[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

შრომის უფლება / სტატია

ჭიათურის მაჟორიტარი: აქ არის უზარმაზარი ინტერესთა ჯაჭვი და ამ ინტერესების მსხვერპლები არიან ჭიათურელი მუშები

news_13193

21 იანვარს, ჭიათურაში გამართული გამაფრთხილებელი აქციის შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებასა და შპს. „ჯორჯიან მანგანეზის“ ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის ადმინისტრაციას შორის მოლაპარაკებები გაიმართა. შეხვედრა მუშებისათვის დამატებით ბენეფიტებზე შეთანხმებით დასრულდა, თუმცა ჯერაც უცნობია, რა კონკრეტული სოციალურ-ეკონომიკური შედეგები მოჰყვება ჭიათურაში მაღაროების სპეციალურ სამუშაო რეჟიმზე გადასვლას. რეგიონში მიმდინარე მოვლენებსა და ზოგადად მუნიციპალიტეტში არსებულ მწვავე ეკოლოგიურ, სოციალურ და პოლიტიკურ პროცესებზე EMC ჭიათურის მაჟორიტარ დეპუტატს მალხაზ წერეთელს ესაუბრა:

EMC: როგორც იცით, 20 იანვრიდან „ჯორჯიან მანგანეზი“ წყვეტს მადნის მოპოვებას, რის გამოც, 3 700-მდე დასაქმებული მუშაობის სპეციალურ რეჟიმზე გადადის. რა მდგომარეობაა ამჟამად ქალაქში? თქვენი ინფორმაციით, როგორ მიმდინარეობს ხელშეკრულებებზე ხელმოწერის პროცესი და რა განწყობებია საწარმოში დასაქმებულებში? ხომ არ გსმენიათ დასაქმებულებზე ზეწოლის ფაქტების შესახებ?

მალხაზ წერეთელი: დღევანდელი სიტუაცია ასეთია - ერთი შეხედვით, ქალაქში სიმშვიდეა, თუმცა შინაგანი დაძაბულობა საკმაოდ დიდია. მუშაობის სპეციალური რეჟიმი, თუ რაც არ უნდა დავარქვათ ამ ფაქტს, რეალურად, საწარმოს გაჩერებაა და ჩნდება განცდა, რომ მხოლოდ 4 თვეზე არ არის საუბარი. მუშებმა არ იციან, რა იქნება 20 მაისის შემდეგ, თუმცა, ეს პერიოდიც ძნელი გადასატანი იქნება მათთვის. ეს პროცესი მხოლოდ და მხოლოდ ახლა იწყება და დარწმუნებული ვარ, რომ ფსიქოლოგიურად კიდევ უფრო დაიძაბება სიტუაცია. იგეგმება აქცია და ახლავე შემიძლია დავაფიქსირო, რომ მხარს ვუჭერ ამ აქციას, მაღაროელებს და მთლიანად ჭიათურის მოსახლეობას. (შენიშვნა: ინტერვიუ ჩაიწერა 20 იანვარს) ეს არის, ასე ვთქვათ, გამაფრთხილებელი აქცია. მასში მონაწილეობას მიიღებს ჭიათურის მოსახლეობის სხვადასხვა ფენა.

რაც შეეხება ხელშეკრულებებს, რომლებიც უკვე პრაქტიკულად გააფორმა კომპანიამ, „ჯორჯიან მანგანეზის“ 3 700 მუშა-მოსამსახურიდან 3 200 ადამიანს ეხება. დანარჩენი 500-მდე ადამიანი კომპანიას სჭირდება, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანმა ობიექტებმა არ შეწყვიტონ ფუნქციონირება. ასევე, მაღაროში არის ციკლები, რომლებიც ვერ გაჩერდება ბოლომდე. 3 200 ადამიანი გადადის მუშაობის სპეციალურ რეჟიმში ანუ ისინი სახლში იქნებიან და ხელფასის 60 %-ს მიიღებენ, შეუნარჩუნდებათ დაზღვევის კორპორატიული პაკეტი, გადაუვადდებათ ბანკის ვალები და შეუნარჩუნდებათ შეღავათები, რაც მაგალითად მრავალშვილიანებისთვისაა გათვალისწინებული.

