საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
14 მაისს ოთხი მუშა ჩავარდა შახტში. დაღუპულები მეორე დღეს ჯერ კიდევ არ ამოეყვანათ. როგორც ერთი მაღაროელი გვიხსნიდა, ჯერ დანაწევრებული სხეულის ნაწილები უნდა შეეგროვებინათ, მერე აეკინძათ, ამოეტანათ და ბოლოს გაეყინათ.
ჩვენ, ვისაც ამ ტრაგედიის პოლიტიზება გვსურს, დეპოლიტიზების სხვადასხვა სტრატეგიას ვაწყდებით.
როდესაც გვეუბნებიან, რომ ასეა, „საქართველო ღარიბი ქვეყანაა“, ალტერნატიული დასაქმების ადგილები არ არსებობს და სწორედ ამიტომ მაღაროელი იძულებულია, დასთანხმდეს დამსაქმებლის მიერ შეთავაზებულ ნებისმიერ შრომით პირობებს, მაღაროელების მდგომარეობა ბედის უკუღმართობად, პირად წარუმატებლობად თუ სახელმწიფო ექსპერტების შეცდომებად საღდება და არა პოლიტიკურ ბრძოლაში დამარცხებული მხარის ხვედრად. ეს საკითხის დეპოლიტიზებაა, მისი გაბუნებრივებით.
როდესაც შრომის პირობების გაუმჯობესებაში სახელმწიფოს პირდაპირ როლს ვერ ხედავენ და ჭეშმარიტი თავისუფალი ბაზრის ჯადოსნურ შესაძლებლობებს გვიმტკიცებენ, - რომ, აი, სწორი ულტრალიბერალური ეკონომიკური პოლიტიკით შეიქმნება სამუშაოები და, კონკურენციის ლოგიკიდან გამომდინარე, აიწევს შრომის პირობების ხარისხი, - სახეზე გვაქვს საკითხის დეპოლიტიზება მისი საჯარო, პოლიტიკური სივრციდან განდევნით და კერძო სივრცეში გადასროლით. ეს საკითხის დეპოლიტიზებაა მისი პრივატიზებით.
როდესაც, მაგალითად, საკითხის ამგვარი პრივატიზება წარმოჩენილია, როგორც აუცილებელი და ერთადერთი გზა ნათელი მომავლისკენ, ჩვენ ვაწყდებით დეპოლიტიზების სტრატეგიას, რომელიც ყველაზე კარგად გამოიხატება ბენდუქიძის მიერ გაჟღერებულ ტეტჩერისეულ გამონათქვამში - „სხვა გზა არ არსებობს“. აქ თემა დეპოლიტიზებულია მისი გარდაუვალობის მტკიცებით.
დეპოლიტიზების კიდევ ერთი ფორმა პოტენციურად პოლიტიკური საკითხის საჯარო სივრციდან გაქრობაა, მისი ლეგალიზებით. სწორედ ასე, კონსტიტუციის 94-ე მუხლის წყალობით, წინა ხელისუფლებამ გადასახადების გაზრდისა და პროგრესული გადასახადის საკითხები ამოიღო პოლიტიკური დებატებიდან. დღეს ისღა დაგვრჩენია, თავად მუხლის ლეგიტიმურობაზე ვეკამათოთ მავანს და არა იმავე პროგრესულ გადასახადზე, მაგრამ ამ კონსტიტუციური ჩანაწერის ადვოკატები მაინც ურცხვად გვიმტკიცებენ, რომ გადასახადების საკითხის რეფერენდუმზე მიბმა ამ თემის წარმომადგენლობითი დემოკრატიის სივრციდან პირდაპირი დემოკრატიის სივრცეში გადატანაა, რომ პოპულისტი პარტიების ნაცვლად, თავად ხალხი განსაზღვრავს საგადასახადო პოლიტიკას. თუმცა, თუ რეფერენდუმს მხოლოდ მთავრობა ნიშნავს, მაშინ გადასახადების გაზრდის მსურველებმა ჯერ წარმომადგენლობითი დემოკრატიის ისევ ის რთული გზა უნდა გაიარონ - მობილიზდნენ და პარლამენტი აირჩიონ - შემდეგ ამ არჩეულ პარლამენტს აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის რეფერენდუმის მოწყობა დაავალებინონ (თუ პროგრესულ გადასახადზეა საუბარი, მაშინ ამასობაში კანონიც შეაცვლევინონ, რომელიც ამ საკითხის რეფერენდუმზე გატანას კრძალავს) და შემდეგ რეფერენდუმზე მობილიზდნენ იმგვარად ფორმულირებულ კითხვაზე საპასუხოდ, როგორ ფორმულირებასაც მთავრობა შესთავაზებს. ამ მუხლის წყალობით წარმომადგენლობით დემოკრატიაშივე გაჩენილი ეს დამატებითი ბარიერები თუ საფეხურები უსინდისოდ გასაღებულია, როგორც პირდაპირი დემოკრატის გამარჯვება.
