[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სხვა / ანგარიში

აშკარაა დაუსჯელობისა და ხელისუფლების ლოიალობის ნიშნები ალტ-ინფოსა და კონსერვატიული მოძრაობის ლიდერების მიმართ

შესავალი

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ულტრამემარჯვენე ექსტრემისტული მედიასაშუალების ალტ-ინფოსა და პოლიტიკური პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ წარმომადგენლების მიერ ჩადენილი ძალადობრივ და შუღლის გაღვივებისკენ მიმართულ დანაშაულებზე სახელმწიფოს რეაგირებას აშკარად არაეფექტიანად მიიჩნევს და თვლის, რომ სახელმწიფოს მხრიდან ამგვარი ძალადობის შეწყნარება ერთი მხრივ, არღვევს სოციალურ მშვიდობის, თანასწორობისა და დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს, მეორე მხრივ კი ასუსტებს ხელისუფლების მიერვე სამართალდამცავ სისტემაში 2018 წლიდან გატარებულ  ინსტიტუციურ რეფორმებს თანასწორობის პოლიტიკის მიმართულებით. დაუსჯელობისა და ერთგვარი სამართლებრივი და პოლიტიკური იმუნიტეტის ნიშნები, რომელიც ამ ჯგუფების ლიდერების მიმართ დამოკიდებულებებში ჩანს, ხელისუფლების პოლიტიკური ლოიალობის ეჭვებს აჩენს, რაც  პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ მკვეთრად პრორუსული და უკარაინაში რუსეთის ომის მხარდამჭერი პოლიტიკური დღის წესრიგის გათვალისწინებით, განსაკუთრებით შემაშფოთებელია.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აქტიურად სწავლობდა 2022 წლის მარტიდან  საქართველოს სხვადასხვა რეგიონში (მესტია, ხულო, ოზურგეთი, მარნეული, ქობულეთი და ა.შ.) გამოვლენილი ძალადობის, მუქარისა და შუღლის გაღვივებისგან მიმართული ძალადობრივი მოწოდებების ფაქტებს, რომელიც ულტრამემარჯვენე ექსტრემისტული მედიასაშუალების ალტ-ინფოსა და პოლიტიკური პარტია “კონსერვატიული მოძრაობის” წარმომადგენლებმა ჩაიდინეს. ჩვენი შეფასებით, გამოვლენილი შემთხვევები კონკრეტული დანაშაულებრივი ეპიზოდების მიღმა, განსახილველი ორგანიზაციების ლიდერების მხრიდან  ეთნიკური და რელიგიური შუღლის გაღვივების საფრთხესა და დანაშაულის შემადგენლობას ჰქმნის, რის გამოც მნიშვნელოვანია სამართალდამცავმა უწყებებმა სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე პრიმა მუხლის საფუძველზე (ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდება) გამოძიება დაიწყოთ და მათ შორის, ლიდერებისა და იურიდიული პირის პასუხისმგებლობის საკითხი შეისწავლონ. ამ მიზნით, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ჯერ კიდევ 2022 წლის მარტის თვეში მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვრცელი და დასაბუთებული მიმოხილვით და გამოძიების დაწყება მოითხოვა,  თუმცა, ამ ფაქტებზე გამოძიება  შსს-ს ამ დრომდე არ დაუწყია. [1]

  • გამოვლენილი ინციდენტების მიმოხილვა

ალტ-ინფოსა და კონსერვატიული მოძრაობის ლიდერები და მათთან აფილირებული პირები,  2020 წლიდან ღიად გამოხატავენ აგრესიულ, ქსენოფობიურ და ისლამოფობიურ განწყობას საქართველოში მცხოვრები არადომინანტი რელიგიური, ეთნიკური ჯგუფებისა და სამოქალაქო აქტივისტების  მიმართ[2]. მათ სახელს უკავშირდება 2021 წლის 5-6 ივლისს ღირსების მარშის ჩაშლა და შეკრების ადგილზე მომუშავე მედიის წარმომადგენლების ცემა და ძალადობა, ასევე თბილისი პრაიდისა და მოძრაობა სირცხვილიას ოფისების სასტიკი დარბევა. სამწუხაროდ, აღნიშნული მასობრივი ძალადობის გამო მოძრაობის ლიდერებს სამართლებრივი პასუხისმგებლობა თითქმის ერთი წლის შემდეგაც არ დაკისრებიათ. 

