საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
აბსტრაქტი
უნგრეთსა და პოლონეთში ანტილიბერალური მმართველი პარტიების პოლიტიკური და იდეოლოგიური ინსტრუმენტების შედარებით ანალიზზე დაყრდნობით, წინამდებარე სტატია ამტკიცებს, რომ 21-ე საუკუნის ცენტრალურ ევროპული ანტილიბერალური ტრანსფორმაცია წარმოადგენს პროცესს, რომელიც დიდწილად გენდერულ პოლიტიკას ეყრდნობა, ხოლო ფემინისტურ ანალიზს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მიმდინარე რეჟიმის ცვლილების გააზრებაში, როგორც მისი იდეოლოგიური საფუძვლების, ისე მისი სამოქმედო გზების თვალსაზრისით. სტატიაში საუბარია, რომ: 1. თანასწორობის ლიბერალური პარადიგმისადმი წინააღმდეგობა იქცა წამყვან იდეოლოგიურ სივრცედ, სადაც 1989 წლის შემდგომი (ნეო)ლიბერალური პროექტის ანტილიბერალური ალტერნატივა ჩამოყალიბდა; 2. ოჯახის მეინსტრიმინგისა და ანტიგენდერული პოლიტიკები იქცა ერთ-ერთ მთავარ დასაყრდენად ანტილიბერალური სახელმწიფოს მშენებლობისას, რომლის მეშვეობითაც უსაფრთხოების, თანასწორობისა და ადამიანის უფლებების ხელახალი გაგება გაჩნდა; 3. ანტილიბერალური ტრანსფორმაცია მუშაობს ლიბერალური თანასწორობის პოლიტიკის წამყვანი კონცეფციების, ინსტრუმენტებისა და დაფინანსების წყაროების აპროპრიაციის მეშვეობით, რომლებსაც ქალთა უფლებებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. სტატიაში აღწერილია ცალკეული ახალი და მკაფიო გამოწვევები, რომელთა წინაშეც ანტილიბერალური მმართველობა აყენებს ქალთა უფლებებს, ფემინისტურ სამოქალაქო საზოგადოებასა და ემანსიპატორულ პოლიტიკას უნგრეთსა და პოლონეთში.
მას შემდეგ, რაც 2014 წელს უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ცნობილი სიტყვა წარმოთქვა, რომ ლიბერალური დემოკრატიის ტრანსნაციონალური ჰეგემონიისეპოქა დასრულდა და სანაცვლოდ, უნგრეთი „ანტილიბერალური დემოკრატიის“ მშენებლობას იწყებდა (Simon, 2014), უამრავი აკადემიური თუ ჟურნალისტური სტატია დაიწერა, სადაც განხილული იყო 21-ე საუკუნის ანტილიბერალური სახელმწიფოები. წინამდებარე პუბლიკაციით ვცდილობთ, წვლილი შევიტანოთ აღნიშნულ დისკუსიაში, რეგიონში მიმდინარე ანტილიბერალური გარდაქმნების გენდერულად სენსიტიურ შუქზე გააზრებისათვის, რაც ამ დრომდე სხვა ავტორების მიერ დიდწილად უგულებელყოფილი იყო (მაგალითად, იხ. Dawson & Hanley, 2016; Krastev, 2016; Kubik, 2012). 2010 წლიდან მოყოლებული, უნგრეთის სამოქალაქო ალიანსისა (FIDESZ) და უნგრეთის ქრისტიანულ-დემოკრატიული სახალხო პარტიის (KDNP) კოალიციური მთავრობის პირობებში, უნგრეთში მიმდინარე მოვლენების შედარებით 2015 წლის შემდგომ პოლონეთთან, „სამართალი და სამართლიანობის“ (PiS) მთავრობის პირობებში, ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ანტილიბერალური გარდაქმნის ბოლომდე მოხელთება შეუძლებელია, როგორც სინტია ენლო (2004, 2007) უწოდებს, ფემინისტური ცნობისმოყვარეობის გარეშე - რაშიც იგი გულისხმობს პოლიტიკური პროცესების გენდერირებული ბუნების შესწავლისათვის აუცილებელ ინსტრუმენტს. შესაბამისად, ამ სტატიაში ჩვენ გამოვდივართ იდეით, რომ ანტილიბერალიზმი გაგებული იყოს როგორც ღრმად გენდერირებული პოლიტიკური ტრანსფორმაცია, რომელიც ემყარება კონკრეტულ გენდერულ რეჟიმს - გენდერის კონსტრუქციებს, ისევე, როგორც აღნიშნულ კონსტრუქციებს შორის ინსტიტუციონალიზებულ ძალაუფლებრივ მიმართებებს - და რომელიც გარდაქმნის ადამიანის უფლებების, ქალთა უფლებების და თანასწორობის მნიშვნელობებს ისე, რომ პრივილეგიას ანიჭებს ოჯახის უფლებებსა და ნორმატიულ საჭიროებებს, ქალთა უფლებებთან შედარებით.
