[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სხვა / სტატია

ამერიკის საგარეო პოლიტიკა და საქართველო თანამედროვე გეოპოლიტიკურ კონტექსტში

 

შესავალი

დღეს, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე, როდესაც უკრაინაში ომი გრძელდება, საქართველოში კი, არ წყდება სახალხო პროტესტი უმწვავესი პოლიტიკური კრიზისის პირობებში, ამერიკის შეერთებული შტატების, როგორც გლობალური დასავლეთის ლიდერის, დამოკიდებულება და პოზიცია ორივე მოვლენის ჭრილში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ქართულ რეალობაში, ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მოსვლას, როგორც სახელისუფლებო გუნდი, ისე საზოგადოების საპროტესტო ნაწილი განსაკუთრებით ელოდა, ვინაიდან რამდენიმე მნიშვნელოვანი შიდაპოლიტიკური საკითხი, უშუალოდ არის დაკავშირებული ამერიკის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებებთან. ეს, უპირველეს ყოვლისა, ეხება „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის და მისი ქვეშევრდომების დასანქცირების და „მეგობარი აქტის“ მიღების საკითხებს (სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა „მეგობარ აქტს“ მხარი დაუჭირა, „ინტერპრესნიუსი“). ამასთან ერთად, საპროტესტო გამოსვლები თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, პირველ რიგში მიმართულია მმართველი პარტიის გადაწყვეტილების წინააღმდეგ, შეაჩეროს ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში.

საქართველოში მიმდინარე უწყვეტ საპროტესტო გამოსვლებს, აქვს როგორც შიდაპოლიტიკური, ისე საგარეო პოლიტიკური შრე. როგორც მოგეხსენებათ, დღეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, მის ლეგიტიმაციას დასავლეთის სახელმწიფოების უდიდესი ნაწილი ფაქტობრივად არ აღიარებს, დაწესებულია მთელი რიგი სანქციები თანამდებობის პირების მიმართ და საუბარია ამ სანქციების კიდევ უფრო გაფართოებაზე (საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ - დასავლურმა სამყარომქართული ოცნებისუკვე 200-ზე მეტი წარმომადგენელი დაასანქცირა, რომელთაგან 98-ის ვინაობა გასაჯაროვდა, დანარჩენებზე ანონიმური სავიზო შეზღუდვებია დაწესებული). აქვე, უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიო უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური ტრანსფორმაციის პერიოდში იმყოფება, უკრაინის ომის მიმდინარეობას და მის დასასრულს, იმას, თუ როგორი ტიპის მშვიდობა დამყარდება ამ ომის შედეგად, შესაძლოა, გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს საქართველოს განვითარების უახლოეს და საშუალოვადიან პერსპექტივებზე. ეს პროცესები, თავისი კომპლექსურობიდან და მრავალშრიანობიდან გამომდინარე, პირდაპირ არის დაკავშირებული საქართველოში არსებულ შიდაპოლიტიკურ კრიზისთან, რომელიც უმთავრესად „ქართული ოცნების“ პოლიტიკის ნაყოფია. ქვეყნის შიგნით არსებული საპროტესტო განწყობების მიმართ დასავლეთის მხარდაჭერა, პროცესების მნიშვნელოვანი ფაქტორია.

საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესასრულებლად, აუცილებელია არა მარტო საქართველოს შიგნით პოლიტიკური პროცესების შემოტრიალება უკან, პროდასავლური მიმართულებით, არამედ თვითონ დასავლეთში არსებული გამოწვევების  და ევროპასა და ამერიკას შორის უკრაინის საკითხის ირგვლივ გაჩენილი აზრთა სხვადასხვაობის დაძლევა, რომელიც პოტენციურად ტრანსატლანტიკურ სივრცეში მნიშვნელოვანი კრიზისის წარმოშობის საბაბი შეიძლება გახდეს, რაც, თავის მხრივ, აუცილებლად იქონიებს გავლენას საქართველოში არსებულ სიტუაციაზეც.

ნებისმიერ შემთხვევაში, ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციას და პოლიტიკას, გადამწყვეტი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს, როგორც გლობალურად მიმდინარე პროცესებზე, ისე საქართველოს საგარეო  და საშინაო პოლიტიკაზე.

საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობა ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში სტრატეგიული პარტნიორობის დინამიკას მიჰყვებოდა. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, აშშ-მა ერთ-ერთმა პირველმა ცნო მისი სუვერენიტეტი და მას შემდეგ ქვეყნის ერთგული მხარდამჭერია. ორმხრივი თანამშრომლობა მოიცავს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამხედრო და ინსტიტუციურ განვითარებას, რაც მნიშვნელოვნად განსაზღვრავდა საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს. აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმაცია ცივი ომის შემდგომ პერიოდში, 9/11-ის შემდგომი ტერორიზმთან ბრძოლაში ჩართულობა, რუსეთის აგრესიის შეკავების მცდელობა და ჩინეთის გავლენასთან დაპირისპირება – ყველა ეს ფაქტორი პირდაპირ თუ ირიბად აისახა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე.

წინამდებარე სტატიის მიზანია, მიმოიხილოს აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ძირითადი პერიოდები, ის, რაც თანამედროვე ამერიკის საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებას განაპირობებდა, აღწეროს თანამედროვე გამოწვევები და მათი შესაძლო გავლენა, როგორც ქართულ-ამერიკულ, ისე ევროკავშირისა და აშშ-ს შორის არსებულ ურთიერთობებზე. ამასთან ერთად, განვიხილავთ საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის შეჩერების პოტენციურ შედეგებს და იმ დახმარებას, რომელსაც ამერიკა წლების განმავლობაში უწევდა საქართველოს. მიგვაჩნია, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების პერსპექტივების ფართო კონტექსტში დასანახად, აუცილებელია, როგორც უშუალოდ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობის განხილვა, ისე აშშ-ის როლისა და მნიშვნელობის, მსოფლიოსთვის, განსაკუთრებით უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, რომელიც უშუალოდ არის დაკავშირებული დღეს არსებულ მსოფლიო წესრიგის მომავალთან.

პირველი ნაწილი

ამერიკის საგარეო პოლიტიკის ისტორიული მიმოხილვა

დამფუძნებელი მამები და მონროს დოქტრინა

თანამედროვე ამერიკის საგარეო პოლიტიკის გასაგებად, მნიშვნელოვანია მისი ისტორიული საფუძვლების მცირე მიმოხილვა. ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის მეორე ვადით არჩევის შემდგომ, პარალელების გავლება წარსულში აშშ-ის საგარეო პოლიტიკურ მიდგომებთან კვლავინდებურად აქტუალურია. მაგალითად, გააქტიურდა საუბრები დღევანდელი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკური კურსის პრეზიდენტ მონროს დოქტრინასთან მსგავსების შესახებ.

თანამედროვე და მომავალი ამერიკული საგარეო პოლიტიკის გასაგებად აუცილებელია აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ისტორიის შესწავლა. უფრო მეტიც, უნდა გავიგოთ, როგორ წარმართეს კონკრეტულმა მოვლენებმა და პოლიტიკურმა პოზიციებმა ამერიკის საგარეო პოლიტიკა ქვეყნის დაარსებიდან დღემდე. გლობალიზაცია, ინტერნაციონალიზმი და უსაფრთხოების გარანტიები მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდისა და ცივი ომის დაწყების შედეგი იყო. თუმცა, შეერთებულ შტატებს 200 წელზე მეტი ხნის განმავლობაში საგარეო პოლიტიკის სხვადასხვა მიდგომა ჰქონდა. ამერიკის ურთიერთობა დანარჩენ სამყაროსთან რთულია და ყოველი პრეზიდენტის მმართველობის პერიოდში განსხვავებული თავისებურებებით ხასიათდება.

აშშ-ის კონსტიტუცია (S. Constitution, art. 1, sec. 8, n.d.) საგარეო პოლიტიკის უფლებამოსილებას აღმასრულებელთან ერთად, საკანონმდებლო შტოსაც ანიჭებს. პირველი მუხლი საკანონმდებლო შტოს აძლევს უფლებამოსილებას საგარეო საქმეთა რამდენიმე საკითხში – „გააკონტროლოს ვაჭრობა უცხო ქვეყნებთან, გამოაცხადოს ომი, შექმნას და უზრუნველყოს არმია, უზრუნველყოს სამხედრო ძალა და დაადგინოს წესები სახმელეთო და საზღვაო ძალების მართვისა და რეგულირებისათვის“. მეორე მუხლი კი პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკის ძალაუფლებას განსაზღვრავს – პრეზიდენტი არის „არმიისა და ფლოტის მთავარსარდალი“. გარდა ამისა, პრეზიდენტს აქვს ხელშეკრულებების დადებისა და ელჩების დანიშვნის უფლებამოსილება სენატის რჩევისა და თანხმობის საფუძველზე. კონსტიტუციის შემქმნელებმა შეათანხმეს, რომ საგარეო პოლიტიკა ამერიკის რესპუბლიკის ძირითადი საკითხი იქნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ კონგრესსა და პრეზიდენტს პირდაპირი და ირიბი ძალაუფლება მიენიჭათ საგარეო საკითხებში, შეერთებული შტატების ადგილის განსაზღვრა საერთაშორისო არენაზე პოლიტიკოსებისა და ამერიკის ლიდერების ერთობლივი პასუხისმგებლობა იყო. მრავალი ათწლეულის განმავლობაში ამერიკელი ლიდერები სხვადასხვა საგარეო პოლიტიკურ მიდგომას ლობირებდნენ თუ ეწინააღმდეგებოდნენ.

როგორც ჯორჯ ვაშინგტონმა თავის გამოსამშვიდობებელ მიმართვაში ჩამოაყალიბა, შეერთებული შტატები შექმნის დღიდან საგარეო პოლიტიკის პრაგმატულ მიდგომას მიჰყვებოდა. ამერიკამ გააცნობიერა, რომ დემოკრატიული ექსპერიმენტი, დამფუძნებელ დოკუმენტებში გამოთქმული პრინციპები და დამსახურებაზე დაფუძნებული საზოგადოების შექმნა იდეალისტური ხედვა იყო. თუმცა ვაშინგტონი, ადამსი, ჯეფერსონი, მედისონი და მომავალი პრეზიდენტები ხვდებოდნენ, რომ მსოფლიო ანარქიული იყო. ევროპული ძალები, როგორებიც იყვნენ საფრანგეთი და ბრიტანეთი, საკუთარ ინტერესებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს იღებდნენ და ერთმანეთზე უპირატესობის მოპოვებისკენ ისწრაფოდნენ. დამფუძნებლებმა გაიგეს, რომ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დაცვა ქვეყნის შიგნით მხოლოდ მაშინ იქნებოდა შესაძლებელი, თუკი ამერიკა საგარეო პოლიტიკაში პრაგმატული და რეალისტური იქნებოდა.

ახალი რესპუბლიკის პერიოდში მომხდარი კონფლიქტების უმეტესობა, თუ არა ყველა, თავდაცვითი ხასიათის იყო და „ბოლო გამოსავალს“ წარმოადგენდა. ადრეულმა პრეზიდენტებმა გააცნობიერეს, რომ შეერთებული შტატები ვერ გაძლებდა, თუ სრულმასშტაბიან ევროპულ კონფლიქტებსა და მეტოქეობებში ჩაერთვებოდა.

გარდა ამისა, ჯორჯ ვაშინგტონი მტკიცედ მიუთითებდა შეერთებული შტატების გეოგრაფიულ უპირატესობაზე: „რატომ უნდა უარვყოთ ასეთი განსაკუთრებული მდგომარეობის უპირატესობები? რატომ უნდა დავტოვოთ ჩვენი მიწა, რომ უცხოურზე დავდგეთ? რატომ უნდა გადავაბათ ჩვენი ბედი ევროპის რომელიმე ნაწილს და ამით ჩავაბათ ჩვენი მშვიდობა და კეთილდღეობა ევროპული ამბიციების, მეტოქეობის, ინტერესების, ხასიათის ან ახირებების მახეში?“ (‘George Washington, “George Washington Papers, Series 2, Letterbooks -1799”: Letterbook 24, April 3, 1793 - March 3). მისი გამოსამშვიდობებელი სიტყვა გაჯერებული იყო საგარეო პოლიტიკის საკითხებით და იმით, თუ რატომ უნდა შეენარჩუნებინა შეერთებულ შტატებს დისტანცია სხვა ქვეყნებთან. ვაშინგტონმა, შესაძლოა, ვერ გააცნობიერა, რომ მისი სიტყვა მომდევნო ათწლეულების დიდი სტრატეგიის კატალიზატორი გახდებოდა. როგორც მომდევნო თავებში ვნახავთ, ვაშინგტონის სიცხადე და აქცენტი გლობალურ კონფლიქტებში ნეიტრალიტეტის შენარჩუნებაზე, გასაგებია და შორს მიმავალი გავლენაც დატოვა.

ვაშინგტონის გამოსამშვიდობებელი მიმართვისა და სხვა სახელმწიფოებთან ნაკლებად დაკავშირებული ვალდებულებების გამო, ბევრი მიიჩნევს, რომ შეერთებული შტატები იზოლაციონისტური პოლიტიკის მიმდევარი იყო. თუმცა, ტერმინი „იზოლაციონიზმი“, რომელიც განსაზღვრავს „ნაციონალურ იზოლაციის პოლიტიკას ალიანსებისგან და სხვა საერთაშორისო პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობებისგან თავის შეკავებით“, მხოლოდ მე-20 საუკუნის დასაწყისში გაჩნდა. ავტორი ლოურენს კაპლანი თავის ნაშრომში, „იზოლაციონიზმისკენ: ფრანგულ-ამერიკული ალიანსის აღმასვლა და დაცემა 1775-1801“, მიიჩნევდა, რომ ვაშინგტონის გამოსამშვიდობებელი სიტყვა იზოლაციონიზმის სიმბოლო იყო (Marie-Jeane Rossignol, “Early Isolationism Revisited: Neutrality and Beyond in the 1790s”, Journal of American Studies, 1995, 215, n.d.).

დღევანდელ კონტექსტში, იზოლაციონიზმისა და ძალების უკანდახევის მხარდამჭერები შეიძლება ამტკიცებდნენ, რომ აუცილებელია დაბრუნება ადრეული რესპუბლიკის „იზოლაციონისტურ ტრადიციასთან“. თუმცა ადრეული რესპუბლიკის იზოლაციონიზმი მითია და დამფუძნებლებს არასდროს სურდათ, რომ ამერიკა სრულად მოწყვეტილიყო გარე სამყაროს.

თანამედროვე იზოლაციონისტები, ან გლობალური უკანდახევის მხარდამჭერები ამტკიცებენ, რომ სამხედრო ალიანსების, თავდაცვის ხელშეკრულებებისა და ამერიკის სამხედრო ყოფნის თავიდან არიდება მსოფლიოში მეტ მშვიდობასა და სტაბილურობას უზრუნველყოფს. თუმცა, როგორც ადრეული რესპუბლიკის მაგალითზე ჩანს, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. მიუხედავად იმისა, რომ შეერთებულმა შტატებმა არჩევანი ნეიტრალიტეტზე შეაჩერა და ალიანსებს მოერიდა, მაინც დადგა საგარეო აგრესიის წინაშე.

მაგალითად, შეერთებულმა შტატებმა საფრანგეთთან კუასის ომი (Quasi War) გადაიტანა მას შემდეგ, რაც ფრანგებმა დაიწყეს ამერიკული სამხედრო ხომალდების ჩამორთმევა კარიბის ზღვის აუზში; საზღვაო ძალები შეებრძოლნენ ბარბარულ სახელმწიფოებს მას შემდეგ, რაც მეკობრეობამ ამერიკის კომერცია საფრთხის წინაშე დააყენა; ხოლო 1812 წლის ომში ამერიკა ბრიტანეთის წინააღმდეგ ჩაება, რადგან ბრიტანეთი არღვევდა აშშ-ის საზღვაო უფლებებს. ხოლო, მეორე მსოფლიო ომის დროს, აშშ-ის თავშეკავება ევროპულ ომში ჩართვის შესახებ, იაპონიის თავდასხმის შედეგად პერლ-ჰარბორზე, რადიკალურად შეიცვალა.

მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელი პოლიტიკოსები ცდილობდნენ ნეიტრალიტეტი შეენარჩუნებინათ და ომი თავიდან აეცილებინათ, შეერთებული შტატები მაინც აღმოჩნდა ჩართული უფრო ფართომასშტაბიან კონფლიქტებში. მაგრამ, თუ იზოლაციონისტებისა და უკანდახევის მომხრეებს დავუჯერებთ, თავდაცვის ვალდებულებებისა და სამხედრო „აგრესიის“ თავიდან აცილებას ხომ უნდა მოეტანა მშვიდობა? ისტორია, როგორც ვხედავთ, სხვა რამეს გვიჩვენებს.

დამფუძნებლები ზუსტად იმ პოლიტიკას მისდევდნენ, რასაც დღეს იზოლაციონისტები უჭერენ მხარს – ისინი თავს არიდებდნენ საერთაშორისო ჩახლართულ ურთიერთობებს, ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდნენ და სამხედრო ყოფნას ზღუდავდნენ. მიუხედავად ამისა, ამერიკას მაინც მოუხდა აგრესიულ სახელმწიფოებთან და მეკობრეებთან ღიად დაპირისპირება.

მაშინდელი შეერთებული შტატების იზოლაციონისტად მიჩნევის მიუხედავად, უნდა აღინიშნოს, რომ დამფუძნებლები მშვიდობიან თანაცხოვრებას ესწრაფოდნენ სხვა მსოფლიო ძალებთან, ისევე როგორც კომერციული, ეკონომიკური და სავაჭრო კავშირების განვითარებას გარე სამყაროსთან. შეერთებული შტატები, თავისი ბუნებით, ნეიტრალური რჩებოდა და არა იზოლირებული. ვაშინგტონის ადმინისტრაცია და სხვა წარმატებული ადმინისტრაციები იცავდნენ ნეიტრალიტეტს, მაგრამ ამასთან ერთად, მჭიდრო კომერციულ ურთიერთობებსაც სხვა ქვეყნებთან.

აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პირობებშიც, ისტორიული პარალელები ამერიკის საგარეო პოლიტიკურ წარსულთან განსაკუთრებით გააქტიურდა. ასე მაგალითად, დონალდ ტრამპის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე ცოტა ხნით ადრე ამბობდა, რომ მოსალოდნელია „მსოფლიო რუკის ხელახალი დახატვა,  შეგიძლიათ, უწოდოთ მონროს დოქტრინა 2.0, მაგრამ ეს ყველაფერი „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“-ს დღის წესრიგის ნაწილია და ის ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იყო იგნორირებული“ (უსაფრთხოების საკითხებში ტრამპის მომავალი მრჩეველი მაიკ უოლცი - ველოდები მსოფლიოში რუკების ხელახლა დახატვას). ეს განცხადება მაშინვე იქცა განხილვის საგნად და დაიწყო საუბარი ამერიკის მოსალოდნელ იზოლაციონიზმზე, რაც, შეიძლება ითქვას, რომ ისტორიის და იზოლაციონიზმის თანამედროვე გადმოსახედიდან, გარკვეულწილად არასწორი ინტერპრეტაციაც არის. აღნიშნულ კონტექსტში საქართველოში გაჩნდა დისკურსი, რომ აშშ აღარ იქნებოდა საზღვარგარეთ დემოკრატიული გარდაქმნის პროცესების აქტიური მხარდამჭერი და ეს საქართველოში არსებულ პროტესტზეც უარყოფით გავლენას მოახდენდა.

მაშ, რას გულისხმობდა თავის დროზე პრეზიდენტ მონროს დოქტრინა, რომელიც თავისი მნიშვნელობით ბევრი რამის განმსაზღვრელი გახდა მომავალი ამერიკისთვის?

მონროს დოქტრინის ჩანასახები მანამდეც გამოიკვეთა სხვადასხვა ადმინისტრაციის დროს, თუმცა ის სრულყოფილად მხოლოდ პრეზიდენტ მონროს პოლიტიკურ განცხადებაში ჩამოყალიბდა. ჯეიმს მონრო პრეზიდენტის პოსტზე 1817 წელს ავიდა, მაგრამ მისი გადამწყვეტი საგარეო პოლიტიკის დოქტრინა მხოლოდ 1823 წელს გაჟღერდა და დამკვიდრდა. 1823 წლის 2 დეკემბერს, კონგრესისადმი მეშვიდე ყოველწლიურ მიმართვაში, პრეზიდენტმა მონრომ გამოაცხადა თავისი ადმინისტრაციის პოზიცია დასავლეთ ნახევარსფეროსთან დაკავშირებით და შეერთებული შტატების ურთიერთობის სამომავლო გზა ევროპულ ძალებთან (James Monroe, ‘Monroe Doctrine,’ Annual Message to Congress, December 2, 1823,). მონრომ მკაფიოდ განაცხადა: „ამერიკის კონტინენტები... ამიერიდან, ნებისმიერი ევროპული ძალისთვის კოლონიზაციის ობიექტად აღარ უნდა განიხილებოდეს.“

ამ ამბიციურმა და შორსმჭვრეტელმა დოქტრინამ საფუძველი ჩაუყარა ამერიკის საგარეო პოლიტიკას, რომელიც მომდევნო საუკუნის განმავლობაში ქვეყნის საერთაშორისო ურთიერთობებს განსაზღვრავდა. მონროს დოქტრინა შეერთებული შტატების ერთ-ერთი პირველი მნიშვნელოვანი სტრატეგიული განაცხადი იყო.