აღნიშნული მოძრაობის რიტორიკა და ქმედებები კიდევ უფრო აგრესიული და ძალადობრივი გახდა, მას შემდეგ რაც უკრაინაში რუსეთის ომის შემდგომ, 2022 წლის მარტიდან კონსერვატიულმა მოძრაობამ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში პარტიის ოფისების გახსნა და უკრაინაში რუსეთის ომის მხარდამჭერი კამპანია დაიწყო, რასაც სხვადასხვა რეგიონში  მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტების სამართლიანი და მშვიდობიანი პროტესტი მოჰყვა. აღნიშნულ მშვიდობიან პროტესტს და მათ ადგილობრივ ლიდერებს ალტ-ინფოსა და კონსერვატიული მოძრაობის წევრები და ხელმძღვანელები მუქარის (ოზურგეთი, მარნეული), ძალადობის (მესტია, ქობულეთი) და ძალადობის საჯარო მოწოდების დანაშაულებრივი აქტებით დაუპირისპირდნენ (ხულო, მარნეული, მესტია). კერძოდ,

  • მესტიის ინციდენტი

2022 წლის 3 მარტს, მას შემდეგ რაც მესტიაში მცხოვრებმა სამოქალაქო აქტივისტებმა გამართეს უკრაინის სოლიდარობის აქცია და გააპროტესტეს მესტიაში პროპუტინისტური პარტიის წარმომადგენლობის გახსნა, ალტ-ინფოსა და კონსერავტიული მოძრაობის წევრებმა რამდენიმე  სამოქალაქო აქტივისტს ფიზიკური შეურაცხყოფა რამდენჯერმე მიაყენეს. მოგვიანებით, მესტიაში მომხდარი ინციდენტის შეფასებისას ალტ-ინფოსა და კონსერვატიული მოძრაობის წარმომადგენლებმა ფაქტობრივად აღიარეს აქტივისტებზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობა და აგრეთვე ძალადობით დაემუქრნენ მოქალაქეებს, რომლებიც კონსერვატიული მოძრაობის საწინააღმდეგო პოზიციებს გამოხატავენ.  16 მარტს პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა,მმართველი საბჭოს წევრმა გიორგი ქარდავამ ალტ-ინფოს ეთერში აღნიშნა: მესტიაში მოხდა ეგეთი შემთხვევა, როდესაც სცადეს ჩვენი ლოკაციის დაზიანება და ძალიან მწარედ მოხვდათ ცხვირ-პირში, მართლა მოხვდათ. ეგ მამაკაცებს ეხება და მამაკაცური მიდგომით, თუ ვინმეს რაღაც პრეტენზიები აქვს ჩვენთან, ეგრევე მოხვდებათ. ასეთმა ქალებმა იყვირონ, იყივლონ რამდენიც უნდათ. [..] ვისაც ძალადობის ენით მოუნდება ჩვენთან ლაპარაკი, იქ ვაჩვენებთ რა არის ძალადობა. ძალადობაზე რომ გადავიდეს საკითხი, ჩვენზე უკეთესად ძალმომრეობა არავინ იცის. ჩვენ ერთი ნაბიჯით არ ვაპირებთ უკან დახევას.“

მესტიაში მომხდარი ინციდენტის შესახებ უკვე ინფორმირებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროც, ვინაიდან მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უშუალოდ ფიზიკურ დაპირისპირებას აგრეთვე შეესწრენენ პოლიციის თანამშრომლები, თუმცა მათ რაიმე სამართლებრივი რეაგირება მომხდარზე არ მოუხდენიათ.  

  • ხულოს ინციდენტი

2022 წლის  7 მარტს  კი მას შემდეგ რაც კონსერვატიულმა მოძრაობის წარმომადგენელებმა ოფისები დაატოვებინეს ხულოსა და შუახევში, ალტ-ინფოს ეთერის მეშვეობით კონსერავტიული პარტიის წარმომადგენლებმა ღიად გამოხატეს აგრესია ადგილობრივების მიმართ და რელიგიური ნიშნით სიძულვილის შემცველი ენის გამოყენებით ღიად დაემუქრნენ.   2022 წლის 9 მარტს ალტ-ინფოს ეთერში პარტიის ლიდერმა გიორგი ქარდავამ ხულოში ოფისის გახსნაზე წინააღმდეგობა დაუკავშირა ადგილობრივ მუსლიმებს და აღნიშნა, რომ „ისინი ხელს უწყობენ აჭარაში თურქული გავლენების გაზრდას და მათთვის მიუღებელია ქრისტიანული ჯვარი. ამასთან ერთად, . ქარდავამ ადგილობრივ მუსლიმებს მიუთითა, რომ მათი ,,პარპაში მალე დამთავრდება და მალე დამთავრდება საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მათი კარგად ყოფნა.“  კონსტანტინე მორგოშიამ 2022 წლის 10 მარტს ალტ-ინფოს ეთერში ადგილობრივი მუსლიმები ,,ტერორისტებად“ და ,,ფანატიკოსებად“ მოიხსენია და აღნიშნა, რომ ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი.  აღნიშნულ ფაქტებზე გამოძიება არ დაწყებულა.

