[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

შრომის უფლება / სტატია

ჭიათურა: კონტროლი და სიძულვილი

გიორგი ღვინჯილია 

blogi.jpg ფოტო: სალომე ცოფურაშვილი

 

„იმის გამო, რომ კაპიტალიზმი თავის ბალანსს გამუდმებით ინარჩუნებს, კაცობრიობის სამი მეოთხედი ცხოვრობს უკიდურეს სიღარიბეში, რაც ნიშნავს, რომ ისინი ძალიან ღარიბები არიან საიმისოდ, რომ იყვნენ დავალებულნი და ძალიან მრავალრიცხოვანნი, იმისათვის, რომ ჩასხდნენ ციხეში. ამის გამო, კონტროლის საზოგადოებას საქმე ექნება არა მხოლოდ საზღვრების ეროზიასთან, არამედ მოუწევს, შეეჯახოს სოციალურ აფეთქებებს ღარიბ კვარტალებსა და ინდუსტრიულ გეტოებში“

                                                                     ჟ. დელიოზი - პ.ს. კონტროლის საზოგადოების შესახებ

მოცემული ტექსტი და ამ ტექსტში თავმოყრილი ფაქტობრივი მასალა წარმოადგენს ჭიათურელ მაღაროელებსა და მუშებთან დიალოგისა და მათი მონათხრობის ერთობლიობას. ტექსტის მიზანი იმ ძალაუფლებრივი ურთიერთობების გაანალიზებაა, რომელშიც ჭიათურის საწარმოში დასაქმებული მუშები იმყოფებიან. ტექსტის თეზისის მიხედვით, დრამატული  უთანასწორობის გამო, მუშების დიდი ნაწილისთვის რთული ან თითქმის შეუძლებელია დემოკრატიის იმ სიკეთეებით სარგებლობა, რომლებიც ადამიანის უსაფრთხოებასა და ღირსებას უნდა იცავდეს. ასეთებია: სასამართლო, პოლიცია, გამოხატვის თავისუფლება და ა.შ. ვეცდები, ვისაუბრო მუშების პოლიტიზების შესაძლო საშუალებებსა და ამ პროცესის საპასუხოდ კაპიტალის ინტერესებში შექმნილი დაბრკოლებების ინფრასტრუქტურაზე, რომელსაც ჭიათურაში ვაწყდებით. შესაძლოა, სიჩუმეში მოქმედი, ნახევრად არაფორმალური მანქანის გაანალიზებამ დამატებითი შესაძლებლობები გახსნას ჩვენი აქტივიზმისთვის. ამასთანავე, კიდევ ერთხელ რომ დავუფიქრდეთ ნეოლიბერალური ტრანზიციის პერიოდში შექმნილი პოლიციური და სათვალთვალო მექანიზმის ფუნქციას, ერთი შეხედვითაც ნათელია, რომ ამგვარი მექანიზმი არა პოლიტიკური ელიტების, არამედ ღარიბ გარეუბნებსა და ინდუსტრიულ ზონებში დემოკრატიის მიღმა დარჩენილი ადამიანების კონტროლისთვის შეიქმნა. ეს სისტემა კონკრეტულ ფუნქციას ასრულებდა და ასრულებს ეკონომიკურ სისტემაში.

განსაკუთრებული მადლობა დამოუკიდებელი პროფკავშირების ყველა წევრს და ბატონ პაატა სამხარაძეს. ასევე ყველა იმ ადამიანს, ვინც ჭიქა ლუდის თანხლებით დაბინძურებული ყვირილის ნაპირზე ქალაქის პრობლემებზე საუბარს დასთანხმდა.

***

ჭიათურაში ჩასვლისას პირველივე უცნაური დეტალი ერთ-ერთი მაღაროს გამოსასვლელთან დამხვდა - მაღაროდან გამოსული მუშების დიდი ნაწილი სხვადასხვა მიზეზით ამბობდა უარს ინტერვიუზე. რამდენიმემ ღიად მიმანიშნა, რომ პრობლემები არ სჭირდება.