სიტუაცია, კიდევე ერთხელ ვამბობ, რომ დაძაბულია, რადგან ჯერ ერთი, ჭიათურა მონოდარგობრივი რაიონია. აქ არ არის ალტერნატიული სამსახურები. სამწუხარო ის არის, რომ რაიონი სასოფლო-სამეურნეო მიწების დიდი სიმწირითაც გამოირჩევა. არსებული ნიადაგი კი არანაყოფიერი, ე.წ. მჟავე-კარბონატული შემცველობისაა, რომელიც მხოლოდ ჩაის კულტურის, თხილის, კაკლის და ზოგიერთი სახეობის ხილისთვის არის გამოსადეგი. გლეხ ადამიანს ჩვენთან არსებობის ალტერნატივა პრაქტიკულად არ აქვს, ჯერჯერობით. შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ მხოლოდ ამ მუშა-მოსამსახურეების გამომუშავებული ხელფასი ბრუნავს რაიონში.

იძულებით ხელმოწერებთან დაკავშირებით კი პირადად ჩემთვის არავის მოუმართავს. როგორც პროფკავშირები აცხადებს, და ჩემთვისაც მიუღებელია ეს - ადამიანებს არ მისცეს დრო, რომ წაიკითხონ ეს ხელშეკრულება, გაიაზრონ, დაეკონტაქტონ იურისტს, რომ მიიღონ გარკვეული რჩევა კორექტივის, დათანხმების ან არ დათანხმების შესახებ. იყო საუბრები, თითქოს ხელს თუ არ მოაწერდნენ, ვიღაცებს გათავისუფლებით ემუქრებოდნენ, მაგრამ ჩემთან ამ თემაზე არავინ მოსულა.

EMC: თქვენი შეფასებით, რამდენად სერიოზული სოციალური და ეკონომიკური შედეგები შეიძლება მოჰყვეს, 4 თვის მანძილზე მუშათა შემოსავლის 40%-ით შემცირებას მათი ოჯახებისა და მთლიანად რაიონისთვის და ვის უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა დამდგარი შედეგისათვის?

მ.წ.: შედეგები იქნება მძიმე. ზოგადად, სოციალური ფონია ძალიან მძიმე ჩვენს რეგიონში. როდესაც ვლაპარაკობთ შემოსავლების 40%-ზე, უნდა გავითვალისწინოთ სხვადასხვა ფაქტორი. მაგალითად, მუშებს უნარჩუნდებათ ჯანდაცვის პაკეტი, მაგრამ სად უწევს ამ ხალხს, 3 700 ადამიანს და მათ ოჯახის წევრებს სამედიცინო სერვისის მიღება? ქალაქ ზესტაფონში, 80 კმ-ის იქით. ამ ყველაფერს თავისი ხარჯი აქვს, საჭიროა დამატებითი ფინანსები და ა.შ. გარდა ამისა, მწვავედ დგას სასმელი წყლის დეფიციტი რეგიონში. სამი წლის განმავლობაში, ვერ მოხდა სოფლების გაზიფიცირება; ქალაქის გაზიფიცირებაც კი არ დამთავრებულა. ადამიანი რაღაცას ითმენს, რაღაცას ვერა. მერე ეს ყველაფერი თავს იყრის და როდესაც გადარჩენის, შემოსავლის მიღების ერთადერთი საშუალებაც გესპობა, ეს ყველაფერი ზედაპირზე ამოდის. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ვცხოვრობთ ეკოლოგიურად გაუბედურებულ გარემოში, მორღვეულია ინფრასტრუქტურა, განსაკუთრებით სოფლად. მგონია, რომ ეს პრობლემები კრებითი გახდება და მწვავედ იჩენს თავს.

EMC: რა ინფორმაციას ფლობთ ზოგადად საწარმოს მდგომარეობაზე, თქვენი ინფორმაციით, რა გახდა მიზეზი სპეციალურ სამუშაო რეჟიმზე გადასვლის? იცოდით თუ არა, მძიმე მეტალურგიის ბაზარზე არსებული კრიზისის შესახებ და შესაძლოა თუ არა რომ საერთაშორისო ბაზარზე არსებულ კრიზისს მოეხდინა გავლენა „ჯორჯიან მანგანეზის“ მუშაობაზე?

