[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები / კვლევა

ინვესტირება ადგილობრივ შესაძლებლობებში: გზა ჯავახეთის ტრანსფორმაციისკენ

Library Thumbnail Image

გვერდების რაოდენობა:  31

გამოცემის წელი:  2025

მკვლევრები: 

Javakheti_A4_GEO_2_Oct_1759834732.pdf

რეზიუმე

დეკემბრის ერთ სუსხიან დღეს, ჯავახეთის რეგიონის მთავარი ქალაქის − ახალქალაქის ცენტრში უხმაურო რევოლუცია მოხდა. სომხური ანბანის შემქმნელის ძეგლის წინ, ექვსმა ჟურნალისტმა − ექვსმა ქალმა და ერთმა სამოქალაქო აქტივისტმა სხვადასხვა ენაზე შესრულებული პოსტერები აღმართეს და ასე გამოხატეს სოლიდარობა იმ რეპორტიორების მიმართ, რომლებიც სხეულის მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში აღმოჩნდნენ, მას შემდეგ, რაც 2025 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს დედაქალაქში გამართული ქუჩის აქციები პოლიციის ძალებმა ძალადობრივად დაარბიეს.

ამ დოკუმენტში მოთხრობილია ჯავახეთში, სათემო დონეზე განხორციელებული რამდენიმე ინიციატივის შესახებ. ამ ინიციატივების დიდი ნაწილი მოხალისეობრივია. მათი წამოწყება არ უკავშირდება დონორების მხარდაჭერას. რამდენიმე მათგანი აბსოლუტურად არაფორმალურია.

მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი დემონსტრაციები საქართველოს სხვა რეგიონებშიც მიმდინარეობდა, ეს ახალქალაქისთვის უპრეცედენტო მოვლენა იყო. რეგიონში, სადაც უამრავი პრობლემაა, ადგილობრივი მოსახლეობა თავს არიდებს საჯარო სივრცეში უკმაყოფილების გამოხატვის ყველაზე საბაზისო ფორმებსაც კი, რომ არაფერი ვთქვათ ასობით კილომეტრის დაშორებით, თბილისში მიმდინარე მოვლენებზე რეაგირებაზე. პროტესტის ამგვარმა ფორმამ გააოგნა ქალაქი. „გამვლელები არა მხოლოდ უარს ამბობდნენ ჩვენს მხარდაჭერაზე“, − იხსენებს ახალქალაქის პროტესტის ერთ-ერთი მონაწილე, “ჩვენკენ გამოხედვაც კი ეუხერხულებოდათ”. ხანმოკლე აქციის შემდეგ, ჯგუფმა დაკეცა პოსტერები და უხმაუროდ გაუჩინარდა. ამ ამბავმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჯავახეთში ამგვარი აქტივიზმი არ მუშაობს.

ეს ეპიზოდი ნათლად გვიჩვენებს, როგორია ცხოვრება საქართველოს უკიდურესი სამხრეთის მთიან რეგიონში, რომელსაც ადგილობრივი სომხური მოსახლეობა “ჯავახ”-ად მოიხსენიებს. რეგიონის 67.000 მკვიდრთა დიდი უმეტესობა ეთნიკურად სომეხია. მათ ქართული ცუდად იციან და ნაკლებად აღიქვამენ საკუთარ თავს ქვეყნის ნაწილად. მიუხედავად იმისა, რომ ჯავახეთი აგერ უკვე ორი ათეული წელია სახელმწიფოს მიერ განხორციელებული საინტეგრაციო პროგრამების სამიზნეა, პროგრესი მცირეა, ხოლო პროგრამების შედეგები − საეჭვო. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონს დანარჩენ საქართველოსთან, ასევე მეზობელ თურქეთსა და სომხეთთან სავაჭრო და სატრანსპორტო კავშირები აქვს, მოსახლეობა კვლავ იზოლირებულად, ერთგვარ ანკლავში აგრძელებს ცხოვრებას, რომლის კონტურები გარე დამკვირვებლისთვის ბუნდოვანია.

