საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
სასამართლომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის 2020 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება, მალხაზ რეხვიაშვილის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, უკანონოდ სცნო. სასამართლომ გაიზიარა ჩვენი არგუმენტაცია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არღვევდა მალხაზ რეხვიაშვილის შრომით უფლებებს და მის გამოხატვის თავისუფლებას. გათავისუფლების ერთადერთი მიზეზი კი - მის მიერ პირად სოციალურ ქსელში საჯაროდ გამოხატული კრიტიკული მოსაზრებები, სრულად დაცული იყო გამოხატვის თავისუფლებით, არ არსებობდა ამ უფლების შეზღუდვის საფუძვლები.
გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი პრეცედენტია და განამტკიცებს შრომითი უფლებების დაცვის, გამოხატვის თავისუფლების, ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევის დაუშვებლობას, ხაზს უსვამს ჟურნალისტის პროფესიული დამოუკიდებლობის არსებით მნიშვნელობას დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბების გზაზე.
შეგახსენებთ, რომ 2020 წელის 11 მაისს მალხაზ რეხვიაშვილი გათავისუფლდა მაუწყებლის საავტორო-შემოქმედებითი გადაცემების წამყვან-რეპორტიორის თანამდებობიდან სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ე.წ. პოსტის გამო, რომელიც ეხებოდა მისი კოლეგის, ამავე მაუწყებლის ჟურნალისტის, თეონა თურმანიძის ეთერიდან უსაფუძვლო ჩამოშორების ფაქტის კრიტიკულ შეფასებებს. მალხაზ რეხვიაშვილი მიუღებელი აღმოჩნდა მაუწყებლის ახალი მენეჯმენტისთვის, რომელიც 2019 წლიდან ებრძოდა დამოუკიდებელ სარედაქციო პოლიტიკას და აქტიურად ცდილობდა მაუწყებლის დამოუკიდებელი თანამშრომლების, მისთვის სასურველი პროსახელისუფლებო კადრებით ჩანაცვლებას. მალხაზ რეხვიაშვილი, როგორც დამოუკიდებელი, კრიტიკული პროფესიონალი და ამავდროულად, მაუწყებლის თანამშრომელთა ალტერნატიული პროფესიული კავშირის თავმჯდომარე, ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც მაუწყებლის მხრიდან დევნას და საქმიანობაში უხეშ ჩარევას დაექვემდებარა. სამწუხაროდ, 2019 წლიდან მაუწყებელში დაწყებულმა დევნის და უფლებების შელახვის მასშტაბურმა პროცესმა ზოგადად ქვეყანაში მედია თავისუფლების მდგომარეობაზეც იქონია ნეგატიური გავლენა და მნიშვნელოვნად დააზიანა საზოგადოებრივი მაუწყებლის, როგორც პოლიტიკურად ნეიტრალური ინსტიტუტის იდეა.
აქვე, მნიშვნელოვანია, რომ მალხაზ რეხვიაშვილის სამსახურში აღდგენის მოთხოვნა სასამართლომ არ დააკმაყოფილა, ვინაიდან უშუალოდ ის გადაცემა (ჰეშთეგი), რომელიც მალხაზს მიჰყავდა, რამდენიმე თვის წინ დაიხურა. სასამართლომ თანამდებობაზე აღდგენის შეუძლებლობის საკომპენსაციოდ, მოსარჩელეს 5000 ლარი მიაკუთვნა. სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გაცნობის შემდგომ, შევაფასებთ და გაგიზიარებთ დავის ამ ნაწილში ზემდგომ ინსტანციებში გასაჩივრების საკითხსაც.
ინსტრუქცია