საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
სოციალური სამართლიანობის ცენტრი აქვეყნებს 2022 წელს, ეთნიკური უმცირესობების უფლებრივი მდგომარეობის შეფასებას.
არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების უფლებების დაცვის, სამოქალაქო თანასწორობის და ინტეგრაციის მიმართულებით 2022 წელი მნიშვნელოვანი ცვლილებების მომტანი არ ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ წინა წელს მთავრობამ მიიღო სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021-2030 წლების სახელმწიფო სტრატეგია და რელევანტური სამოქმედო გეგმა, ამ პროცესის დაწყებასთან დაკავშირებული ძირეული რეფორმებისა და ცვლილებების ინიციატივები სახელმწიფოს არ წარმოუდგენია და არც სამოქალაქო ორგანიზაციებთან ჰქონია სათანადო განხილვა ამ თემაზე. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის მართვის რეჟიმი და მასთან დაკავშირებული შეზღუდვები მოიხსნა, სახელმწიფო უწყებებთან, მათ შორის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან, მთავრობის ადამიანის უფლებათა სამდივნოსთან დემოკრატიული, ინკლუზიური და რეგულარული საკონსულტაციო პროცესები არ განახლებულა/დაწყებულა.
ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წინაშე მდგარ გამოწვევებს შორის განსაკუთრებული ხაზი უნდა გაესვას მოქალაქეობის პრობლემას, რომელიც ადამიანებისთვის სხვა უფლებების სარგებლობის საბაზისო უფლება და გარანტიაა. მოქალაქეობის პრობლემები განსაკუთრებით მწვავედ დგას ჯავახეთში მცხოვრები ათი ათზე მეტი ეთნიკური სომეხის პირის წინაშე, რომლებმაც შრომითი მიგრაციის გამო 2008 წლის ომის ფონზე საქართველოს მოქალაქეობა დაკარგეს; ასევე 90-იანი წლების კონფლიქტის დროს საქართველოდან გაქცეული ეთნიკური ოსების, რეპატრირებული მუსლიმი მესხებისა და ჩეჩენი ლტოლვილების (დაახლოებით 100 მდე ადამიანის) წინაშე. მოქალაქეობის შესახებ არსებული კანონმდებლობა და პოლიტიკა ნაკლებად მგრძნობიარეა ამ ჯგუფების წინაშე მდგარი გამოწვევების მიმართ და მოქალაქეობის გარეშე დარჩენილ ადამიანებს, რომლებსაც ძლიერი პოლიტიკური, კულტურული და სოციალური კავშირები აქვთ საქართველოსთან, საბაზისო პოლიტიკური და სოციალური უფლებების გარეშე ტოვებს. კანონისა და მისი აღსრულების ძირითადი სირთულეები ამ ისტორიულ კონტექსტში მცხოვრები ჯგუფებისთვის (საგამონაკლისოდ) ორმაგი მოქალაქეობის დაშვების არსებობას, მოქალაქეობის მიღების/დაბრუნების პროცესისთვის ქართული ენის ცოდნის მოთხოვნას და ამ პროცესზე უსაფრთხოების სამსახურების ჭარბ გავლენებს უკავშირდება.
2022 წლის ერთ-ერთ პოზიტიურ მოვლენად შეიძლება შეფასდეს საქართველოს პარლამენტის მიერ მომზადებული კანონპროექტი, „ისტორიულ-კულტურულ ტრადიციებთან შეუსაბამო გვარის შეცვლის უფლების შესახებ,“ რომელიც პოლიტიკურ დღის წესრიგში არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების უპრეცედენტო თვით-ორგანიზების შემდეგ დადგა. სამწუხაროდ, ამ დრომდე ჩვენთვის არ არის ცნობილი, თუ როგორია კანონპროექტის საჯარო განხილვისა და მიღების გეგმა და ვადები.
მიმდინარე წელს მნიშვნელოვანი იყო პარლამენტში ეთნიკური უმცირესობების განათლების საკითხებზე შექმნილი მოკვლევის ჯგუფის მუშაობა, რომელმაც აღიარა ის მნიშვნელოვანი გამოწვევები, რომელიც სომხურენოვანი და აზერბაიჯანულენოვანი თემებისთვის სკოლამდე, სასკოლო და უმაღლესი განათლების დონეზე ჩანს და რომელზეც არა ერთი სამოქალაქო აქტორი წლების განმავლობაში აპელირებს. მათ შორის, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ადგილებში საბავშვო ბაღების კატასტროფულად დაბალი რაოდენობა[1], სკოლებში მასწავლებელთა არასაკმარისი რაოდენობისა და მკვეთრად დაბალი კვალიფიკაციის პრობლემა[2], ბილინგვური სახელმძღვანელოების დაბალი ხარისხი და სწავლების არასათანადო მეთოდოლოგია, მკვეთრად მაღალი ჩამორჩენა განათლების ხარისხში[3], უმაღლესი განათლების დონეზე დაფინანსების უსამართლო წესი. სამწუხაროდ, წლების განმავლობაში სახელმწიფოს არ აქვს ეთნიკური უმცირესობების განათლების მხარდაჭერაზე მიმართული სტრატეგია, სამოქმედო გეგმა და მისი ეფექტიანი მართვისთვის საჭირო ინსტიტუციური ინფრასტრუქტურა (კოორდინაციის, კონსულტაციების ეფექტიანი მექანიზმებით), რაც ამ სფეროში ძირეული ცვლილებების გატარებას ართულებს.