დოქტრინა ევროპის პოლიტიკურ დინამიკაში ცვლილებებს მოჰყვა. ნაპოლეონის ომების დასრულების შემდეგ, ავსტრიამ, პრუსიამ, რუსეთმა და ბრიტანეთმა, 1815 წელს, პარიზის ხელშეკრულების საფუძველზე შექმნეს ოთხთა ალიანსი (Marie-Jeane Rossignol, “Early Isolationism Revisited: Neutrality and Beyond in the 1790s”, Journal of American Studies, 1995). სამი წლის შემდეგ, ალიანსს საფრანგეთიც შეუერთდა. ევროპელმა ლიდერებმა, საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ, მსგავსი ამბოხებების საფრთხე თავიანთ ქვეყნებშიც დაინახეს. ავსტრიამ იტალიაში არეულობები ჩაახშო, საფრანგეთმა ესპანეთში აჯანყება დაამარცხა, ხოლო ალიანსის ყველა წევრი ერთად - ოსმალეთს საბერძნეთის აჯანყების ჩახშობაში დაეხმარა.

ამერიკელი ლიდერები განსაკუთრებით შეაშფოთა იმან, რომ ესპანეთი ლათინური ამერიკის ხელახალი კოლონიზაციის სურვილს ავლენდა, ხოლო რუსეთი პრეტენზიას აცხადებდა თანამედროვე ალასკასა და წყნარი ოკეანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილზე. ევროპული ექსპანსიის საფრთხის გათვალისწინებით, მონროს დოქტრინამ სამი ძირითადი პრინციპი დაადასტურა:

  1. შეერთებულმა შტატებმა აირჩია არაკოლონიური პოლიტიკა;
  2. ევროპულ ძალებს „ხელების მოშორების“ პოლიტიკა დაუწესდათ, რაც ნიშნავდა, რომ „ნებისმიერი მცდელობა“ ევროპელთა მხრიდან ამ ნახევარსფეროში საკუთარი სისტემის გავრცელებისა, საფრთხეს შეუქმნიდა ამერიკის უსაფრთხოებას;
  3. დოქტრინამ დაადასტურა ვაშინგტონის გამოსამშვიდობებელი მიმართვის ერთგულება, რომელიც აშშ-ს ევროპულ პოლიტიკურ საქმეებში ჩაურევლობას უქადაგებდა. მონრომ ხაზგასმით აღნიშნა: „ევროპის ძალთა ომებში, რომლებიც მათ შიდა საქმეებს ეხება, არასდროს მიგვიღია მონაწილეობა, და არც ჩვენს პოლიტიკას შეესაბამება ამის გაკეთება“.

მონროს დოქტრინა იყო ევროპული ექსპანსიის ღია უარყოფა.

ევროპა, დასავლეთ ნახევარსფეროში, განსაკუთრებით ლათინურ ამერიკაში, ისტორიულად მუდმივად ერეოდა. ბრიტანეთი, საფრანგეთი და ესპანეთი ათწლეულების განმავლობაში დომინირებდნენ „ახალ სამყაროში“, მათ შორის, ამერიკული კოლონიების ბრიტანეთისგან გამოყოფის შემდეგაც. როგორც ცალმხრივი პოლიტიკა, მონროს დოქტრინა შეერთებული შტატების პირველი ნაბიჯი იყო რეგიონული ჰეგემონიისკენ, რაც შემდგომში გლობალური ჰეგემონიის საფუძველი გახდა. ნეიტრალიტეტის პოლიტიკა და მხოლოდ ჩრდილოეთ ამერიკის გეოგრაფიულ არეალზე ფოკუსირება მთელ დასავლეთ ნახევარსფეროზე გაფართოვდა. მონრო და მისი მომდევნო ლიდერები მიიჩნევდნენ, რომ შეერთებულ შტატებს უფრო მეტი პასუხისმგებლობა ჰქონდა მეზობელი ქვეყნების წინაშე, ვიდრე ევროპის ძალების (ამ მხრივ, გავიხსენოთ დონალდ ტრამპის რიტორიკა, მექსიკის, კანადის და გრენლანდიის შესახებ).

მონროს დოქტრინამ არა მხოლოდ თავის დროზე მოახდინა მნიშვნელოვანი გავლენა, არამედ ამერიკის საგარეო პოლიტიკის მომავალი კურსიც შეცვალა. პრაქტიკაში, დოქტრინამ გადამწყვეტი როლი შეასრულა შემდგომი პრეზიდენტებისა და საგარეო პოლიტიკის სტრატეგიებში. პრეზიდენტმა პოლკმა მონროს დოქტრინა გამოიყენა ბრიტანეთისა და საფრანგეთის გავლენის წინააღმდეგ კალიფორნიასა და ტეხასში, ხოლო სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ, სახელმწიფო მდივანმა უილიამ ჰენრი სიუარდმა საფრანგეთს, მექსიკაში ჩარევის გამო, მუქარა გაუგზავნა.

მიუხედავად იმისა, რომ მონროს დოქტრინა თავდაცვითი და რეაქციული ხასიათის იყო, დროთა განმავლობაში მან შეერთებული შტატები უფრო აგრესიული საგარეო პოლიტიკისკენ მიმართა. 1898 წელი ამერიკისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა. ქვეყნის დაარსების შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა მიაღწია ეკონომიკურ სტაბილურობას, გააფართოვა თავისი ტერიტორია და თავიდან აიცილა გარე ალიანსები და დამანგრეველი ომები. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ჯერ კიდევ შორს იყო გლობალური ჰეგემონიისგან, 1898 წელი ნათლად წარმოაჩენდა მომავლის შესაძლებლობებს.

ანტიექსპანსიონისტური და ანტიიმპერიალისტური ფრაქციები შეშფოთებულები იყვნენ იმით, რომ ამერიკული იმპერია მეტისმეტად ძვირადღირებული იქნებოდა და წინააღმდეგობაში მოვიდოდა ამერიკულ ტრადიციებთან. იმ პერიოდის წამყვანი „ანტიიმპერიალისტები“ იყვნენ მწერალი მარკ ტვენი, ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი უილიამ ჯენინგს ბრაიანი, ასევე რესპუბლიკელები - ენდრიუ კარნეგი და ბენჯამინ ჰარისი (Lewis Gould, “Foreign Affairs,” Miller Center, 2024). ანტიიმპერიალისტები სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფებიდან, იდეოლოგიური შეხედულებებიდან და პროფესიული სფეროებიდან მოდიოდნენ.

იმპერიალიზმსა და ანტიიმპერიალიზმს შორის დებატები დღის ერთ-ერთ ყველაზე მწვავე თემად იქცა. იმ დროისთვის, ესპანეთის ერთ-ერთ უკანასკნელ კოლონიაში, კუბაში, ვითარება კრიტიკულად დაიძაბა. კუბის დამოუკიდებლობისათვის ომი 1895 წელს დაიწყო. პრეზიდენტი უილიამ მაკ-კინლი ესპანურ-კუბური კონფლიქტის პრაგმატული გზით დასრულებას ესწრაფოდა. თავისი პრეზიდენტობის პირველივე წელს მაკ-კინლი ესპანეთს დათმობებზე წასვლისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისკენ უბიძგებდა. თუმცა, დიპლომატიური მცდელობების ამოწურვის შემდეგ, ომის თავიდან აცილება შეუძლებელი გახდა.

როდესაც ამერიკამ კუბის სანაპიროსთან სამხედრო ხომალდი U.S.S. Maine გაგზავნა, ის აფეთქდა, რასაც 250-ზე მეტი მეზღვაურის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამერიკელები აღაშფოთა, როგორც ამერიკელი სამხედროების დაღუპვამ, ისე ესპანელთა მხრიდან კუბელების მიმართ სასტიკმა მოპყრობამ, და ომი გარდაუვალი გახდა. 1898 წლის აპრილის ბოლოს კონგრესმა ესპანეთს ომი გამოუცხადა. საბოლოოდ, შეერთებულ შტატებსა და ესპანეთს შორის დაიდო პარიზის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც აშშ-მა მიიღო გუამი, პუერტო რიკო და ფილიპინები.

ამერიკის როლი შეიცვალა, ახლა ქვეყანას უკვე კოლონიური ტერიტორიები ჰქონდა და მსოფლიოს ლიდერობისაკენ სწრაფვა დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ მაკ-კინლის პრეზიდენტობა ტრაგიკული მკვლელობით დასრულდა, შეერთებული შტატები საგარეო პოლიტიკისა და საერთაშორისო სტატუსის ახალ ერას შეუდგა. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი პირველი, რაც დონალდ ტრამპმა ინაუგურაციის შემდეგ გააკეთა, ის იყო, რომ ჩრდილოეთ ამერიკის უმაღლეს მწვერვალ „დენალს კვლავ ძველი სახელი, მაკ-კინლი დაუბრუნა“ (On.Ge, 2025), რაც ტრამპის და ახალი ადმინისტრაციის გარკვეულ იდეურ ბმას მიანიშნებს ამ პრეზიდენტის მემკვიდრეობასთან.

პრეზიდენტ თეოდორ (ტედი) რუზველტს, რომელიც ახალი, მზარდი ამერიკული იმპერიის სათავეში აღმოჩნდა, სურდა გაეძლიერებინა ქვეყნის სამხედრო და საზღვაო ძალები, რათა მომავლისათვის შთამბეჭდავი ძალა ჩამოეყალიბებინა. მისი „დიდი თეთრი ფლოტი“ მსოფლიოს გასაოცებლად შეიქმნა.

რუზველტამდე პრეზიდენტიც და კონგრესიც ამერიკულ დემოკრატიას დემოკრატიული მმართველობის ექსპერიმენტად განიხილავდნენ. თუმცა რუზველტს სწამდა, რომ ამერიკას მორალური ვალდებულება ჰქონდა, საზღვარგარეთ ამერიკული ღირებულებები და დემოკრატია გაევრცელებინა. მან აგრესიული საგარეო პოლიტიკის გატარება დაიწყო, რომელიც თავშეკავებულობას არ ემყარებოდა.

მიუხედავად რუზველტის აგრესიული საგარეო პოლიტიკისა, ის მთელ მსოფლიოში მშვიდობისმყოფელის როლით გახდა ცნობილი. მან რუსეთ-იაპონიის ომის დასრულების სამშვიდობო მოლაპარაკებებს უხელმძღვანელა და ნობელის მშვიდობის პრემია მიიღო. გარდა ამისა, მანვე წარმართა ბრიტანეთსა და გერმანიას შორის მაროკოს საკითხზე მოლაპარაკებები.

პრეზიდენტ რუზველტის მმართველობა მხოლოდ იმპერიალისტური საგარეო პოლიტიკით არ განისაზღვრებოდა, იგი პრაგმატული ლიდერიც იყო და მშვიდობის დამყარებასაც ცდილობდა. მისმა მემკვიდრემ, პრეზიდენტმა უილიამ ჰოვარდ ტაფტმა, რომელიც განაგრძობდა რუზველტის კურსს, საგარეო პოლიტიკის მთავარ მიზნად საერთაშორისო ვაჭრობის გაფართოება აქცია.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამერიკული საგარეო პოლიტიკის საფუძვლები დაფუძნებული იყო ევროპული ისტორიის დამფუძნებელი მამების ანალიზზე. „ძველი მსოფლიო“ სავსე იყო უკონტროლო კონკურენციითა და ომებით, რისი თავიდან აცილებაც სურდათ ადრეულ ამერიკელებს. მე-19 საუკუნის დასაწყისში, აშშ-ის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, შესაძლოა, მიიჩნია, რომ ამერიკის სუვერენიტეტი საფრთხის წინაშე იდგა. 1812 წლის ომიდან მოყოლებული, ოთხთა ალიანსით დასრულებული, ევროპული სახელმწიფოების ჩარევა მუდმივად გრძელდებოდა.

ძველ და თანამედროვე ამერიკის პოლიტიკას შორის, შეიძლება ის კავშირი დავინახოთ, რომ ამჟამად დონალდ ტრამპის მიდგომები რუსეთის მიმართ ფაქტობრივად გლობალურ პოლიტიკაში გავლენის სფეროების უკან დაბრუნებას და დაკანონებას შეუწყობს ხელს. მონროს დოქტრინამ სწორედ ეს გაამყარა, როცა „ახალ“ და „ძველ“ სამყაროს შორის გავლენის სფეროები გაანაწილა. ამერიკამ უარყო ევროპული გავლენა და დასავლეთ ნახევარსფერო საკუთარი გავლენის ზონად გამოაცხადა. აშშ-ს ესმოდა, რომ საკუთარი საზღვრებისა და რეგიონში ინტერესების დასაცავად აუცილებელი იყო პოლიტიკის შემუშავება, რომელიც ევროპელებს არ მისცემდა დასავლეთ ნახევარსფეროს კვლავ კოლონიზაციის საშუალებას.

მონროს დოქტრინის ფარგლებში, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეძლო ევროპული აგრესიის შეკავება რეგიონში. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ევროპული კოლონია მე-19 საუკუნის ბოლომდე არსებობდა, მათ შორის, ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულები და ფრანგული გვადელუპე, აშშ-მა თავისი გავლენა მონროს დოქტრინის საშუალებით განამტკიცა. დოქტრინის დამკვიდრებამდე და აშშ-ის ჰეგემონიური გავლენის ჩამოყალიბებამდე, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და ესპანეთი კვლავ ინარჩუნებდნენ ძალაუფლებას დასავლეთ ნახევარსფეროში. უფრო მეტიც, აშშ-ს უწევდა რეგიონის ევროპასთან გაზიარება, თუმცა ეს არც მშვიდობას უწყობდა ხელს და არც ევროპელების მხრიდან დათმობებს იწვევდა.

მონროს დოქტრინისა და მის შემდგომი პოლიტიკის შედეგად, ამერიკამ მოახერხა უდიდესი გავლენის მოპოვება. აშშ-ს ევროპელებისთვის კოლონიზაციის გაგრძელების ან გავლენის განმტკიცების შესაძლებლობა რომ მიეცა, ქვეყანას, შესაძლოა, ვერ მიეღწია იმ მშვიდობისთვის, რაც მონროს დოქტრინის შედეგად მოიპოვა.

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მე-19 საუკუნეში მონროს დოქტრინამ წარმატებას მიაღწია, გავლენის სფეროების აღიარება თანამედროვე ეპოქაში აღარ შეიძლება იყოს ისეთივე წარმატებული. ერთი მხრივ, ევროპული ქვეყნები მაშინ დაკავებულები იყვნენ საკუთარი პრობლემებით, მაგალითად, ნაპოლეონის ომების შემდგომი მდგომარეობითა და ძალთა ბალანსის ცვლილებებით. ეს გადატვირთულობა აშშ-ს საშუალებას აძლევდა მნიშვნელოვანი წინააღმდეგობის გარეშე გაემყარებინა თავისი გავლენა. გარდა ამისა, მე-19 საუკუნეში ტექნოლოგიურმა და სამხედრო მიღწევებმა შეზღუდა ევროპული სახელმწიფოების შესაძლებლობა, ეწარმოებინათ მასშტაბური სამხედრო ოპერაციები ატლანტის ოკეანის გადაღმა.

თუმცა თანამედროვე გეოპოლიტიკურ რეალობაში სიტუაცია მნიშვნელოვნად შეიცვალა. გავლენის სფეროების კონცეფცია დღეს უფრო საკამათოა, რადგან გაიზარდა გლობალური ინსტიტუტების როლი, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულება და საერთაშორისო სამართლის გავლენა. თუ მონროს დოქტრინამ წარმატებით შეზღუდა ევროპული ამბიციები დასავლეთ ნახევარსფეროში, მისი პრინციპების გამოყენება თანამედროვე მსოფლიოში, სადაც სხვადასხვა გლობალური ძალები – როგორიცაა ჩინეთი, რუსეთი და ამერიკა – ერთდროულად იბრძვიან გავლენისთვის ურთიერთდაკავშირებულ რეგიონებში, უფრო რთულია.

გარდა ამისა, XX და XXI საუკუნეებმა აჩვენეს, რომ გავლენის სფეროს უბრალოდ გამოცხადება კონფლიქტს ყოველთვის არ აღკვეთს. ცივი ომის პერიოდში, როგორც აშშ-მა, ისე საბჭოთა კავშირმა, შექმნეს საკუთარი გავლენის სფეროები, თუმცა ამან მშვიდობა კი არ მოიტანა, არამედ მრავალი პროქსი-ომი, ბირთვული რბოლა და გლობალური დაძაბულობა გამოიწვია. ანალოგიურ გამოწვევებთან შეძლება დავდგეთ ისევ, თუკი ტრამპის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის შედეგად საერთაშორისო ურთიერთობებში გავლენის სფეროების მიდგომა დაბრუნდება.

ცივი ომის პერიოდი

მეორე მსოფლიო ომის ბოლოსთვის მსოფლიო ლანდშაფტი რადიკალურად შეიცვალა. ევროპა განადგურებული იყო, იაპონია მძიმე დანაკარგებს განიცდიდა როგორც ტრადიციული დაბომბვის, ისე ამერიკის ატომური ბომბის გამოყენების შედეგად, და მხოლოდ ორი სუპერსახელმწიფო დარჩა. ამერიკის შეერთებული შტატები და საბჭოთა კავშირი უდავოდ იყვნენ მსოფლიოს ლიდერები. როგორც ადრე ამერიკულ რესპუბლიკაში მონროს დოქტრინის გამოცხადებით, აშშ-მა ახალი ეპოქის დიდი სტრატეგიის ახალი ერა დაიწყო.

აშშ მეორე მსოფლიო ომში არა მხოლოდ პერლ-ჰარბორზე თავდასხმის საპასუხოდ ჩაერთო, არამედ მიზნად ისახავდა „ბოროტების ღერძის“ ძალების დამარცხებას და საერთაშორისო წესრიგის აღდგენას. ომის დასრულების შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატები გახდა მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკური და სამხედრო ძალა, ასევე ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ბირთვული იარაღი ჰქონდა. მან შემოიღო რამდენიმე პოლიტიკა და სტრატეგია, რომლებიც წარმოადგენდა მის გლობალურ ლიდერობას და საბჭოთა ექსპანსიონიზმის წინააღმდეგობას.

კომუნიზმის გავრცელების შესაჩერებლად, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შემოიღო ტრუმენის დოქტრინა. ტრუმენის დოქტრინა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო დახმარებას უწევდა იმ ერებს, რომლებიც კომუნიზმისა და საბჭოთა გავლენის საფრთხის წინაშე იდგნენ. მიუხედავად იმისა, რომ ეს პოლიტიკა 1947 წელს შეიქმნა, ცივი ომის განმავლობაში ის შეინარჩუნა სხვადასხვა ადმინისტრაციამ. ტრუმენის დოქტრინის ფარგლებში პოპულარული გახდა „შეკავების“ (containment) სტრატეგია, რომლის მიზანი იყო კომუნიზმისა და საბჭოთა ძალაუფლების გაფართოების შეზღუდვა, მისი განუყოფელი ნაწილი იყო ბირთული შეკავების პრინციპიც.

ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (NATO) შექმნა იყო. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, საბჭოთა კავშირი მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა აღმოსავლეთ ევროპაზე. აშშ და მისი მოკავშირეები შიშობდნენ, რომ საბჭოთა კავშირი დასავლეთ ევროპაში შეიჭრებოდა. გარდა ამისა, აშშ ცდილობდა საბჭოთა გავლენა შეეზღუდა არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში, რათა კომუნიზმისგან დაეცვა მოკავშირეები და მოწყვლადი სახელმწიფოები. NATO ამ შიშებისა და კოლექტიური უსაფრთხოების საჭიროების გამო შეიქმნა.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დიდი რაოდენობით უცხოური დახმარება გასწია დასავლეთ ევროპის აღსადგენად. მარშალის გეგმის ფარგლებში აშშ-მა დახმარება გაუწია მოკავშირე ქვეყნების ეკონომიკას და ინფრასტრუქტურას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. მარშალის გეგმის წარმატებამ არა მხოლოდ გააუმჯობესა ევროპელთა ცხოვრება და დაასტაბილურა მათი მთავრობები, არამედ გააძლიერა აშშ-ისა და დასავლეთ ევროპის მოკავშირეობა, დააწინაურა დემოკრატიული სამყარო მისი ლიდერობით.

გარდა ამისა, პრეზიდენტმა ტრუმენმა, საბერძნეთისა და თურქეთისთვის სამხედრო და ეკონომიკური დახმარების სახით, 400 მილიონი დოლარი მოითხოვა (Dennis Merrill, “The Truman Doctrine: Containing Communism and Modernity”, Presidential Studies Quarterly, 2024, 27). საბერძნეთის სამოქალაქო ომი, ბრიტანეთის დახმარების შეწყვეტა და საბჭოთა ჩარევა საკმარისი მიზეზი გახდა საიმისოდ, რომ აშშ-ს ამ ქვეყნების დასახმარებლად ჩარევა გადაეწყვიტა.

ცივი ომის განმავლობაში, საბჭოთა კავშირთან დაპირისპირების მიზნით, ამერიკის შეერთებული შტატები ირიბ კონფლიქტებში ჩაერთო. 1950-იან წლებში ამერიკამ ჯარები გაგზავნა კორეაში, რათა საბჭოთა კავშირის მხარდაჭერილი ჩრდილოეთ კორეის ჯარების შეჭრა შეეჩერებინა. აშშ-მა ვიეტნამშიც მილიარდობით დოლარი დახარჯა და დაკარგა ათასობით ჯარისკაცი კომუნიზმის შეკავების მცდელობაში. NATO-ს წარმატების მიუხედავად, დასავლეთ ევროპაში საბჭოთა კავშირის ექსპანსიის შეჩერებაში, შეკავების სტრატეგიის წარმატება მთელ მსოფლიოში არათანაბარი იყო.