რისგან არის აშენებული მუშების რეალობა,რას ხვდებიან ისინი მაღაროებისა და ბიუროკრატიის კედლებში. ეს კითხვები ქალაქისა და საწარმოს პრობლემებზე შიგნიდან საუბრის მცდელობას მოითხოვს. კრიტიკის თვალი, რომელიც გარედან იყურება და ზოგად სურათს ხედავს, საწარმოს შიდა ლაბირინთებში უნდა გადავწიოთ - ვის ესაუბრებიან მუშები, ვინ ესაუბრება მათ, ვისი ეშინიათ და ვის ეშინია მათი, რაზე დგას ყოველდღიურობის რუტინა, როგორ იწვრთნებიან სხეულები, როგორ ცირკულირებენ საწარმოს არტერიებსა და კაპილარებში და საბოლოოდ სად და როგორ ამთავრებენ მუშაობას.

აზროვნების ხაზი, რომელიც მტრებს ეძებს, ფინანსური კაპიტალის უსასრულო ცაში იკარგება - საწარმოს მფლობელის ვინაობა დღემდე უცნობია. ხოლო ყოველდღიური შრომისა და წინააღმდეგობის პროცესი ბიუროკრატიისა და იერარქიის ჩახლართულ დერეფნებსა და გვირაბებში უსასრულოდ მოძრაობისთვის არის განწირული. იმ რამდენიმე დღის განმავლობაში, რომელიც ჭიათურაში გავატარე, სწორედ ამ პროცესის მიდევნებას შევეცადე.

იერარქია

მაღაროში ოთხი ძირითადი სპეციალობა არსებობს - რკინიგზელი, მბურღავი, მებიგე და გვირაბგამყვანი. დღიური გეგმა ორ კაცზე 15 ტონა მანგანუმის მოპოვებაა. ჭიათურელები ამბობენ, რომ გეგმის შესრულება შეუძლებელია, რაც ყველა თანამშრომელს თანაბრად მოწყვლად პირობებში ამყოფებს, რადგან სხვა მიზეზების არარსებობის შემთხვევაში, სამსახურიდან შესაძლოა, გეგმის შეუსრულებლობის გამო დაითხოვონ. გეგმა არ იცვლება იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ბრიგადის ნაწილი შვებულებაშია - შემცირებულმა ჯგუფმა იმავე რაოდენობის მანგანუმის ამოღება უნდა მოახერხოს.

გეგმიდან გადახრის შემთხვევაში, პასუხი ცვლის უფროსს მოეთხოვება, რომელმაც ბრიგადის მუშაობა უნდა გამართოს და მოპოვებული მანგანუმის რაოდენობა გაზარდოს.

ცვლის უფროსი საგრძნობლად გაზრდილი ხელფასის მქონე დაწინაურებული მუშაა. ეს შუალედური პოზიცია, რომელთანაც მუშებს უშუალოდ უწევთ პირად პრობლემებზე საუბარი, „ორი სახის“ მქონე თანამშრომლებს აწარმოებს - ცვლის უფროსი, ერთი მხრივ, კოლექტივის ნაწილი და მძიმე შრომასა და გაჭირვებაში გამოვლილი სანდო კადრია, ხოლო მეორე მხრივ, მოპოვებული თანამდებობის დაკარგვა არ უღირს.

ხელფასი პროფესიების მიხედვით მერყეობს, ამიტომაც გეგმის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ხდება ბრიგადების დაშლა და პოზიციებზე გადანაცვლება. გვირაბის გამყვანი(47 ლარი დღეში) რკინიგზელი ხდება (35-25 ლარი დღეში) და ა.შ. ხშირია ჩამოქვეითების სისტემით შანტაჟიც.