მ.წ.: მე ეკონომიკის ექსპერტი არ გახლავართ, მაგრამ რომ ჩახედოთ ციფრებს, ვფიქრობ ზედაპირიდანაც ჩანს, რომ ეს გაჩერება მაინც ხელოვნურია. გასაგებია, რომ სილიკონ-მანგანუმის ფასმა დაიწია მსოფლიო ბაზარზე, მაგრამ ფასი ისე არ დავარდნილა, რომ ასეთი პროცესები გამოეწვია ჩვენთან. 2012-2013 წლებში უფრო დიდი კრიზისი იყო სილიკონ-მანგანუმის მწარმოებელთათვის, ვიდრე დღეს. მაგალითად, 2012-13 წლებში სილიკონ-მანგანუმი მსოფლიო ბაზარზე ღირდა 910 დოლარი, მანგანუმს ისინი მწარმოებლებისგან ყიდულობდნენ 230 დოლარად. დღეს, მსოფლიო ბაზარზე, ყველაზე დაბალ ფასს ვგულისხმობ, მანგანუმის ფასი 660 დოლარია. და რამდენად ყიდულობენ მანგანუმის მწარმოებლები მანგანუმს? თუკი 2012-13 წლებში ყიდულობდნენ 230 დოლარად, ახლა ყიდულობენ 98 დოლარად. და ითხოვენ ამ თანხის ჩამოსვლას 57 დოლარამდე. ე.ი. მსოფლიო ბაზარზე სილიკონ-მანგანუმის ფასი შემცირდა 1,3-ჯერ, ხოლო ისინი მანგანუმს ყიდულობენ 2,3-ჯერ შემცირებულ ფასში და ითხოვენ, რომ 2012 წელთან შედარებით, 4-ჯერ ნაკლებ ფასად იყიდონ.31

ამ გაჩერებაში ხელოვნურობის და ზეწოლის ნიშნები ჩანს. ჩვენ ვსაუბრობდით პრობლემებზე და აუცილებლად უნდა ვახსენოთ მცირე მეწარმეები, რომლებსაც დიდი რაოდენობით კონცენტრატი დაუგროვდათ, 2015 წლის ოქტომბრის შემდეგ. საუბარია დაახლოებით 40-ზე მეტ წვრილ ფირმაზე, რომლებიც აბსოლუტურად პირნათელნი იყვნენ ცენტრალურ და ადგილობრივ ბიუჯეტთან. ამჟამად ყველას დავალიანება აქვს როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ბიუჯეტის მიმართ. ოქტომბრის შემდეგ, სილიკონ-მანგანუმის მწარმოებლები აღარ ყიდულობენ ნედლეულს შეთანხმებულ ფასად. ამიტომ, ისინი დღეს უფრო მეტ მოგებაზე გავიდნენ, ვიდრე ეს იყო 2012-13 წლებში და კიდევ უფრო მეტ მოგებაზე უნდათ გასვლა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ დისბალანსი იყო საერთოდ ბაზრის მოთხოვნასა და თვითონ მანგანუმის მადნის წარმოებაშიც. შედეგად, დღეს, ჭარბი მარაგები გააჩნია როგორც „ჯორჯიან მანგანეზს“, ისე სილიკონ-მანგანუმის მწარმოებელ სხვა ფირმებს. სილიკონ-მანგანუმს საქართველოში, ფეროს გარდა, კიდევ 5 თუ 6 ღუმელი იყენებს. მაგალითად, „რუსმეტალი“ ქალაქ რუსთავში, რომელიც სიმძლავრით თითქმის ფეროს ტოლია. აი ამათზე ვლაპარაკობ მე, მათი ინტერესი წამოვიდა რაღაც წინა ხაზზე. ეს ინტერესები ადრე მაინცდამაინც არ ჩანდა და ახლა გააქტიურდნენ ისინი.

