[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

უფლება საცხოვრებელზე / განცხადება

EMC მთავრობას, კორონავირუსის გავრცელების ფონზე, უსახლკაროების განსაკუთრებული დაცვისკენ მოუწოდებს

ფოტო: სოფო აფციაური

EMC ეხმიანება ქვეყანაში ახალი კორონავირუსის (COVID – 19) გავრცელებასთან დაკავშირებულ მდგომარეობას და საქართველოს მთავრობას უსახლკარო და სოციალურად მოწყვლადი სხვა ჯგუფების უსაფრთხოების დაცვისა და მათი საჭიროებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს.

ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების ფონზე, აუცილებელია, მთავრობამ მხედველობაში მიიღოს არა მხოლოდ საზოგადოებრივი ჯანდაცვის, არამედ სოციალური დაცვის ასპექტებიც. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი შექმნილ მდგომარეობაში უსახლკარო პირთა საჭიროებების გათვალისწინება და სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფაა, რაც შექმნილ ვითარებაში, უსახლკარო პირთათვის სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს.[i]

უსახლკაროთა ჯგუფები (მათ შორის, ქუჩაში, თავშესაფრებსა თუ საცხოვრისის სხვა სერვისებში, ასევე, არასათანადო გარემოში - მაგალითად, საჯარო და კერძო შენობებში თვითდახმარების მიზნით მცხოვრები პირები) განსაკუთრებით მოწყვლადები არიან ეპიდემიის პირობებში - ერთი მხრივ, ისინი მთლიანად ან ნაწილობრივ მოკლებულნი არიან წყალთან და ჰიგიენასთან წვდომას, ასევე ვერ ახერხებენ იზოლაციას და დაინფიცირების პირდაპირი რისკის ქვეშ დგებიან, ხოლო, მეორე მხრივ, არასათანადო გარემოში ცხოვრების გამოცდილების გათვალისწინებით, მათ ნაწილს აქვს ქრონიკული დაავადებები, რაც, ვირუსით დაინფიცირების შემთხვევაში, მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას განსაკუთრებული საფრთხის წინაშე აყენებს.[ii] განსაკუთრებით ქუჩაში მცხოვრები პირების  მოწყვლადობას კიდევ უფრო აძლიერებს ჯანდაცვის სერვისებზე წვდომის არარსებობა/მკვეთრი არასაკმარისობა, რომელიც შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

არსებული საფრთხეების პარალელურად, გამოწვევაა ამ ჯგუფების სათანადო ინფორმირება. საინფორმაციო საშუალებებზე მათი წვდომის ნაკლებობის გათვალისწინებით, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას მათი ინფორმირებულობის დონე, ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობასთან და, მეორე მხრივ, უშუალოდ დაავადების სიმპტომებთან და შესაძლო გართულებებთან დაკავშირებით.[iii]

ზემოაღნიშნული გამოწვევების საპასუხოდ, ცალკეულმა ქვეყნებმა და ორგანიზაციებმა საცხოვრისის მრავალფეროვანი სერვისებისთვის სპეციალური სახელმძღვანელო პრინციპები მოამზადეს, რომელიც მათი ბენეფიციარების უსაფრთხოების შენარჩუნებას (მათ შორის, უსახლკარო ჯგუფებისათვის დამატებითი ფართის უზრუნველყოფის გზით), რისკების/ინფიცირების ადრეულ გამოვლენასა და შესაბამის უწყებებსა და ორგანიზაციებს შორის კოორდინაციის უზრუნველყოფას ემსახურება.[iv]

აღნიშნული ჯგუფებისათვის უსაფრთხო პირობების შექმნის პარალელურად, ყურადსაღებია იმ პირთა უფლებრივი მდგომარეობა, რომლებიც საცხოვრისებიდან გამოსახლების საფრთხის წინაშე დგანან.[v] ასეთ პირებს წარმოადგენენ, ერთი მხრივ, ადამიანები, რომელთა გამოსახლების აღსრულების პროცედურები უკვე დაწყებულია, ხოლო, მეორე მხრივ, ისინი, ვინც, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამსახურის დაკარგვის ან სხვა მიზეზების გათვალისწინებით, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ სესხს ვერ იხდიან და ერთადერთი საცხოვრისის დაკარგვისა და უსახლკარობის რეალური საფრთხის წინაშე დგებიან. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სათანადო საცხოვრებელზე გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ქვეყნებში გამოსახლების პოლიტიკის, სულ მცირე, დროებითი მოდიფიცირების, მათ შორის, გამოსახლებებზე მორატორიუმის დაწესების, ასევე, კომუნალურ გადასახადებზე შეღავათების დაწესების, აუცილებლობას.[vi] ამ საკითხთან დაკავშირებით, აღსანიშნავია სსიპ - აღსრულების ეროვნული ბიუროს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ჩანიშნული გამოსახლებები 2020 წლის 1 აპრილამდე გადავადდა,[vii] თუმცა, მოცემული დროის გასვლის შემდეგ, უცნობია გამოსახლებას დაქვემდებარებული პირებისა და შინამეურნეობების ბედი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს შექმნილ ვითარებაში უსახლკარო და სოციალურად მოწყვლადი სხვა ჯგუფების წინაშე არსებული გამოწვევებისა და მათი ინტერესების გათვალისწინების აუცილებლობას და მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და მუნიციპალიტეტებს:

  • უმოკლეს დროში, პროაქტიურად მოახდინონ უსახლკარო, განსაკუთრებით, ქუჩაში მცხოვრები პირების იდენტიფიცირება, მათთვის უსაფრთხო, თავშესაფრის დანიშნულების ფართის მოძიება და გადაყვანა, სადაც აღნიშნულ პირებს ექნებათ წვდომა საცხოვრებლად აუცილებელ მინიმალურ პირობებსა და სამედიცინო სერვისებზე;
  • სულ მცირე, ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მხრივ სტაბილურობის მიღწევამდე, გაგრძელდეს უძრავი ქონების მიმართ აღსრულების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მოქმედება;
  • მუნიციპალიტეტებმა უმოკლეს დროში მოახდინონ არაკონვენციური დასახლებების (მაგალითად, ე.წ. „ოცნების ქალაქის“ და არაკონვენციურ ობიექტებში მაცხოვრებელი პირების) პროაქტიური შემოწმება, რომელიც მიმართული იქნება ასეთ დასახლებებსა და ობიექტებში მცხოვრები ოჯახების საჭიროებების შესწავლისა და მათ წინაშე არსებული გამოწვევების აღმოფხვრისაკენ;
  • უმოკლეს დროში მოხდეს  განცხადებაში მითითებული ჯგუფების ინფორმირება, ერთი მხრივ, ეპიდემიის მიმართულებით ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ და, მეორე მხრივ, დაავადების მიმდინარეობისა და სიმპტომების შესახებ, მათთვის მისაწვდომ ფორმატში;
  • სახელმწიფომ მიიღოს ყველა ეფექტიანი ზომა უსახლკარობისა და განსაკუთრებული სოციალურ-ეკონომიკური მოწყვლადობის მდგომარეობაში მყოფი პირების მხარდასაჭერად, მათ შორის, მიიღოს გადაწყვეტილება კომუნალურ გადასახადებზე შეღავათების დაწესებისა და მათი საჭიროებების შესაბამისი დამატებითი რელევანტური სოციალური პაკეტების უზრუნველყოფის მიმართულებით.

 

ამავე თემაზე:

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“