ამგვარი იზოლაცია კიდევ უფრო მეტად ამძაფრებს ჯავახეთის მოსახლეობის მოწყვლადობას. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონს, რომელიც ორი მუნიციპალიტეტისგან შედგება, ჰყავს ადგილობრივი, არჩეული ხელისუფლება, მისი უფლებამოსილება შეზღუდულია და საკუთარი ძალებით ვერ ახერხებს უმწვავეს გამომწვევებთან გამკლავებას. სამაგიეროდ, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურებს გადაჭარბებულად დიდ როლი აქვთ რეგიონში. სეპარატიზმსა და ტრანსსასაზღვრო დანაშაულთან ბრძოლის დეკლარირებული მოტივით, უკვე ათწლეულებია, სახელმწიფო უსაფრთხოების სტრუქტურები მონაწილეობენ რეგიონისთვის ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების პროცესში. როდესაც ადგილობრივი, იქნება ეს აქტივისტი თუ უბრალოდ, ადამიანი, ვინც მკაფიოდ გამოხატავს საკუთარ აზრს, გადააბიჯებს ზღვარს ისე, რომ დაუახლოვდება პოლიტიკური ოპოზიციის მოსაზრებებს, იგი არა მხოლოდ დევნის, არამედ შანტაჟის მსხვერპლიც გახდება და სამიზნე მისი ოჯახიც იქნება. ამ პრობლემებს მარტო ვერავინ გაუმკლავდბა.

გარედან შველასაც არავინ ელის. 1990-იან წლებში, მეზობელმა სომხეთმა რეგიონის ელიტების დახმარება გადაწყვიტა, რაც გულისხმობდა გარკვეული დონის პატრონაჟს, ფინანსურ მხარდაჭერას, ენერგორესურსების მიწოდებას და პოლიტიკურ ზურგს. თუმცა, დროთა განმავლობაში, აზერბაიჯანთან და თურქეთთან მოუგვარებელი კონფლიქტების ფონზე სომხეთის გავლენა სამხრეთ კავკასიაზე შესუსტდა. სომხეთმა, რომელსაც სურდა სახმელეთო კავშირები შეენარჩუნებინა მაშინდელ ძირითად პარტნიორთან − რუსეთთან, ვერ გარისკა თბილისთან მოსალოდნელი კონფლიქტი და დაძაბულობა. 2000-იანი წლების დასაწყისიდან სომხეთმა ეტაპობრივად შეაჩერა პირდაპირი ჩართულობა ჯავახეთში, საბოლოოდ კი, სრულად გაწყვიტა კავშირი სომხურ პოლიტიკურ ჯგუფებსა და ჯავახეთის აქტივისტებთან, რომელთა რიტორიკა საქართველოს ხელისუფლების უკმაყოფილებას იწვევდა.

თბილისიდან მომდინარე ზეწოლის სიმძიმე განსაკუთრებით თვალსაჩინო არჩევნების დროს ხდება. დედაქალაქში მიმდინარე პოლიტიკური პაექრობის მიუხედავად, ჯავახეთი ტრადიციულად გამოირჩევა მმართველი პარტიის მიმართ რეკორდულად მყარი მხარდაჭერით. ბოლო საპარლამენტო არჩევნებში, რომლებიც გახანგრძლივებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე ჩატარდა, რეგიონში მმართველმა პარტიამ ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მაღალი − ხმების 90% მოიპოვა. იგივე მოხდა 12 წლით ადრე, როდესაც მაშინდელმა მმართველმა ძალამ, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ არჩევნები თითქმის ყველგან წააგო, მაგრამ არა − საქართველოს სამხრეთში.