ნიქსონის, ფორდისა და კარტერის ადმინისტრაციებმა „დეტანტის“ (Détente) პოლიტიკა წამოიწყეს, რაც აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის დაძაბულობის შემცირებას გულისხმობდა. ეს პოლიტიკა მოიცავდა ბირთვული იარაღის შეზღუდვის ხელშეკრულებებს, როგორიც იყო SALT I, ანტიბალისტიკური რაკეტების ხელშეკრულება (ABM) და ჰელსინკის შეთანხმებები. მიუხედავად იმედისმომცემი დასაწყისისა, 1970-იანი წლების ბოლოს და 1980-იან წლებში აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის დაძაბულობა კვლავ გაძლიერდა.

რონალდ რეიგანის ადმინისტრაციამ შეცვალა სტრატეგია. რეიგანის ცნობილი ფრაზა – „ჩვენ ვიგებთ, ისინი აგებენ“ – ასახავდა მის პოლიტიკას (Richard Allen, “The Man Who Won the Cold War,” Hoover Institution, January 30, 2000,). რეიგანის დოქტრინის მიზანი იყო საბჭოთა გავლენის განდევნა და საბჭოთა კავშირის საერთაშორისო სტატუსის შესუსტება. ამ მიზნით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მხარი დაუჭირა ანტიკომუნისტურ მოძრაობებს ავღანეთში, ცენტრალურ ამერიკაში, აფრიკასა და აღმოსავლეთ ევროპაში.

რეიგანის ადმინისტრაციამდე, წინა პრეზიდენტები მთელ მსოფლიოში შეკავების სტრატეგიებზე იყვნენ ფოკუსირებულნი. მიუხედავად იმისა, რომ ტრუმენმა და მისმა შემდგომმა პრეზიდენტებმა შეკავების გარკვეულ წარმატებებს მიაღწიეს, საბჭოთა კავშირს კვლავ მყარად ეპყრა გლობალური ძალაუფლება. შეკავების სტრატეგიები ებრძოდა საბჭოთა გავლენას, მაგრამ ამერიკაში საგარეო პოლიტიკის შემქმნელები კვლავ იღებდნენ გავლენის სფეროების მიდგომას. გარდა ამისა, ნიქსონის ადმინისტრაციის დეტანტის პოლიტიკამ ასევე დაადასტურა საბჭოთა კავშირთან გავლენის სფეროების მიღება. ამ სტრატეგიული ინიციატივების მიუხედავად, საბჭოთა კავშირი არა მხოლოდ შენარჩუნდა, არამედ კომუნისტურმა ქვეყანამ თავისი გავლენა საკუთარი საზღვრებისა და რეგიონის მიღმაც გააფართოვა. საბჭოთა კავშირის გავლენა ლათინურ ამერიკაში საფრთხეს უქმნიდა შეერთებული შტატების ინტერესებს. ავღანეთში შეჭრამ ასევე გამოწვევა შეუქმნა აშშ-ის გავლენას ახლო აღმოსავლეთში. მიუხედავად შეკავებისა და დეტანტის მოკლევადიანი წარმატებებისა, საბჭოთა კავშირის გავლენა კვლავ ფართოვდებოდა.

შეიძლება ითქვას, რომ გარკვეულწილად პრეზიდენტ რეიგანის არჩევამდე, შეერთებული შტატები „თუ არ აგებდა, არც იგებდა“ ცივ ომს. მთელი რიგი ამერიკელი მკვლევრების აზრით (მაგ., Will Inboden), 1980 წლის არჩევნების დროს, შეერთებული შტატები საერთაშორისო არენაზე ცუდ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ქვეყანა ჯერ კიდევ განიცდიდა შვიდი წლის წინანდელ დამარცხებას ვიეტნამში, კომუნიზმის წინსვლა კი, თითქმის ყველა კონტინენტზე იყო გავრცელებული - აზიაში: სამხრეთ ვიეტნამი, ლაოსი და კამბოჯა; აფრიკაში: მოზამბიკი, ეთიოპია და ანგოლა; ახლო აღმოსავლეთში: სამხრეთ იემენი; ლათინურ ამერიკაში: ნიკარაგუა და გრენადა (The Peacemaker: Ronald Reagan, the Cold War, and the World on the Brink,” Hoover Institution, March 15, 2023). კრემლის მიერ მხარდაჭერილ აჯანყებულ ჯგუფებს შეეძლოთ თავიანთი გავლენა მოეხდინათ და ამ ქვეყნებში კომუნიზმი დაემყარებინათ, მაშინ როცა შეერთებული შტატები ებრძოდა საბჭოთა გავლენის სფეროების ზრდის პერსპექტივას.

არაერთი მკვლევარი მიუთითებდა „დეტანტის“ მიდგომის მარცხზე: „როგორც თავად საბჭოელები მიიჩნევდნენ, 1970-იანი წლების ბოლოსთვის ძალთა კორელაცია აშკარად იმდენად გადაიხარა მოსკოვის სასარგებლოდ, რომ მსოფლიოში აშშ-ის დომინანტური როლის დასასრული მალე უნდა დამდგარიყო“ (Peter Huessy, “Should the US Scale Back Its Global Presence,” Warrior Maven, 2024) შეკავებისა და „დეტანტის“ პოლიტიკა ვერ აღწევდა საბოლოო მიზანს - კომუნიზმის გავრცელების შეზღუდვას, საბჭოთა კავშირის შეკავებას და უფრო ფართო მშვიდობის მიღწევას. გავლენის სფეროების დაშვება არ იწვევდა მშვიდობას; ის აძლიერებდა საბჭოთა კავშირს. ამ ფილოსოფიურმა რწმენამ დასაბამი მისცა საბჭოთა წინსვლისა და დემოკრატიული და აშშ-ის გავლენის დაკნინების ეპოქას. ამრიგად, დღესაც, აშშ-ის საგარეო პოლიტიკაში გავლენის სფეროების პრინციპის დაბრუნებამ, შესაძლოა, ისტორიული გამოცდილების ანალოგიურად, დააზიანოს აშშ-ის სტრატეგიული ინტერესები და გავლენა მსოფლიოში.

რეიგანის ადმინისტრაციამ უარყო გავლენის ცალკეული სფეროების სტატუს კვო. საბჭოთა გავლენის „უკან დასახევად“, მან დახმარება გაუწია ანტიკომუნისტურ ჯგუფებს. რეიგანის დოქტრინის მეშვეობით, შეერთებულმა შტატებმა შეძლო თავისუფლების წინსვლა და საბჭოთა გავლენის უარყოფა. რეიგანის ხელმძღვანელობის სტრატეგია იყო, რომ კომუნიზმი არა მხოლოდ უნდა შეკავებულიყო, არამედ უნდა დამარცხებულიყო. საბჭოთა კავშირმა გაიყვანა ჯარები ავღანეთიდან, ნიკარაგუაში დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა, და 40,000-ზე მეტმა კუბელმა ჯარისკაცმა დატოვა ანგოლა და გაეროს მეთვალყურეობით ჩატარდა არჩევნები. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ეს საერთაშორისო ცვლილება, რეიგანის თეთრ სახლში ყოფნის შემდეგ, მალევე მოხდა, მისმა პოლიტიკამ ხელი შეუწყო საბჭოთა გავლენის უკუსვლას. გარდა ამისა, რეიგანის დოქტრინა საოცრად ხარჯეფექტიანი იყო აჯანყებული ჯგუფების მხარდაჭერისას. ეს შეერთებულ შტატებს წელიწადში მილიარდ დოლარზე ნაკლები უჯდებოდა, მაშინ როცა საბჭოთა კავშირი წელიწადში 8 მილიარდ დოლარს ხარჯავდა საკუთარი გავლენის შესაკავებლად (Lee Edwards, “How Ronald Reagan Won the Cold War,” The Hill, December 26, 2019). რეიგანის დოქტრინამ უარყო ფაქტი, რომ საბჭოთა კავშირსა და კომუნიზმს ჰქონდა ადგილი მსოფლიოში. საბჭოთა გავლენის წინააღმდეგ ბრძოლამ, 1991 წელს „ბოროტების იმპერიის“ დაშლა და ახალი „მსოფლიო წესრიგის“ დამყარება გამოიწვია.

ცივი ომის შემდგომი პერიოდი და აშშ- დომინაცია

1992-2016 წლების პერიოდი ამერიკის საგარეო პოლიტიკაში რამდენიმე მნიშვნელოვანი ეტაპით ხასიათდება. ცივი ომის დასრულების შემდეგ, ბილ კლინტონის პრეზიდენტობის პერიოდში (1993-2001), აშშ-მა გლობალური ლიდერის როლი იტვირთა და მთელ მსოფლიოში დემოკრატიული ღირებულებების გავრცელებას შეეცადა. ეს პერიოდი ეკონომიკური გლობალიზაციის გაძლიერებით, საერთაშორისო ინსტიტუტების გაძლიერების მცდელობით და ჰუმანიტარული ინტერვენციებით (მაგ., კოსოვოში) ხასიათდებოდა.

2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტულმა თავდასხმებმა რადიკალურად შეცვალა ამერიკის საგარეო პოლიტიკის მიმართულება. ჯორჯ ბუშ უმცროსის ადმინისტრაციამ გამოაცხადა „ომი ტერორიზმის წინააღმდეგ“ და ავღანეთსა (2001) და ერაყში (2003) სამხედრო კამპანიები წამოიწყო. ბუშის დოქტრინა ეფუძნებოდა პრევენციული ომის კონცეფციას და უნილატერალურ მოქმედებებს საერთაშორისო არენაზე.

მრავალი ამერიკელი მკვლევარი, მათ შორის, ენდრიუ ბასევიჩი და სტივენ უოლტი (Walt, 2019), მიიჩნევენ, რომ ერაყისა და ავღანეთის ომები სტრატეგიული შეცდომა იყო. მათი არგუმენტებით, ეს ომები: 1) გახდა ძალიან ძვირადღირებული, როგორც ფინანსურად, ისე ადამიანური რესურსების თვალსაზრისით; 2) ვერ მიაღწია დასახულ პოლიტიკურ მიზნებს; 3) დააზიანა აშშ-ის საერთაშორისო რეპუტაცია; 4) გააძლიერა ანტიამერიკული განწყობები მუსლიმურ სამყაროში.

ბარაკ ობამას ადმინისტრაცია (2009-2017) შეეცადა შეეცვალა ბუშის პერიოდის აგრესიული საგარეო პოლიტიკა. ობამას მიდგომა უფრო მულტილატერალური იყო, აქცენტით დიპლომატიასა და საერთაშორისო თანამშრომლობაზე. მისი ადმინისტრაციის მთავარი მიღწევები მოიცავდა ირანთან ბირთვული შეთანხმების მიღწევას, კუბასთან ურთიერთობების ნორმალიზებას და კლიმატის ცვლილების პარიზის შეთანხმებას. თუმცა დრონების გამოყენება ტერორიზმთან ბრძოლაში და სამხედრო ოპერაციები ახლო აღმოსავლეთში, ობამას პერიოდშიც გაგრძელდა.

ჯოზეფ ნაი და სხვა მკვლევრები აღნიშნავენ, რომ ხანგრძლივმა ომებმა ახლო აღმოსავლეთში გამოიწვია ამერიკის „სტრატეგიული გადაღლა“ და შეასუსტა მისი შესაძლებლობა ეფექტიანად ემოქმედა სხვა მნიშვნელოვან რეგიონებში, განსაკუთრებით, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში, სადაც ჩინეთის გავლენა იზრდებოდა.

ამ პერიოდის მთავარი ტენდენციები იყო გლობალიზაციის გაღრმავება, ახალი საფრთხეების (ტერორიზმი, კიბერუსაფრთხოება) გამოჩენა, არასახელმწიფო აქტორების როლის ზრდა საერთაშორისო ურთიერთობებში და მულტიპოლარული მსოფლიო წესრიგისკენ გადასვლის დასაწყისი. ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამ პერიოდში მერყეობდა უნილატერალიზმსა და მულტილატერალიზმს შორის, რაც ასახავდა შიდა დებატებს ამერიკის გლობალური როლის შესახებ.

ცალკე უნდა აღინიშნოს ობამას ადმინისტრაციის „გადატვირთვის“ პოლიტიკა რუსეთთან, რომელიც დაიწყო 2009 წელს, როდესაც სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა სიმბოლურად გადასცა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს წითელი ღილაკი წარწერით "Reset". ეს ინიციატივა მიზნად ისახავდა ბუშის ადმინისტრაციის დროს გაფუჭებული ურთიერთობების გამოსწორებას რუსეთთან.

თუმცა, ამ პოლიტიკის დაწყებამდე, 2008 წლის აგვისტოში, რუსეთმა განახორციელა სამხედრო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ, რამაც გამოიწვია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია. საერთაშორისო სამართლის პრინციპების ამ მძიმე დარღვევის მიუხედავად, ობამას ადმინისტრაციამ მაინც გადაწყვიტა რუსეთთან ურთიერთობების „გადატვირთვა“.

გადატვირთვის პოლიტიკის ფარგლებში მიიღწა რამდენიმე შეთანხმება:

- ახალი START ხელშეკრულება ბირთვული შეიარაღების შემცირებაზე

- თანამშრომლობა ავღანეთში სამხედრო ტვირთების ტრანზიტზე

- რუსეთის WTO-ში გაწევრიანების მხარდაჭერა

- ირანის ბირთვულ პროგრამაზე თანამშრომლობა

თუმცა ეს პოლიტიკა საბოლოოდ წარუმატებელი აღმოჩნდა. 2014 წელს რუსეთმა მოახდინა ყირიმის ანექსია და დაიწყო სამხედრო აგრესია აღმოსავლეთ უკრაინაში. ეს მოვლენები აჩვენებდა, რომ პუტინის რუსეთი არ იყო დაინტერესებული კონსტრუქციული თანამშრომლობით და განაგრძობდა აგრესიულ პოლიტიკას მეზობელი ქვეყნების მიმართ.

მრავალი ექსპერტი, მათ შორის, ზბიგნევ ბჟეზინსკი და ფარიდ ზაქარია, აკრიტიკებდნენ გადატვირთვის პოლიტიკას, როგორც ნაივურს და არაეფექტიანს. მათი აზრით, ამ პოლიტიკამ:

- წაახალისა რუსეთის აგრესიული ქცევა

- დააზიანა აშშ-ის ურთიერთობები აღმოსავლეთ ევროპის მოკავშირეებთან

- შეასუსტა აშშ-ის პოზიციები პოსტსაბჭოთა სივრცეში

ყირიმის ანექსიის შემდეგ, ობამას ადმინისტრაციამ შეცვალა კურსი და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებას და უკრაინისთვის დახმარების გაწევას შეუდგა. თუმცა კრიტიკოსები მიიჩნევდნენ, რომ ეს რეაგირება დაგვიანებული იყო და არასაკმარისი.

გადატვირთვის პოლიტიკის წარუმატებლობა გახდა მნიშვნელოვანი გაკვეთილი ამერიკული დიპლომატიისთვის, რომ რუსეთთან ურთიერთობებში საჭიროა უფრო მკაცრი და პრინციპული მიდგომა, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება რეგიონულ უსაფრთხოებას და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვას.

ამავე პერიოდის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ჩინეთის სამხედრო-პოლიტიკური აღზევება.

აშშ-ის პოლიტიკა და ჩინეთის აღზევება, 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული. ცივი ომის დასრულების შემდეგ, ამერიკული საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იყო ჩინეთის ინტეგრირება გლობალურ ეკონომიკურ სისტემაში, რასაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და შედეგები მოჰყვა.

2001 წელს აშშ-ის მხარდაჭერით ჩინეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებამ რადიკალურად შეცვალა გლობალური ეკონომიკური ლანდშაფტი. დასავლელი პოლიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ ეკონომიკური ლიბერალიზაცია გამოიწვევდა პოლიტიკურ დემოკრატიზაციას ჩინეთში, თუმცა ეს მოლოდინი არ გამართლდა. ნაცვლად ამისა, WTO-ში გაწევრიანებამ ჩინეთს მისცა უპრეცედენტო წვდომა გლობალურ ბაზრებზე და დააჩქარა მისი ეკონომიკური ზრდა.

პარალელურად, ამერიკული კორპორაციების მასობრივმა გადასვლამ ჩინეთში მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ქვეყნის ინდუსტრიულ განვითარებას. კომპანიებმა გადაიტანეს არა მხოლოდ წარმოება, არამედ ტექნოლოგიები და ნოუ-ჰაუ. ამან შექმნა უზარმაზარი სავაჭრო დეფიციტი აშშ-ისთვის, მაგრამ, ამავე დროს, ჩინეთის ეკონომიკური და ტექნოლოგიური მოდერნიზაციაც დააფინანსა. ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სუსტი კონტროლი კიდევ უფრო აადვილებდა დასავლური ტექნოლოგიების ჩინეთში გავრცელებას.

ჩინეთის შიდა ფაქტორებმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ამ პროცესში. სახელმწიფო კაპიტალიზმის მოდელმა, რომელიც აერთიანებდა მკაცრ სახელმწიფო კონტროლს საბაზრო მექანიზმებთან, უზრუნველყო ეკონომიკის სწრაფი ზრდა. მასობრივმა ინვესტიციებმა განათლებაში, კვლევებსა და ინფრასტრუქტურაში, კომბინირებულმა იაფი მუშახელის უზარმაზარ რესურსთან, შექმნა მყარი საფუძველი ეკონომიკური ექსპანსიისთვის.

საერთაშორისო კონტექსტმაც ასევე შეუწყო ხელი ჩინეთის აღზევებას. 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ, აშშ-მა ყურადღება ტერორიზმთან ბრძოლასა და ახლო აღმოსავლეთის ომებზე გადაიტანა, რამაც ჩინეთს „სტრატეგიული ამოსუნთქვის“ საშუალება მისცა. 2008 წლის გლობალურმა ფინანსურმა კრიზისმა მნიშვნელოვნად დააზარალა დასავლური ეკონომიკები, მაშინ როცა ჩინეთმა შეძლო სწრაფი გამოსვლა კრიზისიდან და კიდევ უფრო გააძლიერა თავისი პოზიციები.

2010-იანი წლებიდან ნათლად გამოჩნდა ამ პროცესების შედეგები. ჩინეთი გახდა მსოფლიოს მეორე უდიდესი ეკონომიკა, დაიწყო აგრესიული სამხედრო მოდერნიზაცია და გააძლიერა რეგიონული გავლენა „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ინიციატივით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა ტექნოლოგიური კონკურენცია აშშ-თან ისეთ სფეროებში, როგორიცაა 5G და ხელოვნური ინტელექტი.

მრავალი ექსპერტი, მათ შორის, რობერტ კაპლანი და აარონ ფრიდბერგი, მიიჩნევენ, (Kaplan, Confronting China, 2019) რომ აშშ-ის პოლიტიკა ჩინეთის მიმართ, სტრატეგიული შეცდომა იყო. მათი აზრით, დასავლეთმა ფაქტობრივად დააფინანსა საკუთარი სტრატეგიული მეტოქის აღზევება, რომელიც დღეს სერიოზულ გამოწვევას უქმნის ლიბერალურ საერთაშორისო წესრიგს. ობამას ადმინისტრაციის „აზიისკენ შემობრუნების“ პოლიტიკა იყო პირველი სერიოზული მცდელობა ჩინეთის აღზევების დასაბალანსებლად, თუმცა ბევრი მიიჩნევს, რომ ეს ნაბიჯი უკვე დაგვიანებული იყო.

America First

მიუხედავად იმისა, რომ რთულია ზუსტად განისაზღვროს, როდის დაიწყო ამერიკის საგარეო პოლიტიკის შეხედულებებმა შეცვლა, შეკავების პოლიტიკა და „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ სრულად გამოვლინდა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. ამერიკა ვერ ახერხებდა დაესრულებინა ორი ომი, რომელთაც ბოლო არ უჩანდა. მიუხედავად პრეზიდენტ ობამას გადაწყვეტილებისა ერაყიდან გამოსვლის შესახებ, აშშ კვლავ ჩაერთო რეგიონში ISIS-ის აღზევების გამო. ათასობით ამერიკელის სიცოცხლე შეეწირა ერაყისა და ავღანეთის ომებს და ორივე ომში მილიარდობით გადასახადის გადამხდელთა ფული დაიხარჯა. ამის ფონზე, 2015 წელს,  პოლიტიკურ სცენაზე დონალდ ტრამპი გამოჩნდა. ამერიკელები იმედგაცრუებულნი იყვნენ „ისტებლიშმენტის“ პოლიტიკით, ხოლო ამერიკელი მუშები გაბრაზებულნი იყვნენ, მათი აზრით, „უსამართლო“ სავაჭრო შეთანხმებებით.

2016 წლის არჩევნებში ტრამპმა შეერთებულ შტატებს განსხვავებული ხედვა შესთავაზა. მან ისარგებლა რიგითი ამერიკელების შიშებითა და იმედგაცრუებით. ტრამპს სურდა დაესრულებინა „უსასრულო“ და „მარადიული“ ომები, რომლებშიც შეერთებული შტატები იყო ჩართული.

ასევე უნდა ითქვას, რომ დონალდ ტრამპის გამარჯვება 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მხოლოდ კონკრეტული კამპანიის ეფექტიანობით ან პარტიული დინამიკით არ აიხსნება — ეს იყო შედეგი იმ ღრმა შიდაპოლიტიკური და სტრუქტურული ცვლილებებისა, რომლებიც წლების განმავლობაში ყალიბდებოდა ამერიკულ საზოგადოებაში.