პირველივე დაკვირვებით საინტერესო დეტალს ვაწყდებით - საბჭოთა კავშირის პერიოდში ამგვარი ცირკულაცია არ არსებობდა, ანუ შეუძლებელი იყო რკინიგზელის მბურღავად „ჩამოქვეითება“ და პირიქით. ამ ნორმის დაცვა პირველ რიგში შესრულებული სამუშაოს ხარისხსა და უსაფრთხოებას უკავშირდებოდა. დღევანდელი მოქნილი სისტემა თანამშრომლების ლოიალობის კონტროლის დამატებით მექანიზმებს აჩენს - „რო არ მოეწონები, ან რამეს აწყენინებ, გაქვეითებენ და უფრო რთულზე გადაყავხარ ნაკლები ხელფასით. უარს ვერავინ ეუბნება. მშიერი ვერ დარჩება ვერავინ.“

ჭიათურის საწარმო უალტერნატივო დასაქმების ადგილია, სადაც მანგანუმთან ერთად საწარმოს მიმართ ლოიალობის წარმოება სხვადასხვა დახვეწილი მეთოდით ხდება - რაც ქმნის მდგომარეობას, როდესაც დაწინაურება მხოლოდ საწარმოს მიმართ დადებითად განწყობილ მუშებს შეუძლიათ.

დიდი ქალაქის კორპორაციებისა და სარეკლამო სააგენტოებისაგან განსხვავებით, ჭიათურაში არ იწარმოება კაპიტალისტური მითები თვითინვესტირებაზე, შრომით მიღწეულ წარმატებასა და კარიერულ წინსვლაზე. სისტემის ფუნქციონირება შიშის დათესვასა და საწარმოს მიმართ მუშების  სიძულვილის მუდმივ რეპრესირებაზე დგას. მუშა არა მხოლოდ უნდა მალავდეს სიძულვილს, არამედ კმაყოფილიც უნდა იყოს თუნდაც იმ პირობებში, როდესაც პრაქტიკულად არ ესახება არანაირი კარიერული წინსვლის, უკეთ გადამზადების ან ხელფასის მომატების პერსპექტივა. საწარმოს შემოთავაზება მარტივია - „შიმშილი ან ჩვენთან მუშაობა და კმაყოფილება“.

უალტერნატივობის გამო, საწარმო გავლენას არა მხოლოდ თავის თანამშრომლებზე არამედ, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასა და ჭიათურის დანარჩენ მოსახლეობაზეც ახდენს.

პროფესიული სასწავლებელი

მოზაიკის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ჭიათურაში მოქმედი აკრედიტებული პროფესიული სასწავლებელია. ერთ-ერთი, საკმაოდ დამაჯერებელი ვერსიის მიხედვით, მისი მფლობელები საწარმოსთან არიან დაკავშირებულები. კოლეჯში უფასო მოსამზადებელ კურსებს გადიან. სწავლას კომპანია აფინანსებს. სასწავლებელში მომზადებასთან ერთად გადამზადებაც მიმდინარეობს. ხშირია უკვე გამოცდილი მუშების გადამზადება, რომლებსაც კოლეჯის დონეზე აღარაფრის სწავლა არ შეუძლიათ, ეს კი ფულთან დაკავშირებული მაქინაციების ეჭვს ქმნის.

თუმცა საინტერესო სხვა მომენტია. ამგვარი კოლეჯის არსებობა სისტემას ადამიანური ცირკულაციის კიდევ უფრო მეტ უნარს სძენს. გაშვებული მუშების სანაცვლოდ ახალი კადრების მიღება და გადამზადება ნებისმიერ დროს და მოკლე ვადებშია შესაძლებელი. ოთხივე სპეციალობა ერთი წლის განმავლობაში ისწავლება, სპეციალიზაციის პროცესში მყოფ ადამიანებს მუშაობის დაწყება შედარებით დაბალი ანაზღაურებით შეუძლიათ.

მომზადების პროცესში მყოფი მაღაროელი ე.წ. მოსწავლის ხელფასს იღებს, რომელიც შტატიანი თანამშრომლის ხელფასზე დაახლოებით ორჯერ დაბალია. მუშების ინფორმაციით, დღეს მოსწავლის ხელფასს არა მხოლოდ მოსწავლეები, არამედ სხვა თანამშრომლებიც იღებენ - „30 გვირაბგამყვანია, რომელსაც 36 ლარს აძლევენ, 60-დან 30 მუშას ამუშავებენ 36 ლარად. ფულს ზოგავენ. ერთნაირ სამუშაოს ასრულებინებენ, ამცირებენ, ხელფასს არ უმატებენ“.

