[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

პოლიტიკა და ადამიანის უფლებები კონფლიქტის რეგიონებში / თარგმანი

გაჭიანურებული სოციალური კონფლიქტი: ანალიტიკური ჩარჩო

კონფლიქტი სოციალური ინტერაქციის განუყოფელი ნაწილია. ორი ან მეტი აქტორის ჩართულობის გარეშე კონფლიქტი შეუძლებელია წარმოიქმნას. ის წარმოიშობა იქ, სადაც სახეზეა აქტორთა ურთიერთსაწინააღმდეგო მიზნები მაკოორდინირებელ თუ შუამავალ მექანიზმთა არარსებობის ფონზე. ამ ზოგადი აზრით, კონფლიქტი ჩვეული სოციალური ფენომენია, ინდივიდების, საზოგადოებების, სახელმწიფოებისა თუ კოლექტივების მონაწილეობით. 1950-იან წლებში რამდენიმე მკვლევარი შეეცადა, დაეჯგუფებინა კონფლიქტთა სხვადასხვა ფორმა (ოჯახთან ან თემთან დაკავშირებული, პოლიტიკური, კლასობრივი კონფლიქტები) ერთ ონტოლოგიურ კატეგორიად, სოციალურ კონფლიქტად. ამ თვალსაზრისის მიხედვით, სახელმწიფოთაშორისი ომები და საგარეო კონფლიქტებიც კი სოციალური კონფლიქტის ქვესიმრავლედ იყვნენ წარმოდგენილნი. ამგვარად, კონფლიქტების კვლევა მულტიდისციპლინარული და ჰოლისტური მიდგომების მიერ შემოთავაზებულ ჩარჩოში მოექცა (Boulding: 1956; Coser: 1956; Janowitz: 1964; Simmel: 1956).

საგულისხმოა, რომ უკანასკნელი სამი ათწლეულის განმავლობაში, ომების, კრიზისებისა თუ კონფლიქტების კვლევამ თანდათანობით კომპარტმენტალიზაცია და დიფერენციაცია განიცადა. პირველ რიგში, წარმოიქმნა ტენდენცია, რომელსაც კონფლიქტი შიდა და გარე განზომილებების მყარ დიქოტომიაში ესმოდა. მაშინ, როდესაც სოციოლოგები, ანთროპოლოგები, ფსიქოლოგები და სხვანი შიდა თუ საშინაო კონფლიქტების (სამოქალაქო ომების, აჯანყებების, შეთქმულებების, სამხედრო გადატრიალებების, ამბოხის, რევოლუციების და სხვ.) კვლევით იყვნენ დაკავებულები, საგარეო კონფლიქტები (სახელმწიფოთაშორისი ომები, კრიზისები, საზღვართან დაკავშირებული კონფლიქტები, ბლოკადები და სხვ.) საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევართა ექსკლუზიურ სფეროდ იქცა. ზოგიერთი მკვლევარი კონფლიქტის ამ შიდა და გარე განზომილებების ერთმანეთთან დაკავშირებას შეეცადა. ნაწილი მათგანი საგარეო კონფლიქტების წყაროს საშინაო პოლიტიკის (Sissinger: 1969; Rosenau: 1966; Rummel: 1963), სახელმწიფოს შიგნით განვითარებულ კონფლიქტებისა და არეულობების (Rummel: 1973; Wilkenfield: 1973) ან მოსახლეობის მხრიდან წამოსული წნეხისა და რესურსთა ბაზის (Choucri and North: 1975; Pirages: 1978) სტრუქტურებში ეძებდა. მეორე მხრივ, სოციოლოგთა ნაწილი ალაპარაკდა გარესისტემურ ფაქტორებზე, როგორც დამოუკიდებელ ცვლადებზე, რომლებიც საშინაო კონფლიქტებს განაპირობებდნენ. ეიზენშტადტი და როკანი (1973), ისევე, როგორც პეიჯი და სკოჩპოლი (1979) ასკვნიდნენ, რომ შიდა კონფლიქტი, რევოლუციური კრიზისები თუ რეჟიმის ჩამოშლა შეიძლება აიხსნას იმ პატერნებსა და სტრუქტურებზე დაკვირვებით, რომელთაც საერთაშორისო პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო სისტემები ეყრდნობიან მოცემული ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში ჩარევისას.

მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი განვითარების ხაზი, ქვინსი რაიტის (1942) მიერ შემუშავებულ კონფლიქტის ანალიზის თეორიულ მიდგომაზე გადის. კენეტ უოლცი კონფლიქტის მრავალდონიან მიზეზშედეგობრივ ჯაჭვზე ამახვილებდა ყურადღებას, ხაზს უსვამდა სახელმწიფოთაშორის კონფლიქტებში ინდივიდის, სახელმწიფოსა და საზოგადოების კონტრასტულ სახე-ხატთა ანალიზის მნიშვნელობას (Waltz: 1959). საშინაო კონფლიქტების კვლევის სფეროში დომინირებდნენ თეორიებიც, რომლებიც კაუზაციის სხვადასხვა შრეს კვლევას მოიცავდა, ისეთი ცნებების მოშველიებით, როგორებიცაა: კოგნიტური ფრუსტრაცია-აგრესია, სტრუქტურულ-ფუნქციური ნაკლოვანება, ჯგუფებს შორის კონკურენცია და სისტემურ ფაქტორთა ინტრუზია. მიზეზშედეგობრივობის მოხელთების ამ მრავალშრიანი მიდგომის დაწყვილებამ ფუნქციურ პრობლემატურ ზონებთან, ზოგადად, კონფლიქტი ფსიქოლოგიურ, სოციალურ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო კონფლიქტთა კატეგორიებად დაანაწილა.

დაბოლოს, გარდა კონფლიქტთა ტიპების ამ შიდა თუ საგარეო პოლარიზაციისა და ფუნქციური დიფერენციაციისა, კონფლიქტის მკვლევრები ერთი შეხედვით იზიარებენ ცოდნას, რომელიც კონფლიქტის ქცევით დინამიკაზე დაკვირვებით იწარმოება. მიუხედავად ამისა, განურჩევლად მისი ტიპისა თუ მიზეზისა, კონფლიქტი, როგორც ასეთი, მოიზრება მაშინ, როდესაც ის აშკარა და ძალადობრივია. ფარული, ლატენტური თუ არაძალადობრივი კონფლიქტი კვლევის შესაფერის სფეროდ იშვიათად გვევლინება. მეტიც, კონფლიქტები აღქმულია ორგანული ციკლის პერსპექტივაში. მოიაზრება, რომ ყველა მათგანი გადის გენეზისის, სიმწიფის, შემცირების/რედუქციისა და ამოწურვის ციკლს. ძალადობრივ აქტთა შეწყვეტას ხშირად აიგივებენ მშვიდობასთან (Yaniv and Katz: 1980).

აღნიშნულ სფეროში ბევრი კარგი იდეაა, მაგრამ მეტი ცოდნის დაგროვების საჭიროება მაინც დგას. მართლაც, ჩვენ გვჭირდება კონფლიქტის იმ ტიპის სისტემატურად შესწავლა, რომლებიც ზემოთ ხსენებულ კლასიფიკაციებში ზუსტად ვერ თავსდებიან. მას ჩვენ „გაჭიანურებული სოციალური კონფლიქტები“ ვუწოდეთ (Azar et al.: 1978; Azar and Cohen: 1981; Azar: 1986). მაგალითისთვის, დღესდღეობით მსოფლიოს განვითარებად რეგიონებში უამრავი აქტიური კონფლიქტია, რომელთა წყაროების შიდა და გარე ფაქტორების, ასევე აქტორებს შორის გამიჯვნა რთულია. ამას გარდა, არსებობს არაერთი კაუზალური ფაქტორი, დინამიკა, რომელიც ცვალებად მიზნებში, აქტორებსა თუ ამოცანებში აისახება. დაბოლოს, ამ კონფლიქტებში ნათლად არ ჩანს საწყისი და საბოლოო ნიშნულები.

გაჭიანურებული_სოციალური_კონფლიქტი_1703534695.pdf

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“