EMC: ანუ შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ეს პროცესები ყველაზე მეტად წვრილი მეწარმეების ინტერესებზე დარტყმისკენ არის მიმართული?

მ.წ.: ამ ეტაპზე, დიახ, ასე უნდა ჩავთვალოთ. 40-ზე მეტ პატარა ფირმას დაგროვილი აქვს კონცენტრატი და შესაძლოა მიზანი მათგან ამ კონცენტრატის ძალიან იაფად წამოღება და შემდეგში, მათი ჩანაცვლებაც იყოს, არ ვიცი. ასეთ ცუდ მდგომარეობაში ყოფნის გამო, შესაძლოა ისინი მალე გაკოტრდნენ. საუბარია ძირითადად ადგილობრივებზე, რომლებმაც ყველაზე უკეთ იციან ეს წარმოება და რომლებიც ახლა ყველაზე მძიმე მდგომარეობაში არიან.

EMC: ზემოთ ნახსენები პროცესების პარალელურად, ცნობილია, რომ „ჯორჯიან მანგანეზს“ გარემოს დაცვის სამინისტროსგან მოთხოვნილი აქვს ნებართვა ახალი ფაბრიკის გახსნაზე, რომელზე მოსმენაც 26 თებერვალს უნდა გაიმართოს. თუ გავითვალისწინებთ კომპანიის წინაშე არსებულ საკმაოდ სოლიდურ საჯარიმო დავალიანებას, ჩნდება ეჭვი, ხომ არ აპირებს კომპანია რომ მიიღოს ნებართვა ახალი ფაბრიკის გახსნაზე, ხოლო აქამდე არსებული საწარმოები გამოცხადდეს გაკოტრებულად, რაც კიდევ უფრო მასშტაბური უარყოფითი შედეგების მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს ამ დრომდე დასაქმებული ადამიანებისათვის? გქონდათ თუ არა ამ თემაზე კომუნიკაცია თავად საწარმოსთან და როგორ შეიძლება ავხსნათ, ერთი მხრივ, მადნის მოპოვების 4 თვით შეწყვეტა და მეორე მხრივ, ნებართვის მოთხოვნა ახალ საწარმოზე?

მ.წ.: 2013-14 წლებში, გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის დასკვნები მართლაც რომ საგანგაშოა. ქვეყნის მასშტაბით, გარემოსთვის მიყენებული ზიანის 88,5% მოდის ერთ, ჭიათურის მუნიციპალიტეტზე. ამ დრომდე, არ მსმენია, რომ ამ 358 მლნ-დან რაიმე გადაეხადოს კომპანიას. ეს პერიოდული და სისტემატური შემოწმებები გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტმა 2013 წლის ივნისის თვეში დაიწყო, თუმცა შედეგი ჯერ-ჯერობით, მგონი, არც ერთ ფაქტზე არ დამდგარა. შეიძლება ეს იყოს მთავრობასა და კომპანიას შორის ვაჭრობის საგანი, ნამდვილად არ ვიცი. შესაბამისი სტრუქტურები იკვლევენ ამას და მე თხოვნაც გავუგზავნე მათ, რომ ცოტა დაჩქარებულიყო ეს პროცესი. 3 წელიწადი არ უნდა დასჭირდეს იმის დადგენას მართლა მიაყენა თუ არა კომპანიამ გარემოს ამ მასშტაბის ზიანი.

რაც შეეხება ახალ საწარმოს, ახალ საწარმოზე ლაპარაკი 2013 წლიდან მიდის. საუბარია ახალ, თანამედროვე ტიპის მადნის გამამდიდრებელ ქარხანაზე, რომელიც პრაქტიკულად გამორიცხავს მდინარე ყვირილას დაბინძურებას. თავისთავად ეს ძველი ქარხნების დახურვას გამოიწვევდა, რადგან მის მოცულობაში, პრაქტიკულად, ეტევა არსებული 5 ქარხნის მოცულობა. შესაბამისად, ეს გამოიწვევს ადამიანების შემცირებასაც, რაც უკანასკნელ პროცესებთან თანხვედრაში მოდის. დარწმუნებული ვარ, 4-თვიანი წყვეტის შემდეგ, ვიღაც აღარ დაბრუნდება მაღაროში, რადგან ამ ხნის განმავლობაში ის წავა და იშოვის დამატებით სამსახურს. სამწუხაროდ, ისევ ჭიათურის გარეთ თუ მოხდება ეს, რაც რეგიონის დაცლის კიდევ ერთი გზაა.