გარდა ამისა, საინტერესოა, სახელმწიფოს რა იდეოლოგიური კონსტრუქცია გაბუნებრივდა იმით, რომ 94-ე მუხლით შეზღუდულია სწორედ გადასახადების გაზრდა და არა მათი შემცირება? რა თავისთავადი „ჭეშმარიტების“ კონტრაბანდა ხდება ამ კონსტიტუციური ჩანაწერით? იმ „ჭეშმარიტების“ ხომ არა, რომ თავისუფლება პოლიტიკურ თემში კი არ რეალიზდება, არამედ ამ თემის გარეთ არსებობს და მუდამ საფრთხის ქვეშაა მასთან პრინციპულად დაპირისპირებული სახელმწიფოს მხრიდან, რომ სახელმწიფო მფლანგველი, არაეფექტიანი, პარაზიტული წარმონაქმნია, რომელმაც, თუ საერთოდ იარსება, „ღამის გუშაგის“ ფუნქცია უნდა იკმაროს, სადაც „ღამის გუშაგი“ ნიშნავს მცირე სახელმწიფოს ბაზართან მიმართებით და ჰიპერრეპრესიულ სახელმწიფოს ბაზრის „ნორმალური“ ფუნქციონირებისა და მისი საზღვრების დაცვის საქმეში?
დეპოლიტიზების კიდევ ერთი სტრატეგია, რომლის იოლ ლუკმადაც აქცია გადასახადის გაზრდის საკითხი 94-ე მუხლმა, პოტენციურად პოლიტიკური საკითხის ექსპერტულ, მეცნიერულ სფეროში მოთავსებაა. ხელისუფლების „ეკონომიკური გუნდი“, რომელიც ეწინააღმდეგება ამ მუხლის ამოღებას, თავისი გამჭოლი ექსპერტული, ანუ აპოლიტიკური, მზერით მკაფიოდ ხედავს, თუ რა უარყოფით სიგნალს გაუგზავნის ამგვარი ქმედება ინვესტორებს, როგორ დააზარალებს ეს ქვეყანას და თავისი ექსპერტული ავტორიტეტით ბლოკავს საკითხს. ის ფაქტიც, რომ რეფერენდუმის დანიშვნის გადაწყვეტილებას მხოლოდ მთავრობა იღებს, ნოყიერი ნიადაგია ექსპერტული ლოგიკის პოლიტიკურ სივრცეზე დომინირებისთვის: როცა ექსპერტებით დაკომპლექტებული აღმასრულებელი ხელისუფლება მიიჩნევს საჭიროდ, მხოლოდ მაშინ გაიღება კარი დემოკრატიისთვის.
ექსპერტულ ლოგიკას ვაწყდებით სოციალური უფლებების განსჯადობის შესახებ დებატებშიც. იდეოლოგიაზე კამათი არ გვსურსო, გვეუბნებიან იურისტები, უბრალოდ, ტექნიკურად გამორიცხულია სოციალური უფლების, როგორც სუბიექტური უფლების კონსტიტუციონალიზაციაო. თავისუფლება იძულებითი შრომისგან, კი ბატონო, მაგრამ უფლება, სასამართლოს წესით სახელმწიფოსგან მოითხოვო დასაქმებაზე ზრუნვა, შრომის ღირსეული პირობების უზრუნველყოფა, განათლება, ჯანდაცვა, ადეკვატური საცხოვრებელი, პრაქტიკულ შეუძლებლობად არის წარმოჩენილი. თურმე კომპეტენციისა თუ ლეგიტიმაციის ნაკლებობის გამო, სასამართლო არ არის ის ინსტიტუტი, სადაც სოციალურ უფლებას მოითხოვ. ამ არგუმენტის თანახმად, სოციალური უფლებები არასრულყოფილი უფლებებია, მათი უზრუნველყოფა სახელმწიფოს ხელში არსებულ რესურსებზეა დამოკიდებული, რადგან, ინდივიდუალური უფლებებისგან განსხვავებით, სოციალური უფლებები ფასიანი და პოზიტიურია. სასამართლო კი ვერ ჩაერევა სახელმწიფო რესურსების გადანაწილებაში, მით უმეტეს, იმ რეალობის გათვალისწინებით, რომ „საქართველო ღარიბი ქვეყანაა“.