ტრამპის წარმატება ნაწილობრივ ამერიკული პოლიტიკური ისტებლიშმენტის კრიზისითაც იყო განპირობებული. ბევრი ამომრჩეველი გრძნობდა, რომ ტრადიციული პოლიტიკური ელიტა — როგორც დემოკრატიული, ისე რესპუბლიკური პარტიებიდან — ვერ პასუხობდა მათ საჭიროებებს. ვაშინგტონის პოლიტიკა ელიტურ, კორუმპირებულ და მოსახლეობის ყოველდღიური პრობლემებისგან მოწყვეტილად აღიქმებოდა. ამ ფონზე ტრამპი წარდგა როგორც „აუტსაიდერი“, რომელმაც ხმამაღლა გააკრიტიკა არსებული სისტემა და საკუთარი თავი სისტემის გარედან მომავალ ცვლილების აგენტად წარმოაჩინა.

ამ შიდა პოლიტიკური კრიზისის ერთ-ერთი ძირეული მიზეზი იყო სოციალურ-ეკონომიკური სტაგნაცია. 2008 წლის ეკონომიკურმა კრიზისმა გაამწვავა საშუალო და დაბალი ფენის მატერიალური დაუცველობა, განსაკუთრებით ამერიკის ინდუსტრიულ რეგიონებში, რომლებიც დიდი ხანია მოიაზრებოდა „დავიწყებულ ამერიკად“. ეკონომიკური გლობალიზაცია, ტექნოლოგიური პროგრესი და მრეწველობის გადატანა საზღვარგარეთ მტკივნეულად აისახა მილიონობით ამერიკელზე, რომლებიც კარგავდნენ სამუშაო ადგილებს, სტაბილურობასა და პერსპექტივას. ამ ტენდენციებს თან სდევდა კულტურული შიში — ტრადიციული ღირებულებების დაკარგვის, მიგრაციისა და დემოგრაფიული ცვლილებების გამო.

ტრამპმა შეძლო ამ უკმაყოფილებასა და მღელვარებაზე ეთამაშა. მან მიზანმიმართულად მიმართა იმ სოციალური ჯგუფების ემოციებს, რომლებიც თავს გარიყულად, დავიწყებულად ან შეუმჩნევლად გრძნობდნენ თანამედროვე ამერიკაში. მისი რიტორიკა — დაცული საზღვრების, სამართლიანი ვაჭრობისა და ეროვნული იდენტობის აღდგენის შესახებ — ასახავდა ამ შიდა განწყობებს და ქმნიდა ანტილიბერალურ, ანტიელიტურ და ნაციონალისტურ პოლიტიკურ პლატფორმას (Mutz, 2018).

სტრუქტურულად კი, ამერიკულ პოლიტიკაში უკვე დიდი ხნის განმავლობაში ღრმავდებოდა პოლარიზაცია. მედია ეკოსისტემის ფრაგმენტაცია (Fox News-ის, სოციალური ქსელების გავლენა), პარტიათა შიგნით ერთიანობის შესუსტება და საკონსტიტუციო წესრიგის გარკვეული შეუსაბამობები (მაგ., საარჩევნო კოლეგიის სისტემა) ქმნიდა ისეთი კანდიდატების წარმატების შესაძლებლობას, როგორიც ტრამპია. ინსტიტუციური დაბლოკვის (gridlock) მდგომარეობამ, როდესაც კონგრესი პრაქტიკულად პარალიზებულია პარტიული დაპირისპირების გამო, გააღრმავა საზოგადოების იმედგაცრუება დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ.

ამ ყველაფერს დღემდე აქვს გრძელვადიანი ეფექტი. დონალდ ტრამპის მეორედ გამარჯვება იმით იყო გამოწვეული, რომ ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემები არათუ არ მოგვარდა, არამედ გარკვეულ ასპექტებში კიდევ უფრო გაღრმავდა. ეკონომიკური უთანასწორობა არ შემცირებულა, პოლიტიკური პოლარიზაცია გამწვავდა, ხოლო დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი უნდობლობა კიდევ უფრო გაიზარდა. ბევრისთვის ტრამპი კვლავაც არის ერთგვარი პროტესტი არსებული სტატუს კვოს წინააღმდეგ — და ეს პროტესტი, როგორც ჩანს, ჯერ არ ჩამცხრალა.

მან, ეკონომიკურად გაჭირვებულ და სამსახურდაკარგულ ამერიკელებს, პროტექციონისტული პოლიტიკის ადვოკატირებით, იმედი ჩაუსახა. ტრამპი იყო იდეალური შტორმი ერისთვის, რომელიც მოწყურებული იყო რაღაც განსხვავებულს.

არჩევნების დროისთვის, პრეზიდენტმა ტრამპმა თავისი საგარეო პოლიტიკა უნილატერალიზმისა და აშშ-ის დიდი სტრატეგიის ბოლოდროინდელი „ნორმების“ გამოწვევისკენ მიმართა. თავისი პრეზიდენტობის განმავლობაში, ტრამპი იმუქრებოდა NATO-ში აშშ-ის მონაწილეობის გადახედვით, გამოვიდა მრავალი თანამშრომლობითი შეთანხმებიდან და დააწესა სავაჭრო ტარიფები. მისი ადმინისტრაცია გახდა რესპუბლიკური პარტიის მომავლის საგარეო პოლიტიკის დოქტრინის ცენტრალური ფიგურა. მიუხედავად იმისა, რომ ისტორია იქნება ტრამპის პრეზიდენტობის მსაჯული, ფაქტია, რომ „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ პოლიტიკამ ამ დროისთვის შეცვალა ქვეყნის ტრაექტორია და ეს, განსაკუთრებით მისი მეორედ მოსვლის შემდგომ, ორმაგად თვალშისაცემია. მისი ხელახალი არჩევიდან ჯერ 100 დღეც არ გასულა და მის მიერ არაერთი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები უკვე იწვევს ბევრი მკვლევრისა და ანალიტიკოსის შეშფოთებას. „რამდენიმე კვირის განმავლობაში პრეზიდენტმა მსოფლიო წესრიგი შეცვალა რუსეთთან დაახლოებით, უკრაინის გაკიცხვითა და ევროპის უგულებელყოფით“ (Balz, 02/2025).  

უკრაინის კონფლიქტის ირგვლივ განვითარებული მოვლენები და აშშ-ის ოფიციალური პირების რიტორიკა დამატებით გამოწვევებს უქმნის აქამდე არსებულ საერთაშორისო წესრიგს და ტრანსატლანტიკურ ერთობას. დონალდ ტრამპის მცდელობა გადატვირთოს ურთიერთობები მოსკოვთან და ეცადოს სწრაფად დაასრულოს ომი უკრაინაში, ჯერ კიდევ ბუნდოვანია, რა შედეგით დასრულდება.

ცალკე შეშფოთების საგანია ტექნო გიგანტების, მაგალითად, ელონ მასკის გავლენა აშშ-ის პრეზიდენტსა და ქვეყნის პოლიტიკაზე, რაც, შესაძლოა, საერთაშორისო პოლიტიკის ახალ ტენდენციებზეც კი მიუთითებდეს.

ამასთან ერთად, ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში საბოლოდ იკვეთება აშშ-ის ორიენტაცია ჩინეთთან კონკურენციაზე.

ამერიკა-ევროკავშირის ურთიერთობები

ზემოთ მოყვანილ ისტორიულ კონტექსტში აუცილებელია განვიხილოთ ევროკავშირისა და აშშ-ის ურთიერთობებიც, ვინაიდან ეს კავშირები აქამდე ტრანსატლანტიკური ერთობის საფუძველს ქმნიდა.

აშშ-სა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები 1991 წლის შემდეგ, საბჭოთა კავშირის დაშლისა და ცივი ომის დასრულების ფონზე, მნიშვნელოვანი გარდაქმნებისა და განვითარების მოწმე გახდა. ამ პერიოდმა განსაზღვრა ახალი ეტაპი ტრანსატლანტიკურ თანამშრომლობაში, რომელიც ეფუძნებოდა საერთო ღირებულებებს, როგორებიცაა დემოკრატია, თავისუფალი ბაზარი და ერთიანი უსაფრთხოება.

1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, აშშ-მა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებმა, რომლებიც მოგვიანებით ევროკავშირში გაერთიანდნენ, დაიწყეს ახალი გლობალური წესრიგის ფორმირება. ეს პერიოდი გამოირჩეოდა აშშ-ის მხარდაჭერით ევროპის ინტეგრაციის პროცესისადმი, რაც 1993 წელს მაასტრიხტის ხელშეკრულებით ევროკავშირის ოფიციალურად დაარსებით დაგვირგვინდა. ამავე დროს, აშშ-მა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ყოფილი საბჭოთა ბლოკის ქვეყნების დემოკრატიზაციაში, რაც NATO-სა და ევროკავშირის გაფართოების საფუძველი გახდა. 1990-იანი წლების ერთ-ერთი გამორჩეული მოვლენა იყო 1999 წელს ნატო-ში ჩეხეთის, უნგრეთისა და პოლონეთის გაწევრიანება, რაც აშშ-სა და ევროპელ მოკავშირეებს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე მიუთითებდა.

2000-იან წლებში ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში გაჩნდა გამოწვევები, განსაკუთრებით, 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ. აშშ-ის მიერ წამოწყებული „ტერორიზმის წინააღმდეგ ომი“ და 2003 წლის ერაყის ომი განხეთქილების მიზეზი გახდა, რადგან ევროკავშირის ზოგიერთმა წევრმა, მაგალითად, საფრანგეთმა და გერმანიამ, მხარი არ დაუჭირეს აშშ-ის სამხედრო ინტერვენციას. თუმცა ამ პერიოდმა ასევე აჩვენა თანამშრომლობის მაღალი დონე, განსაკუთრებით ავღანეთში NATO-ს მისიებში, სადაც ევროპელმა მოკავშირეებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს. 2004 წელს ევროკავშირმა განიცადა უპრეცედენტო გაფართოება, როდესაც 10 ახალი წევრი, ძირითადად ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპიდან, შეუერთდა, რაც აშშ-ის მხარდაჭერით მოხდა, როგორც რუსეთის გავლენის შეკავების სტრატეგიის ნაწილი.

2010-იან წლებში ურთიერთობებმა ახალი გამოწვევები მოიტანა, განსაკუთრებით, 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიისა და უკრაინის კრიზისის შემდეგ. აშშ-მა და ევროკავშირმა ერთობლივად დააწესეს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, რამაც გააძლიერა ტრანსატლანტიკური სოლიდარობა. თუმცა დონალდ ტრამპის პირველი ადმინისტრაციის დროს (2017-2021), ურთიერთობებში დაძაბულობა გაჩნდა. ტრამპის სკეპტიციზმი NATO-ს მიმართ, მოთხოვნა ევროპული ქვეყნებისგან თავდაცვის ხარჯების გაზრდის შესახებ და სავაჭრო დავები, მათ შორის, გადასახადები ევროპულ ფოლადსა და ალუმინზე, პოლიტიკური წინააღმდეგობების მიზეზი გახდა. მიუხედავად ამისა, საერთო საფრთხეები, როგორიცაა რუსეთის აგრესია და ჩინეთის გლობალური ამბიციები, თანამშრომლობის საფუძველს ამყარებდა.

2025 წელს, დონალდ ტრამპის მეორე ადმინისტრაციის დაწყებით, აშშ-სა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებმა კვლავ მიიპყრო ყურადღება, განსაკუთრებით მიუნჰენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, რომელიც თებერვალში გაიმართა. ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, მათ შორის, სახელმწიფო მდივანმა და თავდაცვის მდივანმა, განაცხადეს, რომ აშშ განაგრძობდა „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ პოლიტიკას, მაგრამ ყურადღებას გაამახვილებდა უკრაინის კონფლიქტის დიპლომატიურ გადაწყვეტაზე, ნაცვლად სამხედრო დახმარების გაზრდისა. მათ ასევე გააკრიტიკეს NATO-ს ზოგიერთი წევრი ქვეყანა თავდაცვის ბიუჯეტში არასაკმარისი წვლილის გამო და მოუწოდეს ევროკავშირს, მეტი პასუხისმგებლობა აეღო ევროპის უსაფრთხოებაზე. განცხადებებში ხაზი გაესვა აშშ-ის სურვილს, შეამციროს თავისი ფინანსური და სამხედრო ჩართულობა უკრაინაში, რაც რუსეთთან მოლაპარაკებებისკენ მიმართული სტრატეგიის ნაწილი იყო.

ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა მიუნჰენის კონფერენციაზე შეშფოთება გამოთქვეს ამ განცხადებებთან დაკავშირებით. გერმანიის კანცლერმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ უკრაინის მხარდაჭერა ევროპის უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილია და აშშ-ის მიერ დახმარების შემცირებამ, შესაძლოა, რუსეთის პოზიციები გააძლიეროს (ოლაფ შოლცი - ევროპა არავის მისცემს უფლებას, უკრაინის დემილიტარიზაციას დათანხმდეს, 2025). პოლონეთისა და ბალტიის ქვეყნების ლიდერებმა გააფრთხილეს, რომ ნებისმიერი დათმობა რუსეთისადმი NATO-ს ერთიანობასა და სანდოობას საფრთხეს შეუქმნიდა. ევროკავშირის საგარეო საქმეთა უმაღლესმა წარმომადგენელმა საგანგებოდ მიუთითა, რომ ევროპა მზადაა გაზარდოს თავისი როლი უკრაინის მხარდაჭერაში, თუმცა ეს მოითხოვს აშშ-თან კოორდინაციას, ტრანსატლანტიკური გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად. კონფერენციის შემდეგ, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების პაკეტი გამოაცხადა და გაზარდა ფინანსური დახმარება უკრაინისთვის, რაც აშშ-ის განცხადებებზე მკაფიო პასუხად იქნა მიღებული.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა, თავის გამოსვლაში აღნიშნა (ჯეი დი ვენსის სიტყვა მიუნჰენის უსაფრთხოების კონფერენციაზე 2025), რომ ევროპულმა ქვეყნებმა მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღონ საკუთარი თავდაცვის უზრუნველყოფაზე და ნაკლებად დაეყრდნონ აშშ-ის მხარდაჭერას. ამ განცხადებამ გააძლიერა შეშფოთება ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის ქვეყნებში, რომლებიც რუსული აგრესიის ფონზე, განსაკუთრებულად მგრძნობიარენი არიან უსაფრთხოების საკითხების მიმართ. რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ემილ ჰურეზიანუმ, განაცხადა, რომ ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის სახელმწიფოები უნდა მონაწილეობდნენ უკრაინასთან დაკავშირებულ მშვიდობის მოლაპარაკებებში, სამართლიანი გადაწყვეტის უზრუნველსაყოფად (Dumitrescu, 2025).

უკრაინისა და NATO-ს საკითხები, მიუნჰენის კონფერენციის შემდგომ პერიოდშიც, კვლავ ცენტრალურ თემად დარჩა. აშშ-მა განაგრძო ზეწოლა ევროპულ მოკავშირეებზე, რათა გაეძლიერებინათ თავიანთი სამხედრო შესაძლებლობები, ხოლო ევროკავშირი შეუდგა მუშაობას საკუთარი თავდაცვის სტრატეგიის გასაძლიერებლად, რაც, გარკვეულწილად, აშშ-ის პოლიტიკისადმი დამოუკიდებლობის გამოხატულებად მიიჩნევა. უკრაინის კონფლიქტის გადაწყვეტის გზებზე კი მხარეებს შორის განსხვავებები შეინიშნება: აშშ მიიჩნევს, რომ დიპლომატიური მოლაპარაკებები რუსეთთან გარდაუვალია, ხოლო ევროკავშირის წევრები, განსაკუთრებით, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, ყურადღებას ამახვილებენ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უპირობო მხარდაჭერაზე და უკრაინის მონაწილეობის გარეშე მოლაპარაკებების წინააღმდეგ გამოდიან.

აშშ-სა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები, 1991 წლის შემდეგ, ვითარდებოდა როგორც თანამშრომლობის, ისე გამოწვევების ფონზე. 2025 წელს, ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებებმა და მიუნჰენის კონფერენციამ კიდევ ერთხელ გამოავლინა მხარეებს შორის საერთო ინტერესები და განსხვავებები, განსაკუთრებით, უკრაინისა და NATO-ს საკითხებში. მიუხედავად დაძაბულობისა, ტრანსატლანტიკური კავშირი გლობალური სტაბილურობის ქვაკუთხედად რჩება, თუმცა მისი მომავალი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შეძლებენ მხარეები თანამშრომლობის ახალი ფორმების პოვნას ცვალებად გეოპოლიტიკურ რეალობაში.

აშშ-სა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების განვითარება, განსაკუთრებით უკრაინის საკითხის ირგვლივ, 2025 წელს დონალდ ტრამპის მეორე ადმინისტრაციის პირობებში, მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის, მის საგარეო პოლიტიკურ მიდგომებზე, ევროპის რეაქციასა და გლობალურ გეოპოლიტიკურ დინამიკაზე. ტრამპის „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ ფილოსოფიამ, რომელიც ორიენტირებულია ორმხრივ გარიგებებსა და ტრანსაქციულ ურთიერთობებზე, შესაძლოა, მნიშვნელოვან, გავლენა მოახდინოს ტრანსატლანტიკურ კავშირებზე. ქვემოთ წარმოდგენილია მოვლენათა განვითარების რამდენიმე შესაძლო სცენარი, ასევე იმ საფრთხეების ანალიზი, რომლებიც ტრამპის ახალი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკამ შეიძლება შეუქმნას ამ ურთიერთობებს.

განვიხილოთ ეს სცენარები.

პირველი სცენარი გულისხმობს ტრამპის მიერ უკრაინის ომის სწრაფად დასრულების მცდელობას რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებების გზით, რაც ევროკავშირსა და უკრაინას გამორიცხავს პროცესიდან. ამ შემთხვევაში, ტრამპი, შესაძლოა, შეეცადოს დადოს გარიგება ვლადიმირ პუტინთან, რომელსაც სურს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების სტატუსის გაყინვა, უკრაინის NATO-ში გაწევრიანების შეჩერება და აშშ-ის სამხედრო დახმარების შემცირება. ეს გამოიწვევს მკვეთრ დაპირისპირებას ევროკავშირთან, განსაკუთრებით პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებთან, რომლებიც მიიჩნევენ, რომ რუსეთთან ნებისმიერი დათმობა საფრთხეს უქმნის მათ უსაფრთხოებას. ევროკავშირმა, თავის მხრივ, შეიძლება გააძლიეროს უკრაინის მხარდაჭერა, მაგრამ აშშ-ის გარეშე მისი შესაძლებლობები შეზღუდული იქნება, რაც გამოიწვევს ტრანსატლანტიკური ერთიანობის შესუსტებას. ამ სცენარში, ევროპა იძულებული გახდება, გადახედოს საკუთარ თავდაცვით სტრატეგიას და გაზარდოს სამხედრო ხარჯები, თუმცა შიდა განხეთქილებებმა, მაგალითად, გერმანიისა და საფრანგეთის განსხვავებულმა პოზიციებმა, შეიძლება ხელი შეუშალოს ერთიანი პასუხის ფორმირებას. 23 თებერვალს გერმანიის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ამ მხრივ დიდი მნიშვნელობა ექნება.

მეორე სცენარი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ტრამპმა გამოიყენოს „ძალით მშვიდობის“ სტრატეგია, რაც გულისხმობს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდის მუქარას, რათა რუსეთი მოლაპარაკებებში იძულებით ჩაერთოს. ამ შემთხვევაში, აშშ შეიძლება უფრო აქტიურად თანამშრომლობდეს ევროკავშირთან, რუსეთზე ზეწოლის შესანარჩუნებლად, მაგრამ მხოლოდ იმ პირობით, რომ ევროპა მნიშვნელოვნად გაზრდის საკუთარ წვლილს თავდაცვაში და უკრაინის დახმარებაში. ეს სცენარი მოკლევადიან პერსპექტივაში გააძლიერებს ტრანსატლანტიკურ კავშირს, რადგან მხარეები იმუშავებენ საერთო მიზნისთვის, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში, თუკი ევროპა ვერ შეძლებს ტრამპის მოლოდინების გამართლებას, შეიძლება გამოიწვიოს დაძაბულობა. ეს მიდგომა ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ტრამპის წინა გამოცდილება და მისი გუნდის რიტორიკა რუსეთთან დაახლოების სურვილზე უფრო მიანიშნებს, ვიდრე კონფრონტაციაზე.

მესამე სცენარი გულისხმობს გაყინული კონფლიქტის შექმნას უკრაინაში, სადაც აშშ და ევროკავშირი თანხმდებიან ფაქტობრივად აღიარონ რუსეთის კონტროლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მაგრამ განაგრძონ უკრაინის დასავლური ნაწილის ეკონომიკური და პოლიტიკური ინტეგრაცია ევროკავშირში. ამ შემთხვევაში, ტრამპი შეიძლება შეეცადოს, ეს თავის დიპლომატიურ გამარჯვებად წარმოაჩინოს, ხოლო ევროკავშირი ფოკუსს გადაიტანდა უკრაინის გრძელვადიან მხარდაჭერაზე NATO-ს გარეშე. ეს გარკვეულწილად შეარბილებს დაძაბულობას აშშ-სა და ევროკავშირს შორის,  მაგრამ გამოიწვევს უკმაყოფილებას უკრაინაში და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, რომლებიც ამას დანებებად მიიჩნევენ. ტრანსატლანტიკური ურთიერთობები შეიძლება გაგრძელდეს, მაგრამ უფრო მეტად ფორმალური და ნაკლებად სტრატეგიული გახდეს.