ჯავახეთის პოლიტიკური დისფუნქციის ასეთი მკაფიო გამოვლინება ხშირად ხდება ქვეყანაში გაცხარებული დებატების საგანი. ოპოზიციის წარმომადგენლები და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფები პოლიტიკურ უმოქმედობაში სდებენ ბრალს სომხურ მოსახლეობას, ხოლო მთავრობას − მანიპულირებაში არჩევნების გაყალბების მიზნით. თუმცა, დებატები სწრაფად მინავლდება ხოლმე. ამ პრობლემების გამომწვევ მიზეზს ნაკლებად აქცევენ ყურადღებას და რეგიონში სიტუაცია უცვლელი რჩება. ოპოზიციური პარტიებისთვის ჯავახეთი ნაკლებად მიმზიდველია: ის მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მმართველ ელიტებზე განურჩევლად იმისა, თუ ვინ არის ხელისუფლებაში და ამომრჩევლების რიცხვიც, ქვეყნის სხვა რეგიონებთან შედარებით, დიდი არ არის. ერთ მცირე გამონაკლისს წარმოადგენს ევროკავშირის ინტეგრაციის პროექტები, რომელთაც გასული ათწლეულის განმავლობაში მნიშვნელოვანი ინვესტიცია განახორციელეს ჯავახეთის სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში. და მაინც, სხვა სფეროებში ფართომასშტაბიანი რეფორმების არარსებობის პირობებში, ამ ძალისხმევასაც არ გამოუწვევია მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცვლილება.

ეს ინიციატივები წარმოადგენს დაბალბიუჯეტიან, “შინაურგამოსავლებს, თუმცა მნიშვნელოვან ცვლილებებს მოასწავებს, რომლებიც ადგილობრივ დონეზე თემების გაძლიერებას ეხება.

მიუხედავად ამ მძიმე, მხუთავი რეალობისა, ჯავახეთი მიუყვება თავის წყნარ ცხოვრებას. საპროტესტო აქციებიც იმართება და ცხარე კამათებიც საკრებულოს სხდომებზე. ადგილობრივი მოსახლეობა, რომელმაც იცის, როგორ უნდა ეკამათოს მუნიციპალური ხელისუფლების წარმომადგენლებს, ხშირად იმაღლებს ხმას. თუმცა, ამგვარი აქტივობა რეგიონის საზღვრებს არ სცდება და უსასრულო ფორმალურ თუ არაფორმალურ შეზღუდვებს ემორჩილება. მიუხედავად ამისა, ეს პატარა, კონტროლს დაქვემდებარებული სივრცე მაინც იძლევა სათემო ინიციატივების აღმოცენების საშუალებას. ზოგი მათგანი ნამდვილად იმსახურებს აღიარებას.

წინამდებარე დოკუმენტში მოთხრობილია ჯავახეთში, სათემო დონეზე განხორციელებული რამდენიმე ინიციატივის შესახებ. ამ ინიციატივების დიდი ნაწილი მოხალისეობრივია. მათი წამოწყება არ უკავშირდება დონორების მხარდაჭერას. რამდენიმე მათგანი აბსოლუტურად არაფორმალურია. თუმცა, ეს ინიციატივები პასუხობს ნამდვილ, სტრუქტურულ პრობლემებს, როგორიცაა, მაგალითად, განათლება, იზოლაცია, ეკონომიკური სტაგნაცია. მათი წარმატების საწინდარი გახლავთ ნდობა იმ ადამიანების მხრიდან, რომელთა დასახმარებლადაც შეიქმნა ეს ინიციატივები. ჩვენ არ ვსაუბრობთ “პროექტებზე” ტრადიციული გაგებით. ეს ინიციატივები წარმოადგენს დაბალბიუჯეტიან, “შინაურ” გამოსავლებს, თუმცა მნიშვნელოვან ცვლილებებს მოასწავებს, რომლებიც ადგილობრივ დონეზე თემების გაძლიერებას ეხება.

ხსენებული ინიციატივები, საბაზისო მხარდაჭერის შედეგად, როგორიცაა, მაგალითად, ცოდნის გაზიარების ქსელების ჩამოყალიბება, ინფორმაციის და გამოცდილების მიმოცვლის მექანიზმები და მცირე გრანტები, შეიძლება ჯავახეთში მედეგი სამოქალაქო კულტურის დასაყრდენად იქცეს. იმ დროს, როდესაც მთელს საქართველოში ვიწროვდება სივრცე სამოქალაქო საზოგადოების აქტორებისთვის, სათემო დონის მოხალისეობა შესაძლებელია დემოკრატიული ჩართულობის ერთადერთ ქმედუნარიან ფორმად დარჩეს. ჯავახეთში, დიდი ალბათობით, ეს პროცესი უკვე დაწყებულია.