როგორც ვიცი, კომპანიას უკვე შეგულებული ჰქონდა ერთი ადგილი შლამსაცავად ჭიათურის რაიონში. თუმცა გარემოს დაცვის სამინისტრო უარს აცხადებს ტერიტორიის გამოყოფაზე. თუკი შლამსაცავისთვის ადგილი ვერ გამოიძებნა, ქარხანაც ვერ აშენდება. ეს ქარხანა 2013 წელშიც რომ აშენებულიყო, მაინც მოხდებოდა თანამშრომელთა რაოდენობის შემცირება. კომპანიის წარმომადგენლები საუბრობდნენ, რომ მასობრივ დათხოვნას არ განახორციელებდნენ და თანამშრომელთა ნაწილს, მართალია არა იმავე ხელფასზე, თუმცა ალტერნატიულ ადგილებში დაასაქმებდნენ.

EMC: როდესაც ვსაუბრობთ „ჯორჯიან მანგანეზის“ გადაწყვეტილების მიზეზებზე, უნდა გავიხსენოთ 2013 წელს თქვენი ერთ-ერთი ინიციატივა, რომელიც წიაღისეულით სარგებლობის მოსაკრებლის გაზრდას ეხებოდა. ხომ არ არის საუბარი გადასახადის კიდევ გაზრდაზე, რაც კომპანიის წინააღმდეგობას იწვევს? ხომ არ იკვეთება მთავრობის ერთგვარი დაშანტაჟების მცდელობა, იმის ხაზგასმით, რომ კომპანიას შეუძლია ამდენი ადამიანი უმუშევარი დატოვოს?

მ.წ.: საერთოდ მინდა ვთქვა, რომ არ მგონია ეს მხოლოდ კომპანიის გადაწყვეტილება იყოს. მანგანუმის ბიზნესში ჩართულია 5 თუ 6 მანგანუმის მწარმოებელი კომპანია, ასევე არიან საშუამავლო ფირმები, მცირე მეწარმეებსა და „ჯორჯიან მანგანეზს“ შორის. მცირე მეწარმემ მოპოვებული მადანი დაბალ ფასში უნდა მიჰყიდოს საშუამავლო ფირმას, საშუამავლო ფირმამ კი უნდა მიჰყიდოს „ჯორჯიან მანგანეზს“, რომელმაც შემდეგ უნდა მიაწოდოს სილიკონ-მანგანუმის მწარმოებელ კომპანიას. ანუ აქ არის უზარმაზარი ინტერესთა ჯაჭვი და ამ ინტერესების მსხვერპლები არიან ჭიათურელი მუშა-მოსამსახურეები.

EMC: ამ ინტერესთა ჯაჭვში ხომ არ იკვეთება ადგილობრივი ან ცენტრალური ხელისუფლების რომელიმე შტოს, რომელიმე წარმომადგენლის ან რომელიმე პოლიტიკოსის ინტერესებიც?

მ.წ.: არ ვიცი, ნამდვილად არ ვიცი. რომ ვიცოდე, აუცილებლად ვიტყოდი. ასეთ ჩართულობას ცოტა ღრმად ჩახედვა სჭირდება სახელმწიფოს მხრიდან. ცოტა უფრო ენერგიულად არის საჭირო ჩვენს რაიონში არსებული მდგომარეობის შეფასება.