ანტილიბერალური დემოკრატია, ხშირად, გაგებულია როგორც რეჟიმი, რომელიც აერთიანებს ისეთ ცალკეულ დემოკრატიულ პროცედურებს როგორიცაა მრავალპარტიული სისტემა და საყოველთაო არჩევნები და, ამავდროულად, იგი უგულებელყოფს ძალაუფლების კონსტიტუციურ საზღვრებს და მოქალაქეთა დაცვისათვის აუცილებელ ინდივიდუალურ უფლებებს (Zakaria, 1997). ანტილიბერალური დემოკრატიის უფრო დეტალურ განსაზღვრებას აყალიბებს იან კუბიკი (2012) და ჩამოთვლის სამ პრინციპს, რომელსაც ანტილიბერალიზმი ემყარება: პოპულიზმი, (ორგანიზაციული) ანტიპლურალიზმი და იდეოლოგიური მონიზმი. იმ ნაშრომებზე დაყრდნობით, რომლებიც ანტილიბერალური ცვლილების სტრუქტურულ, სისტემურ მიზეზებს სწავლობს (მაგ., Berezin, 2009; Fiala & Tamás, 2016; Ost, 2016), ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ანტილიბერალიზმი ყველაზე უკეთ შესაძლოა გაგებული იქნას როგორც უმრავლესობის ნაციონალისტური პასუხი გლობალური, ნეოლიბერალური მოდელის მარცხზე, რომელიც განმსაზღვრელ ფაქტორს წარმოადგენდა ინდივიდსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობაში ბოლო 40 წლის განმავლობაში. ცენტრალურ ევროპაში ამ მოდელმა ხორცი შეისხა პოსტკომუნისტური ტრანსფორმაციისა და თანმდევი ევროკავშირთან ასოცირების ჩარჩოს ფარგლებში და ადამიანის უფლებებისა და ლიბერალური დემოკრატიის სტანდარტების ნეოლიბერალურ ეკონომიკურ პოლიტიკებსა და მმართველობის პრინციპებთან სინთეზირება მოახდინა. უფლებებზე დაფუძნებული მმართველობის თანმხლები ენა ფოკუსირდებოდა ინდივიდუალურ უფლებებზე, სამოქალაქო თავისუფლებებსა და აღიარებაზე, რამაც იგი არაეფექტიანად აქცია სტრუქტურული ცვლილებებისათვის წინააღმდეგობის გაწევისთვის (იხ. Gregor & Grzebalska, 2016). ანტილიბერალური პარტიების ამომრჩევლებისათვის ლიბერალური დემოკრატიის უარყოფა გლობალიზმის, ნეოლიბერალიზმისა და პოლიტიკურ პროცესებზე ელიტების მონოპოლიისადმი წინააღმდეგობის გაწევისა და ტრანსნაციონალური ინსტიტუტების მიერ, როგორიცაა ევროკავშირი და გაერო, სახელმწიფოთა ეროვნულ პოლიტიკებსა და ღირებულებებზე გავლენასთან დაპირისპირების გზად იქცა.
