[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სოციალური სამართლიანობა / სტატია

ახალი ფოკუსი დასაქმებულთა უფლებებისთვის ბრძოლაში

გიორგი ხვედელიანი

უკანასკნელი თვეების განმავლობაში, საზოგადოებრივი დღის წესრიგის წინა პლანზე წამოიწია და ყველასთვის ცნობილი გახდა მომსახურების სფეროში დასაქმებულთა პრობლემები და მათი საგანგაშო უფლებრივი მდგომარეობა. ამ შემთხვევაში, ყურადღებას გავამახვილებ საქართველოში არსებულ სუპერმარკეტებში შექმნილ ვითარებაზე.

11022572_1031902270155689_5497685641555371299_o (2)

დაახლოებით ორი თვის წინ, სოციალურ ქსელებში გამოჩნდა სუპერმარკეტ „იოლის“ თანამშრომლების ინტერვიუები, (ლიკა ჯანაშიას ინტერვიუ, მუხრან ცანავას ინტერვიუ, ლიკა ჩიტორელიძის ინტერვიუ, ალინა გაგოშიძის ინტერვიუ, მომსახურების სფეროში არსებული შრომის პირობებისა და პრაქტიკის მიმოხილვა) სადაც ისინი იმ ანტიჰუმანური და სრულიად კაბალური სამუშაო პირობების შესახებ ყვებიან, რომლის ფარგლებშიც უწევთ მუშაობა. ეს შეფასებები მთლიანად დესკრიფციული ხასიათისაა და დაცლილია ყოველგვარი მხატვრული გაზვიადებისაგან, რაშიც ზემოთ მოცემული ინტერვიუებისა თუ არასამთავრობო ორგანიზაციების დასკვნის გაცნობის შემდგომ, თავადაც დარწმუნდებით.

აღნიშნულ ინტერვიუებს მოჰყვა კიდევ რამდენიმე ადამიანის წერილი, რომლებმაც საკუთარი, მომსახურეობის სფეროში დაგროვილი, გამოცდილება გაუზიარეს საზოგადოებას. ამ ყველაფერმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, შრომითი კანონმდებლობისა და სახელმწიფოს ზღვარს გადასული უსუსურობის ხარისხი, ბიზნეს-ინტერესების წინაშე.

ზოგადად, დიდი ხანი არ არის, რაც ქვეყანაში არსებული შრომის უფლებებითა და შრომითი ურთიერთობებით დაინტერესებული ჯგუფებისა, თუ ცალკეული ინდივიდების ფოკუსში -ინდუსტრიებში დასაქმებულ მოქალაქეებთან ერთად პრეკარიატიც მოხვდა. პრეკარიატის თემის აქტუალიზება უკავშირდება ნეოლიბერალური რეფორმების იმ ტალღას, რომელმაც ბევრი ქვეყანა, მათ შორის საქართველო, წლების განმავლობაში მოიცვა; ჩვენთან, დღესაც, მნიშვნელოვანწილად, ამ იდეოლოგიური პრინციპებით გრძელდება სახელმწიფო პოლიტიკის წარმოება. პრეკარიატი ის სოციალური ფენაა, რომელთა უფლებები ყველაზე მეტადაა შელახული, რამდენადაც მათ უწევთ არასტაბილურ შრომით-ეკონომიკურ ურთიერთობებში ყოფნა. არასტაბილური სამუშაო ადგილების გამო, ისინი მოკლებულნი არიან ფსიქოლოგიურ და მატერიალურ წონასწორობას. პრეკარიატის კლასზე, მათი ჩამოყალიბების პროცესსა და განმაპირობებლებზე მუშაობდნენ და მუშაობენ ისეთი მნიშვნელოვანი თეორეტიკოსები, როგორებიც არიან ფრანგი სოციოლოგი და ფილოსოფოსი პიერ ბურდიე, ამერიკელი ლინგვისტი და ფილოსოფოსი ნოამ ჩომსკი, ბრიტანელი მეცნიერი გაი სტენდინგი და სხვები.