მიმდინარე წელს, როგორც წინა წლებში, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ადგილებში მწვავედ იდგა სოფლის მეურნეობის მიწებზე ხელმისაწვდომობის საკითხი. 2022 წელს, ნინოწმინდის სოფელ ყაურმაში, მარნეულის სოფელ თექალოში, საგარეჯოს სოფელ დუზაგრამში ადგილობრივი მოსახლეობა აპროტესტებდა და ეწინააღმდეგებოდა მათ სოფლებში მიწის უსამართლო და არათანაბარი განაწილების პრაქტიკას. აღნიშნული გვაფიქრებს, რომ მნიშნველოვანია სახელმწიფო სისტემურად მიუდგეს, წინა წლებში გავლენიანი პოლიტიკური და ეკონომიკური აქტორების მიერ მიწის მისაკუთრების თვითნებურ პრაქტიკებს და ადგილობრივი გლეხების სოციალური ინტერესების გათვალისწინებით რეფორმისა და ცვლილებების გეგმა შეიმუშავოს.
მიმდინარე წელს ისევ დადგა დღის წესრიგში სერვისის მომწოდებელი უწყებების (იუსტიციის სახლი მარნეულში) მხრიდან ეთნიკური უმცირესობებისთვის გასაგებ ენაზე თარგმანის რესურსების არარსებობის პრობლემა. სამწუხაროა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები არა ერთ მუნიციპალიტეტში, ასევე სერვისის მიმწოდებელი უწყებები არ აღიარებენ ეთნიკური უმცირესობების უფლებას მიიღონ სასიცოცხლო ინფორმაცია და სერვისი მათთვის გასაგებ ენაზე. ენის არსებული პოლიტიკა ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური და სოციალური გარიყულობის სტრუქტურული მიზეზი ხდება, რასაც არა ერთი რაოდენობრივი კვლევის შედეგებიც ადასტურებს.[4]
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი კიროვკაში მოსახლეობა აქტიურად ითხოვდა სოფლის ისტორიული სახელწოდების, მამეის დაბრუნებას, თუმცა, ადგილობრივი თვითმმართველობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ გაითვალისწინა მოსახლეობის მოთხვონა სოფელში დასახლების საერთო კრების ჩატარების შესახებ და გადაწვეტილება მიიღო ადგილობრივი მოსახლეობის მოსაზრების მოსმენის გარეშე. ეს პროცესი ჩვენი გადმოსახედიდან უმცირესობების კულტურული უფლებების აღიარების საკითხს უკავშირდებოდა, მით უფრო, რომ ამ რეგიონში 90-იანი და 2000-იან წლებში უმცირესობების სოფლების დასახელების შეცვლის (გაქართულების) ნეგატიური ისტორიული მეხსიერება არსებობს და მნიშვნელოვანი იყო ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან სენსიტიური მიდგომების ჩვენება.
2022 წელს ჩანდა პროტესტი სოფელ მუშევანში მცხოვრებ მოსახლეობაში, რომლებიც თითქმის 6 თვის განმავლობაში გამოხატავდა უკმაყოფილებას მათი სოფლის სიახლოვეს (დაახლოებით 800 მეტრში) კომპანია RMG-ის მიერ დაგეგმილი მოპოვებითი სამუშაოების მიმართ. ამ პროცესში კიდევ ერთხელ გამოჩნდა გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის განხილვის პროცესში ეთნიკური უმცირესობების რეალური მონაწილეობისთვის საჭირო გარანტიების არ არსებობის პრობლემა, რაც მეტწილად ენობრივი საჭიროებების გათვალისწინებას უკავშირდება. მოსახლეობისთვის პრობლემა იყო მათი საცხოვრებელი გარემოს სიახლოვეს მოპოვებითი სამუშაოების დაწყება, რომელიც ხარვეზიანი და უხარისხო გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის პირობებში, მაღალ რისკებს და შიშებს ქმნის მათში. ამ ეტაპზე მოსახლეობასა და კომპანიას შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები გარემოსდაცვითი და სოციალური გარანტიების მიღების თაობაზე, თუმცა, სამწუხაროა, რომ ეს პროცესი, გარემოსდაცითი გადაწყვეტილების მიღებამდე არ მოხდა და ახლა ის უფრო მეტად არაფორმალურ ხარიათს ატარებს.