მათი მასშტაბის მიუხედავად, სათემო ინიციატივები, აღიარებას ნამდვილად იმსახურებს. მხარდაჭერა, შესაძლოა, ყოველთვის არ იყოს ფინანსური: ბევრი ინიციატივა თვითკმარია. მაგრამ მათ ნამდვილად აქვთ განვითარების და მასშტაბის გაფართოების პოტენციალი, რაც, შესაძლოა, რეგიონულ ცენტრებთან მჭიდრო კავშირების დამყარებით, ინფორმაციისა და გამოცდილების მიმოცვლითა და საგანმანათლებლო და ინფორმაციის გაზიარების ქსელებში მათი ინტეგრირებით მოხერხდეს. ამგვარი მცდელობების შენარჩუნება არა მხოლოდ დაეხმარებოდა ჯავახეთის ჩაკეტილ საზოგადოებაში დიალოგის შენარჩუნებას, არამედ საფუძველსაც ჩაუყრიდა სამოქალაქო და პოლიტიკურ მონაწილეობას მომავალში, როდესაც საქართველო ამისთვის მზად იქნება.

გულნარა და ქალების ჯანმრთელობა. 50 წელს გადაცილებულმა გულნარა ელიზბარიანმა საკუთარ მოწოდებას მაშინ მიაგნო, როდესაც, როგორც სათემო აქტივისტი, იმ ქალების ქსელს შეუერთდა, რომლებიც მოშორებით მდებარე სოფლებს სტუმრობენ რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ ტაბუს გასარღვევად და ადგილობრივი ქალების დახმარებას გულახდილი საუბრებით, მცირე ბიზნეს იდეებისა და თვითორგანიზების წახალისებით ცდილობენ. გულნარა, რომელმაც შვილები მარტომ გაზარდა, სანამ მისი ქმარი საზღვარგარეთ მუშაობდა, ახლა ნდობით სარგებლობს, როდესაც საქმე სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებს ეხება. ეს ის თემაა, რომელსაც კონსერვატულ საზოგადოებაში იშვიათად განიხილავენ. მიუხედავად ჯანმრთელობის პრობლემებისა, მათ შორის, სტრესით გამოწვეული გულის შეტევისა, რაც საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებაზე შეზღუდვების გამოცხადებას მოჰყვა, გულნარა დანებებას არ აპირებს. დღეს ის აქტიურად მონაწილეობს ისეთ ახალ ინიციატივებში, როგორიცაა ქართული ენის გაკვეთილები ყველა ასაკის ქალისთვის და პლასტმასის ბოთლების შეგროვებისა და გადამუშავების კამპანია დაბალშემოსავლიანი ოჯახების დასახმარებლად. მისი ჩუმი რევოლუცია მოწმობს, თუ როგორ პასუხობს ხშირად არაფორმალური და მთლიანად მოხალისეობრივი სათემო ინიციატივები კრიტიკულ პრობლემებს საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და განათლების მიმართულებით და როგორ აღვივებს ქალთა შორის სოლიდარობას მაშინ, როდესაც ფორმალური ინსტიტუციები მარცხდებიან.

ლიდა და სამკითხველო კლუბი. სოფელ ორჯაში ლიდა ალმასიანმა მოსწავლეებსა და სხვა ახალგაზრდებთან ერთად წიგნების კლუბი დაარსა. კლუბი ასევე ითავსებს კრიტიკული აზროვნების, დიალოგის წარმოებისა და თავისუფლებისკენ სწრაფვის კუნძულის ფუნქციას სოფელში, სადაც კონსერვატიული განწყობები ჯერ კიდევ მძლავრია. წიგნები ისეთ თემებზე, როგორიცაა პირადი თავისუფლება და ეთიკა, ერევნიდან და თბილისიდან ჩამოაქვთ. კლუბი ხელს უწყობს ღია დისკუსიას როგორც ლიტერატურის, ასევე მიმდინარე მოვლენების ირგვლივ. მას ხშირად სტუმრობენ მოწვეული მომხსენებლები სხვა რეგიონებიდან. რადგან ინიციატივა სრულად არაფორმალურია და მუდმივი სივრცეც არ გააჩნია, შეხვედრები და ღონისძიებები ხშირად ღია ცის ქვეშ ტარდება. გარდა ამისა, დაწესებულია მცირე საწევრო გადასახადი, რაც წიგნების კოლექციის გამდიდრებას ხმარდება. ლიდა, რომელიც დროს თბილისსა და მშობლიურ სოფელს შორის ანაწილებს, ცდილობს მომავალი თაობა იდეებით აღჭურვოს, ცნობისმოყვარეობა და თანაგრძნობა გაუღვივოს და ამით დაუპირისპირდეს იმ აგრესიას, რომელსაც ის ბავშვობასა და ახალგაზრდობაში გრძნობდა.