ერთი მხრივ, სასწავლებელი დაბალანაზღაურებად მუშახელს აწარმოებს, მეორე მხრივ კი, საწარმოს საკადრო პოლიტიკას ბევრად უფრო მოქნილსა და მოუხელთებელს ხდის.

შრომითი დავა

„ასე თუ ექცევიან, რატომ არ ჩივიან?“ - ასეთი აღშფოთებაც ხშირად მოგვისმენია.

დამოუკიდებელ პროფკავშირებში პირველ შეხვედრაზე მისულს ცვლის დამლაგებელი შემხვდა - ერთ-ერთ საწარმოში მომუშავე ხუთი მორიგე დამლაგებლიდან სამსახურში მხოლოდ სამი დატოვეს. ეს სამი დამლაგებელი ვალდებულია, ოთხ ცვლას მოემსახუროს, დღეში თოთხმეტი ლარის სანაცვლოდ. ცვლებისა და დამლაგებლების რაოდენობის შეუსაბამობის გამო, სამივე დარჩენილ დამლაგებელს კვირაში ერთხელ 24-საათიანი ცვლის შესრულება უწევს. ქალბატონის მოთხოვნა შემდეგი იყო - არც ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება, არც უკეთესი ეკიპირება, უბრალოდ, ნაკლები შრომა, თუნდაც თოთხმეტლარიან ტარიფთან ერთად - „ხელფასის მომატებას მირჩევნია, ადამიანი დაგვიმატონ. ვეუბნები, არ ვიმუშავებ 24 საათი, ნუ დამატანთ ძალას. მეუბნებიან, არ გატანთ ძალას, არ იმუშავებ და წადი. სად უნდა წავიდე?!“.

რამდენიმე წარმატებული პროცესის მიუხედავად, ჭიათურელები სკეპტიკურად არიან განწყობილები შრომითი დავის მიმართ. მოსახლეობის დიდი ნაწილი ამგვარ დავას უიმედოდ უყურებს. პროფკავშირის ინფორმაციით, მიმართვების რაოდენობა ძალიან მცირეა და პირიქით, ხშირად ამგვარი დავის სტიმულირება ხდება საჭირო - „სამსახურში აღდგენის დავა შესაძლოა, 6-დან 8 თვემდე გაიწელოს. ჩვენისთანა გაჭირვებული ხალხისთვის რთულია ასე ლოდინი“.

კომპანია ძველ ხერხს მიმართავს და წაგებულ სარჩელსაც ყველა ინსტანციაში ასაჩივრებს - „3000 მუშა უყურებს ამ პროცესს, წარმოიდგინე როგორი უიმედობა ეუფლებათ. ყველა ფიქრობს მე რომ ამდენი ხანი ვიყო უმუშევარი მერე შეიძლება გვიანი იყოს.“

ადვოკატის მომსახურება 2000-დან 3000 ლარამდე მერყეობს (რიგითი მუშის დაახლოებით 5 თვის ხელფასი). ხშირია ადამიანების მოტყუება, სასამართლო მოსარჩელე, მაღაროში დაღუპული მუშის მეუღლეს ეუბნებოდნენ, რომ დამნაშავედ მეუღლის გადარჩენილ მეწყვილეს ცნობდნენ, რის შედეგადაც ზარალის კომპენსირების ტვირთი სწორედ მას დააწვებოდა. რომ არა პროფკავშირის რამდენიმე აქტივისტი, რომლებმაც შემთხვევით შეიტყვეს დავის შესახებ, გარდაცვლილის მეუღლე სარჩელს გამოიტანდა და თანხა საწარმოს დარჩებოდა.

პროფკავშირის მეორე ძირითადი პრობლემა ახალგაზრდა კადრების ნაკლებობაა. მოძრაობის ბირთვს ისევ გამოცდილი მაღაროელები წარმოადგენენ -  „ახალგაზრდებს ოღონდ ნუ დააჯენთ და ნუ ელაპარაკებით, სკოლაში არ მისწავლია და ეხლა მაგის სწავლას ხო არ დავიწყებ მეო. რაღაცნაირი ძველბიჭური მენტალიტეტი აქვთ.“  ყველა მათგანი დასაქმებისა და ცხოვრების სხვა პერსპექტივას ეძებს.