საერთო ჯამში, არსებული რეალობის გათვალისწინებით, ტრამპის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკური მიდგომებიდან გამომდინარე, ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს რამდენიმე საფრთხე ემუქრება. პირველ რიგში, მისმა სკეპტიციზმმა NATO-სადმი და მოთხოვნამ, რომ ევროპამ მეტი ინვესტიცია ჩადოს თავდაცვაში, შეიძლება გამოიწვიოს ალიანსის შესუსტება, თუ ევროპული ქვეყნები ვერ შეთანხმდებიან ერთიან პოზიციაზე. მაგალითად, თუ ტრამპი გადაწყვეტს შეამციროს აშშ-ის ჯარების ყოფნა ევროპაში, ეს შექმნის ძალთა ვაკუუმს, რომელიც შეიძლება რუსეთმა ან ჩინეთმა გამოიყენონ. მეორე საფრთხე უკავშირდება სავაჭრო დაპირისპირებას: ტრამპის მიერ ევროპულ საქონელზე დაწესებულმა ტარიფებმა, როგორც ეს მისი პირველი ვადის დროსაც მოხდა, შეიძლება გამოიწვიოს ეკონომიკური „ხახუნი“, რაც პოლიტიკურ დაძაბულობას გააძლიერებს. მესამე, უკრაინის საკითხის მიმართ განსხვავებულმა მიდგომებმა — აშშ-ის მიერ რუსეთთან შეთანხმებისკენ სწრაფვამ და ევროკავშირის მიერ უკრაინის სუვერენიტეტის მხარდაჭერამ — შეიძლება გამოიწვიოს ნდობის კრიზისი, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ევროპას აიძულებს, უფრო დამოუკიდებელი სტრატეგია შეიმუშაოს. ბოლოს, ტრამპის არაპროგნოზირებადი და პერსონალიზებული დიპლომატია, მაგალითად, რუსეთთან ან ჩინეთთან ცალმხრივი გარიგებები, შეიძლება გახდეს ევროკავშირის გაღიზიანების მიზეზი, რაც გააძლიერებს ევროპაში სტრატეგიული ავტონომიისკენ სწრაფვას.

ამ სცენარებისა და საფრთხეების გათვალისწინებით, აშშ-სა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების მომავალი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად შეძლებენ მხარეები იპოვონ საერთო ენა საკვანძო საკითხებზე, როგორებიცაა უკრაინა, NATO და ვაჭრობა. თუ ტრამპის ადმინისტრაცია გადაწყვეტს, უგულებელყოს ევროპის ინტერესები, ეს შეიძლება გახდეს კატალიზატორი ევროკავშირისთვის, გადაიარაღდეს და გახდეს უფრო დამოუკიდებელი მოთამაშე, თუმცა ამ პროცესს დასჭირდება დრო, ერთიანობა და მნიშვნელოვანი რესურსები, რაც მოკლევადიან პერსპექტივაში რთულად მისაღწევია. ამდენად, ტრანსატლანტიკური ურთიერთობები, სავარაუდოდ, გაივლის გარდამტეხ ეტაპს, სადაც თანამშრომლობისა და კონფლიქტის ელემენტები ერთმანეთს გადაეჯაჭვება, ხოლო მათი საბოლოო ფორმა დამოკიდებული იქნება როგორც ტრამპის გადაწყვეტილებებზე, ისე ევროპის უნარზე, ადაპტირდეს ახალ რეალობასთან. რა თქმა უნდა, როგორც არ უნდა განვითარდნენ, ეს საკითხები მნიშვნელოვან გავლენას იქონიებენ საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკაზე.

მეორე ნაწილი

ქართულ-ამერიკული ურთიერთობები და აშშ-ის დახმარება

ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ისტორია, 1992 წლიდან დღემდე, მრავალმხრივი თანამშრომლობისა და სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების ნათელი მაგალითია, რომელიც მოიცავს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამხედრო და კულტურულ განზომილებებს. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერაში.

ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ფორმალური დასაწყისი 1992 წელია, როდესაც აშშ-მა ოფიციალურად აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა (1991 წლის 25 დეკემბერს ჯორჯ ბუშ უფროსის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ) და 1992 წლის 24 მარტს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა. ერთ თვეში თბილისში გაიხსნა აშშ-ის საელჩო, რამაც საფუძველი ჩაუყარა ორმხრივ თანამშრომლობას. ამ პერიოდში საქართველო განიცდიდა შიდა არასტაბილურობას - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტებს, ეკონომიკურ კრიზისსა და პოლიტიკურ ქაოსს. ამ ფონზე, აშშ-ის დახმარება ძირითადად ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ მხარდაჭერაზე იყო ორიენტირებული, რათა ქვეყანას სტაბილურობისკენ წასვლაში დახმარებოდა.

1994 წლიდან თანამშრომლობამ სამხედრო-საგანმანათლებლო მიმართულება მიიღო, როდესაც საქართველო შეუერთდა ნატო-ს „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამას (PfP). ამავე პერიოდში დაიწყო თანამშრომლობა აშშ-ის ეროვნულ გვარდიასთან (ჯორჯიის შტატი) „პარტნიორობა ქვეყნებს შორის“ (SPP) პროგრამის ფარგლებში, რაც მიზნად ისახავდა ქართული სამხედრო ძალების წვრთნასა და ინსტიტუციურ განვითარებას. ეს ეტაპი ძირითადად ფოკუსირებული იყო საფუძვლის ჩაყრაზე, თუმცა ჯერ კიდევ არ იყო ფართომასშტაბიანი.

2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები ახალ ფაზაში შევიდა. საქართველომ გამოთქვა მზადყოფნა, შეერთებოდა გლობალური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას, რამაც განაპირობა 2002 წელს „საქართველოს წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის“ (GTEP) დაწყება (Nichol, 2003). ეს პროგრამა, რომელიც აშშ-ის 64 მილიონი დოლარით დაფინანსდა, მიზნად ისახავდა ქართული შეიარაღებული ძალების მომზადებას შიდა უსაფრთხოების გამოწვევებთან გასამკლავებლად, განსაკუთრებით პანკისის ხეობაში ტერორისტული საფრთხის წინააღმდეგ. პროგრამამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქართული ჯარის პროფესიონალიზაციაში.

აშშ-მა მხარი დაუჭირა საქართველოში ენერგეტიკული პროექტების განვითარებას, მათ შორის, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) ნავთობსადენის პროექტს, რაც სტრატეგიულად მნიშვნელოვან ფაქტორად იქცა ქვეყნის ეკონომიკური და ენერგეტიკული დამოუკიდებლობის კუთხით.

2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, როდესაც მიხეილ სააკაშვილი მოვიდა ხელისუფლებაში, ქართულ-ამერიკული ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდა. აშშ გახდა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მთავარი მხარდამჭერი. 2004-2007 წლებში განხორციელდა „საქართველოს შენარჩუნებისა და სტაბილურობის ოპერაციების პროგრამა“ (GSSOP), რომელმაც ქართული სამხედრო ქვედანაყოფები მოამზადა ერაყში საერთაშორისო მისიებში მონაწილეობისთვის. ქართველმა სამხედროებმა ერაყში პირველად 2004 წელს დაიწყეს მსახურობა, რაც იყო მათი ღვაწლის დასაწყისი საერთაშორისო დონეზე. ამ პერიოდში თანამშრომლობა გაფართოვდა ეკონომიკურ და დემოკრატიულ რეფორმებზეც, რასაც ადასტურებს აშშ-ის მიერ „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“ (MCC) მეშვეობით გაწეული დახმარება.

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომმა გადამწყვეტი გავლენა იქონია ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე. ომის დროს და მის შემდეგ აშშ-მა მტკიცედ დაუჭირა მხარი საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, რაც გამოიხატა როგორც პოლიტიკური განცხადებებით, ასევე 1 მილიარდი დოლარის ოდენობის ეკონომიკური დახმარებით ომის შედეგების დასაძლევად. ამ პერიოდში ქართველმა სამხედროებმა განაგრძეს ერაყში მსახურება, რაც აჩვენებდა მათ ერთგულებას საერთაშორისო უსაფრთხოებისადმი.

2009 წელს ორმა ქვეყანამ ხელი მოაწერა „აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას“, რომელმაც თანამშრომლობა ახალ დონეზე აიყვანა. ქარტია მოიცავდა თავდაცვის, უსაფრთხოების, ეკონომიკისა და დემოკრატიის განვითარების სფეროებს. ამავე პერიოდში ქართული კონტინგენტი გაემგზავრა ავღანეთში, ISAF-ის (საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების) მისიის ფარგლებში. 2010-2012 წლებში საქართველომ მნიშვნელოვნად გაზარდა თავისი ყოფნა ავღანეთში, რის შედეგადაც ქართველი ჯარისკაცები გახდნენ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორი არანატოელი ქვეყნებიდან (ერთ სულ მოსახლეზე პირველები), რამაც მათ საერთაშორისო აღიარება მოუტანა.

2012 წლის შემდეგ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის მიუხედავად, ქართულ-ამერიკული თანამშრომლობა სამხედრო სფეროში გაგრძელდა და გაღრმავდა. ქართველმა სამხედროებმა ავღანეთში თავიანთი ღვაწლის პიკს მიაღწიეს 2010-იან წლებში, როდესაც ყველაზე სახიფათო ზონებში, მაგალითად, ჰელმანდის პროვინციაში, მსახურობდნენ. 2009-2021 წლებში ავღანეთის მისიაში 32 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა და 400-ზე მეტი დაიჭრა, რაც მიუთითებს მათ თავდადებასა და მსხვერპლზე საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის. ამ ღვაწლმა არა მხოლოდ გააძლიერა საქართველოს, როგორც სანდო პარტნიორის იმიჯი, არამედ გაზარდა აშშ-ის მხარდაჭერა ქართული თავდაცვის ძალების მოდერნიზაციისთვის.

2018 წელს დაიწყო „საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა“ (GDRP), რომელიც აშშ-ის დაფინანსებული იყო და მიზნად ისახავდა ქართული არმიის საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებას. ამ პროგრამამ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ქვეითი ბატალიონების წვრთნასა და აღჭურვას, რაც რუსეთის მხრიდან მუდმივი საფრთხის ფონზე კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო.

2020 წლის შემდეგ, გლობალური პანდემიისა და საქართველოს შიდა პოლიტიკური კრიზისების ფონზე, ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში გარკვეული გამოწვევები გამოიკვეთა. აშშ-მა შეშფოთება გამოთქვა საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის გამო, რამაც გარკვეულწილად იმოქმედა თანამშრომლობის დინამიკაზე. თუმცა სამხედრო სფეროში პარტნიორობა მაინც მყარად რჩება. 2021 წელს ავღანეთიდან ISAF-ის მისიის დასრულების შემდეგ, ქართველმა სამხედროებმა დაასრულეს თავიანთი მონაწილეობა, მაგრამ აშშ-მა განაგრძო თავდაცვის სფეროში ინვესტიციები, მათ შორის, Javelin-ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო სისტემების მიწოდებით. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის შემდეგ ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის სამუშაო ჯგუფები არ შეკრებილა (პერტაია, 2023).

„ქართული ოცნების“ ბოლოდროინდელი ანტიდემოკრატიული ნაბიჯების და ანტიდასავლური რიტორიკისა და პოლიტიკის შედეგად, აშშ-მა 2024 წლის ნოემბერში საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა „ქართული ოცნების“ განცხადება, რომ მან გადაწყვიტა ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი დღის წესრიგიდან ამოიღოს.

„აშშ ევროკავშირთან ერთად სინანულს გამოთქვამს „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების გამო, შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. ჩვენ ვგმობთ გადაჭარბებული ძალის გამოყენებას ქართველების მიმართ, რომლებიც სამართლიანად აპროტესტებენ თავიანთი კონსტიტუციის ღალატს – ევროკავშირი არის საყრდენი ძალა კრემლის წინააღმდეგ“ (civil.ge,, 2024).

დღემდე, 1992 წლიდან აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარება 6 მილიარდ დოლარს აღემატება, რაც მოიცავს როგორც სამხედრო, ისე ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას. ქართველი სამხედროების ღვაწლი ერაყსა და ავღანეთში რჩება ამ თანამშრომლობის ერთ-ერთ მთავარ საყრდენად, რაც საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მისი სანდოობის დასტურია.

როგორც ვხედავთ, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ისტორია 1992 წლიდან განვითარების რამდენიმე მნიშვნელოვან ეტაპს მოიცავს: დიპლომატიური კავშირების დამყარებიდან დაწყებული, სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებითა და სტრატეგიული პარტნიორობით გაგრძელებული. ქართველმა სამხედროებმა საერთაშორისო მისიებში თავიანთი მსხვერპლითა და თავდადებით არა მხოლოდ საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცებას შეუწყვეს ხელი, არამედ ქვეყნის საერთაშორისო პრესტიჟი აამაღლეს. მიუხედავად გამოწვევებისა, ეს პარტნიორობა რჩება საქართველოს თანამედროვე ისტორიის ერთ-ერთ მთავარ საყრდენად.

ჯამში, აღსანიშნავია, რომ აშშ-ის მხარდაჭერამ გადამწყვეტი როლი შეასრულა საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებასა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში. 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, ამერიკის მიერ გაწეული ფინანსური, სამხედრო, ტექნიკური და დიპლომატიური დახმარება ერთ-ერთ უმთავრეს საყრდენად იქცა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში. ასევე, 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, აშშ აქტიურად უჭერდა მხარს საქართველოს საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბებას, რაც მოიცავდა რეფორმების მხარდაჭერას, კერძო სექტორის გაძლიერებას და თავისუფალი ბაზრის განვითარებას.

აშშ- მთავრობის დახმარება საქართველოსადმი: ბოლო 10 წლის (2014-2024) პერიოდში

აშშ-ის მთავრობა საქართველოს მნიშვნელოვან ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას უწევს, რაც ქვეყნის დემოკრატიულ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების განვითარებას ემსახურება. „ForeignAssistance.gov“-ის მონაცემებზე დაყრდნობით, 2015-2024 წლებში აშშ-მა საქართველოს ასობით მილიონი დოლარი (1 მილიარდ 542 მილიონზე მეტი) გამოუყო სხვადასხვა სექტორში. ქვემოთ მოცემულია დახმარების განაწილება სექტორების მიხედვით და მოხმობილია კონკრეტული მაგალითები, რომლებიც ბოლო ათი წლის განმავლობაში განხორციელდა.

2014-2024 წლებში აშშ-ის დახმარება საქართველოსთვის ყოველწლიურად საშუალოდ 100 მილიონ დოლარს აღემატებოდა, თუმცა თანხა წლების მიხედვით იცვლებოდა. მაგალითად, 2014 წელს აშშ-ის მთავრობამ 289 მილიონზე მეტი გამოყო, 2015 წელს დახმარებამ 103 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო 2024 წლისთვის დაგეგმილი იყო 132 მილიონი დოლარი. ყოველივე ეს ასახავს აშშ-ის სტრატეგიულ ინტერესებს საქართველოს, როგორც რეგიონული პარტნიორის მიმართ.

სექტორული დახმარება მიემართებოდა (მაგალითები):

  1. დემოკრატია, მმართველობა და ადამიანის უფლებები

   - აშშ-მა დიდი ყურადღება დაუთმო საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას. მაგალითად, 2015 წელს ამ სფეროში 28.5 მილიონი დოლარი გამოიყო, რომლის ნაწილი USAID-ის „საარჩევნო სისტემების გაუმჯობესების“ პროგრამას მოხმარდა, რამაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების გამჭვირვალობა უზრუნველყო;

  - ადამიანური და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარება (HICD) 2020 - 2,830,938 დოლარი;

   - 2019 წელს ნარკოტიკების საერთაშორისო კონტროლი და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის პროგრამა - 5,689,160 დოლარი;

   - 2020 წელს, „ქვეყნის განვითარების თანამშრომლობის სტრატეგიის“ (CDCS) ფარგლებში, 10 მილიონი დოლარი გამოიყო „დემოკრატიის გაძლიერების“ პროექტისთვის, რომელმაც ადგილობრივ NGO-ებს მისცა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღოთ კანონმდებლობის მონიტორინგში;

   - 2023 წელს 15 მილიონი დოლარი მიემართა „მედიის დამოუკიდებლობის“ პროგრამას, რომელმაც რეგიონულ ტელევიზიებს ტექნიკური აღჭურვილობა მიაწოდა დეზინფორმაციის წინააღმდეგ საბრძოლველად;

- 2023 წელს სამართლის უზენაესობის ხელშეწყობა საქართველოში (PROLoG) - 8,990,000 დოლარი.

  1. ეკონომიკური განვითარება და დასაქმება

   - ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა აშშ-ის პრიორიტეტია. 2017 წელს USAID-ის „ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა“ 7.5 მილიონი დოლარით 17 ქართულ კომპანიას (მაგ., „ჯეო ნატს“) დაეხმარა ISO სერტიფიკატების მიღებაში, რამაც გაზარდა მათი ექსპორტი ევროპის ბაზარზე;

- USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა - 1,293,285 დოლარი;

   - 2021 წელს 8 მილიონი დოლარი გამოიყო „სოფლის მეურნეობის განვითარების“ პროექტისთვის, რომელმაც კახეთში 200-ზე მეტ ფერმერს თანამედროვე სარწყავი სისტემები მიაწოდა;

   - 2024 წლისთვის 12 მილიონი დოლარია გათვალისწინებული „მცირე ბიზნესის მხარდაჭერის“ პროგრამისთვის, რომელიც თბილისსა და ბათუმში 50-მდე სტარტაპს დაეხმარება ინვესტიციების მოზიდვაში.

  1. ენერგეტიკა და გარემოს დაცვა

   - ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერება მნიშვნელოვანი მიმართულებაა. 2018 წელს USAID-ის „ენერგეტიკულმა პროგრამამ“ (UEP) 5 მილიონი დოლარით დააფინანსა იმერეთში მზის პანელების პროექტი, რამაც ქსელს 10 მეგავატი ენერგია შემატა;

- საფრთხის ერთობლივი შემცირების პროგრამა: ბიოლოგიური საფრთხის შემცირება, რომლის მიზანი იყო განსაკუთრებით საშიში პათოგენების (EDP) აღმოფხვრის, უსაფრთხოებისა და დაცულობის ხელშეწყობა; განსაკუთრებით საშიში პათოგენებით გამოწვეული დაავადებების სწრაფად გამოსავლენად და ანგარიშგების გასაუმჯობესებლად, საქართველოსთვის გამოიყო $4,080,000 დოლარი;

   - 2022 წელს 7 მილიონი დოლარი გამოიყო „მწვანე ენერგიის“ ინიციატივისთვის, რომელმაც გარდაბანში ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყო, რაც 2025 წლისთვის 20 მეგავატს გამოიმუშავებს;

- 2014 წელს ქუთაისი-ზესტაფონის დამაკავშირებელი გაზსადენის მშენებლობისთვის $4,496,765 ოდენობის თანხა გამოიყო.

  1. განათლება და პროფესიული უნარები

   - განათლების გაუმჯობესება აშშ-ისთვის საკვანძო საკითხია. 2016 წელს 4 მილიონი დოლარი გამოიყო „პროფესიული განათლების“ პროგრამისთვის, რომელმაც ქუთაისში ტექნიკური სასწავლებელი აღჭურვა IT ლაბორატორიებით;

- 2019 წელს უმაღლესი განათლების პროექტი - STEM უმაღლესი განათლების აქტივობა: ეს აქტივობა შემუშავებულია საქართველოში მაღალი ხარისხის STEM საბაკალავრო პროგრამების განხორციელების მხარდასაჭერად. გამოყოფილი იყო $1,835,287 დოლარი;

- 2021 წელს მრეწველობაზე ორიენტირებული უნარების განვითარების პროგრამა, ინდუსტრიის შესაბამისი ადამიანური რესურსების განვითარება, რომელიც ხელს შეუწყობს მაღალი ღირებულების დასაქმების შესაძლებლობებსა და ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის ზრდას, გამოიყო $3,300,000 დოლარი;

   - 2023 წელს 5 მილიონი დოლარი მოხმარდა „უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის“ პროექტს, რომელმაც 500-ზე მეტ სტუდენტს (მათ შორის, ეთნიკურ უმცირესობებს) სტიპენდიები გადასცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

  1. უსაფრთხოება და თავდაცვა

   - საქართველოს თავდაცვის მხარდაჭერა აშშ-ის სტრატეგიული ამოცანაა. 2019 წელს 35 მილიონი დოლარი გამოიყო „თავდაცვის მზადყოფნის“ პროგრამისთვის, რომელმაც ქართულ არმიას 50-ზე მეტი HMMWV მანქანა გადასცა;

   - 2024 წლისთვის 40 მილიონი დოლარია დაგეგმილი „სამხედრო წვრთნების“ პროექტისთვის, რომელიც ვაზიანის ბაზაზე NATO-ს სტანდარტების შესაბამის სწავლებას უზრუნველყოფს;

დახმარება ძირითადად საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას ემსახურება, თუმცა 2024 წელს $95 მილიონი შეჩერდა „აგენტების“ შესახებ კანონის გამო, რაც დემოკრატიის უკუსვლად შეფასდა. მიუხედავად ამისა, დარჩენილი თანხა (დაახლოებით 37 მილიონი დოლარი) კვლავ მიემართება დემოკრატიისა და ეკონომიკის მხარდაჭერას.