ენოქი და ფერმერები. სამსახურის დაკარგვის შემდეგ, ენოქ ბაბაჯანიანმა ჯავახეთში პირველი წარმატებული სასათბურე მეურნეობა დააარსა − საკუთარი ხელით, ფაქტობრივად არაფრიდან, ენოქმა წარმატებული ბიზნესი შექმნა. რეგიონში, სადაც კულტურების უმეტესობა სიცივეს ვერ უძლებს, ენოქმა პრობლემას მზის ენერგიით, ნერგების გამოზრდის მიწოდების ჯაჭვის შექმნითა და უზარმაზარი მონდომებით სძლია. იქ, სადაც ადგილობრივი ბიუროკრატია ხშირად აფერხებს ფორმალური რეფორმების პროცესს, ენოქის არაფორმალური ციფრული ქსელი ცვლილებების მძლავრ კატალიზატორად გადაიქცა და ახლა მისი წყალობით სოფლად მცხოვრები მოსახლეობა სულ სხვანაირად უყურებს ფერმერობას, მეწარმეობას და მედეგობასაც.

პარუირი და სოფლის პრობლემები. პარუირი ავადმყოფობის გამო საწოლსა და ჟანგბადის მანქანას არის მიჯაჭვული. მან სოფლის ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება ფეისბუქიით დაიწყო და მალე გადაიქცა ცვლილებების კატალიზატორად. მის გვერდზე, რომელსაც თვალს 2.500 ადამიანი ადევნებს, ხშირად ქვეყნდება ლექსები, ფოტოები და კომენტარები ადგილობრივი გამოწვევების შესახებ − დაწყებული ნარჩენების შეგროვების საკითხებიდან დამთავრებული მიუსაფარი ცხოველების მოუგვარებელი პრობლემებით. პარუირს არც კომპიუტერი აქვს და არც რაიმე განათლება მიუღია ამ მიმართულებით. იგი მობილური ტელეფონის მეშვეობით წერს, ამონტაჟებს და აქვეყნებს მასალებს. მისი პლატფორმა სერიოზულ კონკურენციას უწევს რეგიონულ და ადგილობრივ მედიას. პარუირის პოსტების შთაგონებით რამდენჯერმე მოეწყო დასუფთავების აქცია და ფონდების მოძიების კამპანია. გაჩნდა ინტერესი დიდი ხნის მივიწყებული თემის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად პარუირს გაბედულება სოფელში გულსწყრომას იწვევდა, მან მალევე დაიმსახურა თანასოფლელების პატივისცემა და ამით დაადასტურა, რომ ხანდახან ერთი ხმაც შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს.

ეშტია და სოფლის ფონდი. სოფელ ეშტიაში, პანდემიის დროს შექმნილი მცირე WhatsApp ჯგუფი, მძლავრ ინიციატივად გადაიქცა, რომელიც თანხის მობილიზებას უზრუნველყოფს სოფლის გადაუდებელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, იქნება ეს სამედიცინო მომსახურების ანაზღაურება თუ სწავლის გადასახადი. თანხა სოფლის მცხოვრებლებისა და დიასპორის წევრებისგან ყოველთვიურად გროვდება. ინიციატივას, რომელიც „გააკეთე სიკეთე“-ს სახელითაა ცნობილი, 1.000-ზე მეტი აქტიური წევრი ჰყავს. მისი მეშვეობით დაფინანსდა გზის შეკეთების სამუშაოები, გაიმართა წყლის ინფრასტრუქტურა. სოფელმა სტადიონის მოწყობაც კი შეძლო. სოფლის მოსახლეობა ძირითადად კათოლიკე სომხებისგან შედგება, რომლებიც მცირერიცხოვან ჯგუფს წარმოადგენენ. ეშტიას მაგალითი ცხადყოფს, თუ როგორ ახერხებს სათემო ქველმოქმედება დიდ ტერიტორიაზე განფენილი ქსელების შედუღაბებას და ხელშესახები შედეგების მიღწევას. მიგრაციის შედეგად დაცლილ რეგიონში, ფონდმა განამტკიცა სოციალური კავშირები და სიცოცხლის ახალი ნაპერწკალი გააჩინა მთავრობის მხრიდან ჩარევისა და რეაგირების გარეშე. ნაპერწკალს ინარჩუნებს ნდობა, ინიციატივა და იმ ადამიანების შეუვალი ერთგულება, რომლებმაც უარი თქვეს სხვაგან წასვლაზე.

