საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
შესავალი
მიუხედავად იმისა, რომ საქართველო, იმის გამო, რომ მის ეკონომიკაში ბუნებრივი რესურსების ექსპორტი წამყვან როლს არ თამაშობს, ეკონომიკურად ბუნებრივ რესურსებზე დამოკიდებულ ქვეყნად ვერ ჩაითვლება, ბუნებრივი რესურსების ათვისების პოლიტიკასთან დაკავშირებული სოციალურ-ეკონომიკური რისკები მაინც სათანადო ყურადღებას იმსახურებს. წიაღისეულის მოპოვებას, სამშენებლო, სერვისის და სოფლის მეურნეობის სექტორებთან შედარებით, მთლიან შიდა პროდუქტში მცირე წილი შეაქვს, თუმცა ექსპორტირებული საქონლის ერთი მეოთხედი ბუნებრივი წიაღისეულია.[1] ამასთან, საქართველოში არის რამდენიმე რეგიონი და ქალაქი, მაგალითად, ჭიათურა და ტყიბული, სადაც ბუნებრივი რესურსების მოპოვება ძირითადი ეკონომიკური საქმიანობაა, მომპოვებელი კომპანია კი - უმსხვილესი დამსაქმებელი.
ბუნებრივი რესურსების ათვისების პოლიტიკა, ანუ ბუნებრივი გარემო და რესურსებთან დაკავშირებული სახელმწიფო კანონმდებლობა, გადაწყვეტილებებისა და ინსტიტუციების ერთობლიობა, ხელშესახებ გავლენას ახდენს შრომის ბაზრის სტრუქტურაზე, როგორც ეროვნულ დონეზე, ისე უშუალოდ იმ რეგიონებში, სადაც წიაღისეულის მოპოვება, ჰიდროენერგეტიკული პროექტები და ბუნებრივ რესურსებთან დაკავშირებული სხვა სექტორები წამყვან როლს თამაშობენ. ბუნებრივი რესურსების პოლიტიკა განსაზღვრავს, რამდენი და რა ტიპის სამუშაო ადგილი იქმნება მოპოვების ინდუსტრიაში, როგორ ნაწილდება მოპოვების შედეგად დაგროვებული დოვლათი და რამდენად უწყობს ხელს ბუნებრივი რესურსების ათვისება ქვეყნისა თუ მისი ცალკეული რეგიონების მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას.
ბუნებრივი რესურსების ათვისების კავშირს მაღალ სოციალურ-ეკონომიკურ და ეკოლოგიურ რისკებთან, ისიც ადასტურებს, რომ ბუნებრივი რესურსებით მდიდარ რეგიონებსა და ქვეყნებში, საშუალოდ, უფრო დაბალი სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებლები გვხვდება, ვიდრე რესურსებით ღარიბ სახელმწიფოებში. ეს პარადოქსული კანონზომიერება „რესურსის წყევლის“ სახელითაა ცნობილი და მას ემპირიულად ადასტურებს, მათ შორის, ე.წ. „გარდამავალი ეკონიმიკებისა“ და პოსტსაბჭოთა სივრცის კონტექსტში, თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში დაგროვებული სამეცნიერო ლიტერატურა სხვადასხვა დარგებიდან.[2] „რესურსის წყევლის“ თეორიის მიხედვით, ბუნებრივი რესურსის მოპოვებაზე დამოკიდებულ რეგიონებსა და ქვეყნებში, რესურსის არმქონე რეგიონებთან შედარებით, მაღალია უთანასწორობა, დაბალია განათლების დონე, უფრო ხშირად გვხვდება განუვითარებელი ან კორუმპირებული ინსტიტუტები, დაბინძურებულია ბუნებრივი გარემო, ეკონომიკა არასტაბილური და არადივერსიფიცირებულია.[3]
„რესურსის წყევლის“ მიღმა რამდენიმე პოლიტიკური, სოციალურ-ეკოლოგიური და პოლიტეკონომიური პროცესი დგას, რომლებიც ამ ფენომენს ერთობლივად აწარმოებენ. მათ შორის ერთ-ერთია ბუნებრივი რესურსების პოლიტიკის გავლენა შრომის ბაზარზე, რომელიც სპეციფიკური და რისკიანია. ბუნებრივი რესურსების მომპოვებელი ინდუსტრია დამახასიათებელ შრომით „ნაკვალევს“ ტოვებს. სხვადასხვა კონტექსტში ამ ნაკვალევის ნაწილი შეიძლება იყოს მზარდი უთანასწორობა, შრომითი ბაზრის არასტაბილურობა, უმაღლესი განათლების უგულებელყოფა და სხვ.
აქ განხილული ცვლადების - ბუნებრივი რესურსებისა და მათი ათვისების სხვადასხვა რეჟიმის უკეთ გამოსაკვეთად, სტატიას განმარტებებით დავიწყებთ. შემდეგ ათვისების პოლიტიკასა და შრომის ბაზარს შორის არსებულ კავშირებზე ვისაუბრებთ, ბოლოს კი, მოკლედ შევეხებით ბუნებრივი რესურსების როლს განვითარების სხვადასხვა ტრაექტორიის კონტექსტში.
სტატია სრულად შეგიძლიათ იხ. მიმაგრებულ დოკუმენტში
სტატია მომზადებულია პროექტის - "კვლევისა და მონაწილეობითი ადვოკატირების გზით საქართველოში სოციალური უფლებების მხარდაჭერა" - ფარგლებში. პროექტი ხორციელდება "ღია საზოგადოების ფონდის" (OSGF) ფინანსური მხარდაჭერით. მასში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა, არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
[1] საქართველოს წიაღის კანონმდებლობის საინვესტიციო დაბრკოლებების აღმოფხვრა. გერმანელ ეკონომისტთა ჯგუფი საქართველოს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლასთან (ISET) თანამშრომლობით. 2015.
[2] Kronenberg, Tobias. "The curse of natural resources in the transition economies." Economics of transition 12, no. 3 (2004): 399-426.
[3] Ross, Michael L. "The political economy of the resource curse." (1999): 297-322.
ინსტრუქცია