საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
2025 წლის 8 ოქტომბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გელა მთივლიშვილის უკანონო დაკავების და ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო და საქართველოს მთავრობას შეკითხვებით მიმართა.
ევროპულმა სასამართლომ გელა მთივლიშვილის საჩივარი ყველა მუხლში დააკომუნიცირა, რომლის დარღვევაზეც იგი დავობდა. კერძოდ, მომჩივანი დავობდა, რომ 2024 წლის 23 იანვარს პოლიციელების მიერ მისი უკანონო დაკავებით და შემდგომ ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებით დაირღვა კონვენციის მე-5 მუხლი (თავისუფლების და უსაფრთხოების უფლება), მე-6 მუხლი (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება), მე-10 მუხლი (გამოხატვის თავისუფლება) და მე-18 მუხლი (კონვენციით ნებადართული შეზღუდვების გამოყენება დაუშვებელი მიზნებისთვის).
სასამართლოს მიერ განსახილველი საქმე შეეხება 2023 წლის 23 იანვარს მომხდარ ინციდენტს, როდესაც ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი კეკელიძის ქუჩაზე ხატიაშვილების ოჯახის იძულებითი გამოსახლების გასაშუქებლად მივიდა, სადაც პოლიცია ადგილზე შეკრებილ აქტივისტებს ძალადობის გამოყენებით აკავებდა.[1] ადგილზე მისვლიდან და ერთ-ერთი პირის დაკავების პირადი ტელეფონით გადაღების დაწყებიდან რამდენიმე წუთში პოლიციელებმა ისიც უკანონოდ დააკავეს. გელა მთივლიშვილი ძალის გამოყენებით ჩასვეს პოლიციის მანქანაში, მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა და სცადეს მისი პირადი ტელეფონის წართმევაც.[2]
გელა მთივლიშვილი პოლიციის განყოფილებაში გადაყვანიდან რამდენიმე საათში გაათავისუფლეს უკანონო დაკავებიდან, თუმცა პოლიციელებმა სამართალდარღვევის ოქმი შეადგინეს, რომელშიც მას პოლიციის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობას ედავებოდნენ (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლი). 26 იანვარს გამართულ სასამართლო სხდომაზე, მოსამართლე ნინო შჩერბაკოვმა სრულად გაიზიარა შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიცია, რომელიც მხოლოდ მთივლიშვილის დამკავებელი პოლიციელების ცრუ ჩვენებებს ეყრდნობოდა. ამის საპირისპიროდ, გელა მთივლიშვილმა სასამართლო სხდომაზე წარადგინა ტელეფონით გადაღებული დაკავების ამსახველი ვიდეო კადრი, სადაც ჩანს როგორ აკავებენ ჟურნალისტს უსაფუძვლოდ, მისი პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს.
ნინო შჩერბაკოვმა გელა მთივლიშვილი სამართალდამრღვევად ცნო და 2000 ლარით დააჯარიმა. სასამართლოს დადგენილება ჟურნალისტმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა.
გელა მთივლიშვილის მიმართ პოლიციელების მიერ ძალადობის და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო და მას დაზარალებულის სტატუსიც მიენიჭა, თუმცა ამ დრომდე, გამოძიებას სავარაუდო დამნაშავე პირები არ გამოუვლენია. ჟურნალისტმა ასევე გაასაჩივრა მისი უკანონო დაკავების საქმე, თუმცა შსს-ს მის საჩივარზე გადაწყვეტილება არ მიუღია.
2024 წლის 29 აგვისტოს, გელა მთივლიშვილმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით მიმართა, რომელშიც კონვენციის მე-5, მე-6, მე-10 და მე-18 მუხლების დარღვევაზე დავობდა. საჩივარში მთივლიშვილი მიუთითებდა, რომ ადგილზე მივიდა პროფესიული მოვალეობის შესასრულებლად და მოვლენების გასაშუქებლად; საქმიანობის განხორციელების დროს ხელი არ შეუშლია სამართალდამცავებისთვის და მისი დაკავების დაწყებამდე არ გაუფრთხილებიათ, რომ ტერიტორიის დატოვება აუცილებელი იყო. ამის ნაცვლად, ერთ-ერთმა პოლიციელმა პირდაპირ დაიწყო მისი დაკავება ყოველგვარი განმარტების გარეშე, მიუხედავად იმისა, რომ მთივლიშვილმა რამდენჯერმე გაიმეორა, რომ ასრულებდა ჟურნალისტურ საქმიანობას. შესაბამისად, მას არ ჩაუდენია სამართალდარღვევა და მისი დაკავების, რამდენიმე საათის განმავლობაში თავისუფლების აღკვეთისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევის საფუძვლები არ არსებობდა.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, საპროტესტო აქციებზე ხელისუფლების ქმედებების გაშუქებაში მედია არსებით როლს ასრულებს, ვინაიდან მათი ადგილზე ყოფნა ხელისუფლების წარმომადგენლების ქმედებების ანგარიშვალდებულების გარანტიაა.[3] შესაბამისად, მედიის საქმიანობაში ჩარევა მკაცრ შეფასებას ექვემდებარება. წინამდებარე საქმეში, არც სამართალდამცავებს და არც სასამართლოს არ შეუფასებიათ, რა ლეგიტიმურ მიზნებს ემსახურებოდა ჟურნალისტის საქმიანობაში ჩარევა და იყო თუ არა დაკავება და ადმინისტრაციული სახდელის დადება აუცილებელი და პროპორციული ღონისძიება, რაც უხეშად ლახავს ჟურნალისტის მიერ ინფორმაციის მოპოვების და გავრცელების ფუნდამენტურ უფლებას.