  • ოზურგეთის ინციდენტი

კონსერვატიულ მოძრაობას ოფისის გახსნის მცდელობა გააპროტესტეს ოზურგეთშიც. ოზურგეთში ალტ-ინფოსა და კონსერავტიული მოძარობი საწინააღმდეგო საპროტესტო აქციის შემდგომ კი, აქციის ორგანიზატორმა და სამოქალაქო აქტივისტმა ირმა გორდელაძემ მუქარის შემცველი შეტყობინებები მიიღო სოციალური ქსელის მეშვეობით. კონსერვატული მოძრაობის ერთ-ერთმა წევრმა სოციალურ ქსელ ,,Facebook-ში“ გამოაქვეყნა რამდენიმე ცეცხლსასროლი იარაღის ფოტო წარწერით ,,ასე ვეპყრობით ავადმყოფებს“. აღნიშნულ ინციდენტზე გამოძება დაიწყო, თუმცა სამართლებრივი შედეგი ამ დრომდე არ დამდგარა.

  • მარნეულის ინციდენტი

ალტ-ინფოსა და კონსერვატიული პარტიის წევრები/მხარდამჭერები ღიად, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ მარნეულელ აქტივისტს სამირა ბაირამოვას, მას შემდეგ რაც ამ უკანასკენლმა მარნეულში მდებარე კონსერავტიული პარტიის ოფისის ფასადი უკრაინის დროშის ფერებში შეღება. გარდა სიცოცლის მოსპობის მუქარისა 2022 წლის 16 მარტს, ალტ-ინფოსა და კონსერვატიული მოძრაობის წევრები შეიკრიბნენ მარნეულში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ს. ბაირამოვას და მისცეს ორდღიანი ვადა კონსერვატიული მოძრაობის ბანერების აღსადგენად, წინააღმდეგ შემთხვევაში კი რელიგიური და ეთნიკური შუღლის გაღვივებით დამუქრნენ. მომხდარის ირგვლივ კომენტარები გააკეთეს კონსერვატიული პარტიისა და ალტ-ინფოს დამფუძნებლებმა და აღნიშნეს, რომ ყველას მწავედ გაეცემა პასუხი, ხოლო ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, კონსტანტინე მორგოშიამ სამირა ბაირამოვას მიმართ მუქარის ფაქტზე მიუთითა: ,,ოფისი შეგვიღება და რა ეგონა? სამირა ბაირამოვა ვერ იბაირამებს“.  ალტ-ინფოსა და კონსერვატიული მოძრაობის წარმომადგენლები სამირა ბაირამოვას რელიგიურ კუთვნილებას უსვამდნენ ხაზს და უთითებდნენ, რომ იგი ქრისტიანული ჯვრისა და სარწმუნოების წინააღმდეგ იბრძვის.

აღნიშნულ ფაქტზე დაწყებული გამოძიების მიუხედავად, 20 მარტს, სავარაუდოდ კონსერვატიული პარტიისა და ალტ-ინფოს წარმომადგენლებმა, მარნეულში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისის გარე ფასადი წითლად შეღებეს და შეურაცხმყოფელი წარწერები კვლავ სამირა ბაირამოვას მიმართ გააკეთეს.

აღნიშნულ ფაქტებზე გამოძიება დაიწყო, პროკურატურამ სამირა ბაირამობა დაცვის სპეციალურ პროგრამაშიც ჩართო, თუმცა, გამოძიებას ამ დრომდე სხვა შედეგი არ მოჰყოლია.  არ მომხდარა სავარაუდო დამნაშევეების იდენტიფიცირება და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება.

  • ქობულეთის ინციდენტი

სამოქალაქო აქტივისტების მიმართ მუქარისა და სიძულვილის ენის გამოყენების გარდა, ალტ-ინფოსა და კონსერავტიული პარტიის წევრებმა/მხარდამჭერებმა 2022 წლის 22 მარტს  სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ქობულეთში, უკრაინის სოლიდარობის აქციის მონაწილეებს, რომელთაგან ერთი მძიმედ დაშავადა და სამედიცინო დაწესებულებაში იქნა გადაყვანილი. ქობულეთში გამოვლენილი ქმედებების ანალიზი აჩვენებს, ინციდენტის დროს ქობულეთში, კონსერავტიული პარტია/ალტ-ინფოს დაახლოებით 15 წევრი იმყოფებოდა, რომელთაც საკუთარი ორგანიზაციის მეშვეობით ჯერ კიდევ 20 მარტს შეიტყვეს აქციის შესახებ და წინასწარ დაორგანიზდნენ ქობულეთში წასასვლელად. მოძალადეები აღჭურვილნი იყვნენე ჯოხებით, სპეციალური ხელთათმანებით და მათ ადგილზე მისვლისთანავე ძალადობა დაიწყეს მშვიდობიანი აქციის მონაწილეების მიმართ.

