საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია (თანადგომა, ჰერა XXI, იდენტობა, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)) ეხმიანება უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მეორე ციკლის ფარგლებში, წევრი სახელმწიფოების მიერ საქართველოსთვის გაცემულ რეკომენდაციებს და მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობამ გაიზიაროს და მოახდინოს რეკომენდაციების ეფექტური იმპლემენტაცია.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია კოალიცია, სქესობრივი განათლების შვედური ასოციაციის (RFSU) მხარდაჭერით, უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) ფარგლებში, ადვოკატირებას უწევდა სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების (SRHR) დაცვის საკითხებს. ამ მიზნით, ორგანიზაციებმა UPR-ის წინაშე წარადგინეს ინდივიდუალური და კოლექტიური ჩრდილოვანი ანგარიშები. ამასთან, კოალიციამ მონაწილეობა მიიღო წინასასესიო განხილვებში და წარადგინა სპეციალური მოხსენება, რომელიც სქესობრივ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობას და უფლებებს, ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის აღსრულების საკითხებს, ლგბტ პირთა დისკრიმინაციას, სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებს და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებს შეეხებოდა. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოების მიერ გაცემულ რეკომენდაციათა მთლიანი რაოდენობის 39% ეხებოდა სქესობრივ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობას და უფლებებს, რომელთა შორისაც ასევე აისახა კოალიციის მიერ წარდგენილი რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი.
ქვემოთ წარმოდგენილია SRHR საკითხებზე გაცემული ძირითადი რეკომენდაციების მიმოხილვა:
ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის ეფექტური გამოყენებისა და არსებული სამართლებრივი დაცვის საშუალებების გაძლიერების მიმართულებით, საქართველომ წევრი ქვეყნებისგან 6 რეკომენდაცია მიიღო. მათ შორის, ჩეხეთის მიერ გაცემული რეკომენდაცია, რომელიც ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის შესახებ ფართო საზოგადოების, სამართალდამცავთა და სასამართლო სისტემის წარმომადგენლების სათანადო ინფორმირების აუცილებლობას ეხებოდა, მთავრობამ გაიზიარა.
ამ ეტაპზე, საქართველომ არ გასცა თანხმობა შვედეთის მიერ გაცემული ყველაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაციის მიღებაზე, რომელიც დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონში ცვლილებების გატარებასა და ამ მიზნით, დისკრიმინაციის ფაქტებზე სახალხო დამცველისთვის დაჯარიმებისა და სხვა სანქციების გამოყენების კომპეტენციის მინიჭების აუცილებლობაზე უთითებს.
ქალთა უფლებების დაცვის, გენდერული ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრისათვის ეფექტური ღონისძიებების გატარების საკითხზე წევრმა სახელმწიფოებმა 25 რეკომენდაცია გასცეს. აღნიშნული რეკომენდაციები საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, გააძლიეროს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრისკენ მიმართული ნაბიჯები. ასევე, მოუწოდეს მთავრობას, განახორციელოს ცნობიერების ამაღლების კამპანიები და ხელი შეუწყოს ძალადობისა და სექსუალური ძალადობის შესახებ მიმართვიანობის გაზრდას, უზრუნველყოს რისკებზე დაფუძნებული შეფასების წარმოება და ეფექტური გამოძიება, დევნა და დამნაშავეთა დასჯა. ცალკე უნდა გამოიყოს მთავრობისთვის პოლონეთის მიერ გაცემულ რეკომენდაციას, რომელიც სახელმწიფოს სთხოვს, არსებული კანონმდებლობისა და პრაქტიკის გაძლიერებას გენდერული დისკრიმინაციისა და სექსუალური შევიწროების დაძლევის საკითხებში, მათ შორის, შრომით ურთიერთობებში.
ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებთან დაკავშირებით, საქართველოს ჯერ არ მიუცია თანხმობა ისეთი მნიშვნელოვანი რეკომენდაციების მიღებაზე, როგორიცაა:
რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების დაცვის საკითხებზე საქართველომ 3 რეკომენდაცია მიიღო. სახელმწიფო დაეთანხმა რუანდას რეკომენდაციის მიღებას, რომელიც გულისხმობს ქალებისათვის მაღალი ხარისხის ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას.
თუმცა, სახელმწიფოს ჯერ არ მიუცია თანხმობა დანიისა და ბრაზილიის მიერ მიცემული მნიშვნელოვანი რეკომენდაციების მიღებაზე. რეკომენდაციით საქართველოს მოუწოდებდნენ, მიიღოს ადეკვატური ზომები, რათა უზრუნველყოს სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვის სერვისების, მათ შორის აბორტისა და კონტრაცეპტივების სერვისების ფიზიკური და ფინანსური ხელმისაწვდომობა ყველა ქალისა და გოგონასათვის, განსაკუთრებით სოფლებში მცხოვრები და მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენელი ქალებისათვის. ასევე, განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს აივ/შიდსით ინფიცირებული ქალების უფლებების დაცვას.
ლგბტ პირთა უფლებების დაცვის საკითხებზე საქართველოს 8 ქვეყანამ მისცა რეკომენდაცია. აღნიშნული რეკომენდაციები მოუწოდებს სახელმწიფოს, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე დისკრიმინაციის დაძლევისათვის, ეფექტურად აღასრულოს ანტიდისკრიმიანციული კანონმდებლობა. მათ შორის, მიიღოს ზომები სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით სოციალური სტიგმატიზაციის, სიძულვილის ენის, დისკრიმინაციისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების აღმოფხვრისათვის. ამისათვის, სახელმწიფოები საქართველოს მოუწოდებენ, გამოყოს ადეკვატური რესურსები სასამართლო სისტემის წარმომადგენლების ცნობიერების ამაღლებისა და ტრენინგების უზრუნველყოფის მიზნით, რათა ხელი შეუწყოს სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე დისკრიმინაციის დასაძლევად არსებული მექანიზმების ეფექტურად განხორციელებას.
საქართველომ ამ ეტაპზე არ მიიღო რამდენიმე სერიოზული რეკომენდაცია, რომელიც არსებითად შეუწყობს ხელს ლგბტ პირთა უფლებების დაცვასა და ძალადობისა და დისკრიმინაციისგან თავისუფალი გარემოს შექმნას. აღნიშნული რეკომენდაციებია:
ზემოთ მითითებულ ღია რეკომენდაციებზე საქართველომ, საკუთარი მოსაზრებები უნდა წარადგინოს გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის 31-ე სესიაზე - არაუგვიანეს 2016 წლის მარტისა.
აღსანიშნავია, რომ კოალიცია გააგრძელებს SRHR საკითხებზე UPR-ის ფარგლებში გაცემული რეკომენდაციების მიღებისა და აღსრულებისთვის აქტიურ ადვოკატირებას ეროვნულ დონეზე.
ინსტრუქცია