რაც შეეხება მოსაკრებელს, 2013 წელს შევიტანე ეს კანონპროექტი. ძალიან მძიმედ მიდიოდა პროცესი და შედეგის მიღწევა ადვილი არ იყო. მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და დათო უსუფაშვილის მხარდაჭერით მოხერხდა, რომ ეს კანონ-პროექტი მივიღეთ. 2015 წლის 1-ლი იანვრიდან, მოსაკრებელი გაიზარდა 10-ჯერ და 350 000 ლარის ნაცვლად, ბიუჯეტში 3 700 000 ლარი შემოვიდა ერთი წლის მანძილზე. ეს მოსაკრებელი ახლა ხდება 0,18 თეთრი და თუ წარმოებამ თავისი მოცულობა ვერ შეინარჩუნა ე.ი. ამ მოსაკრებლის რაოდენობა შემცირდება, რაც, პირველ რიგში, პირდაპირ ადგილობრივ ბიუჯეტს დაარტყამს.

EMC: რამდენიმე დღეა უკვე, რაც გავრცელდა ინფორმაცია სპეციალური სამუშაო პირობების შემოღების შესახებ, თუმცა ამ დრომდე ვერ ვნახეთ ვერც ერთი კომენტარი აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან. თავის მხრივ, ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობაც არ არის ეფექტური და ის უმეტესწილად ცენტრალური ხელისუფლების ჩართულობის აუცილებლობაზე საუბრობს. თქვენი შეფასებით, რითია გამოწვეული აღმასრულებელი ხელისუფლების ასეთი პასიურობა ამ თემისადმი და რატომ არ ცდილობს არც ერთი უწყება განმარტებების გაკეთებას? გასათვალისწინებელია, რომ კომპანია მოლაპარაკებებს აწარმოებდა მთავრობასთან, საწარმოო პროცესის გაჩერებამდე 4 თვით ადრე.

მ.წ.: მეც ამ მთავრობის წარმომადგენელი ვარ, მაგრამ მინდა შევახსენო ჩვენს მთავრობას, 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის, მართლაც ამ ისტორიული წარმატების შემდეგ, 15 ოქტომბერს გაიფიცა იქ ხალხი. არა ამ ხელისუფლების სამტროდ, არამედ იმის საჩვენებლად (შიმშილობდა ხალხი გვირაბში, მათ შორის იყო 2 ფეხმძიმე ქალი), თუ რა პირობებში უწევდათ მათ მუშაობა, რა შიში დაძლიეს და როგორ მოვიდნენ აქამდე. ცოტა მეც ვარ გაკვირვებული ამ სიჩუმით. მე მქონდა კომუნიკაცია პრემიერ-მინისტრთან, თუმცა მან ამ საკითხში ჩართვა ვეღარ მოახერხა, რადგან დავოსის სამიტისთვის დელეგაციის მზადება მიმდინარეობდა. როგორც კი დაბრუნდება იგი ფორუმიდან, ჩვენ უნდა შევხვდეთ ერთმანეთს. სატელეფონო საუბარი მქონდა ეკონომიკური საბჭოს მდივანთან. ასევე შევხვდი რეგიონების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელს გიორგი ამაშუკელს. პროცესში თავისთავად ჩართულია გუბერნატორიც, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ცოტა მეტი აქტიურობა მართებს ხელისუფლებას.

EMC: რაში ხედავთ გამოსავალს მთელი ამ პროცესიდან, როგორ უნდა მოიქცეს სახელმწიფო აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად?