ამ არგუმენტიდან ერთი ნაბიჯია კიდევ ერთ ცინიკურ მოსაზრებამდე - თუ ასეთი გულუხვები ვართ, მაშინ რატომ არ ვწერთ კონსტიტუციაში, რომ ფრენის უფლებაც გვაქვს. ამის აღსრულებაც ხომ ისევე შეუძლებელი იქნება, როგორც ჩვენნაირ ღარიბ ქვეყანაში სოციალური უფლებების რეალიზება?
მაგრამ, თუ კეთილსინდისიერი ექსპერტები ვიქნებით და ვაღიარებთ, რომ ინდივიდუალური უფლებებიც ფასიანია, რომ ინდივიდუალური უფლებების დაცვით სასამართლო მოითხოვს სახელმწიფო რესურსების მობილიზებას, რომ ორივე ტიპის უფლებებს ახასიათებს ნეგატიური და პოზიტიური ასპექტები, რომ ხელმისაწვდომი რესურსების ცნება ბუნდოვანია და გაურკვეველია, იგულისხმება თუ არა მხოლოდ არსებული ეკონომიკური და საგადასახადო პოლიტიკის შედეგად მიღებული და ინდივიდუალური უფლებების რეალიზების შემდეგ მორჩენილი რესურსი თუ არსებული სოციოეკონომიკური სისტემის ტრანსფორმაციის შედეგად პოტენციურად ხელმისაწვდომი რესურსებიც, მაშინ პრობლემა ის ხომ არ არის, რომ სკეპტიკოსებს არსებული სტატუს კვო სამართლიანად მიაჩნიათ და ფიქრობენ, რომ რესურსები პირველ რიგში სწორედ ინდივიდუალურ უფლებებს უნდა მოხმარდეს? ასე ხომ არ არის ჩამალული იდეოლოგია ამ დეკლარირებულად ექსპერტულ თუ ცინიკურ არგუმენტებში?
სოციალური უფლებების სასამართლო წესით განსჯადობა რომ შეუძლებელია, ბოდვაა; სოციალური უფლებების განსჯადობა - ფაქტი. მაგრამ თავად სასამართლო ინსტიტუტიც ხშირად დეპოლიტიზების ინსტრუმენტია. კონსტიტუციაში სუბიექტურ უფლებად გაწერილი სოციალური უფლების განსჯის პროცესში სასამართლოს შეუძლია, მიიჩნიოს, რომ კონკრეტული საკითხი ხელისუფლების სხვა შტოების საქმეა. ამ მოდელს დეფერენციულ მოდელს უწოდებენ. აქ ორი ტიპის დეპოლიტიზებას ვაწყდებით: ერთი, სასამართლო გადაულოცავს საკითხს პარლამენტს და ამით აღიარებს, რომ პოლიტიკის ადგილი მხოლოდ ოფიციალური პოლიტიკური სივრცეა, მხოლოდ წარმომადგენლობით ორგანოში „ხდება“ პოლიტიკა და არა სხვა არაოფიციალურ სივრცეებშიც; მეორე, თავისი კომპეტენციის შეზღუდულობაზე მითითებით საქმეს ხელისუფლების ექსპერტებს გადააბარებს და მეცნიერულ, აპოლიტიკურ, რაციონალურობას დაუქვემდებარებს.
