[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

უფლება საცხოვრებელზე / ანალიტიკური დოკუმენტები

საკრედიტო ბუმი, ჭარბვალიანობა და ეროვნული ბანკი

ია ერაძე 

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აქვეყნებს ანალიტიკურ დოკუმენტს საქართველოში მტაცებლური სესხების პრობლემასთან დაკავშირებით, რაც ხშირად უსახლკარობისა და ადამიანის უფლებების სხვა ტიპის დარღვევის მიზეზი ხდება.

ანალიტიკური დოკუმენტის - "საკრედიტო ბუმი, ჭარბვალიანობა და ეროვნული ბანკი" - ძირითადი მიგნებები:

  • საქართველოში ბოლო 15 წლის განმავლობაში, ფორმალურ თუ არაფორმალურ სასესხო ბაზარზე განვითარებულმა მოვლენებმა - საკრედიტო ბუმიდან ჭარბვალიანობამდე - უამრავი ადამიანის ცხოვრება უარესობისკენ შეცვალა, თუმცა, რთულია, დადგინდეს იმ ადამიანების რაოდენობა, რომელთაც საცხოვრებელი და ეკონომიკური დასაყრდენი დაკარგეს.
  • ფინანსურ აქტორებზე მორგებულმა საკანონმდებლო ჩარჩომ, ფინანსური სფეროს დერეგულაციამ, ეროვნული ბანკის პასიურობამ და მძიმე სოციო-ეკონომიკურმა ფონმა გარდაუვალი გახადა საკრედიტო ბუმი საქართველოში. ამ პროცესში წარმატებით იქნა უძრავი ქონება, როგორც სესხის საიმედო უზრუნველყოფა. საქართველო კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებლის მაღალი მაჩვენებლით (90%-ზე მეტი) გამოირჩევა, რაც კრედიტორს საშუალებას აძლევდა, ეს საკუთრება სესხის უზრუნველყოფად მოეთხოვა. ამას სასამართლოს რეფორმა და სესხის უზრუნველყოფის დაუფლების წესების გამარტივებაც უწყობდა ხელს.
  • საცხოვრებლის და ზოგადად, უძრავი ქონების სესხის უზრუნველყოფად მოთხოვნა კარგად აითვისა არაფორმალურმა ბაზარმაც, რომელიც ამ დროს ყოველგვარი რეგულაციის მიღმა რჩებოდა. შესაბამისად, კერძო მევახშეებს იპოთეკით დატვირთული სესხის გაცემა იმ პირობებით შეეძლოთ, რაზეც ისინი მსესხებელს დაითანხმებდნენ. ეს კი, მტაცებლური დაკრედიტების საფუძველს ქმნიდა. ამასთან, სახელმწიფოს მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა ვერ უპასუხა იპოთეკით დაზარალებულთა საჭიროებებს.
  • მსესხებელსა და გამსესხებელს შორის ძალაუფლების არათანაბარმა გადანაწილებამ, მტაცებლურმა დაკრედიტებამ და რეგულაციების არარსებობამ ჭარბვალიანობა განაპირობა, რამაც კიდევ უფრო დაამძიმა მსესხებელთა კეთილდღეობა და ბევრი ადამიანი უსახლკაროდ დატოვა.
  • ჭარბვალიანობის საპასუხოდ პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩოს განვითარება საჭირო, მაგრამ დაგვიანებული რეაქციაა, რომელიც დიდი ალბათობით თავიდან აგვარიდებს მორიგ ჭარბვალიანობას, მაგრამ ვერ უპასუხებს იმ რთულ სოციო-ეკონომიკურ გამოწვევებს, რაც შინამეურნეობებს ვალის აღებისკენ უბიძგებს.
  • უმუშევრობის, შემოსავლების უთანასწორობის და სიღარიბის კონტექსტში, სესხის ხელმისაწვდომობის “გართულება”, გარკვეულწილად, იმ წყაროსაც ახშობს, რაც აქამდე გამოუვალ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს პრობლემების გადადების და დროებით მოგვარების საშუალებას აძლევდა. შესაბამისად, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ამუშავებასთან ერთად, იქმნება შინამეურნეობების კეთილდღეობის ამაღლების საჭიროება და მნიშვნელოვანია ისეთი ფუნდამენტური საკითხების გადააზრება, როგორიცაა სახელმწიფოს არსი, განვითარების ხედვა, ფინანსური სექტორის როლი სოციო-ეკონომიკურ კეთილდღეობაში, ეროვნული ბანკის მისია და დანიშნულება.

ანალიტიკური დოკუმენტი მომზადდა ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) მხარდაჭერით, პროექტის - „კვლევისა და ადვოკატირების გზით საქართველოში სოციალური უფლებების მხარდაჭერა“ - ფარგლებში. პროექტის მიზანია საქართველოში სოციალური უფლებების კუთხით მდგარი მთავარი გამოწვევების - შრომის, დასაქმებისა და უსახლკარობის პოლიტიკების პოზიტიური და სამართლიანი ტრანსფორმაციების ხელშეწყობა.

საკრედიტო_ბუმი_1589804631.pdf

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“