ყვითელი პროფკავშირი და უშიშროება

ახალი თანამშრომელი სამსახურის დაწყებისთანავე ავტომატურად ხდება საწარმოსთან დაკავშირებული ე.წ. „ყვითელი პროფკავშირის“[i] წევრი. ყვითელი პროფკავშირის ლიდერები საწარმოში შედარებით მაღალ თანამდებობაზე დასაქმებული მუშები არიან: ინჟინრები, ცვლის უფროსები და ა.შ. ხშირია წევრების გადაბირება, სამსახურის დაკარგვის მუქარით - „გადმოდი ჩვენთან პროფკავშირში, თორემ სამსახურს დაგაკარგვინებო, მერე დაცვის უფროსს ავალებენ, მიაქციე მაგ კაცს ყურადღებაო. დაცვაც ჩართულია. დაცვის პოლიციას ეუბნებიან, გამიკონტროლე, როდის გავიდა სამსახურიდან, როდის მოვიდა, რა თქვა, რა გააკეთა.“

მონიტორინგის სამსახურის (დაცვის) მაღალი რგოლი ყოფილი უშიშროებისა და პოლიციის თანამშრომლებით არის დაკომპლექტებული. ყველა მათგანი ძალოვანი უწყებებიდან საპენსიო ასაკის, ან სამსახურებრივი მოვალეობის დროს გაკეთებული გადაცდენის გამოა გათავისუფლებული - „ობიექტებზე არის 5 დაცვა და უფროსი პოლიციელი. ჩვეულებრივი მოქალაქე ვერ გახდება დაცვის უფროსი. იგივე უნივერსიტეტების ოდეერებია.“

სხვა ფუნქციებთან ერთად ეს ქსელი „ხმების დაყრაზე“ მუშაობს - საწარმოს დახურვის შიშის გავრცელება, დაწყებული მოძრაობების ლიდერების დისკრედიტაცია და ა.შ.

საბოლოო ჯამში სისტემა შიშს, უიმედობას და აპათიას ნერგავს. ჭიათურა ინდუსტრიული  ქალაქია, კაპიტალისტური უტოპიის გარეშე, კაპიტალისტური ოცნებებისა და იმედების გარეშე. ქალაქის მელანქოლიურობა გაჭირვებით, უთანასწორობითა და ბიუროკრატიული ძალადობით არის განპირობებული.

სიძულვილი

რას გვეუბნება მაღაროდან გამოსული მუშა, რომელიც ინტერვიუს შეთავაზებაზე პასუხობს, რომ სამსახურში პრობლემები შეექმნება? როგორ განსხვავდება ეს ფიგურა პოლიციელისგან, რომელიც ჟურნალისტებს შსს-ს პრესცენტრთან ამისამართებს? პოლიციელი სისტემის სიძულვილს მალავს, არაფერი არაპოლიტკორექტული არ უნდა წამოსცდეს. ქუჩური მანერები კარგად იფარება; ენა და სხეულის მოძრაობა ათასგვარ საცერში გადის, რადგან ქუჩის ჟარგონის ყველა ნაპრალიდან სიძულვილი მოჟონავს. მუშა დიამეტრალურად განსხვავებული ფიგურაა და ინტერვიუზე უარის მომენტში სისტემის მიმართ სიძულვილს უნდა მალავდეს, მალავდეს იმიტომ, რომ გადარჩეს და ოჯახი შიმშილს გადაარჩინოს.

გვიანი ღამეა. ბიჭებთან ერთად ყვირილის ნაპირზე ლუდს ვსვამ. შორიდან რესტორნის მუსიკა ისმის. ბიჭები ხუმრობით ამბობენ, რომ, სავარაუდოდ, საკრებულოს წევრები, ქარხნის მენეჯმენტი, მოსამართლეები, პოლიციელები და მღვდლები ერთად ერთობიან; ვინმეს დაბადების დღე იქნება. მომსვლელებს გამარჯობის ნაცვლად, კომპანიის მაღალჩინოსნების გინებით ესალმებიან. გზის მეორე მხარეს სიბნელეში მოძრავი სხეული გამოჩნდა, - „ბიჭო, .... რა კაცია?“ - უყვირიან ჩვენები  - „მაგის ცოლ-შვილს შ...ცი, მაგის ჯიპი მ....ნ“ - ისმის პასუხად და ყველა ხმამაღლა იცინის.