რაც შეეხება საქმის სამართლიანი განხილვის უფლებას, თბილისის საქალაქო სასამართლომ მთივლიშვილის საქმის განხილვის პროცესში მტკიცების ტვირთი სრულად გადაიტანა ჟურნალისტზე. მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტმა წარადგინა მისი დაკავების მომენტის ამსახველი ვიდეო კადრები, სასამართლომ განმარტა, რომ ეს კადრები არ ასახავდა დაკავებამდე არსებულ ვითარებას. თუმცა, როდესაც ჟურნალისტმა მოითხოვა სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერების ამოღება და პროცესზე დათვალიერება, მისი შუამდგომლობა სასამართლომ არ დააკმაყოფილა. შესაბამისად, სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ მოწმედ გამოძახებული პოლიციელების ურთიერთგამომრიცხავ ცრუ ჩვენებებს, რომლებიც არ დასტურდებოდა ნეიტრალური მტკიცებულებებით. ამგვარად, ეროვნულმა სასამართლოებმა მცდარად შეაფასეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და უპირატესობა მიანიჭეს პოლიციელთა ჩვენებებს, როგორც უტყუარ და სანდო მტკიცებულებას, რაც ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებებს,[4] ისე - ევროპული სასამართლოს მყარად დადგენილ პრაქტიკას.[5]
მე-18 მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით, გელა მთივლიშვილი მიიჩნევს, რომ მისი დაკავების ერთადაერთ მიზანს მისი ჟურნალისტური საქმიანობის გამო დასჯას წარმოადგენდა. აღნიშნულს ადასტურებს სადავო ინციდენტამდე და შემდგომ პერიოდში განვითარებული მოვლენები. კერძოდ, მთივლიშვილის მიერ 2023 წლის აგვისტოს შოვის ტრაგედიის კრიტიკული გაშუქების და ხელისუფლების შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებების გამოვლენის გამო იგი არაერთხელ გახდა მაღალი თანამდებობის პირების თავდასხმების სამიზნე. მას მოიხსენიებდნენ როგორც „თვითგამოცხადებულ ჟურნალისტს“ და „სამარცხვინო კაცს.“ ამავე პერიოდში, სოციალურ ქსელში მის წინააღმდეგ მმართველ პარტიასთან აფილირებული აქტორების მიერ კოორდინირებული დეზინფორმაციული კამპანია მიმდინარეობდა. გარდა ამისა, ე.წ. 2024 წლის გაზაფხულზე „რუსული კანონის“ განხილვის პროცესში, მმართველ პარტიასთან დაკავშირებული პირების მიერ გელა მთივლიშვილის საცხოვრებელი სახლსა და „მთის ამბების“ ოფისის ფასადზე შეურაცხმყოფელი წარწერები განთავსდა, რომლებიც მას „აგენტად“ და „სამშობლოს გამყიდველად“ მოიხსენიებდა. ამ გარემოებათა ერთობლიობა ადასტურებს, რომ 23 იანვარს გელა მთივლიშვილის დაკავება და ადმინისტრაციული წესით სახდელის დადება ევროპულ კონვენციასთან შეუსაბამო ფარულ განზრახვებს ემსახურებოდა.
მიგვაჩნია, რომ მთივლიშვილის საქმე ავლენს სამართალდამცავი ორგანოების თვითნებობის, ადმინისტრაციული კანონმდებლობის უკანონო გამოყენების და ჟურნალისტების დევნის სისტემურ პრობლემას. ამასთან, გელა მთივლიშვილი არაერთხელ გამხდარა ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან თავდასხმების და რეპუტაციის შემლახველი განცხადებების სამიზნე მისი ჟურნალისტური საქმიანობის და საგამოძიებო ჟურნალისტური მასალების მომზადების გამო.[6] სწორედ ამიტომ, მიგვაჩნია, რომ 2024 წლის 23 იანვარს მისი უკანონო დაკავების მიზანი გელა მთივლიშვილის დასჯას ემსახურებოდა, რაც უხეშად ეწინააღმდეგება კონვენციის მე-18 მუხლს.
ჟურნალისტის ინტერესებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი იცავს და საქმის მიმდინარეობის შესახებ საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის განახლებულ ინფორმაციას.
[1] სოციალური სამართლიანობის ცენტრი კეკელიძის ქუჩიდან იძულებით გამოსახლებას ეხმაურება და სახელმწიფოს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეაჩეროს ამ კვირაში დაგეგმილი გამოსახლებები, 23.01.2024 https://socialjustice.org.ge/ka/products/sotsialuri-samartlianobis-tsentri-kekelidzis-kuchidan-idzulebit-gamosakhlebas-ekhmaureba-da-sakhelmtsifos-moutsodebs-dauqovnebliv-sheacheros-am-kvirashi-dagegmili-gamosakhlebebi
[2] საქართველოს ამბები, „დაკავების შემდეგ პოლიციის ავტომობილში მახრჩობდნენ - გელა მთივლიშვილი“ 23.01.2025 https://sakartvelosambebi.ge/ge/akhali-ambebi/dakavebis-shemdeg-politsiis-avtomobilshi-makhrchobdnen-gela-mtivlishvili
[3] Pentikäinen v. Finland [GC], no. 11882/10, § 89, 2015
[4] საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე ბს-544-535(კ-12)
[5] Makarashvili and Others v. Georgia, §64
[6] მთის ამბები, “პაპუაშვილი EU-სგან განმარტებას ითხოვს, რატომ მოხვდა შოვზე საგამოძიებო მასალა ფინალისტებში”, 20.02.2023 https://mtisambebi.ge/news/item/1699
ინსტრუქცია