ამ ტერმინის ქვეშ, ჩვენ შემთხვევაში, მომსახურების სფეროში დასაქმებულ ადამიანებს მოვიაზრებ. მათი პრობლემების წინ წამოწევისა და მხარდაჭერის საქმეში ძალიან მნიშვნელოვანი და პოზიტიური როლი შეასრულა “თბილისის სოლიდარობის ქსელმა”, რომელმაც შექმნა სოლიდარობის არაფორმალური კერა და საზოგადოებრივი საწყისებიდან შეუდგა შრომის ინსპექციის ფუნქციების შესრულებას. თავის მხრივ, სახელმწიფო შრომის ინსპექცია - მიუხედავად იმისა, რომ მისი შექმნა ჯერ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, შემდეგ პოსტსაარჩევნო პერიოდის გარიჟრაჟზე ბევრჯერ დაანონსდა, ხოლო რამდენიმე თვის წინ, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ უკვე ჩამოყალიბებულ ინსტიტუტად დასახელდა - ჯერ კიდევ არ ფუნქციონირებს.

ზემოთ თქმულის დასაზუსტებლად, მინდა ვთქვა: ცხადია, ვიზიარებ შეხედულებას იმის შესახებ, რომ საქართველოში არსებული ინდუსტრიების უდიდეს ნაწილში დასაქმებულთა ანაზღაურება და სამუშაო გარემო ყოველგვარი რაციონალურობისა და ჰუმანურობის მიღმაა გაყვანილი. ამ თემაზე ბევრი დაწერილა და თქმულა.

ყველაზე შემზარავი შემთხვევა, რაზეც საკუთარი გამოცდილებიდან შემიძლია საუბარი - ჭიათურაში არსებული მანგანუმის მომპოვებელი კომპანია „ჯორჯიან მარგანეზია“. საწარმოში არსებული ანტიჰუმანური სამუშაო გარემო ჩემთვის არც წარსულში ყოფილა უცნობი, მაგრამ, რაც გასულ ზაფხულს, ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციისათვის ანგარიშის მოსამზადებლად ჩასულმა ვნახე, გასცდა დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის ურთიერთობის ყველაზე კაბალურ ფორმატსაც კი. დასაქმებულები იღუპებიან იმის გამო, რომ მაღაროების ნაწილში პირველადი სამედიცინო ცენტრები არ არსებობს, რომლის შექმნაც მმართველი კომპანიისათვის მიზერულ დანახარჯებთანაა დაკავშირებული. ამასთან, ექსპლუატაციის ვადა აქვს გასული, თითქმის, ყველა დანადგარს, ასევე, მუშების ძირითად ტრანსპორტს - საბაგიროებს, რომლებიც 1957 წელს დამონტაჟდა და დღემდე იმავე ტექნიკური აღჭურვილობით ფუნქციონირებს. მოკლედ რომ ვთქვა, „ჯორჯიან მარგანეზში“ მთლიანად შელახულია შრომის უფლებები, პირობები და იგნორირებულია უსაფრთხოების ნორმები. მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ მანგანუმის ყოველგვარი წესების დარღვევით მოპოვებისა და ტრანსპორტირების გამო, ქალაქი დგას ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე. ეს არის არასრული ჩამონათვალი ჭიათურასა და სხვა ინდუსტრიულ ქალაქებში არსებული დანაშაულებრივი შრომითი პირობების.

რასაკვირველია, ინდუსტრიებში არსებული მდგომარეობა უკიდურესად სავალალოა და მისი გამოსწორებისათვის აქტიური შრომაა საჭირო. მაგრამ მგონია, რომ ამ მიმართულებით ჩვენთვის სასურველი აზრები თუ პოზიციები მეტ-ნაკლებად უკვე კონსოლიდირებულია. სწორედ ამიტომ, აუცილებლად მიმაჩნია, დასაქმებულთა უფლებებისათვის ბრძოლის ფოკუსის სხვა მიმართულებით შემოტრიალებაც.

ამ კონტექსტში მეტად მნიშვნელოვანია პრეკარიატის თემის წინ წამოწევა. ამ ადამიანების უფლებრივი მდგომარეობის შესწავლა და მათი გეგმაზომიერი მხარდაჭერა, რაც მეტად პოზიტიური სიახლე იქნება ქართული შრომითი უფლებების აქტივიზმში. სწორედ ამ სფეროებში, სუპერმარკეტებში, მაღაზიებში, კაფეებში, რესტორნებში და სხვა მსგავს დაწესებულებებშია ჩვენი საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი დასაქმებული. ეს ის დაწესებულებებია, რომლებშიც ყოველდღიურად დავდივართ და ხშირ შემთხვევაში არ გვაქვს გაცნობიერებული დასაქმებულთა მძიმე სამუშაო პირობები, რომლებიც, თავისთავად, კანონს მიღმაა გატანილი. იქნება ეს დაშვებულზე მეტი დროით მუშაობა, ანაზღაურების არაადეკვატური, შეუსაბამო ოდენობა თუ საეჭვო მიზეზებით ხელფასის ნაწილის დაქვითვა.