კუმურდო და სკოლა, რომელმაც ყველაფერი შეცვალა. სოფელ კუმურდოში ერთმა შემოწირულებამ გეზი უცვალა ადგილობრივი თემის მომავალს. შემოწირულება ანონიმი ქველმოქმედის ხელს ეკუთვნოდა, თუმცა სოფელში ყველამ იცის, ვინაა ის − კუმორდოში დაბადებული მეწარმე ჰაიკ მგდესიანი. სკოლის ნახანძრალი შენობის ადგილზე, ახლა თანამედროვე, უახლესი სტანდარტების სკოლა დგას, რომლის მშენებლობა 4 მილიონ დოლარზე მეტი დაჯდა. სკოლას აქვს სამეცნიერო ლაბორატორია, საცურაო აუზი და სპორტული მოედნები, რომლის მსგავსი რეგიონში არ მოიძებნება. სკოლის გახსნის საზეიმო ცერემონიალის შემდეგ, კუმურდოში გაჩნდა ახალი საბავშვო ბაღები, ქვაფენილიანი ქუჩები და ადმინისტრაციული შენობა − უტყუარი საბუთი იმისა, თუ როგორ მოჰყვა გულუხვობის ერთ გამოვლინებას საჯარო ინვესტიციები. მგდესიანის ჩუმი ქველმოქმედება, რომელიც სოფელთან მისი უწყვეტი კავშირიდან მომდინარეობს, საქართველოში ტრანსფორმაციული სოფლის განვითარების ერთ-ერთ იშვიათ შემთხვევას წარმოადგენს: აქ მთავარი მხოლოდ სკოლა კი არ არის, არამედ იმის დემონსტრირება, თუ რა არის შესაძლებელი.

სომხური ფონდი და მეხსიერების მუზეუმი. “ჯავახეთის დახმარების ფონდი”, რომელიც რეგიონთან კავშირების მქონე დიასპორის წარმომადგენლების მხარდაჭერით დაარსდა, უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და განათლების მხარდაჭერაში საზღვრისპირა დასახლებაში, რომელიც ხშირად რჩება დახმარების ტრადიციული პროგრამების მიღმა. ფონდის მიღწევებიდან აღსანიშნავია ორი ისტორიული სახლ-მუზეუმის აღდგენა: ერთი მათგანი ეძღვნება მე-19 საუკუნის ფოლკლორული მუსიკის შემსრულებელს ჯივანის, ხოლო მეორე − მეოცე საუკუნეში მოღვაწე პოეტ ვაჰან ტერიანს. ახალი გამოფენების, ვებგვერდების და კულტურული პროგრამების მეშვეობით, მათ შორის სომეხი და ქართველი ხელისუფლების წარმომადგენლების ერთობლივი მონაწილეობით, ფონდმა მეხსიერება და მოგონებები ცოცხალ და საზიარო ღირებულებად გარდაქმნა. ტრადიციული, უცხოური დაფინანსების მილევის ფონზე, დიასპორების მიერ მხარდაჭერილი და მთავრობის მიერ კოორდინირებული ჩართულობის ეს მოდელი, შესაძლოა, აღმოჩნდეს ის მექანიზმი, რომელიც სიცოცხლეს შეუნარჩუნებს რეგიონის სამოქალაქო საზოგადოებას.

Javakheti_A4_GEO_2_Oct_1759834732.pdf

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“