საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონის[1] თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია გასწიოს სამუშაო სივრცეში შრომის უსაფრთხოებასთან და სანიტარიულ-ჰიგიენურ ღონისძიებებთან დაკავშირებული ყველა ხარჯი.
ეს მითითება ასევე გამყარებულია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) 155 კონვენციით, რომლის თანახმადაც, დასაქმებულებს არ ევალებათ რაიმე ფინანსური ხარჯის გაწევა შრომის, ტექნიკურ და ჰიგიენურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.[2]
სახელმწიფოს რეკომენდაციების გათვალისწინებით და კორონავირუსის გავრცელების მაღალი საფრთხიდან გამომდინარე, განსაკუთრებით ისეთ სამუშაო ადგილებში, სადაც დასაქმებულებს ხშირი შეხება აქვთ მესამე პირებთან, დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს დასაქმებულთა უსაფრთხოება ყველა სათანადო ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით, მათ შორის, პირბადეებით, სადეზინფექციო საშუალებებითა და სხვა სახის ინვენტარით.
საქართველოს შემთხვევაში ასევე გასათვალისწინებელია დასაქმების ბაზარზე არაფორმალურ სექტორში ჩაბმული ადამიანების განსაკუთრებით მაღალი წილი, რომელთა საჭიროებების გაანალიზებას და მათთვის მინიმალური დაცვითი გარანტიების უზრუნველყოფას არსებულ სიტუაციაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. ფორმალურ სექტორში დასაქმებული ადამიანებისაგან განსხვავებით, რომელთაც შრომითი კანონმდებლობა დაცვის მინიმალურ გარანტიებს მაინც სთავაზობს, არაფორმალურ სექტორში დასაქმებულთა ეკონომიკური საქმიანობა მინიმალური სოციალური დაცვის მექანიზმითაც კი არ არის უზრუნველყოფილი. მაგალითად, ტაქსის მძღოლები, საცალო ვაჭრობაში ჩაბმული ადამიანები, ზრუნვით სერვისებში დასაქმებულები (უმეტესად, ძიძები) და სხვა ჯგუფები განსაკუთრებულ მხარდაჭერას საჭიროებენ მათი მაღალი მოწყვლადობის და დაბალი სოციალური დაცულობის გათვალისწინებით. არსებული მოცემულობა განსაკუთრებით ზრდის მუნიციპალური სამსახურების როლს არაფორმალურ სექტორში ჩართული ჯგუფებისათვის უსაფრთხო შრომის უზრუნველყოფისა და სათანადო სოციალური დაცვის გარანტიების შექმნის და სათანადო ზომების დაუყოვნებლივ გატარების თვალსაზრისით.
ამავე თემაზე:
ინსტრუქცია