ალტ-ინფოსა და კონსერვატიული პარტიის წევრები/მხარდამჭერები ღიად, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ მარნეულელ აქტივისტს სამირა ბაირამოვას, მას შემდეგ რაც ამ უკანასკენლმა მარნეულში მდებარე კონსერავტიული პარტიის ოფისის ფასადი უკრაინის დროშის ფერებში შეღება. გარდა სიცოცლის მოსპობის მუქარისა 2022 წლის 16 მარტს, ალტ-ინფოსა და კონსერვატიული მოძრაობის წევრები შეიკრიბნენ მარნეულში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ს. ბაირამოვას და მისცეს ორდღიანი ვადა კონსერვატიული მოძრაობის ბანერების აღსადგენად, წინააღმდეგ შემთხვევაში კი რელიგიური და ეთნიკური შუღლის გაღვივებით დამუქრნენ. მომხდარის ირგვლივ კომენტარები გააკეთეს კონსერვატიული პარტიისა და ალტ-ინფოს დამფუძნებლებმა და აღნიშნეს, რომ ყველას მწავედ გაეცემა პასუხი, ხოლო ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, კონსტანტინე მორგოშიამ სამირა ბაირამოვას მიმართ მუქარის ფაქტზე მიუთითა: ,,ოფისი შეგვიღება და რა ეგონა? სამირა ბაირამოვა ვერ იბაირამებს“. ალტ-ინფოსა და კონსერვატიული მოძრაობის წარმომადგენლები სამირა ბაირამოვას რელიგიურ კუთვნილებას უსვამდნენ ხაზს და უთითებდნენ, რომ იგი ქრისტიანული ჯვრისა და სარწმუნოების წინააღმდეგ იბრძვის. აღნიშნულ ფაქტზე დაწყებული გამოძიების მიუხედავად, 20 მარტს, სავარაუდოდ კონსერვატიული პარტიისა და ალტ-ინფოს წარმომადგენლებმა, მარნეულში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისის გარე ფასადი წითლად შეღებეს და შეურაცხმყოფელი წარწერები კვლავ სამირა ბაირამოვას მიმართ გააკეთეს. აღნიშნულ ფაქტებზე გამოძიება დაიწყო, პროკურატურამ სამირა ბაირამობა დაცვის სპეციალურ პროგრამაშიც ჩართო, თუმცა, გამოძიებას ამ დრომდე სხვა შედეგი არ მოჰყოლია. არ მომხდარა სავარაუდო დამნაშევეების იდენტიფიცირება და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება.
წელს შემაშფოთებელი იყო საზღვრის კვეთის დროს ჩრდილოეთ კავკასიელების შემოწმების სავარაუდოდ ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციული პრაქტიკა, რაც საზღვარზე ცალკე ოთახში, მათი სპეციალური და უფრო რთული პროცედურით გამოკითხვას გულისხმობდა. იმ ფონზე, როცა რუსეთის სხვა მოქალაქეებს, რომლებიც სამხედრო მობილიზაციისგან თავის დაღწევას ცდილობდა, ხელისუფლება თავისუფლად უშვებდა საქართველოში, ჩრდილოეთ კავკასიელების შემოწმების სპეციალური და უფრო გართულებული წესი, როცა დღეების განმავლობაში ადამიანებს რიგში დგომა და შემოწმება უწევდათ, მიუღებელი იყო. საზოგადოებრივი პროტესტის შემდეგ რამდენიმე კვირაში ეს პრაქტიკა შეიცვალა, რაც პოზიტიურად უნდა შეფასდეს.
პრობლემური იყო პანკისის ხეობაში დაფიქსირებული პრაქტიკა, როცა სავარაუდოდ პოლიციამ უკრაინაში მიმდინარე სასტიკი ომის ფონზე ადგილობრივების მიერ საჯარო სივრცეებში დახატული იჩქერიის დროშები წაშალა, რასაც ადგილობრივების უკმაყოფილება მოყვა. ამ მოვლენებს შემდგომში მედიაშიც არასწორი ინტერპრეტაციები მიეცა და ადგილობრივი აქტივისტების მიმართ პრობლემური წინასწარგანწყოებების გავრცელებაც მოჰყვა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში არადომინანტური ეთნიკური ჯგუფებში თვალიშისაცემად გაიზარდა სამოქალაქო აქტივიზმი. 2022 წელს სამოქალაქო აქტივისტები სიტყვით გამოდიოდნენ მრავალ ათასიან დემონსტრაციებზე, აქტიურად ჩნდებოდნენ მედია სივრცეში და იწყებდნენ კამპანიებს. აქტივისტების მუშაობა ნაციონალისტური და მოძალადე ჯგუფების წინააღმდეგ თვალშისაცემი იყო სხვადასხვა რეგიონებში, მათ შორის მარნეულის მუნციპალიტეტში. აღნიშნული პროცესების შედეგად, 2022 წლის მონაცემებით საქართველოს მოსახლეობაში გაიზარდა ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვის მხარდაჭერის მაჩვენებელი. ამასთანავე, აქტივისტებმა უმცირესობების თემიდან მიიღეს ადამიანის უფლებათა დაცვის, ტოლერატობის ქომაგის და სხვა მსგავსი ჯილდოები.
ინსტრუქცია