ქობულეთში 22 მარტს გამართული აქციის დროს აქციის მონაწილეების მიმართ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტები) პოლიციის თანამშრომლებმა 5 პირი დააკავეს, რომლებსაც მოგვიანებით აღკვეთი ღონიძიების სახით გირაო  შეეფარდათ.

  • სამართლებრივი შეფასება

სამწუხაროდ, ზემოთ აღწერილ ყველა დანაშაულებრივ ქმედებაზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროსა და საქართველოს პროკურატურის ეფექტური რეაგირება არ მოუხდენია.. მიუხედავად იმისა, რომ  შინაგან საქმეთა სამინისტრომ სხვადასხვა რეგიონში მომხდარ ცალკეულ ინციდენტებზე დაიწყო გამოძიება, როგორც ზემოთ არის ნაჩვენები, სამართლებრივი შედეგი მხოლოდ ქობულეთში აქტივისტების მიმართ ძალადობის ფაქტს მოჰყვა[3].  შსს-მ  გამოძიება დაიწყო  აგრეთვე ქვემო ქართლში ს. ბაირამოვას  და ოზურგეთში ი. გორდელაძის მიმართ გამოვლენილ  მუქარის ფაქტზე, თუმცა ამ დრომდე რაიმე სამართლებრივი შედეგი არ დამდგარა. არ მომხდარა არც სავარაუდო დამნაშევეების იდენტიფიცირება და არც სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება.

უფრო მეტიც, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ასევე არ დაიწყო გამოძიება ჩვენს მიმართვაზე, რომელშიც ეთნიკური და რელიგიური ნიშნით შუღლის გაღვივების დანაშაულის ნიშნებსა და მტკიცებულებებზე ვუთითებდით. ამ ქმედებით სამართალდამცავმა ორგანოებმა ფაქტობრივად სამართლებრივი რეაგირების გარეშე დატოვეს ალტ-ინფოს პირდაპირ ეთერებში გაკეთებული არაერთი ძალადობრივი მოწოდება, რომელიც წინ უსწრებდა ან ამართლებდა მისი წევრების მიერ რეალურად ჩადენილი ძალადობის შემთხვევებს და  რომელიც არღვევს სოციალურ მშვიდობას, წესრიგსა და თანასწორობას.

ცხადია, რომ სხვადასხვა რეგიონში ექსტრემისტული ორგანიზაციების ლიდერების მიერ გამოყენებული მოწოდებები გასცდა გამოხატვის თავისუფლებით დაცულ საზღვრებს და ისინი საკუთარი განცხადებებით და ქცევით დამაშინებელ, მტრულ და მიუღებელ გარემოს ქმნიან სხვადასხვა სოციალური ჯგუფის მიმართ, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 239 პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულს ქმნის. აღნიშნული ქმედების კრიმინალიზება 2015 წელს ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის სფეროში გატარებულ რეფორმებს დაუკავშირდა და ის საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან არა ერთი საერთაშორისო ვალდებულების, მათ შორის, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის (ICCPR) მე-20 მუხლის მოთხოვნების შესრულებასთან იყო დაკავშირებული. სამწუხაროდ, სახელმწიფო აღნიშნული მუხლის სათანადო გამოყენებას არ ახდენს, რითაც თვითონვე არღვევს საერთაშორისო დონეზე ნაკისრ ვალდებულებებს და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების საფუძველზე მიმდინარე ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის სულისკვეთებას.

