საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
21 ივნისს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში საქართველოში რელიგიის თავისუფლების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ.
ანგარიშის დასაწყისშივე, სახელმწიფო დეპარტამენტი მიუთითებს იმ უთანასწორობაზე რაც არსებობს დომინანტ რელიგიურ ორგანიზაციას და სხვა რელიგიებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ ახალი კონსტიტუციის თანახმად, საქართველოში რელიგიის თავისუფლება მაღალი ხარისხით არის დაცული, კანონმდებლობასა და პრაქტიკაში კვლავ შესამჩნევია ის პრივილეგიები, რაც მართლმადიდებლურ ეკლესიას აქვს.
საკონსტიტუციო სასამართლო, 2018 წლის ივლისში მიღებული გადაწყვეტილებით შეეცადა დაებალანსებინა ის დისკრიმინაცია, რაც არსებობდა საქართველოს საგადასახადო კოდექსში და სახელმწიფო ქონების შესახებ კანონში. თუმცა საკანონმდებლო დონეზე ეს დისკრიმინაციული მიდგომა კვლავ არ არის აღმოფხვრილი. პარლამენტს ცვლილებების შესატანად 2018 წლის 31 დეკემბრამდე ჰქონდა ვადა, თუმცა არცერთ საკანონმდებლო აქტში არ არის შეტანილი შესაბამისი ცვლილება, რომელიც ასახავდა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებს. ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, რომ ახალი კონსტიტუცია არ ცვლის ძველი კონსტიტუციის მიდგომებს და აღიარებს მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში, რაც საბოლოოდ, წყარო ხდება კონსტიტუციური შეთანხმების საფუძველზე ისეთი პრივილეგიების მინიჭების, როგორიცაა პატრიარქის იმუნიტეტი, სამხედრო სამსახურისგან გათავისუფლება, მთავრობაში საკონსულტაციო როლი, განსაკუთრებით განათლების საკითხებში.
განათლების საკითხებთან დაკავშირებით, ანგარიშში გაკრიტიკებულია კონსტიტუციური შეთანხმების ჩანაწერი, რომლის თანახმადაც საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს საჯარო სკოლებში რელიგიური სწავლების უფლება. თუმცა აქვე აღნიშნულია, რომ 2018 წლის დეკემბრის მონაცემებით არც ერთ საჯარო სკოლაში არ ისწავლება რელიგია ოფიციალურად. ანგარიში ასევე ნახსენებია, არასამთავრობო ორგანიზაციების დაკვირვებები იმასთან დაკავშირებით, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელო პირები ხშირად სტუმრობენ სკოლებს და ატარებენ გაკვეთილებს, მასწავლებლების და სკოლის ადმინისტრაციის მიწვევით.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ რელიგიური ორგანიზაციები საანგარიშო პერიოდში კვლავ არაერთხელ გახდნენ რელიგიური შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულის მსხვერპლები. სახალხო დამცველის მიერ განხილული იყო ასეთი 19 საქმე, რაც წინა წლის მონაცემთან შედარებით, 5-ით მეტია (2017 წელს 14 საქმე). აქვე აღნიშნულია, რომ გამოძიების ხარისხი უმჯობესდება, თუმცა ის კვლავ არ არის ეფექტიანი. აღსანიშნავია რომ ყველა ეს საქმე ეხებოდა იეჰოვას მოწმეებს.
ანგარიშში ხაზი აქვს გასმული იმ დისკრიმინაციულ პრაქტიკებს, რასაც რელიგიური უმცირესობები აწყდებიან მუნიციპალიტეტების მიერ მშენებლობის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ამ მხრივ კანონმდებლობა არის ნეიტრალური, პრაქტიკა აშკარად მიუთითებს უთანასწორო მოპყრობაზე და მიკერძოებაზე, დომინანტი რელიგიური ჯგუფის მიმართ. ამ მხრივ პრობლემურია რელიგიის საქმეთა სახელმწიფო სააგენტოს როლიც, რომელიც „ლეგიტიმური მიზნის და სამართლებრივი საფუძვლის გარეშე“ ერევა ადგილობრივი თვითმმართველობების საქმიანობაში.
მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცედურის დისკრიმინაციულობაზე მიუთითებს ასევე მუსლიმი თემი, რომლებიც ამგვარ პრობლემებს სისტემატიურად აწყდება ქვემო ქართლში, აჭარაში და ადიგენში. ანგარიშში დეტალურად არის აღწერილი ის დროში გაჭიანურებული პროცესები, რომელიც უკავშირდება ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებულობის საქმეს. არადომინანტური რელიგიური ჯგუფების მიმართ არსებულ დისკრიმინაციულ მიდგომებს ავლენს ასევე მოხეში (სამცხე ჯავახეთში) მეჩეთის მშენებლობის საქმე, რომელთან დაკავშირებითაც ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრმა გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში წარადგინა საქმე და მიუთითა პაქტის არაერთი უფლების, მათ შორის რელიგიის თავისუფლების დარღევვაზე.
ანგარიშში შევიდა ასევე ქობულეთის პანსიონატის საქმე, სადაც მუსლიმმა თემა 2014 წლის შემდგომ ვერ შეძლო ადგილობრივი მექანიზმების გამოყენებით დარღვეული უფლებების აღდგენა, აქედან გამომდინარე EMC-იმ მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს.
საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით, აღნიშნულია სომხური კათოლიკური ეკლესიისთვის მის მფლობელობაში არსებული ეკლესიების საკუთრებაში გადაცემაზე სისტემატიური უარი სახელმწიფოს მხრიდან. ანგარიშში ნათქვამია, რომ სომხური ეკლესია ფუნქციონირებს 57 ეკლესიაში, რომელიც ისტორიულად მას ეკუთვნის, თუმცა არც ერთი არ არის მის საკუთრებაში. სომხური ეკლესია უშედეგოდ ითხოვს ახალციხეში არსებული ერთი ეკლესიის და თბილისში არსებული ხუთი ეკლესიის გადაცემას.
ხელისუფლება კვლავ განაგრძობდა ოთხი რელიგიური ორგანიზაციისთვის სუბსიდიების გაცემას, საბჭოთა დროს მიყენებული ზარალის კომპენსაციის სახით. ეს პრაქტიკა სისტემატიური კრიტიკის საგანია არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, რომელის მიხედვითაც ოთხ შერჩეულ დენომინაციას უსამართლოდ ენიჭება უპირატესობა სხვა რელიგიური თემებთან შედარებით. საანგარიშო პერიოდში მართლმადიდებელმა ეკლესიამ მიიიღო 25 მილიონი ლარი, ხოლო დანარჩენმა ოთხ ორგანიზაციას ჯამში 4.5 მილიონი ლარი გადაეცა.
წინა წლების მსგავსად, ანგარიშში ყურადღებაა გამახვილებული რელიგიური საქმიანობის შეზღუდვის ინციდენტებზე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რომელიც ცენტრალური მთავრობის ფაქტობრივ კონტროლის მიღმა რჩება.
ანგარიში მიუთითებს ევროპის საბჭოს შეფასებაზე, რომ საქართველოში ყველაზე მეტად დისკრიმინირებული ჯგუფები არიან იეჰოვას მოწმეები. სწორედ ამ რელიგიური ჯგუფის მიმართ ხდება ყველაზე მეტი რელიგიური შეუწყნარებლობის დანაშაული. ამასთანავე, მიმოხილულია საზოგადოებრივი განწყობებიც, და აღნიშნულია რომ 2018 წლის სექტემბრის მონაცემებით მედიის განვითარების ფონდის მიერ დაფიქსირდა 140-ზე მეტი რელიგიურ შეუწყნარებლობის შემთხვევა, როგორც ტელევიზიით, ასევე ონლაინ და ბეჭდურ მედიაში. 90 განცხადება იყო ისლამოფობიური, 35 კი მიემართებოდა მუსლიმ მიგრანტებს, 29 განცხადება კი იეჰოვას მოწმეებს ეხებოდა.
დეტალურად სახელმწიფო დეპარამენტის ანგარიშს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://www.state.gov/reports/2018-report-on-international-religious-freedom/georgia/
ინსტრუქცია