მ.წ.: სახელმწიფოსთან, წინა პრემიერ-მინისტრის დროსაც ვამბობდი და იმავეს გავიმეორებ ახლაც, აუცილებელია მთავრობის დონეზე, თუნდაც ეკონომიკური საბჭოს დონეზე, მოხდეს ჭიათურის მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების შესწავლა-შეფასება, მიმდინარე და სტრატეგიული გეგმების დალაგება პრობლემების მოსაგვარებლად. ადამიანებს არ უნდა გავუჩინოთ განცდა, რომ ამ საწარმოს გაჩერებით ყველაფერი გაჩერდა რეგიონში. ამ განცდას კი ქმნის ის, რომ ჭიათურას არ აქვს საავადმყოფო და მე ვერ დამისახელებთ რაიონს, სადაც 80 კილომეტრის გავლა უწევთ ადამიანებს თუნდაც ანალიზების ასაღებად. ეს წარმოუდგენელია! არ შეიძლება რომ სასმელი წყლის გარეშე იყოს დარჩენილი რაიონი, რაც დღეისათვის ნომერ პირველი პრობლემაა. სოფლებში კიდევ უფრო კატასტროფული მდგომარეობაა. სოფლის წყალმომარაგების ქონება არის „ჯორჯიან მანგანეზის“ და ამ დროს, „ჯორჯიან მანგანეზს“ არ აქვს ლიცენზია არც წყლის მოპოვების, არც წყლის მიწოდების. ეს ქონება წინა ხელისუფლებამ ფაქტობრივად, „შეატენა“ და ახლა მისია. იქ მომუშავე პერსონალი არის გაერთიანებული წყალმომარაგების, ხოლო სისტემა არავისი არ არის. ე.ი. პატრონი არ ყავს სოფლის წყალმომარაგებას. 3 წელია მიდის მოლაპარაკება ინფრასტრუქტურის სამინისტროში და პასუხი ჯერაც არ არის თუ ვინ უპატრონებს ამ წყალს. 3 წელი უნდა დაჭირდეს იმის გადაწყვეტას თუ ვინ ან როგორ უნდა მოუაროს ამ სისტემას? ეს აჩენს იმის განცდას, რომ მთლად უპატრონოდ ვრჩებით. მეც მეუფლება ასეთი განცდა ზოგჯერ.

EMC: ჭიათურაში, მძიმე ინდუსტრიაში დასაქმებულთა მაგალითზე, ზოგადად, როგორ შეაფასებდით ხელისუფლების მუშაობას დასაქმებულთა უფლებების დაცვის კუთხით? ფაქტია, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში ჭიათურელთა მდგომარეობა არსებითად არ გაუმჯობესებულა, ხომ არ მიუთითებს ეს ხელისუფლებაში ნების არ არსებობაზე, რომ მოგვარდეს იქ დასაქმებულთა შრომითი და სოციალური პრობლემები?

მ.წ.: როგორც მაჟორიტარი დეპუტატი, შარშან, თებერვალში სიტყვით გამოვედი პარლამენტში და სიტყვა დავამთავრე ასე - მანგანუმის მოპობებისთვის ვწირავთ ჭიათურის მუნიციპალიტეტს და იქ მცხოვრებ ადამიანებს? თუ არადა აგვიხსნას ვინმემ, რა ხდება ჩვენს თავს. ეს კითხვა 2016 წლის თებერვლისთვის კიდევ უფრო მწვავედ ისმის. 2014 წელს სხვადასხვა მედიასაშუალებასა და ისევ პარლამენტის ტრიბუნიდან ვთქვი, თუ ასე გაგრძელდება, ჭიათურის მუნიციპალიტეტი მალე საქართველოს რუკიდან გაქრება. ხანდახან ოპოზიციონერს მიწოდებდნენ ამის გამო. ახლა, როდესაც ამას ვამბობ ჭიათურის მოსახლეობისთვის არ ვამბობ ამას. ამაზე ვლაპარაკობ, ვწერ ყველგან, მთავრობის ყველა სტრუქტურასთან, მაგრამ არ ჩანს რაღაცა ისეთი რეაგირება, როგორიც უნდა იყოს. მე მგონი მართლაც ვეწირებით უამრავი ადამიანის ბიზნეს-ინტერესებს. აქ მხოლოდ „ჯორჯიან მანგანეზზე“ ნუ ვილაპარაკებთ. „ჯორჯიან მანგანეზი“ ახლა არის ყველაზე ტკბილ, კარგ მდგომარეობაში. მას არაფერი გადაუწყვეტია. ზოგადად, რაღაც ხდება და ამ რაღაც თემაში გადამწყვეტი როლი უნდა ითამაშოს ხელისუფლებამ. შარშანაც დავსვი ეს კითხვა და ახლაც დავსვამ - რა ხდება ჩვენ თავს?