აშკარაა, რომ საგამოძიებო ორგანოები, მტკიცებულებების არსებობის მიუხედავად, თითქოს დემონსტრაციულად უარს აცხადებენ ამ ჯგუფის ქმედებები შეაფასონ ძალადობის ორგანიზებისა და შუღლის გაღვივების კონტექსტით, ასევე,  უარს ამბობენ გამოვლენილ ქმედებებში სიძულვილის მოტივის გამოკვეთაზე, რითაც ფაქტობრივდ ხელს უწყობენ კონსერვატიული პარტიისა და ალტ-ინფოს ლიდერების, როგორც ძალადობრივი ქმედებების ორგანიზატორების პასუხისმგებლობის დაფარვას და ნაკლებად მკაცრი სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის გამოყენებას. ეს მიდგომა წარმოშობს სიცარიელეს მართლწესრიგის სისტემაში და დაუსჯელობის სინდრომს, რომელიც სოციალური კონფლიქტებისა და დაპირისპირებისთვის ნაყოფიერ ნიადაგს ქმნის.

იმ კონტექსტში, როცა ვრცელდება ინფორმაცია წინა წლებში ხელისუფლების მხრიდან ალტ ინფოს და კონსერვატიული მოძრაობის ლიდერის კ. მარგოშიას ქონებრივი მხარდაჭერის, ასევე კონსერვატიული მოძრაობის ადგილობრივ კოორდინატორებს შორის ყოფილი სუს-ის თანამშრომლებისა და საჯარო სამსახურთან დაკავშირებული პირების საქმიანობის შესახებ გამოვლენილი ლოიალობა დამატებით პოლიტიკურ ეჭვებს აჩენს.    

მთლიანობაში, ულტრამემარჯვენე ჯგუფების მიმართ გამოვლენილი ეს ლოიალობა მკვეთრად ასუსტებს იმ რეფორმების ეფექტიანობასა და ნდობასაც კი, რომელიც სამართლადამცავი სისტემების შიგნით სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებთან კავშირში განხორციელდა. კიდევ უფრო შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ეს გამონაკლისი და ლოიალობა, მკვეთრად პრორუსულ, პროპუტინისტულ ძალებს უკავშირდება, რომლებსაც ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდის, რუსეთის ომისა და ძალადობის ღია მხარდაჭერის მიუხედავად, შეუზღუდავი პოლიტიკური და მედია საქმიანობის შესაძლებლობა ეძლევა. 

სოციალური სამართლიანოს ცენტრი მოუწოდებს

  • შსს და პროკურატურას

ალტ-ინფოსა და კონსერვატიული მოძრაობის ლიდერებისა და წევრების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე, მათ შორის, ეთნიკური და რელიგიური შუღლის გაღვივების ფაქტებზე უზრუნველყოს ეფექტიანი გამოძიების ჩატარება და მათ შორის, გამოკვეთოს ძალადობის ორგანიზატორებისა და ძალადობრივი მოწოდებების ავტორების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა;

  • საქართველოს მთავრობას

შეიმუშავოს და დანერგოს ულტრაკონსერვატიულ ძალადობრივ ჯგუფებთან გამკლავების სისტემური პოლიტიკა, რომელიც მოიცავს როგორც ძალადობის პრევენციის, ისე მათგან მომდინარე ანტისახელმწიფოებრივ პროპაგანდასთან გამკლავების თანმიმდევრულ ღონისძიებებს.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] მიუხედავად იმისა, რომ განხორციელებული რეაგირების შესახებ სოციალური სამართლიანობის ცენტრმა შსს-გან ინფორმაცია აპრილის თვეშიც გამოითხოვა, შსს-მ ამჯერადაც არ უზრუნველყო ჩვენთვის ინფორმაციის მოწოდება გამოძიების დაწყების თაობაზე.

[2] რის გამოც როგორც ჩვენთვის ცნობილია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება დანაშაული გათვალისწინებული  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 142-ე პრიმა მუხლით.

[3] შენიშვნა: აღნიშნული საქმეზე დაზარალებულის ინტერესებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი იცავს. საქმის მასალების გაცნობის შემდეგ, ორგანიზაციამ შუამდგომლობით მიმართა ბათუმის რაიონულ პროკურატურას და ითხოვა საქმეზე სისხლისსამართლებრივი კვალიფიკაციის შეცვლა, გამოძიების გაგრძელება საქართველოს სისხილს სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (ძალადობის ორგანიზება) გათვალისწინებული ქმედების ჩადენის ფაქტზე და ორგანიზატორების იდენტიფიცირება და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება. ამასთან, ვინაიდან კონსერავტიული პარტიის/ალტ-ინფოს წევრებმა სამოქალაქო აქტივისტებზე მათი განსახვავებული შეხედულებების გამო იძალადეს, ორგანიზაციამ მოითხოვა საქმეში სიძულვილის მოტივის (სსკ-ის 53-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილი) გამოკვეთა. სამწუხაროდ, პროკურატურამ ჩვენი ეს მოთხოვნა გამოძიების ამ ეტაპზე არ დააკმაყოფილა.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“