ჯამში, 2015-2024 წლებში აშშ-ის დახმარებამ საქართველოს მრავალ სფეროში მნიშვნელოვანი წინსვლა მოუტანა, კონკრეტული პროექტებით, როგორიცაა საარჩევნო გამჭვირვალობა, ექსპორტის ზრდა თუ თავდაცვის გაძლიერება.

ქართულ-ამერიკული თანამშრომლობის კრიტიკული ანალიზი

ამერიკასთან სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის შეჩერება, საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევებსა და პრობლემებს შექმნის გრძელვადიან პერსპექტივაში. ამ ქარტიის ფარგლებში, როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველო და აშშ თანამშრომლობენ თავდაცვის, ეკონომიკის, დემოკრატიისა და ხალხთაშორისი ურთიერთობების მიმართულებებით. ქვემოთ ჩამოთვლილია ის  ძირითადი პრობლემები, რომლებიც შეიძლება წარმოშვას ურთიერთობების გრძელვადიანმა შეწყვეტამ:

  1. უსაფრთხოებისა და თავდაცვის შესუსტება

- სამხედრო დახმარების შემცირება: აშშ საქართველოს მნიშვნელოვან სამხედრო და ტექნიკურ დახმარებას უწევს, მათ შორის ჯარების წვრთნასა და აღჭურვაში. დახმარების ხანგრძლივმა შეჩერებამ შეიძლება სისტემური პრობლემები გამოიწვიოს. ეს ქართულ შეიარაღებულ ძალებს დაუცველს გახდის, განსაკუთრებით რუსეთის მუდმივი საფრთხის ფონზე. საქართველოს თავდაცვის ძალების სტრუქტურული, მატერიალური და პროცედურული ბაზა, მთლიანად დასავლურ ყაიდაზე და ნატოს სტანდარტებზეა აწყობილი და ამაში ამერიკულ კონტრიბუციას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. შედეგად, წარმოიშვება სისტემის გრძელვადიანი მდგრადობის საკითხი;

- რუსეთის გავლენის ზრდა: თუ აშშ-ის მხარდაჭერა შესუსტდება, რუსეთმა შეიძლება გააძლიეროს თავისი ზეწოლა ოკუპირებულ ტერიტორიებზე (აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი) ჰიბრიდული ომის მეთოდებით, რაც სახელმწიფო ინსტიტუტებს ახალი გამოწვევების წინაშე დააყენებს.

  1. ეკონომიკური და ფინანსური რისკები

- დახმარების შემცირება: აშშ-საქართველოს თანამშრომლობა მოიცავს ეკონომიკურ დახმარებას, მაგალითად, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) პროგრამებს, რომლებმაც განათლებასა და ინფრასტრუქტურაში მილიონობით დოლარი ჩადეს. ქარტიის შეჩერება ამ ფონდების შეჩერებას ან გაუქმებას გამოიწვევს, რაც სახელმწიფო ბიუჯეტსა და განვითარების პროექტებს დაარტყამს;

- სავაჭრო პერსპექტივის დაკარგვა: შესაძლოა შეფერხდეს აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობები, რაც ქართულ ექსპორტს (მაგ., ღვინოს, სოფლის მეურნეობის პროდუქტებს) შეამცირებს და ეკონომიკური ზრდის ტემპს შეანელებს.

  1. დემოკრატიული ინსტიტუტების გაუარესება

- საერთაშორისო იზოლაცია: ქარტიის შეჩერება, დაკავშირებულია საქართველოს მთავრობის მიერ დემოკრატიული ფასეულობების უგულებელყოფასთან (როგორც ეს 2024 წელს „უცხოური გავლენის“ კანონით და შემდგომი მოვლენებით მოხდა). ამან შეიძლება გამოიწვიოს აშშ-ისა და ევროკავშირის მხრიდან უკვე არსებულის გარდა დამატებითი სანქციები, რაც სახელმწიფო ინსტიტუტების ლეგიტიმურობას და იმიჯს კიდევ უფრო შეარყევს;

- შიდა არასტაბილურობა: დასავლური მხარდაჭერის დაკარგვა გააძლიერებს შიდა პროტესტებს, რაც ინსტიტუტებს აიძულებს, მეტი რესურსი დახარჯონ კრიზისების მართვაზე და არა განვითარებაზე.

  1. საერთაშორისო იმიჯისა და გავლენის დაკარგვა

- დიპლომატიური მარგინალიზაცია: ქარტიის შეჩერება აშშ-თან ურთიერთობების გაუარესებას ნიშნავს, რაც საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე პოზიციებს დაასუსტებს. ეს განსაკუთრებით სახიფათოა გაეროსა თუ სხვა ორგანიზაციებში რუსეთის წინააღმდეგ მხარდაჭერის მოპოვების თვალსაზრისით;

- ევროინტეგრაციის შეფერხება: აშშ-თან თანამშრომლობის გაწყვეტა ევროკავშირთან ურთიერთობებსაც დააზიანებს, რადგან ევროპა და აშშ ხშირად ერთიან ფრონტს ქმნიან დემოკრატიის მხარდასაჭერად. ეს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს ხელს შეუშლის, რაც ინსტიტუტებს ან და სამოქალაქო საზოგადოებას ახალი სტრატეგიის ძიების აუცილებლობის წინაშე დააყენებს.

  1. შიდა რესურსების გადანაწილების აუცილებლობა

- თვითდაფინანსების ზეწოლა: დასავლური დახმარების გარეშე სახელმწიფო ინსტიტუტებს მოუწევთ შიდა რესურსებით ან ალტერნატიული პარტნიორებით (მაგ., ჩინეთი, რუსეთი, თურქეთი) შეავსონ ხარვეზი, რაც ხშირად ნაკლებად საიმედოა და დამატებით ვალდებულებებს აკისრებს, ეს კი, თავის მხრივ, კიდევ უფრო გაზრდის ამ ქვეყნების გავლენას საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე;

- კორუფციის რისკი: გარე ზედამხედველობის (მაგ., აშშ-ის ანტიკორუფციული პროგრამების) შესუსტებით, ინსტიტუტებში გამჭვირვალობა შეიძლება გაუარესდეს, რაც ნდობას კიდევ უფრო შეარყევს.

ჯამში, ამერიკასთან სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის შეჩერება საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებს სუსტ, იზოლირებულ და ეკონომიკურად დაუცველ მდგომარეობაში ჩააყენებს, განსაკუთრებით რუსეთის მეზობლობის გათვალისწინებით. ამან შეიძლება გამოიწვიოს არა მხოლოდ გარე უსაფრთხოების, არამედ შიდა სტაბილურობის კრიზისიც, რაც ინსტიტუტებს აიძულებს, ფუნდამენტურად გადახედონ თავიანთ პოლიტიკასა და პრიორიტეტებს.

ყველაფრის გათვალისწინებით და მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილი მიღწევებისა, ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში რამდენიმე კრიტიკული გამოწვევა წარსულშიც და კვლავაც აქტუალურია:

  • ნატოს გაწევრიანების შეფერხება – აშშ მხარს უჭერს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას, მაგრამ პროცესი რეალურ პროგრესს არ განიცდის, რაც რეგიონული და გლობალური გეოპოლიტიკური რეალობებით არის გამოწვეული. ამ მიმართულებით პროგრესის მიღწევა შესაბამის საერთაშორისო გარემოსთან ერთად აქტიურ ორმხრივ კომუნიკაციებს საჭიროებს, რაც დღევანდელ პირობებში ჯერჯერობით წარმოუდგენელია
  • რუსეთის ფაქტორი – აშშ პირდაპირი სამხედრო ბერკეტების შექმნით ვერ უზრუნველყოფს საქართველოს უსაფრთხოებას, რაც რუსეთს, გარკვეულწილად, უტოვებს სტრატეგიული უპირატესობის საშუალებას
  • პოლიტიკური არასტაბილურობა საქართველოში – საქართველოს შიდა პოლიტიკური ვითარება ხშირად ქმნის არასტაბილურ გარემოს, რაც ვაშინგტონის მხრიდან კრიტიკულ შეფასებებს იწვევს
  • ეკონომიკური ურთიერთობების შეზღუდულობა – აშშ-ის ფინანსური დახმარების მიუხედავად, საქართველო არ წარმოადგენს ამერიკისთვის მნიშვნელოვან ეკონომიკურ პარტნიორს და ინვესტიციების ნაკლებობა კვლავ გამოწვევად რჩება.

სამომავლო პერსპექტივები და რეკომენდაციები

საქართველოსა და აშშ-ს შორის პარტნიორობის გაღრმავება უნდა იყოს უფრო ინსტიტუციონალიზებული, რათა საქართველოს პროგრესი არ იყოს დამოკიდებული მხოლოდ კონკრეტული ადმინისტრაციების პოლიტიკურ პრიორიტეტებზე. შესაბამისად, საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები უნდა ეფუძნებოდეს მყარ ინსტიტუციურ მექანიზმებს და არა მხოლოდ კონკრეტული პოლიტიკური ადმინისტრაციების (მთავრობების) პერსონალურ გადაწყვეტილებებს. უფრო კონკრეტულად: ინსტიტუციონალიზაცია გულისხმობს ურთიერთობების ფორმალიზებას სხვადასხვა სამთავრობო ინსტიტუტების დონეზე, სტაბილური შეთანხმებებით, ხელშეკრულებებით და მუდმივმოქმედი მექანიზმებით. როდესაც ურთიერთობები მხოლოდ კონკრეტული ადმინისტრაციის პრიორიტეტია, მთავრობის ცვლილების შემთხვევაში (როგორც აშშ-ში, ისე საქართველოში) შეიძლება შეიცვალოს პოლიტიკური კურსი და პრიორიტეტები.  ინსტიტუციონალიზებული პარტნიორობა კი უზრუნველყოფს თანამშრომლობის გაგრძელებას და სტაბილურობას პოლიტიკური ცვლილებების მიუხედავად. ეს მიდგომა მიზნად ისახავს საქართველოს პროგრესის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე წინსვლის გარანტირებას მიუხედავად იმისა, რომელი პოლიტიკური ძალა იქნება ხელისუფლებაში, ან რა პოლიტიკური კონიუნქტურა იქნება.

  • აშშ-ის სამხედრო დახმარების გაფართოება – აშშ-ს შეუძლია, რომ საქართველოს თავდაცვისუნარიანობა გააღრმავოს უფრო ქმედითი ნაბიჯებით, მათ შორის, თავდაცვითი შეიარაღების მიწოდების გაზრდით
  • შიდაპოლიტიკური კრიზისის ნორმალიზაციის პირობებში, საქართველომ უნდა გააძლიეროს პოლიტიკური დიალოგი ვაშინგტონთან, რათა ნატოსთან ინტეგრაციის პროცესში პროგრესი რეალურ შედეგებად იქცეს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ უკრაინის საკითხის დარეგულირება უშუალოდ აისახება საქართველოს ნატოში ინტეგრაციის შესაძლებლობებზე
  • ეკონომიკური კავშირების გაძლიერება – საქართველოს შეუძლია ამერიკასთან სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება და პირდაპირი ინვესტიციების მოზიდვა, რაც ქვეყანას მეტ სტრატეგიულ მნიშვნელობას შესძენს, მაგალითად, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიღწევა.

საქართველოსა და აშშ- ურთიერთობის მომავალი ტრენდები და შესაძლო სცენარები

მომდევნო წლებში ქართულ-ამერიკული ურთიერთობები რამდენიმე შესაძლო მიმართულებით შეიძლება განვითარდეს და ეს დამოკიდებული იქნება პირველ რიგში უკრაინის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებსა და დღეს საქართველოში არსებული მწვავე პოლიტიკური კრიზისის შედეგებზე.

სცენარი 1: აშშ ზრდის ჩართულობას რეგიონში

აშშ ზრდის ჩართულობას რეგიონში, რომელიც შეიძლება განაპირობოს რამდენიმე ფაქტორმა: 1) თუ რუსეთის აგრესია ან გავლენა რეგიონში გაძლიერდება; 2) ჩინეთის ეკონომიკური ან პოლიტიკური ყოფნა საქართველოში გააქტიურდება; 3) საქართველოს შიდაპოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდება და გამწვავდება; 4) საქართველო აჩვენებს მკაფიო ვალდებულებას ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი. თუმცა ამერიკის ყურადღება შეიძლება შეიზღუდოს გლობალური პრიორიტეტებით (მაგ., ჩინეთთან მეტოქეობა ან ახლო აღმოსავლეთის კრიზისები), რაც საქართველოს მიმართ ჩართულობის მასშტაბს განსაზღვრავს.

  • საქართველოსთვის ეს ნიშნავს გაძლიერებულ სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას და სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის აღდგენას
  • ნატოსთან ინტეგრაციის სიჩქარე შეიძლება გაიზარდოს გარკვეული უსაფრთხოების გარანტიების პირობებში
  • საქართველოს როლი შავი ზღვის რეგიონში შესაძლოა გაიზარდოს, როგორც აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორისა - ჩინეთის საპირწონედ
  • შესაძლებელია ამერიკული კომპანიების ხელახალი შემოყვანა ანაკლიის ეკონომიკურ ზონაში. საქართველოს ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ანაკლიაში, პორტთან ერთად, თავისუფალი ეკონომიკური ზონაც შეიქმნება (კომერსანტი, 2024).

სცენარი 2: აშშ- ყურადღება რეგიონში მცირდება

ამერიკის ყურადღება საქართველოსა და რეგიონის მიმართ შეიძლება შემცირდეს შემდეგი მიზეზებით:

  • გლობალური პრიორიტეტების ცვლილება: თუ აშშ-ის ყურადღება მიემართება სხვა კრიზისებისკენ (მაგ., ჩინეთ-ტაივანის დაპირისპირება, ირანის ბირთვული პროგრამა, ან ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტები), საქართველო და სამხრეთ კავკასია შეიძლება ნაკლებად პრიორიტეტული გახდეს
  • საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა: თუ საქართველოში გაღრმავდება ავტორიტარიზმი, ან დემოკრატიული ინსტიტუტების შესუსტება, ამერიკამ შეიძლება შეამციროს მხარდაჭერა, რადგან საქართველო ნაკლებად განიხილება სანდო ევროატლანტიკურ პარტნიორად
  • რუსეთის პოზიციების რადიკალური გამყარება საქართველოში, რაც ამერიკის გავლენას მინიმუმამდე დაიყვანს
  • ჩინეთის გავლენის შემცირება: თუ ჩინეთის ეკონომიკური ან პოლიტიკური ყოფნა რეგიონში შემცირდება, ამერიკა შეიძლება ნაკლებად ჩაერთოს, რადგან საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობა ჩინეთის კონტრბალანსის თვალსაზრისით შემცირდება
  • შიდა პოლიტიკური ფაქტორები აშშ-ში: თუ აშშ-ში პოლიტიკური ხელმძღვანელობა ან საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები შეიცვლება (მაგ., იზოლაციონისტური პოლიტიკის გაძლიერება), საქართველოს მიმართ ფინანსური და სამხედრო დახმარება შეიძლება შემცირდეს.

 

ჯამში, ამერიკის ყურადღება შემცირდება, თუ საქართველო ნაკლებად სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გახდება, დემოკრატიულად უკან იხევს, ან თუ აშშ სხვა გლობალურ გამოწვევებზე სრულად გადაერთვება და კავკასიის რეგიონისთვის ნაკლებად მოიცლის.

აღსანიშნავია, რომ თუ კონფლიქტი აშშ-სა და ევროპას შორის გაღრმავდება, საქართველოს ცალკე მოუწევს ურთიერთობების გაგრძელება ორივე აქტორთან. აქაც, ბუნებრივია, უმთავრესი მნიშვნელობა ექნება ისევ უკრაინის ომის საკითხის განვითარებას და შიდაპოლიტიკურ სიტუაციას.

ჯამში, საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობა დარჩეს მდგრადი და პროგნოზირებადი. ამასთანავე, ქვეყანა უნდა ამტკიცებდეს თავის პოლიტიკურ და ეკონომიკურ სანდოობას, რათა აშშ-ის მხარდაჭერა, ინტერესთა თანხვედრის შემთხვევაში, არა მხოლოდ დეკლარაციული, არამედ პრაქტიკულად მნიშვნელოვანი გახდეს.

ნაწილი მესამე

თანამედროვე გეოპოლიტიკური კონტექსტი და საქართველო

         რთული რეალობა და ცვალებადი გეოპოლიტიკური წესრიგი

ვინაიდან დღეს სამყარო გეოპოლიტიკური ტრანსფორმაციის ეტაპს გადის და ტრანსატლანტიკური ერთობის, უკრაინის ომის დასასრულის და მასთან ერთად ახალი მსოფლიო წესრიგის საკითხები ჯერ კიდევ ბუნდოვანია, მიუხედავად აშშ-ის მხარდაჭერისა, საქართველომ უნდა იმუშაოს მრავალმხრივ პარტნიორობაზე (ევროკავშირი, ნატო, რეგიონული ალიანსები), რათა თავიდან აიცილოს სტრატეგიული დაუცველობა და მარტოობა, რაც „ქართული ოცნების“ მმართველობის ბოლო წლებში განსაკუთრებით მწვავედ იგრძნობა და მარტოს გვტოვებს არადემოკრატიული სახელმწიფოების გავლენების წინაშე.

„ცივი ომის“ შემდგომ პერიოდში საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემის თვისებრივად ახალ ხასიათზე, ვფიქრობთ, არავინ იდავებს. ისეთი მომენტები, როგორიცაა გლობალიზაცია და თვისებრივად ახალი კონფლიქტების წარმოშობა, არაერთხელ გამხდარა პოლიტოლოგთა კვლევის საგანი, თუმცა ეს პერიოდი და დამდგარი ახალი მსოფლიო წესრიგი, რა თქმა უნდა, პოლიტიკურ სფეროში, უპირველეს ყოვლისა, გამოიხატა „ცივი ომის“ როგორც ბიპოლარული პერიოდის დაპირისპირების დასრულებით და მოგვიანებით პროცესთა იმგვარი დინამიკით, რომელმაც ფაქტობრივად მეორე მსოფლიო ომის შედეგად ინსტიტუციონიზებული საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემის გადასინჯვა გამოიწვია.

მანამდე, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ათწლეულების განმავლობაში, გლობალური პოლიტიკა აშშ-ის დომინანტური კარნახით მიმდინარეობდა, ცვლილებები გეოპოლიტიკურ სფეროში გამოიხატა ევრაზიის კონტინენტზე ძალთა ბალანსის ძირეული შეცვლითაც, დასავლეთის ინსტიტუტების განვრცობით და გაფართოებადი ევროპის დაბადებით. ამას ემატება ტრადიციული კონფლიქტების დარეგულირება და ახალი კონფლიქტების წარმოშობა. ამასთანავე, ირკვევა, რომ ევროპას აშშ-ის გარეშე არ გააჩნია რესურსები ამ კონფლიქტების დასარეგულირებლად და ევრაზიის დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ რეგიონებში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. გეოპოლიტიკურ ძვრებს შორის უნდა გამოვყოთ კომუნიკაციათა ახალი გლობალური ქსელების შექმნაც, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის გეოპოლიტიკურ კონფიგურაციას. გარდა ამისა, საერთაშორისო ურთიერთობები აშშ-ის გლობალური დომინანტური ძალის ხელწერით წარიმართა, რომელიც საშუალებას იძლეოდა ე.წ. „ღირებულებებზე დამყარებული“ საგარეო პოლიტიკა აქტიურად განხორციელებულიყო და მსოფლიოს დემოკრატიზაციის პროცესს მასობრივი მხარდაჭერა მიეღო. თუმცა, ამ მიმართულებით იმაზე მეტი ძალისხმევა ჩაიდო, ვიდრე მისი განხორციელების რეალისტური გათვლები იძლეოდნენ. იმ პერიოდის აშშ-ის საგარეო პოლიტიკის უმთავრეს არასწორ კალკულაციად და სტრატეგიულ გათვლად, ერაყის მეორე ომი და ავღანეთის და მთლიანად რეგიონის ე.წ. დემოკრატიზაციის მცდელობები აღმოჩნდა, სადაც აშკარად გამოჩნდა, რომ ახალი მშვიდობა, რომელიც ომის მერე უნდა დამდგარიყო და რომელიც ზოგადად ომების და სტრატეგიული დაგეგმვის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია, ბოლომდე გააზრებული არ ყოფილა. აშშ-ის აქტიური ძალისხმევის მიუხედავად, გამოჩნდა, რომ რეგიონის საზოგადოებები, მათში ჩადებული უზარმაზარი რესურსების მიუხედავად, ჯერ კიდევ არ არიან მზად დემოკრატიის ასაშენებლად, ისე როგორც ეს დასავლეთში ესმით. ერაყსა და ავღანეთში ომების წარუმატებელი დასასრულის შედეგად იწყება ვაშინგტონის, როგორც გლობალური ძალის თანდათანობით უკან დახევა, მათ შორის სირიის ომის შედეგების გათვალისწინებით, სადაც მან საკმაო სისუსტე გამოავლინა. შექმნილი ძალაუფლების ვაკუუმით პირველ რიგში პეკინმა და რუსეთმა ისარგებლეს, რომელმაც აღნიშნულ ძალთა დისბალანსი გლობალურ მოთამაშედ წარმოჩენის, საერთაშორისო პრესტიჟის განმტკიცებისა და მისი, როგორც საერთაშორისო ურთიერთობების არენაზე სრულფასოვანი და თანაბარუფლებიანი მოთამაშის სტატუსის დემონსტრირებისთვის გამოიყენა. ამავე პერიოდში მოსკოვმა ქართული მიწების ოკუპაცია და ყირიმის ანექსია მოახდინა.