ამ მიმართულებით აქტივიზმის უფრო გასაღრმავებლად კარგი იქნებოდა იმგვარი კვლევითი სამუშაოს ჩატარება, რომლითაც დადგინდებოდა ქვეყანაში არსებული ის მძლავრი წერტილები, რომლებშიც განსაკუთრებულად ხდება მოქალაქეთა შრომითი უფლებების შელახვა და უგულვებელყოფა.

ეს კიდევ ერთხელ დაგვიდასტურებდა იმ დრამატულ აცდენას, რასაც კონსტიტუციის პრეამბულის თეზისსა და ძირითადი საკანონმდებლო დოკუმენტების შიგნით ვაწყდებით. ცნობილია, რომ კონსტიტუციის პრეამბულის თანახმად, საქართველო სოციალური სახელმწიფოა, ხოლო თავად კანონმდებლობის კორპუსის, განსაკუთრებით კი შრომითი კანონმდებლობის შინაარსი სრულიად საპირისპიროზე მეტყველებს.

ასევე, კვლევითი დოკუმენტი საზოგადოებისათვის კონკრეტულსა და ხელშესახებს გახდიდა აბსტრაქტულად არსებულ ჩაგვრით პრაქტიკებს. აქტივისტების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა თუ არაფორმალური გაერთიანებებისთვის უფრო ხელშესახები გახდებოდა ის ფაქტები, რომლებიც მრავალ ეროვნულ თუ საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებს არღვევს. მაგალითად, შრომის ასეთი კაბალური პირობების დაშვებისა და საკუთარი როლის სრული ნიველირების გამო, საქართველოს სახელმწიფო არღვევს „ევროპის სოციალური ქარტიის“ იმ პუნქტებს, რომელთა რატიფიცირებაც ქვეყანამ უკვე მოახდინა. მაგალითად, საყოველთაო უფლება შრომის სამართლიან პირობებზე, საყოველთაო უფლება შრომის უსაფრთხო და ჰიგიენურ პირობებზე და სხვ. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს სახელმწიფო არ ჩქარობს ამ ქარტიის ცალკეული პუნქტების რატიფიცირებას, რომლებიც შრომითი უფლებების დაცვისათვის უფრო კონკრეტულად ფორმულირებულ შესაძლებლობებს გვთავაზობს. სწორედ ეს ცვლილებებია იმის წინაპირობა, რომ ჩვენ თანამედროვე, თავისუფალ და სოციალურად სამართლიან საზოგადოებად გარდავიქმნათ.

არსებულ მანკიერ პრაქტიკასთან ეფექტიანად საბრძოლველად, ჩვენ უნდა მოვახერხოთ და ჩამოვაყალიბოთ კვლევებზე და დეტალურ ანალიზზე დაფუძნებული “ფოლისი ფეიფერის“ მსგავსი სტრატეგიული მოთხოვნები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენს ბრძოლას, თეორეტიზებას და საჯარო სივრცეში შემოტანილ არგუმენტებს, ინფანტილური სახე ექნება; ეს უკანასკნელი კი იმგვარი ფორმაა, რომელიც ხშირ შემთხვევაში, ზუსტად გამოხატავს დომინანტური ნეოლიბერალური დისკურსის კვლავწარმოებისათვის სასურველ კრიტიკულ ოპოზიციებს, რომლთა არასისტემური ხასიათიც, სწორედ, აღნიშნული დისკურსის სიცოცხლისუნარიანობის გახანგრძლივებას უწყობს ხელს და არანაირი პოზიტიური ცვლილებები არ მოაქვს.

---------------------------------------------------------------------------------------------------

პუბლიკაცია მომზადებულია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC)“ “სამოქალაქო აქტივიზმის პლატფორმის” ფარგლებში, რომელიც National Endowment for Democracy (NED)-ის მხარდაჭერით ხორციელდება

პუბლიკაციაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს EMC-ისა და NED-ის პოზიციას

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“