[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

რელიგიის თავისუფლება / განცხადება

არსებითია, სააპელაციო სასამართლომ არ გააურესოს ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმეზე მანამდე დადგენილი უფლებრივი სტანდარტები

2023 წლის 14 ნოემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში განიხილება ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმე. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ქალაქ ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვის მიღებასთან დაკავშირებული 2017 წელს დაწყებული სასამართლო საქმე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2023 წლის 25 მაისის განჩინებით სააპელაციო სასამართლოს ხელახლა განსახილველად დაუბრუნა, თანასწორობისა და რელიგიის თავისუფლების უფლებებზე პრობლემური და სადავო სამართლებრივი განმარტებებით, რომელიც მანამდე ორი ინსტაციის სასამართლოს მიერ დადგენილ პროგრესულ სტანდარტებსა და მიდგომებს აურესებს. ამ პირობებში შვიდწლიანი სასამართლო დავა ლოცვის უფლებისთვის კიდევ გრძელდება და რელიგიის თავისუფლებისა და თანასწორობის უფლების მატერიალურ დარღვევასთან ერთად, გაჭიანურებული მართლმსაჯულება მუსლიმი თემის საპროცესო უფლებებების უხეში დარღვევის მიზეზიც ხდება. ბათუმში ახალი მაჩეთის მშენებლობის მოთხოვნა ქართველი მუსლიმი თემის ისტორიული მოთხოვნაა, რომელიც ქალაქში სალოცავი სივრცის საჭიროებიდან გამომდინარეობს. მშენებლობის პროცესის ხელშეშლა მთლიანობაში რელიგიის თავისუფლების სფეროში სახელწიფოს დისკრიმინაციულ პოლიტიკას ავლენს, რომელიც უკვე წლებია არადომინანტური რელიგიური გაერთიანებების და მათი უფლებების და საჭიროებების დემონსტრაციულ უგულებელყოფას, იერარქიზებასა და არაღიარების ახდენს.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმეზე 2019 წელს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც სასამართლომ: 1. აღიარა ბათუმის მერიის მხრიდან მუსლიმების მიმართ რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობა. სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებებით, ქალაქის იმ ზონაში, სადაც მოსარჩელე მხარე ითხოვს მეჩეთის მშენებლობის ნებართვას, განთავსებულია 7 მართლმადიდებლური ეკლესიაა (მათგან სამი ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე) და შესაბამისად, მერიის პოზიცია, რომ საცხოვრებელი განაშენიანების ზონაში რელიგიური ნაგებობის აშენება მიზანშეწონილი არ იყო, გაუმართლებელი და უსაფუძვლო ჩანდა. 2. ბათილად ცნო ბათუმის მერიის უარი მშენებლობის ნებართვის პირველი სტადიის ფარგლებში წარდგენილი განცხადების დაკმაყოფილებაზე, რადგან მერიამ არ გამოიკვლია ყველა საჭირო გარემოება, რომელიც მას ამ საქმეზე დისკრეციული უფლებამოსილების სამართლიანი გამოყენების შესაძლებლობას მისცემდა. მერიამ უგულებელყო მუსლიმი თემის მნიშვნელოვანი ინტერესი რელიგიის თავისუფლების ქვეშ და პრიორიტეტი მიანიჭა ქალაქის ამ ზონის საცხოვრებელი მიზნით განაშენიანების აბსტრაქტულ ინტერესს.

2021 წლის 13 აპრილის განჩინებით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოში გაასაჩივრა მოპასუხემ - ბათუმის მერიამ. აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩვრა ააიპ ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდმაც იმ ნაწილში, რომ ბათუმის საქალაქო და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოებმა არ დააკმაყოფილეს მოსარჩელის მოთხოვნა, საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების ნაცვლად, პირდაპირ დაევალებინა ბათუმის მერიისთვის მშენებლობის ნებართვის პირველი სტადიის დაკმაყოფილება.

უზენაესმა სასამართლომ, მოსარჩელის საკასაციო სარჩელის ფარგლებში გაიზიარა ფონდის არგუმენტი, რომ რადგან სააპელაციო სასამართლომ დისკრიმინაცია დაადგინა, დისკრიმინაციის შედეგის აღმოფხვრის მიზნით მას არსებითად საბოლოოდ უნდა გადაეწყვიტა საკითხი და მერიისთვის აღარ უნდა დაებრუნებინა. თუმცა, უზენაესმა სასამართლომ არ დაავალა მერს მშენებლობის ნებართვის გაცემა, არამედ საქმე სააპელაციო სასამართლოში დააბრუნა ხელახლა განსახილველად. სასამართლოს მსჯელობით, სააპელაციო სასამართლომ ჯერ კარგად უნდა გამოიკვლიოს ყველა საჭირო გარემოება და ამაზე დაყრდნობით დაადგინოს, მოცემულ შემთხვევაში რომელი ინტერესია უპირატესი - მუსლიმების რელიგიური ინტერესი თუ ადგილობრივ მცხოვრებთა საცხოვრებელი ინტერესი.