საერთო ჯამში, ბოლო წლებში, სახეზეა ავტორიტარული გლობალური ძალების აღზევების პერიოდი. ღირებულებებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგი მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. ბოლო აკორდი ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, 2022 წლის თებერვალში  რუსეთის უკრაინაში შეჭრა გახდა, რომელსაც წინ უძღოდა ჩინეთთან გაფორმებული შეთანხმება. ეს შეთანხმება ფაქტობრივად მსოფლიოს ახლებური წესრიგის დამყარებისკენ მოწოდებაა, სადაც ძირითადი ლაიტმოტივია ის, რომ სამყარო აღარ არის ერთპოლუსიანი, ის მრავალპოლუსიანი გახდება და გავლენის სფეროებად დაიყოფა.

გლობალურ დონეზე დღესდღეობით ყალიბდება ორი მთავარი გეოსტრატეგიული ცენტრი, რომელიც წარმოადგენს, ერთი მხრივ, გლობალურად დასავლეთს აშშ-ის ლიდერობით, სადაც ასევე შედიან ავსტრალია, სამხრეთ კორეა, იაპონია და ვაშინგტონის სხვა მოკავშირეები. მეორე მხრივ, არის პეკინი თავისი პარტნიორი სახელმწიფოებით და ე.წ. გლობალური სამხრეთი, რომელიც მეტწილად ანტიამერიკული განწყობებითა და ავტორიტარული მისწრაფებების სახელმწიფოებით არის წარმოდგენილი. ეს დაპირისპირება კარგად ჩანს ტექნოლოგიების სფეროში, სადაც, მაგალითად, ჩიპების წარმოებისთვის საჭირო ტექნოლოგიებზე ვაშინგტონმა პეკინს სანქციები დაუწესა და აიძულა მისი მოკავშირეებიც შეერთებოდნენ მას (თუკი დაპირისპირება აშშ-სა და ევროკავშირს შორის გაღრმავდება და ის გავრცელდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ერთიანობაზე, ევროკავშირი კი, დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდება დამოუკიდებელ გეოპოლიტიკურ ცენტრად, რომელსაც ექნება თვითკმარი სამხედრო შესაძლებლობები, მაშინ, შესაძლოა, ისიც განვიხილოთ დამოუკიდებელ გეოპოლიტიკურ ცენტრად, თუმცა ეს ჯერ კიდევ მომავალის საკითხია).

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია კარგად აღწერს იმ კომპლექსურ გარემოსა და გამოწვევებს, რომელთა წინაშეც დღეს აშშ დგას. დოკუმენტის მიხედვით, აშშ იმყოფება ე.წ. „გადამწყვეტ დეკადაში“, სადაც  თითქმის თანაბარი წონის მოთამაშეებს - ჩინეთისა და რუსეთის აქტივობებს უნდა შეებრძოლოს და, ამავე დროს, გაუმკლავდეს ისეთ პრობლემებს, როგორებიც არის ინფლაცია, კლიმატის ცვლილება, პანდემიები და სხვა საკითხები, რომლებიც აშშ-ის მოქალაქეების კეთილდღეობას ეხება.

დოკუმენტში აშშ ჩინეთს უწოდებს „ერთადერთ კონკურენტს, რომელსაც აქვს განზრახვა შეცვალოს საერთაშორისო წესრიგი და, სულ უფრო და უფრო მეტი, ეკონომიკური, დიპლომატიური, სამხედრო და ტექნოლოგიური ძალისხმევით ცდილობს დასახული მიზნების მიღწევას“ (Guiski, 2022).

ამერიკის სათავეში დონალდ ტრამპის მეორედ მოსვლის შემდგომ, რესპუბლიკურ პარტიასთან აფილირებული სხვადასხვა ანალიტიკური ცენტრის საქმიანობიდან გამომდინარე, მოსალოდნელი იყო, რომ აშშ-ის საგარეო პოლიტიკა მნიშვნელოვან კორექტირებას განიცდიდა. 

ჩინეთთან დაპირისპირების პრიზმაში, ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან მოსალოდნელი იყო მოსკოვთან ხელახლა დაახლოების მცდელობა (ანთაძე, 2025). კერძოდ, კიდევ უფრო მეტად გაკეთდებოდა აქცენტი ჩინეთის წინააღმდეგ მოქმედებაზე. ამ ლოგიკაში, ვაშინგტონში ისმოდა მოწოდებები, რომ ომის შედეგად ჩამოყალიბებული მოსკოვის და პეკინის ტანდემი, სასურველია დაიშალოს, რისთვისაც რუსეთის უკრაინაში დიდი მარცხი ხელის შემშლელი ფაქტორი შეიძლება აღმოჩნდეს. თუმცა, იმან, რაც ბოლო პერიოდში ვიხილეთ, როგორც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, ისე მისი გუნდის წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებული განცხადებების ფონზე, პირველ რიგში უკრაინის საკითხის ირგვლივ, ყოველგვარ მოლოდინებს გადააჭარბა და რუსეთის ინტერესების გატარებას ემსგავსება. ასეთ მსოფლიო წესრიგში, მცირე სახელმწიფოებისათვის გადარჩენის და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხი რთულდება.

ისიც აღსანიშნავია, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ყოველთვის იდგა ევროპის მიმართ თავდაცვის სფეროში ხარჯების გაზრდის მოთხოვნის საკითხი, თუმცა მიუნჰენის 2025 წლის უსაფრთხოების კონფერენციაზე ვიცე პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის მიერ გაკეთებული განცხადებები, ევროპაში დემოკრატიულ და ევროპულ ღირებულებებზე ფაქტობრივ თავდასხმად აღიქვეს (Latschan, 2025). მთელი რიგი საკითხების ირგვლივ, მათ შორის, უკრაინისა და სავაჭრო ტარიფების საკითხის, წარმოიშვა განსხვავებული პოზიციები, რაც ტრანსატლანტიკური ერთობისათვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოშობს (Chivvis, 2025). ამავე დროს, დონალდ ტრამპმა რუსეთის ლიდერთან, ვლადიმირ პუტინთან, უკრაინის ომის დასრულებაზე საუბარი დაიწყო, რაც ევროპელ ლიდერებსა და უკრაინაში შეშფოთებას იწვევს, რადგან მათი მონაწილეობა ამ მოლაპარაკებებში გაურკვეველია. ევროპული მხარე კი ცდილობს თავი აარიდოს „სულელურ სავაჭრო ომს“ და შეინარჩუნოს ერთიანობა რუსეთის წინააღმდეგ (Bayer & Strupczewski, 2025).

დღეისათვის შექმნილი ვითარება ჯერ კიდევ ბევრ ბუნდოვანებას შეიცავს იმასთან დაკავშირებით, თუ მომავალში როგორ განვითარდება პოლიტიკური ურთიერთობები ევროპასა და აშშ-ის ამჟამინდელ ადმინისტრაციას შორის. თუ დღეს არსებული რიტორიკა და განწყობები შენარჩუნდება ვაშინგტონში, მაშინ მოსალოდნელია, რომ ევროკავშირი, პლიუს ბრიტანეთი, მთელ რიგ საკითხებთან მიმართებით აშშ-ისაგან დამოუკიდებლად იმუშავებს, რაც, ევროპის, როგორც დამოუკიდებელი გეოპოლიტიკური მოთამაშის, როლის გაზრდაზე მიანიშნებს. თუმცა, ამ ეტაპისთვის ბუნდოვანია, ამ როლისა და ფუნქციის შესასრულებლად რამდენად ეყოფა ერთიანობა და რესურსები ევროპას. განსაკუთრებით ეხება ეს ევროპის თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებს.

ამ უთანხმოების გაღრმავების შემთხვევაში, შეიძლება წარმოიშვას მთელი რიგი რისკები და გამოწვევები.

  1. ეკონომიკური რისკები:

   - ტრამპის მიერ დაგეგმილმა ტარიფებმა ევროკავშირის იმპორტზე (მაგ., ავტომობილებზე) შეიძლება გამოიწვიოს ევროპული ეკონომიკის შესუსტება, რაც, თავის მხრივ, ამერიკულ მომხმარებლებსაც დაარტყამს, რადგან გაიზრდება ფასები იმპორტირებულ პროდუქტებზე. ევროპელი ლიდერები, მაგალითად, გერმანიის ოპოზიციის ლიდერი ფრიდრიხ მერცი, აფრთხილებენ, რომ ეს ტარიფები „ბუმერანგივით დაბრუნდება“ აშშ-ში.

   - ევროპამ შეიძლება საპასუხო ტარიფები დაუწესოს ამერიკულ საქონელს, რაც ორივე მხარის ეკონომიკას დააზიანებს და საფრთხეს შეუქმნის გლობალურ სავაჭრო სისტემას.

  1. პოლიტიკური დაძაბულობა:

   - უკრაინის საკითხზე უთანხმოებამ, სადაც აშშ ცდილობს ომი სწრაფად დაასრულოს (შესაძლოა, უკრაინისთვის არასასურველი პირობებით), ევროპისგან განსხვავებით, რომელიც უკრაინის სრულ მხარდაჭერას განაგრძობს, შეიძლება შეასუსტოს ტრანსატლანტიკური კავშირი. ევროპელი ლიდერები, მაგალითად, დონალდ ტუსკი და ურსულა ფონ დერ ლაიენი, ამას, რუსეთისა და ჩინეთის საფრთხის ფონზე, „სასტიკ პარადოქსად“ მიიჩნევენ.

  1. გლობალური უსაფრთხოების რისკები:
  2. რუსეთის გაძლიერება:

   - თუ აშშ და ევროპა ვერ შეთანხმდებიან უკრაინის მხარდაჭერაზე, რუსეთმა ეს შესაძლებლობა შეიძლება გამოიყენოს თავისი პოზიციების გასაძლიერებლად ევროპაში. ეს განსაკუთრებით სახიფათოა, თუ ტრამპის მიერ შეთავაზებული „მშვიდობა“ რუსეთისთვის ხელსაყრელი იქნება, რაც სხვა სახელმწიფოებს (მაგ., ჩინეთს) სიგნალს გაუგზავნის, რომ დასავლეთი სუსტია.

  1. NATO- ერთიანობის საფრთხე:

   - თუ აშშ ევროპისგან გვერდის ავლით ეცდება მოილაპარაკოს რუსეთთან უკრაინის საკითხის ირგვლივ, მაშინ როდესაც მოსკოვი პირველ რიგში ევროპის ტერიტორიას და მის ნატოს წევრ სახელმწიფოებს ემუქრება. ეს NATO-ს შიგნით უნდობლობას წარმოქმნის და, შედეგად, დაასუსტებს ალიანსს, რომელიც გლობალური და ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების ქვაკუთხედია.

  1. ეკონომიკური ფრაგმენტაცია:

   - სავაჭრო ომმა შეიძლება გამოიწვიოს გლობალური ეკონომიკის დაშლა, სადაც ქვეყნები (მაგ., ჩინეთი) საკუთარი გავლენის სფეროებს გააფართოებენ, რაც გაზრდის გეოპოლიტიკურ დაძაბულობას.

აშშ-უკრაინის ურთიერთობების გავლენა

დონალდ ტრამპისა და უკრაინის ამჟამინდელი რთული, ცვალებადი ურთიერთობები ვოლოდიმირ ზელენსკისთან, განსაკუთრებით, 2025 წლის თებერვალ-მარტში განვითარებული მოვლენები, მნიშვნელოვანი დაკვირვების საგანი უნდა იყოს საქართველოში.

ტრამპის ადმინისტრაციის მიერ უკრაინის მიმართ სამხედრო დახმარებისა და სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარების პერიოდული შეჩერება, ასევე რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის გარეშე, როგორც ვთქვით, აშშ-ის საგარეო პოლიტიკის რადიკალურ ცვლილებაზე მიუთითებს. ეს ნაბიჯები, რომლებიც მოიცავს ტრამპის მიერ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის „დიქტატორად“ მოხსენიებასა და ომის დაწყებაში უკრაინის დადანაშაულებას, რუსეთს აძლევს სტრატეგიულ უპირატესობას, მათ შორის, საინფორმაციო სივრცეში. რუსეთისთვის ამგვარი პოლიტიკა ქმნის შესაძლებლობას, გააძლიეროს გავლენა არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ სამხრეთ კავკასიაში, მათ შორის, საქართველოში.

თუ ეს ბოლოდროინდელი ტენდენცია გაგრძელდება, საქართველოსთვის ამის პირდაპირი შესაძლო შედეგი იქნება რუსეთის მხრიდან უსაფრთხოების რისკების ზრდა. თუ მოსკოვი იგრძნობს, რომ აშშ-ისა და დასავლეთის ზეწოლა მცირდება, ის მომავალში საქართველოსთან მიმართებით უფრო აგრესიულ ნაბიჯებსაც გადადგამს, მაგალითად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედრო ესკალაციის, ჰიბრიდული ომის გაძლიერების (დეზინფორმაცია, კიბერშეტევები) ან ეკონომიკური ზეწოლის გაზრდის სახით. საქართველოსთვის, როგორც ნატოსა და ევროკავშირის მისწრაფებების მქონე ქვეყნისთვის, დასავლეთის მხარდაჭერა გადამწყვეტია რუსეთის შესაკავებლად. თუმცა, აშშ-ევროპის განხეთქილება, რომელიც ტრამპის პოლიტიკის შედეგად გამოიკვეთა, ამ მხარდაჭერას ასუსტებს, რაც საქართველოს უფრო დაუცველს ხდის.

მოცემულ რეალობაში, ტრამპის პოლიტიკა უკრაინის მიმართ აძლიერებს რუსეთის თამასას, რაც საქართველოსთვის ზრდის სამხედრო, ჰიბრიდული და ეკონომიკური საფრთხეების ალბათობას. დასავლეთის განხეთქილება ამძაფრებს ამ რისკებს, ხოლო საქართველოს შიდა კრიზისი და პრორუსული ძალების გააქტიურება ქმნის ნაყოფიერ ნიადაგს რუსეთის ინტერვენციისთვის. თუ საქართველო ვერ გააძლიერებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს და დასავლეთთან კავშირს, ის რისკავს გახდეს რუსეთის გავლენის სფეროს ნაწილი.

რისკები კავკასიის რეგიონისთვის

  1. რუსეთის გავლენის ზრდა:

აშშ-ევროპის განხეთქილებამ რუსეთს შეიძლება მისცეს საშუალება გააძლიეროს პოზიციები კავკასიაში, განსაკუთრებით საქართველოში, სადაც პრორუსული ძალები ისედაც აქტიურობენ. დასავლეთის ერთიანი ფრონტის არარსებობა ავტოკრატიული რეჟიმების წინააღმდეგ ზოგადად ასუსტებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს, რაც შიდა პოლიტიკურ კრიზისს და არეულობას აძლიერებს. ამავე დროს, სომხეთის მცდელობა გააქტიუროს ურთიერთობები დასავლეთთან, მათ შორის, ევროკავშირში გაწევრიანების ხელშეწყობის კანონის მიღება, ქმნის ახალ დინამიკას რეგიონში, რაც საქართველოს პოზიციებზე და სომხეთის პროდასავლურ მისწრაფებებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.

თუმცა, საქართველოში, სადაც „ქართული ოცნების“ მმართველობის ქვეშ სახეზეა დემოკრატიული უკუსვლა და პრორუსული განწყობების გაძლიერება, დასავლეთის გაერთიანებული პოზიციის არარსებობა რუსეთს საშუალებას აძლევს, გაზარდოს გავლენა. 2023 წელს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების მიუხედავად, ევროკავშირმა შეაჩერა ინტეგრაციის პროცესი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონისა და სხვა ანტიდემოკრატიული ნაბიჯების გამო. თუ აშშ და ევროკავშირი ვერ შეინარჩუნებენ ერთიან სტრატეგიას, მაგალითად, სანქციების თანმიმდევრული გამოყენების ან ეკონომიკური მხარდაჭერის გაძლიერების გზით, რუსეთი ისარგებლებს ამ სიცარიელით, განსაკუთრებით ეკონომიკური ბერკეტებით, როგორიცაა ვაჭრობა და ენერგეტიკული დამოკიდებულება. ეს გააღრმავებს საქართველოს შიდა პოლარიზაციას, გაზრდის პროტესტებისა და არასტაბილურობის რისკს, რაც კიდევ უფრო შეაფერხებს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

სომხეთის შემთხვევაში, რუსეთისადმი იმედგაცრუება, განსაკუთრებით ყარაბაღის კონფლიქტში მხარდაჭერის არარსებობის გამო, აიძულებს ერევანს, მეტად დაუახლოვდეს დასავლეთს. 2024 წელს სომხეთის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების ხელშეწყობის კანონის მიღება და რუსეთის ხელმძღვანელობით კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში (CSTO) მონაწილეობის „გაყინვა“სტრატეგიულ ცვლილებაზე მიუთითებს. ევროკავშირმა გაზარდა სომხეთის მხარდაჭერა, მაგალითად, 2023 წელს ევროკავშირის სამოქალაქო მისიის განთავსებითა და 2024-2027 წლებისთვის 270 მილიონი ევროს ოდენობის დახმარების გეგმით (Castillo, 2024). ეს ნაბიჯები აძლიერებს სომხეთის პროდასავლურ ორიენტაციას, მაგრამ მისი ეფექტიანობა დამოკიდებულია რეგიონის საერთო დინამიკაზე.

პერსპექტივაში, თუ საქართველო ვერ შეძლებს განაგრძოს დასავლეთთან დაახლოება, ეს უარყოფითად აისახება სომხეთის პროდასავლურ მისწრაფებებზე. საქართველო, როგორც შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე ქვეყანა და ევროპასთან სატრანზიტო დერეფანი, გადამწყვეტია სამხრეთ კავკასიის დასავლეთთან ინტეგრაციისთვის. საქართველოს რუსეთისკენ გადახრა ან შიდა არეულობა შეაფერხებს სომხეთის ევროპულ ამბიციებს, რადგან სომხეთის ეკონომიკური და ლოგისტიკური კავშირები ევროპასთან ხშირად საქართველოს გავლით ხორციელდება. ამავე დროს, საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა ან რუსეთის გავლენის ზრდა შეიძლება გახდეს გამაფრთხილებელი მაგალითი სომხეთისთვის, რაც აიძულებს მას, უფრო ფრთხილად მიუდგეს დასავლეთთან ინტეგრაციას, განსაკუთრებით, თუ რუსეთი განაგრძოებს ეკონომიკურ თუ სამხედრო ზეწოლას. ამგვარი ვითარება შეიძლება სომხეთისთვის შეცვალოს ერევნის ანკარასთან დაახლოებამ, თუმცა სომხეთს ეს გზა ჯერ კიდევ გასავლელი აქვს.

ჯამში, რეგიონში ახალი დინამიკა იქმნება სომხეთის პროდასავლური ნაბიჯებით, მაგრამ ის სრულად ვერ განვითარდება, თუ საქართველო, როგორც რეგიონის ცენტრალური მოთამაშე, პოლიტიკურად არასტაბილური ან რუსეთის გავლენის ქვეშ დარჩება. დასავლეთის მხრიდან ერთიანი სტრატეგიის არარსებობა, მაგალითად, უნგრეთის მსგავსი ქვეყნების მიერ სანქციების ბლოკირება ან აშშ-ის ყურადღების გადატანა სხვა გლობალურ კრიზისებზე, კიდევ უფრო ართულებს სიტუაციას. ამ ფონზე, სომხეთის მცდელობა, გახდეს ევროკავშირის პარტნიორი, შეიძლება შენელდეს, თუ საქართველო ვერ შეინარჩუნებს პროდასავლურ კურსს, რაც რუსეთს მისცემს საშუალებას, გააძლიეროს თავისი პოზიციები მთელ სამხრეთ კავკასიაში.

  1. კონფლიქტების ესკალაციის რისკი:

   - სამხრეთ კავკასიაში, სადაც აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დაძაბულობა მუდმივია, ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიები, დასავლეთის შესუსტებამ შეიძლება რუსეთს ან თურქეთს მისცეს მეტი მანევრირების საშუალება, რამაც გარკვეულ სცენარებში, შესაძლოა, ახალი კონფლიქტების რისკი გაზარდოს.

აშშ-სა და ევროპას შორის უთანხმოებები უკრაინისა და ტარიფების საკითხზე, ქმნის მრავალმხრივ რისკებს: ეკონომიკური ზარალი ორივე მხარისთვის, NATO-სა და გლობალური უსაფრთხოების შესუსტება, და განსაკუთრებით მოწყვლადი რეგიონების, როგორიცაა კავკასია, დესტაბილიზაცია. ეს სიტუაცია რუსეთსა და ჩინეთს აძლევს შანსს, გააძლიერონ თავიანთი გავლენა, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში გლობალურ წესრიგს კიდევ უფრო გაურკვეველს გახდის.