რიგ იურისდიქციებში სასამართლო პირდაპირ ერთვება სოციალური უფლების შინაარსისა და ვალდებული მხარის განსაზღვრაში. ეს ე.წ. კატეგორიული მოდელიც ხანდახან დეპოლიტიზებას ემსახურება. მაგალითად, წინა საუკუნის 90-იან წლებში ჯანმრთელობის უფლების სახელით ბრაზილიის სასამართლო აქტიურად „გასცემდა“ ანტირეტროვირულ პრეპარატებს ინდივიდუალური სარჩელების საფუძველზე, რითაც ხელს უწყობდა იმ ფაქტის დეპოლიტიზებას, რომ თავად შიდსის ეპიდემია სიღარიბის, სტიგმატიზაციისა და მარგინალიზაციის შედეგი იყო. ანუ სასამართლო იზოლირებულად მსჯელობდა „სიმპტომზე“ - დაავადებული მოქალაქის მდგომარეობაზე - და ამით აბუნებრივებდა „დაავადებას“ - სოციოკულტურულ ყოფას, როგორც წყაროს შიდსის ეპიდემიისა ბრაზილიურ საზოგადოებაში.
არსებობს მესამე მოდელიც სოციალური უფლებების განსჯადობისა. ე.წ. დიალოგური მოდელის ფარგლებში სასამართლო არ ამბობს უარს სოციალური უფლებების განსჯაზე, არც კატეგორიულია მისი რეალიზების კუთხით, არამედ უზრუნველყოფს სივრცეს, სადაც ხელისუფლების სხვა შტოებსა და სხვა არაოფიციალურ პოლიტიკურ აქტორებთან პრობლემის გადაწყვეტის საკითხზე მიმდინარეობს მსჯელობა. თუმცა ამ მოდელშიც, იმის მიხედვით, თუ როგორ განსაზღვრავს სასამართლო პრობლემის ბუნებას, საკითხის დეპოლიტიზებაც და პოლიტიზებაც თანაბრად არის შესაძლებელი.
დაბოლოს, დეპოლიტიზება ჩვენი სტრატეგიაც შეიძლება, იყოს. ჩვენი მიზანი, რომ სოციალური უფლებები სათანადოდ გაიწეროს კონსტიტუციაში, მცდელობაა, პოლიტიკური ერთობის მიერ ადამიანების მატერიალურ კეთილდღეობაზე ზრუნვის და მათთვის მინიმალური ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფის ვალდებულების საკითხის დეპოლიტიზებას მივაღწიოთ; მისი აუცილებლობა და გარდაუვალობა დავაფიქსიროთ. თუმცა ის, თუ რა კონკრეტული შინაარსი აქვს ამ უფლებებს, რა არის შრომის ღირსეული პირობები, სამართლიანი ანაზღაურება, ჯანდაცვა, განათლება და ა.შ., ჩემი აზრით, პოლიტიკური მსჯელობის საგნად უნდა დარჩეს.
ერთ-ერთი არგუმენტი სოციალური უფლებების წინააღმდეგ სწორედ ისაა, რომ მათი გაწერით სახიფათო პრეცედენტს ვქმნით; ისეთ უფლებებს ვაკანონებთ, რომელიც შეიძლება, უსაზღვროდ გამრავლდეს. არ გეშინიათ? - გვეკითხებიან და თან ქილიკობენ, რომ ერთი სკანდინავიური ქვეყნის მსგავსად ჩვენთანაც მოითხოვონ, მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა სოციალურ უფლებად ვაღიაროთ?
ჩვენ ვპასუხობთ, რომ ისევე, როგორც უპირობოდ და უდავოდ მიგაჩნიათ ინდივიდუალური უფლებების რეალიზების ვალდებულება, ასევე ბუნებრივი და გარდაუვალია პოლიტიკური ერთობის ვალდებულება, რომ ჩვენი სხეულები ასაკინძად არ გახადოს, იზრუნოს მოქალაქეების მატერიალურ კეთილდღეობაზე, მათ რეალურ თავისუფლებასა და თანასწორობაზე. რაც შეეხება უფლებების სიას და მათ შინაარსს, ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკას, ეს პოლიტიკურ პროცესს მივანდოთ. ერთი სიტყვით, ჩვენი პასუხია, ნუ გეშინიათ პოლიტიკის; ნუ გძულთ დემოკრატია.
ინსტრუქცია