ანტილიბერალიზმის ბოლოდროინდელი აღზევების შესახებ დისკუსიებიდან ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი მიმართულება შეეხება იმას, თუ სად შეიძლება მოვათავსოთ აღმოცენების პროცესში მყოფი რეჟიმები პოლიტიკური სისტემების ტიპოლოგიაში და რამდენად ხელსაყრელია ისტორიული ანალოგიების გამოყენება. ზოგიერთი ავტორი ანტილიბერალიზმის როგორც ევროპული ფაშიზმის ხელახლა დაბადებად (მაგ., იხ. Chotiner & Paxton, 2016), კონკურენტუნარიანი ავტორიტარიზმის ერთგვარი ფორმისაკენ უკან დახევად (მაგ., იხ. Zgut & Przybylski, 2017), მაფიოზური სახელმწიფოს ახლებურ ფორმად (იხ. Magyar, 2016) ან ძველი არადემოკრატიული მმართველობის ტრადიციების შერწყმად (Leszczyński, 2017) ხედავს. ზოგიერთი ავტორი კი უკვე დიდი ხანია გვაფრთხილებს, რომ ანალოგიები „ზედმეტად ყოვლისმომცველ განმარტებით ჩარჩოებად“ გვევლინება (Mercer, 2016), რაც ჩვენი შესწავლის ობიექტად ქცეული პროცესების ბუნებას კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის ნაცვლად მეტი სიცხადის შემოტანისა. ევრისტიკული მიზნების გათვალისწინებით, წინამდებარე სტატიაში სრული სერიოზულობით განვიხილავთ ცენტრალურ ევროპაში ბოლო დროს გავრცელებულ ანტილიბერალიზმს მმართველობის ახალ და უნიკალურ ფორმად, რომელიც დაკავშირებულია ნეოლიბერალური გლობალიზაციით გამოწვეულ სირთულეებთან (იხ. Kováts, 2016), მისი კონტრ-ჰეგემონიური პროექტის თვალსაზრისით, ასევე მისი „სამოქმედო გზების“ ე.წ. modus operandi-ის მხრივ. შესაბამისად, ნაცვლად ზემოხსენებული პოლიტიკური რეჟიმის ბუნების შესახებ თეორიულ დისკუსიაში ჩართვისა, ჩვენ კრიტიკულად მიმოვიხილავთ მიმდინარე ანტილიბერალური ტრანსფორმაციის გენდერულ ასპექტებს: პოლიტიკას, მექანიზმებსა და რიტორიკულ ინსტრუმენტებს, რომლებსაც უნგრეთისა და პოლონეთის ანტილიბერალური მთავრობები იყენებენ. ჩვენი განსჯით, პოლიტიკური სისტემის ტრანსფორმაციის კონკრეტული გზების შესწავლას შეუძლია გვიკარნახოს თუ როგორ შეიძლება მიმდინარე პროცესების შეჩერება და მისთვის წინააღმდეგობის გაწევა სამოქმედო დონეზე.
იკვლევს რა ანტილიბერალური ტრანსფორმაციის სამოქმედო გზების გენდერულ ასპექტებს, წინამდებარე სტატია შემდეგნაირად ვითარდება. სტატიის პირველ ნაწილში ჩვენ შემოგვაქვს გენდერის როგორც სიმბოლური წებოს ცნება და ვამტკიცებთ, რომ ანტილიბერალიზმი წარმოადგენს პროექტს, რომელსაც ზურგს უმაგრებს ლიბერალური ემანსიპატორული პოლიტიკის უარყოფა - როგორც ვიწრო პოლიტიკური გაგებით, ისე მომავლის პროგრესული ხედვის სიმბოლოს თვალსაზრისით. მომდევნო ორ ქვეთავში ჩვენ ახლოდან შევისწავლით ანტილიბერალური კონტრ-შემოთავაზების ორ პოლიტიკურ-იდეოლოგიურ მდგენელს - პროგრესული აქტივიზმის უსაფრთხოების სიბრტყეში მოქცევას (securitization) და ოჯახზე ორიენტირებული პოლიტიკის პოპულარიზაციას - და ვამტკიცებთ, რომ აღნიშნულ საკითხებს გენდერული ასპექტები გააჩნია, რამდენადაც ისინიც უსაფრთხო საზოგადოებისა და მოქალაქეთა გაძლიერების ანტიმოდერნისტულ ხედვას ემყარებიან. სტატიის ბოლო ნაწილში კი აღვწერთ თუ როგორ ხდება ანტილიბერალური მმართველობისაკენ ტრანსფორმაციის გაძლიერება და შენარჩუნება ტექნიკური პოლიტიკის დონეზე - ლიბერალური თანასწორობის პოლიტიკის წამყვანი ცნებების, ინსტრუმენტებისა და მექანიზმების ხელახალი განსაზღვრა, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქალთა უფლებებისათვის.
თარგმანი სრულად იხ. მიმაგრებულ ფაილში.
ინსტრუქცია