აქვე, უზენაესმა სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ბათუმის მერიის საკასაციო საჩივარიც და სასამართლომ განმარტა, რომ მუსლიმების მიმართ დისკრიმინაციას ადგილი არ ჰქონია, რადგან ბათუმის მერიას ,,საცხოვრებელ ზონა 6-ში” (ზონა, რომელშიც მდებარეობს ახალი მეჩეთის მიწის ნაკვეთი) მართლმადიდებლური ტაძრების მშენებლობის ნებართვა არ გაუცია, არამედ ისინი უნებართვოდ არის აშენებული.” მართლმადიდებლური ტაძრების მშენებლობის შემთხვევაში არ ფიქსირდებოდა საპატრიარქოს მხრიდან ბათუმის მერიისათვის მშენებლობის ნებართვის მისაღებად მიმართვის ფაქტი, რაც სასამართლომ რატომღაც არ ჩათვალა საკმარის პირობად ეკლესიებისა და მეჩეთის მშენებლობის ამ ორი შემთხვევის „არსებითად მსგავს და შედარებად“ შემთხვევად განსახილველად. საკასაციო სასამართლომ ამ ნაწილშიც საქმე დაუბრუნა სააპელაციო სასამართლოს.

მითითებულ მსჯელობასთან ერთად, უზენაესმა სასამართლომ არასათანადო სამართლებრივი შეფასება მისცა ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ტერიტორიის გარშემო 7 უნებართვოდ აშენებული მართლმადიდებულური ტაძრის არსებობას. მისი თქმით, ბათუმის მერია შეზღუდული იყო ზემოქმედება მოეხდინა მართლმადიდებლური ტაძრების უნებრთო მშენებლობებზე, რადგან სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის გაფორმებული კონსტიტუციური შეთანხმების მე-7 მუხლი სახელმწიფო ეკლესიის საკუთრებად ცნობს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებულ მართლმადიდებლურ ტაძრებს, მონასტრებს (მოქმედ და არამოქმედს) მათ ნანგრევებს, აგრეთვე მიწის ნაკვეთებს, რომლებზეც ისინია განლაგებული. მიგვაჩნია, რომ უზენაესმა სასამართლომ კონსტიტუციური შეთანხმების მეშვიდე მუხლი არსებითად არასწორად განმარტა. აღნიშნული ჩანაწერი თავისი არსით ეხება ამ შეთანხმების დადების დროისთვის არსებულ მართლმადიდებლურ ისტორიულ ქონებას და არა რელიგიური გაერთიანების მიერ მომავალში შეძენელი ან აშენებულ რელიგიურ ნაგებობებს.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება მთელ რიგ სადავო და ურთიერთწინააღმდეგობრივ დასაბუთებასა და ინტერპრეტაციას შეიცავს მნიშვნელოვან უფლებრივ და კონსტიტუციურ საკითხებზე. მიგვაჩნია, რომ სასამართლოს განმარტებები დისკრიმინაციასთან დაკავშირებით მანკიერ პრაქტიკას ამკვიდრებს არამხოლოდ ბათუმში მუსლიმი თემის უფლებების, არამედ ზოგადად თანასწორობის პრინციპის უზრუნველყოფის კუთხით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში სოციალური სამართლიანობის ცენტრი და ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI), რომლებიც ვიცავთ ააიპ ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდის ინტერესებს ამ დავაში, წარმოვადგენთ შესაბამის სამართლებრივ დასაბუთებებს და არგუმენტებს, რომელიც მიგვაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს დაეხმარება სწორი სამართლებრივი დასკვნების გაკეთებაში.

ორგანიზაციები იმედს გამოვთქვამთ, რომ სააპელაციო სასამართლო შეძლებს სწორად შეაფასოს საქმესთან დაკავშირებული ყველა რელევანტური გარემოება, არ გააურესოს თანასწორობის უფლებასთან დაკავშრებით დადგენილი მნიშვნელოვანი სტანდარტები და დაიცვას მუსლიმი თემის უფლებები.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“