ამ უთანხმოებების გავლენა უშუალოდ საქართველოზე, განსაკუთრებით მისი ამჟამინდელი პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, მრავალმხრივია. საქართველოში, სადაც პროევროპული საპროტესტო გამოსვლები ავტორიტარიზმის დამყარების წინააღმდეგ და თავისუფალი საზოგადოების დასაცავად გრძელდება, მთავრობის ლეგიტიმურობა ევროპის მხრიდან ცნობილი არ არის. თუ ევროპა და აშშ ვერ შეთანხმდებიან უკრაინის კრიზისის მართვაზე, ამან შეიძლება გამოიწვიოს დასავლური ერთიანობის შესუსტება, რაც საქართველოსთვის რამდენიმე რისკს ქმნის:

  1. გეოპოლიტიკური დაუცველობა: საქართველო, რომელიც რუსეთის მეზობელია და 2008 წლიდან ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემას ებრძვის, დიდწილად ეყრდნობა დასავლეთის მხარდაჭერას. ევროპის ქვეყნებმა, რომლებიც უკმაყოფილონი არიან საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებებით, შესაძლოა, შეამცირონ დიპლომატიური მხარდაჭერა, რაც ქვეყნის საერთაშორისო პოზიციებს დააზიანებს. თუ აშშ და ევროპა განსხვავებულ გზებს დაადგებიან, რუსეთმა ეს დაძაბულობა შეიძლება გამოიყენოს საქართველოზე ზეწოლის გასაზრდელად, მაგალითად, ჰიბრიდული ომის ან ეკონომიკური ბერკეტების გამოყენებით. ან უფრო თამამად აიძულოს საქართველო მარტო შეუერთდეს 3+3 ფორმატს.
  2. ევროინტეგრაციის შეფერხება: პროევროპული კურსის მხარდამჭერი ქართული საზოგადოება ევროკავშირს დემოკრატიისა და სტაბილურობის გარანტად განიხილავს. თუმცა, თუ ევროპა შიდა დაპირისპირებებით ან უკრაინის კრიზისით იქნება დაკავებული, საქართველოსთვის გაწევრიანების პერსპექტივა კიდევ უფრო გადაიწევს, რაც შეიძლება გამოიყენონ მთავრობამ ან პრორუსულმა ძალებმა შიდა ლეგიტიმაციის გასამყარებლად და ანტიდასავლური განწყობების გასაძლიერებლად ქვეყანაში. დასავლეთის ერთიანობაში ბზარების ჩვენება, ამ პროცესებს მხოლოდ ხელს შეუწყობს.
  3. შიდა პოლარიზაციის გაღრმავება: დასავლეთის განხეთქილება შეიძლება აღქმული იყოს სისუსტედ, რაც ქართულ საზოგადოებაში გაზრდის უნდობლობას როგორც მთავრობის, ისე ოპოზიციის მიმართ. ამან შეიძლება მთლიანად ჩააქროს პროტესტები, თუ ხალხი იმედგაცრუებას იგრძნობს დასავლეთის მხარდაჭერის არარსებობის გამო.
  4. ეკონომიკური რისკები: უკრაინის ომის ფონზე, საქართველოს ეკონომიკა უკვე განიცდის შეზღუდვებს, მათ შორის ვაჭრობისა და ტურიზმის კუთხით. თუ აშშ-ევროპის უთანხმოება გამოიწვევს სანქციების ან ენერგეტიკული პოლიტიკის არაკოორდინირებულ ნაბიჯებს, ეს რეგიონში ეკონომიკურ არასტაბილურობას გაზრდის, რაც საქართველოს, როგორც მცირე ეკონომიკის მქონე ქვეყანას, მძიმედ დააზარალებს. ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე უარის თქმა და მოლაპარაკებების შეჩერება შეიძლება უარყოფითად აისახოს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე, რადგან ევროკავშირის ფინანსური დახმარება და ინვესტიციები შემცირდება.

ჯამში უკრაინაში დაკავებული რუსეთისთვის, აქტიური ჩარევა საქართველოს და რეგიონულ საკითხებში შედარებით მეორე პლანზეა გადასული, თუმცა ჰიბრიდული მეთოდების გამოყენებით ის ცდილობს საკუთარი ინტერესების გატარებას. თუ აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაცია მოხდა, იმ პირობებში, როდესაც რუსეთის ქმედებები ძირს უთხრის აქამდე არსებულ მსოფლიო წესრიგს, და თუ ის უკრაინაში შეძლებს საკუთარი ინტერესების გატარებას (ტერიტორიების ანექსია და აშ), მაშინ ეს ირიბად ნიშნავს, რუსეთის გავლენის ზონების აღიარებასაც, რაშიც, დიდი ალბათობით, საქართველოც მოხვდება. ამ შემთხვევაში, თბილისისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ევროკავშირის პოზიცია და მასთან ურთიერთობები, ვინაიდან მხოლოდ ის იქნება დასავლეთის კლასიკური, დემოკრატიული ინტერესების და ნორმების დამცველი და გამტარებელი.

დასკვნა

საქართველოსთვის გადამწყვეტია, რომ დასავლეთმა შეინარჩუნოს ერთიანი პოზიცია, რადგან ნებისმიერი განხეთქილება რუსეთს საშუალებას აძლევს, გააძლიეროს გავლენა რეგიონში. ამდენად, მიუნჰენის კონფერენციის შემდგომი უთანხმოებები, საქართველოს აყენებს რთულ მდგომარეობაში: ერთი მხრივ, ქვეყანის მოსახლეობის საპროტესტო ნაწილი ცდილობს აიძულოს ხელისუფლება დარჩეს დასავლურ ორბიტაზე, მეორე მხრივ, დასავლეთის შიდა დაპირისპირება ამ გზას უფრო გაურკვეველსა და სარისკოს ხდის.

აშშ-ის საგარეო პოლიტიკური კურსის ტრანსფორმაცია, რაც გლობალურ გეოპოლიტიკურ ძვრებზე აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაციის პასუხია, ქმნის გარემოს, სადაც მიუხედავად საქართველოსთვის გაუარესებული საერთაშორისო ვითარებისა, ქვეყნის დემოკრატიული განვითარების რელსებზე დაბრუნება პირველ რიგში ქართველი ხალხის და საზოგადოების სიფხიზლეზეა დამოკიდებული, რადგან, დემოკრატიის გადარჩენა საქართველოში პირველ რიგში, ჩვენი საშინაო ამოცანაა და ეს ქართული საზოგადოების საზრუნავია ნებისმიერ შემთხვევაში. სწორედ ამას მოითხოვს ჩვენგან დასავლეთიც, ეს მისი სტრატეგიული კულტურის შემადგენელი ნაწილია, განსხვავებით რუსეთისგან და სხვა ავტორიტარული სახელმწიფოებისგან, რომელთათვისაც აბსოლუტურად სულერთია როგორი პოლიტიკური სისტემა იქნება საქართველოში, რამდენად იქნება ადამიანის ფუნდამენტური უფლებები დაცული, ან  დემოკრატიის ზოგადი  ხარისხი.

პოლიტიკური მეცნიერების აქსიომაა, რომ საგარეო პოლიტიკა საშინაო პოლიტიკის  გაგრძელებაა და უპირატესად მას ემსახურება. თუმცაღა, თანაფარდობა ამ ორ კომპონენტს შორის სხვადასხვა ეპოქაში განსხვავებულ ხასიათს ატარებდა და მრავალგვარი მიზეზით იყო განპირობებული.

დღესაც, ამ ტრანსფორმაციულ პერიოდში, საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემასთან მიმართებაში ეროვნული სახელმწიფო გამოდის, როგორც ელემენტი, რომელიც სხვა ელემენტებთან სხვადასხვა სახის ურთიერთობებითაა დაკავშირებული. ამავე დროს, სახელმწიფო, საშინაო-პოლიტიკური აზრით, თავად წარმოადგენს სისტემას, რომელიც სხვადასხვა ელემენტებისგან შედგება. ერთი სიტყვით, ის, რაც ერთ შემთხვევაში სისტემად გვევლინება, მეორეგან ელემენტად წარმოგვიდგება. ამრიგად, საშინაო და საგარეო პოლიტიკა ერთმანეთში გადაედინება სხვადასხვა იერარქიული დონისა და ქვედონის მეშვეობით. არსებულ მიზეზთა გამო ამ გადასვლებს შედეგად მოსდევს ის, რომ სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკა პარალიზდება და სწორედ ამის დაუშვებლობაა საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რისთვისაც დემოკრატიის მაღალი სტანდარტი, თუ გნებავთ ხარისხი, ერთ-ერთი მთავარი პრევენციის საშუალებაა და გარანტიაა იმისა, რომ ქართველი ხალხის ნება და ინტერესები დაცული იქნება საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზეც. მაშინ როცა ჩვენს შემთხვევაში ესა თუ ის ელემენტები (მაგ., ოპოზიცია) სრულფასოვნად ვერ ასრულებენ თავის ფუნქციას, ამ თვალსაზრისითაც, უმნიშვნელოვანესია ის საპროტესტო აქციები, რომლებიც დღეს ქვეყანაში იმართება.

დღესაც, ყველა გამოკითხვის მიხედვით საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას (მოსახლეობის განწყობები და დამოკიდებულებები საქართველოში 26 ოქტომბრის შემდეგ განვითარებული მოვლენების მიმართ – საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა, 2025). ამის ფონზე, დღეს არსებული ავტორიტარიზმის და ერთპარტიული მმართველობის დამყარების მცდელობა, განგრძობითი რეპრესიების ფონზე, უკიდურესი პოლარიზაცია და რადიკალიზმი ხელისუფლების მხრიდან, ნამდვილად არ ემსახურება ზემოთ აღწერილ ეროვნულ მიზნებს და სწორედ პოტენციურად ის მავნე საშინაო პოლიტიკური დინამიკაა, რამაც საგარეო პოლიტიკური მიზნები შეიძლება შეუქცევადად დააზიანოს.

მსოფლიოს გეოპოლიტიკური ტრანსფორმაციის ეპოქაში, კონსტიტუციის შესაბამისი საგარეო პოლიტიკის წარმოება და პროდასავლური კურსის შენარჩუნება უმთავრესად ქართველი ხალხის ძალისხმევაზე იქნება დამოკიდებული. ამ გზაზე, ჩვენი ტრადიციული პარტნიორები ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ მაინც მხარდამჭერი ძალები არიან. თუმცა აუცილებელი იქნება გლობალური პროცესების გათვალისწინება და საგარეო პოლიტიკაში მეტი რაციონალური და ანალიტიკაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღება.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ აშშ-ის საგარეო პოლიტიკური კურსის ტრანსფორმაციის კონტურები უკვე იკვეთება, თუმცა, იქნება თუ არა ეს რადიკალური ცვლილებების მომტანი ტრანსატლანტიკური ურთიერთობებისათვის, ევროპის კონტინენტისა და მთლიანად ჩვენი რეგიონისათვის, ახლო მომავალში ალბათ გაირკვევა. შესაბამისად, საქართველო, თავისი გეოგრაფიული მდგომარეობისა და არსებული უსაფრთხოების გარემოს პირობებში უნდა ესწრაფოდეს მოქნილი, საქართველოს ეროვნული ინტერესების რეალიზაციაზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკის გატარებას, რაც არ მოითხოვს დემოკრატიულ  და საერთაშორისო სამართლებრივ პრინციპებზე უარის თქმას. ეს კი, შესაბამისი პოლიტიკური კლასის არსებობას საჭიროებს ქვეყანაში, რომლის გადახალისების აუცილებლობაც არსებულ რეალობაში სულ უფრო იკვეთება.

 

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

გამოყენებული წყაროები

(სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა „მეგობარ აქტს“ მხარი დაუჭირა, n.d.)
სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა „მეგობარ აქტს“ მხარი დაუჭირა. (n.d.). Interpressnews.ge. Retrieved 16 April 2025, from https://www.interpressnews.ge/ka/article/834149-senatis-sagareo-urtiertobata-komitetma-megobar-akts-mxari-dauchira (საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ - დასავლურმა სამყარომქართული ოცნებისუკვე 200-ზე მეტი წარმომადგენელი დაასანქცირა, რომელთაგან 98-ის ვინაობა გასაჯაროვდა, დანარჩენებზე ანონიმური სავიზო შეზღუდვებია დაწესებული, n.d.)
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ - დასავლურმა სამყარომქართული ოცნებისუკვე 200-ზე მეტი წარმომადგენელი დაასანქცირა, რომელთაგან 98-ის ვინაობა გასაჯაროვდა, დანარჩენებზე ანონიმური სავიზო შეზღუდვებია დაწესებული. (n.d.). Interpressnews.ge. Retrieved 16 April 2025, from https://www.interpressnews.ge/ka/article/834675-saertashoriso-gamchvirvaloba-sakartvelo-dasavlurma-samqarom-kartuli-ocnebis-ukve-200-ze-meti-carmomadgeneli-daasankcira-romeltagan-98-is-vinaoba-gasajarovda-danarchenebze-anonimuri-savizo-shezgudvebia-dacesebuli

(Lewis Gould, “Foreign Affairs,” Miller Center, 2024, 2024)
52Lewis Gould, “Foreign Affairs,” Miller Center, 2024. (2024). https://millercenter.org/president/mckinley/foreign-affairs.

(Peter Huessy, “Should the US Scale Back Its Global Presence,” Warrior Maven, 2024, n.d.)
57Peter Huessy, “Should the US Scale Back Its Global Presence,” Warrior Maven, 2024,. (n.d.). https://warriormaven.com/global-security/should-the-us-scale-back-its-global-presence.

(Balz, 02/2025)
Balz, D. (02/2025). Fit for a king? Trump’s moves challenge world order and U.S. bureaucracy. https://www.washingtonpost.com/politics/2025/02/23/trump-king-power/

(Bayer & Strupczewski, n.d.)
Bayer, L., & Strupczewski, J. (n.d.). Transatlantic trade war would hurt both sides, European leaders warn. https://www.reuters.com/world/europe/european-leaders-warn-pain-transatlantic-trade-war-2025-02-03/

(Castillo, n.d.)
Castillo, N. (n.d.). CPC. Caspian Policy Center. Retrieved 16 April 2025, from https://caspianpolicy.org/research/armenia/armenias-grand-rebalance-eu-and-russia

(Chivvis, 2025)
Chivvis, H. S. (2025, February 19). The US and Europe are at a crossroads. A new world order is emerging. https://www.theguardian.com/us-news/commentisfree/2025/feb/19/us-europe-ukraine-russia

(Dennis Merrill, “The Truman Doctrine: Containing Communism and Modernity,” Presidential Studies Quarterly, 2024, 27, n.d.)
Dennis Merrill, “The Truman Doctrine: Containing Communism and Modernity,” Presidential Studies Quarterly, 2024, 27,. (n.d.). https://www.jstor.org/stable/27552744

(Dumitrescu, 2025)
Dumitrescu, R. (2025, February 17). Romanian foreign minister: NATO eastern flank states must participate on Ukraine peace discussion. https://www.romania-insider.com/romanian-minister-nato-eastern-flank-states-ukraine-peace-discussions-2025

(C. Ge, 2024)
Ge, C. (2024, November 30). შშ საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას აჩერებს. https://civil.ge/ka/archives/639989

(O. Ge, 2025)
Ge, O. (2025, January 25). ტრამპის ბრძანებით, მექსიკის ყურეს ამერიკის ყურე დაერქვა. On.Ge. https://on.ge/story/140046-ტრამპის-ბრძანებით-მექსიკის-ყურეს-ამერიკის-ყურე-დაერქვა

(‘George Washington, “George Washington Papers, Series 2, Letterbooks -1799:” Letterbook 24, April 3, 1793 - March 3,’ n.d.)
George Washington, “George Washington Papers, Series 2, Letterbooks -1799:” Letterbook 24, April 3, 1793 - March 3,. (n.d.). In George Washington, “George Washington Papers, Series 2, Letterbooks -1799: https://www.loc.gov/item/mgw2.024

(Guiski, 2022)
Guiski, Y. (2022, December 4). The Biden Administration’s National Security Strategy:  Focus on China and Technology. https://www.inss.org.il/publication/biden-admin-strategy/

(James Monroe, ‘Monroe Doctrine,’ Annual Message to Congress, December 2, 1823, n.d.)
James Monroe, ‘Monroe Doctrine,’ Annual Message to Congress, December 2, 1823,. (n.d.). https://history.state.gov/milestones/1801-1829/monroe.

(Kaplan, 2019)
Kaplan, R. D. (2019). Confronting China. The National Interest. https://www.jstor.org/stable/27118107

(Latschan, 2025)
Latschan, T. (2025, February 15). Deep rift between US and EU opens up in Munich. https://www.dw.com/en/deep-rift-between-us-and-eu-opens-up-in-munich/a-71624354

(Lee Edwards, “How Ronald Reagan Won the Cold War,” The Hill, December 26, 2019, n.d.)
Lee Edwards, “How Ronald Reagan Won the Cold War,” The Hill, December 26, 2019,. (n.d.). https://thehill.com/opinion/national-security/474669-how-ronald-reagan-won-the-cold-war/

((Marie-Jeane Rossignol, “Early Isolationism Revisited: Neutrality and Beyond in the 1790s,” Journal of American Studies, 1995)
(Marie-Jeane Rossignol, “Early Isolationism Revisited: Neutrality and Beyond in the 1790s,” Journal of American Studies,. (1995). https://www.jstor.org/stable/27555923?seq=1.

(Mark T. Gilderus, ‘The Monroe Doctrine: Meanings and Implications,” Presidential Studies Quarterly, 2006, 6, 2006)
Mark T. Gilderus, ‘The Monroe Doctrine: Meanings and Implications,” Presidential Studies Quarterly, 2006, 6,. (2006). http://www.jstor.org/stable/27552742.

(Mutz, 2018)
Mutz, D. C. (2018). Status threat, not economic hardship, explains the 2016 presidential vote. PNAS. https://www.pnas.org/doi/pdf/10.1073/pnas.1718155115

(Nichol, 2003)
Nichol, J. (2003). Georgia and the U.S. Train and Equip Program. Congressional Research Service.

(Richard Allen, “The Man Who Won the Cold War,” Hoover Institution, January 30, 2000, n.d.)
Richard Allen, “The Man Who Won the Cold War,” Hoover Institution, January 30, 2000,. (n.d.). https://www.hoover.org/research/man-who-won-cold-war

(S. Constitution, art. 1, sec. 8, n.d.)
S. Constitution, art. 1, sec. 8. (n.d.).

(The Peacemaker: Ronald Reagan, the Cold War, and the World on the Brink,” Hoover Institution, March 15, 2023, n.d.)
The Peacemaker: Ronald Reagan, the Cold War, and the World on the Brink,” Hoover Institution, March 15, 2023,. (n.d.). https://www.hoover.org/research/peacemaker-ronald-reagan-cold-war-and-world-brink.

(Walt, 2019)
Walt, E. M. (2019, December 16). Everyone Knows America Lost Afghanistan Long Ago. Foreignpolicy.com. https://foreignpolicy.com/2019/12/16/everyone-knows-america-lost-afghanistan-long-ago/

(ანთაძე, 2025)
ანთაძე გიორგი. (2025, February 8). [Interview]. https://www.interpressnews.ge/ka/article/829661-giorgi-antaze-minimaluri-demokratiuli-standartebic-ki-saprtxeshia

(კომერსანტი, 2024)
კომერსანტი. (2024, October 22). ანაკლიაში, პორტთან ერთად, თავისუფალი ეკონომიკური ზონაც შეიქმნება - ლევან დავითაშვილი. Commersant.Ge. https://commersant.ge/news/economic/anakliashi-porttan-ertad-tavisufali-ekonomikuri-zonats-sheiqmneba-levan-davitashvili

(მოსახლეობის განწყობები და დამოკიდებულებები საქართველოში 26 ოქტომბრის შემდეგ განვითარებული მოვლენების მიმართსაზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა, 2025)
მოსახლეობის განწყობები და დამოკიდებულებები საქართველოში 26 ოქტომბრის შემდეგ განვითარებული მოვლენების მიმართსაზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა. (2025). https://csf.ge/wp-content/uploads/2025/02/საზოგადოებრივი-აზრის-გამოკითხვა.pdf  

(ოლაფ შოლცი - ევროპა არავის მისცემს უფლებას, უკრაინის დემილიტარიზაციას დათანხმდეს, n.d.)
ოლაფ შოლცი - ევროპა არავის მისცემს უფლებას, უკრაინის დემილიტარიზაციას დათანხმდეს. (n.d.). Nterpressnews.Ge. https://www.interpressnews.ge/ka/article/830614-olap-sholci-evropa-aravis-miscems-uplebas-ukrainis-demilitarizacias-datanxmdes/

(პერტაია, 2023)
პერტაია ლუკა. (2023, March). 3 წელია არ შეკრებილან აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის სამუშაო ჯგუფები. https://www.radiotavisupleba.ge/a/ 3 წელია-არ-შეკრებილან-აშშ-საქართველოს-სტრატეგიული-პარტნიორობის-სამუშაო-ჯგუფები/32298089.html

(უსაფრთხოების საკითხებში ტრამპის მომავალი მრჩეველი მაიკ უოლცი - ველოდები მსოფლიოში რუკების ხელახლა დახატვას, n.d.)
უსაფრთხოების საკითხებში ტრამპის მომავალი მრჩეველი მაიკ უოლცი - ველოდები მსოფლიოში რუკების ხელახლა დახატვას. (n.d.). https://1tv.ge/news/usafrtkhoebis-sakitkhebshi-trampis-momavali-mrcheveli-maik-uolci-velodebi-msoflioshi-rukebis-khelakhla-dakhatvas/

(ჯეი დი ვენსის სიტყვა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე 2025, 2025)
ჯეი დი ვენსის სიტყვა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე 2025. (2025). https://youtu.be/tm3lUEdeT3E?si=TDJriheDBxbbBkfK

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“