ზოგი მათგანი სამსახურიდან დაითხოვეს, ზოგიერთი ისევ მუშაობს, ზოგსაც არასდროს უმუშავია. მთვრალი კაცი ბარბაცით გვიახლოვდება ჭიქა არაყს გვთხოვს და ჩემთვის სხეულზე დატოვებული  ნაიარევების ჩვენებას ცდილობს - „მაღაროში ავფეთქდი, ტალღამ გადამაგდო 20 მეტრი, იმის მერე არ შევსულვარ. ძმაკაცები მომიკვდა...“.  შემდეგ რაღაც გაურკვეველ ფრაზებს იმეორებს, მენეჯმენტს აგინებს, ყველაფერი ერთმანეთში ერევა, აზრი ნელ-ნელა იკარგება.

თბილისში ან ევროპაში წასვლა თითქმის ყველა ჭიათურელი ახალგაზრდის ოცნებაა - „ოქრო რომ დამიდონ შიგნით, მანდ მაინც არ შევალ. ახალგაზრდა ბიჭი ვარ, თავმოყვარეობა მაქვს, იტანე მერე ამათი დამცირება, მომიმატე ხელფასი არ მოგიმატებ, თან მშიერი უნდა ვიყო, თან მანდ ვთხარო თხუნელასავით“.

* * *

ჩემს წინა ტექსტებში ვცდილობდი, მეჩვენებინა წყვეტა ცენტრისა და პერიფერიების კულტურას შორის, უთანასწორობა, რომელიც რეალობაში, სამყაროს აღქმასა და ენაში არის გამოხატული. შესაძლოა, ის დაკარგული ცვლადი, სიმბოლო, რომელმაც ნამდვილი გაერთიანებები უნდა შექმნას, არა სიყვარულისა და შემწყნარებლობის ლიბერალური იდეა, არამედ სიძულვილია - არა მუშების შეყვარება, ან მუშების მიერ ჩვენი შეყვარება, არამედ იმ ადამიანების სიძულვილის მიზეზების გაგება, რომლებიც პროგრესის იდეისა და სადღაც დემოკრატიის მიღმაც დარჩნენ, მისი ხელშეწყობა, სტრუქტურირება და პოლიტიკურ მოქმედებებად გარდაქმნა. გაღიმებული სახე, რომელიც ამ სიძულვილს „იშრომე და მოგეცემას“ ტიპის კაპიტალისტური მითოლოგიით, სიყვარულზე აბსტრაქტული მსჯელობებითან ვითარების მიღებისკენ მოწოდებებით პასუხობს, ვერ ითვალისწინებს დაფარულად მოქმედ მანქანასა და ქსელების ერთობას, რომელიც ჭიათურას აჩუმებს. ასეთი სახე უნდა გადადგეს მის მემარცხენე და მემარჯვენე გამოვლინებაში. ვითარების სიძულვილი არა თუ სასირცხვილო, არამედ აუცილებელი და სტრატეგიულად მნიშვნელოვანია.

ესეში „ქალაქი და სიძულვილი“ ბოდრიარი ფილმ „სიძულვილის“ პერსონაჟების - პარიზის გარეუბანში მოხეტიალე წვრილი კრიმინალების სამყაროს შესახებ საუბრობს. ბოდრიარის მიხედვით, ჩვენს ეპოქაში დემოკრატიის გარეთ დარჩენილი ადამიანების სიძულვილმა თავისი ისტორიული ობიექტი (ბურჟუაზია) დაკარგა. ეს უმისამართო, ყრუ სიძულვილია, რომელიც უარს ამბობს მიზნის პოვნაზე და ჰაერში გამოკიდებულ აღმნიშვნელად, მიზეზის წინმსწრებ ტკივილად რჩება.  შესაძლოა, პოსტსაბჭოთა საქართველოში ჩვენი მიზანი ამგვარ სიძულვილთან კომუნიკაცია და პოლემიკა, მის ისტორიულ მიზანთან, კლასობრივ ბრძოლასთან დაბრუნება უნდა იყოს; სიტუაციისა და მტრების მიმართ სიძულვილი, ყოველგვარი ისტერიულობისა და დესტრუქციულობის გარეშე, გრძელვადიანი მიზნებით, შესაძლოა, სახეზე ღიმილითაც კი.