EMC: დაახლოებით ერთი წლის წინ, თქვენს ერთ-ერთ გამოსვლაში, პარლამენტში, თქვენ თქვით, რომ ჭიათურა დღესვე შეგვიძლია გამოვაცხადოთ ეკოლოგიური კატასტროფის, უბედურების ზონად. დღეის მდგომარეობით, როგორ შეაფასებთ ეკოლოგიურ მდგომარეობას რეგიონში, ერთი მხრივ, და მეორე მხრივ, რამდენად ადეკვატურია ხელისუფლების მიერ გაღებული ძალისხმევა აღნიშნული სიტუაციის გამოსწორებისა და გაუმჯობესებისათვის?

მ.წ.: 2013-14 წლებში დადებულმა ასეთმა მძიმე დასკვნამ, ვერ მოახდინა იმის პრევენცია, რომ 2015 წელს ამ დანაშაულის მასშტაბები არ გაზრდილიყო. პირიქით, ეს მასშტაბები გაიზარდა, რაც არალოგიკურია. ეკოლოგიურ დანაშაულებს კლებას ვერც ერთი მიმართულებით ვერ ვატყობ. სხვათა შორის, ჯორჯიან მანგანეზის წარმომადგენლები თვითონ აღნიშნავენ, რომ ჭიათურა მსოფლიოში მანგანუმის ერთადერთი საბადოა, სადაც ადამიანის ყოფა-ცხოვრება ასე მჭიდროდ არის მანგანუმის მოპოვებასთან - წიაღისეულის მოპოვება ხდება იქვე, სადაც ადამიანები ცხოვრობენ.

EMC: მადნის მოპოვება თითქმის უკონტროლოდ ხდება და არსებობს მოლოდინი, რომ ეს მადანი შეიძლება მალე ამოიწუროს. პარალელურად კი, კარიერების მიმდებარე ტერიტორიები იმდენად ნადგურდება, რომ შეუძლებელია მისი საცხოვრებლად და სამეურნეოდ გამოყენება. ზოგადად, როგორ ხედავთ რაიონის განვითარების პერსპექტივას ამ ყველაფრის ფონზე?

მ.წ.: თუკი პროცესები გაგრძელდა ისე, როგორც ხდება დღეს, როგორც გითხარით, 2-3 ათეული წელი უნდა და ჭიათურა აღარ იარსებებს. ეს ვთქვი შარშანწინ, ვიმეორებ ამას და გავიმეორებ ყოველთვის. საუბარია ამოწურვად რესურსზე, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და მოთხოვნადი რესურსი. მას სჭირდება რაციონალური მოპოვება და არა ისეთი მტაცებლური, როგორც ეს ხდება დღეს. არ უფრთხილდებიან არაფერს რომ მომავალ თაობას რაიმე დავუტოვეთ, თქვენ ახსენეთ გარემოს დაცვის სამინისტრო, გარემოს დაცვის სამინისტრო აკეთებს ყველაფერს კეთილსინდისიერად, მაგრამ მისი კომპეტენცია აღარ ვცრცელდება სხვადასხვა ძალოვან სტრუქტურაში გადასულ საქმეებზე.

EMC: ანუ პრობლემა ძალოვანი სტრუქტურების საქმიანობაში გვაქვს?

მ.წ.: ფაქტია, რომ შედეგი არ დამდგარა ჯერჯერობით არც ერთ შემთხვევაზე. 358 მილიონის ჯარიმა ეს არის კრებითი და საუბარია სხვადასხვა უბნის შემოწმების შემდეგ სხვადასხვა ეპიზოდებზე. როგორც გითხარით, პირველი საქმე 2013 წლის ივნისში აღიძრა და პასუხი ჯერაც არ არის. ადამიანებს უნდა ჰქონდეთ იმის განცდა, რომ ვიღაც მუშაობს, ვიღაც აკეთებს რაღაცას. მე არავის დასჯა არ მინდა, მაგრამ ჩვენ თუ ვსჯით გლეხს, რომელმაც ტყიდან თოხის ტარისთვის 12 სმ დიამეტრის ტოტი გამოიტანა, დღეს, ეს კომპანია ტყეებს მარხავს მიწაში და ვინმემ ხომ უნდა მიაქციოს ამას ყურადღება?! ჯარიმებს კი უწერენ მას, მაგრამ ამ ჯარიმებს არავინ იხდის.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“