთ ეს წვდომა.

ტრანზაქციები სახელმწიფო აქტორებს, პოლიტიკური ერთობის წევრებს, ოპონენტებსა და სუბიექტებს შორის ერთიანობაში რეჟიმს ქმნიან. რეჟიმის შიგნით საჯარო პოლიტიკა მოიცავს სახელმწიფო აქტორების, პოლიტიკური ერთობის წევრების, ოპონენტების, სუბიექტებისა და გარეშე პოლიტიკური აქტორების მიერ ერთმანეთისთვის პრეტენზიების წაყენებას. საჯარო პოლიტიკა ასევე გულისხმობს გადასახადების აკრეფას, სამხედრო გაწვევას, ინდივიდუალურად ხმის მიცემას, საპენსიო მოთხოვნების გაკეთებას და ბევრ სხვა ტრანზაქციას, სადაც ხელისუფლებები მხარეს წარმოადგენენ.

პაექრული პოლიტიკა შედგება საჯარო პოლიტიკის იმ (დიდი) ქვეჯგუფისაგან, რომელშიც პრეტენზიები კოლექტიურია და რეალიზაციის შემთხვევაში გავლენას მოახდენს მათი ობიექტების ინტერესებზე. შესაბამისად, პაექრული პოლიტიკიდან გამორიცხულია გადასახადების რუტინული შეგროვება, სამხედრო სამსახურის მოხდა, ხმის მიცემა და პენსიის მოთხოვნა. აქედან ნესბიმიერი შეიძლება გახდეს პაექრობის საგანი, თუ ხალხი მათ კოლექტიურ წინააღმდეგობას გაუწევს. მაგალითად, ძველი რეჟიმის ევროპაში, სახალხო აჯანყებების დიდი ნაწილი დაიწყო სამეფო კარის მცდელობით დაეწესებინა ახალი ან გაზრდილი გადასახადები (Tilly: 1993).

უფრო მეტიც, საჯარო პოლიტიკის ზოგიერთი ფორმა თითქმის ყოველთვის მოიცავს კოლექტიურ პაექრობას; აჯანყებები, რევოლუციები, სოციალური მოძრაობები, დემონსტრაციები, საყოველთაო გაფიცვები და სადავო საარჩევნო კამპანიები ასახავს საჯარო პოლიტიკის არარედუცირებად პაექრულ ფორმებს. ზოგიერთი პაექრული მოთხოვნა, საბოლოოდ, პირების ან საგნების დაზიანების ფორმას იღებს; აჯანყებულები ხოცავენ მმართველებს, რევოლუციონერები ანადგურებენ სასახლეებს და ა.შ. ეს არის პაექრული პოლიტიკის ქვეჯგუფი, რომლის ვარიაციის ახსნასაც ვცდილობთ.

1994 წლის დასაწყისის რუანდაში პრეზიდენტი ჰაბიარიმანას მთავრობა დედაქალაქში (კიგალი) დაფუძნდა და ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე სადავო იურისდიქციას ახორციელებდა. პოლიტიკურ ერთობაში შედიოდნენ ჰაბიარიმანას ფრაქციისადმი ლოიალური ჰუტუს ჯგუფები, ხოლო მოწინააღმდეგეები იყვნენ, როგორც დისიდენტური ჰუტუს ჯგუფები, ისე ფრაგმენტირებული ტუტსის ქსელები. მათაგან ზოგიერთი შეიარაღებული იყო. ოპონენტობასა და გარე პოლიტიკურ აქტორობას შორის ზღვარზე იდგნენ ტუტსის მილიციები, რომლებიც უგანდასთან რუანდის საზღვრის გასწვრივ ოპერირებდნენ. თავად უგანდის მთავრობა, რომელიც ტუტსის მილიციებს მასპინძლობდა და მათ რუანდაში თავდასხმების ბაზას აძლევდა, მნიშვნელოვან გარეპოლიტიკურ აქტორად ფიგურირებს.

დაპირისპირება ეხებოდა რუანდის სახელმწიფოსა და ტერიტორიაზე კონტროლის ურთიერთსაწინააღმედგო პრეტენზიებს. ამ შემთხვევაში, პრეტენზიები სწრაფად გადაიზარდა ძალადობაში. ჩვენი ამოცანაა, ავხსნათ, როგორ და რატომ იწყება ასეთი პროცესები. კერძოდ, განსასაზღვრია, თუ რატომ განსხვავდება ძალადობა თავისი მნიშვნელობით [salience] და კოორდინაციით. რუანდა გვაძლევს ერთად მაღალი მნიშვნელობისა და კოორდინაციის საშინელ მაგალითს. სხვაგან და რუანდაშიც კი, ძირითადად 1994 წლამდე, კოლექტიური ძალადობა ძირითადად ნაკლებად მნიშვნელოვანი და ნაკლებად კოორდინირებული სახით გვხდება. რა განაპირობებს ამ უზარმაზარ ცვალებადობას?

მასალას სრულად გაეცანით მიმაგრებულ ფაილში.

ძალადობა_როგორც_პოლიტიკა_1708418322.pdf

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“