ორი სიტყვა უნდა ითქვას საჯარო სივრცეზეც - ახალგაზრდა არტისტები და აქტივისტები, რომლებიც ფოტოსურათების, ნახატებისა და ვიდეოების სახით გაჭირვების გალერეებსა და სალონებში გამოტანას ცდილობენ, ბურჟუაზიის შეშფოთებაზე მუშაობენ, რაც ცუდი არ არის, მაგრამ არასაკმარისია. ნამდვილი კლასობრივი სამუშაო არა გაჭირვების ილუსტრირება და წუხილი, არამედ ჯანსაღი სიძულვილისა და პოლიტიკური მოქმედების ხელშეწყობაა; არა ღვინის თანხლებით შეშფოთებაზე, არამედ სიძულვილის კულტურაზე მუშაობა, ასეთი სამუშაო ჭეშმარიტად კულტურული ადამიანების ხვედრია.

უხეშად რომ ვთქვათ, დიდი ხნის განმავლობაში ქართველი ინტელექტუალებისა და კულტურის ავანგარდის სააზროვნო ხაზი ერთ ძირითად აღშფოთებულ კითხვას უტრიალებდა - „საიდან ამდენი სიძულვილი?“. ამ კითხვის დასმის შემდეგ სიძულვილის უკან მდგომი შამანებისა და მენტალიტეტში ჩადებული პრობლემების იდენტიფიცირება მიმდინარეობს. ერთი შეხედვითაც ნათელია ამგვარი კითხვის კლასობრივი სემანტიკა, ვინ შეიძლება დასვას ასეთი კითხვა? ვინ ლაპარაკობს, როდესაც ასე ულაპარაკობს? ვერაფერს იტყვი, უწყინარი ბურჟუაზიული გასართობია. ასეთი მოსაუბრის მდგომარეობა ჩვენს საზოგადოებაში წარმოებული საჯარო საუბრის ლოგიკასა და უთანასწორობის სტრუქტურას გვაჩვენებს. ამ უწყინარი გართობების პარალელურად, საქმეს სხვები აკეთებენ, ისინი, ვინც იციან, როგორ მუშაობს ქართული დემოკრატია, ქსელების კოორდინატორები, სხვადასხვა ძალოვანი უწყების წარმომადგენლები და საქმის გამკეთებლები. შესაძლოა, დღეს ჩვენი ამოცანა მარგინალობასა და გაუცხოებაში წარმოებული სიძულვილისთვის მიმართულების მიცემა, მისი სტრუქტურირება უნდა იყოს, ყოველგვარი კომპლექსებისა და ენის მოჩლექის გარეშე. მათთან წინააღმდეგობა, ვინც ამ სიძულვილის რელიგიური, ეთნიკური და სექსუალური ნიშნით მიმართვას ცდილობს სხვადასხვა უმცირესობის წინააღმდეგ, მაგრამ ასევე მათ წინააღმდეგ, ვინც ისევ ნაივურად იმეორებს, ამ ათას სალონსა და გალერეაზე გადამხტარ კითხვას - „საიდან ამდენი სიძულვილი?“.

პუბლიკაცია ქვეყნდება პროექტის „მძიმე მრეწველობა ყურადღების ცენტრში: ჭიათურის მაგალითი“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია Heinrich Boell Foundation South Caucasus Regional Office-ის მიერ. პუბლიკაციის შინაარსი შესაძლოა არ გამოხატავდეს EMC-ისა და Heinrich Boell Foundation South Caucasus Regional Office-ის პოზიციას.

 

 

 

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[i]დასაქმებულთა პროფესიული გაერთიანება, რომელიც  დამსაქმებლის ზეგავლენას განიცდის და მის მიერ კონტროლდება და საზოგადოების თვალში არ მიიჩნევა დამოუკიდებელ პროფესიულ კავშირად.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“