[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

პოლიტიკა და ადამიანის უფლებები კონფლიქტის რეგიონებში / განცხადება

აფხაზეთის ომის დასრულებიდან 30 წელი გავიდა

უკვე 30 წელია, ეს თარიღი ტრაგიკულად გვახსენებს აფხაზი და ქართველი ხალხის რთულ წარსულ გამოცდილებას და დღემდე მოუგვარებელი კონფლიქტის მძიმე შედეგებს.

სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებებმა, დამოუკიდებლობის სამი ათწლეულის განმავლობაშიც, ვერ მოახერხეს ომით გახლეჩილ საზოგადოებებს შორის ნდობის და კავშირების შენება. ვერ შეძლეს გადაედგათ ნაბიჯები კონფლიქტით დაზარალებული ჯგუფების, ეთნიკური წმენდის შედეგად დევნილი ასიათასობით იძულებით გადაადგილებული პირის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, გალსა და ახალგორში სისტემური დისკრიმინაციის გარემოში მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის, ამავე ტერიტორიებზე მცხოვრები აფხაზი და ოსი მოსახლეობისა და გამყოფ ხაზთან მცხოვრები ათასობით ოჯახის უფლებრივი და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის.

მიუხედავად იმისა რომ კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება ცალსახად გაცხადებული პოლიტიკური კურსია, არაერთი კვლევა აჩვენებს, რომ დღეს კონფლიქტებით დაზარალებული ჯგუფები არ გრძნობენ თავს უსფართხოდ და დაცულად. ომის განახლების შიში, სოციალური დაუცველობა, განვითარების შეზღუდული შესაძლებლობები მათი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. განგრძობადი კონფლიქტის პირობებში მშვიდობა ხდება ის მრავალმხრივი კონცეფცია, რომელსაც სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური და უსაფრთხოების განზომილება აქვს და საერთო ინტერესების და დღის წესრიგის მშენებლობის პერსპექტივას აჩენს. Მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ადამიანური უსაფრთხოების ეს მრავალშრიანი გაგება გახდეს საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის განუყოფელი ნაწილი, რაც კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების უფლებრივი და ჰუმანური საფუძველი იქნება. სწორედ ადამიანზე, მათ უსაფრთხოებაზე, ღირსებაზე და კეთილდღეობაზე დაფუძნებული პოლიტიკა შეუწყობს ხელს კონფლიქტებით დაშორებულ მოსახლეობებს შორის ნდობის მშენებლობას, დაცულობის გაჩენას და კავშირების და ურთიერთობების გაღრმავებას.

ასეთი მდგრადი პოლიტიკის მშენებლობის ნაცვლად, დღეს საქართველოს მთავრობა და პოლიტიკური ელიტა ომის და მშვიდობის საკითხების პოლიტიკურ ინსტრუმენტალიზებას ახდენს. იყენებს ომით გამოწვეულ ტრავმებს და მძიმე გამოცდილებებს საკუთარი პოლიტიკური კაპიტალის გასაზრდელად, რაც შორს არის ნამდვილი მშვიდობის, სამართლიანობის დაცვისა და კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტის ინტერესისგან. Მეტიც, ხელისუფლება დღეს ვერც არსებულ საერთაშორისო და გეოპოლიტიკურ ვითარებას აფასებს სწორად და არ იყენებს იმ შესაძლებლობებს, რაც უკრაინის ომის შემდეგ შეცვლილი უსაფრთხოების და ევროინტეგრაციის გზაზე გაჩენილი ახალი რეალობის კონტექსტში არსებობს, ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესების დაცვისა და კონფლიქტების ტრანსფორმაციის მიმართულებით. სწორედ, ევროპული, ადამიანზე დაფუძნებული უსაფრთხოების სისტემა და ინკლუზიური დემოკრატიის მშენებლობა, ისევე როგორც ევროკავშირის უსაფრთხოების ინსტრუმენტებისა და კონფლიქტების გადაწყვეტის გამოცდილება, შეიძლება გახდეს ის რესურსი, რომელიც გადამწყვეტ როლს ითამაშებს ჩვენი კონფლიქტების მოგვარების პროცესში. ევროკავშირი სამშვიდობო პროექტია და სწორედ მშვიდობაა ის ერთერთი ფუძემდებლური პოლიტიკური და ფილოსოფიური პრინციპი, რაზეც ევროპული ერთობა დგას.

განსაკუთრებით უკრაინის ომის შემდეგ, კიდევ უფრო გაშიშვლდა ის იმპერიული და კოლონიური ინტერესები, რომელიც რუსეთს ჩვენი რეგიონის მიმართ აქვს. დღეს აფხაზებისთვისაც ნათელი გახდა, რომ რუსეთი ვერ გახდება ვერც მათი უსაფრთხოების გარანტორი და ვერც საიმედო პარტნიორი. დღეს აფხაზური საზოგადეობა აქტიურ წინააღმდეგობას უწევს რუსეთის ინტერესებს სრულად მოახდინოს ამ რეგიონის ანექსია და ამ პროცესში ისინი მარტოები არიან. სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკური კლასი აფხაზური საზოგადოების ამ შიშებს ვერ ხედავს და ვერც მათ პასუხობს სათანადოდ.

ხელისუფლება და ქართული პოლიტიკური კლასი ვერ ამჩნევს იმ რეალურ გამოწვევებს, რაც კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას აწუხებს ორივე მხარეს. ეს არ არის ასახული არც პოლიტიკურ და საზოგადოებრივ დღის წესრიგში და საბოლოოდ, ამგვარი გულგრილი პოლიტიკა კიდევ უფრო აუცხოებს ჩვენს საზოგადოებებს და საერთო მომავლის მშენებლობის ინტერესებისგან გვაშორებს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი პატივს მიაგებს ომის მსხვერპლებს, კონფლიქტის ორივე მხარეს და თანაგრძნობას უცხადებს მათ ოჯახებსა და ახლობლებს. Მოვუწოდებთ, საქართველოს ხელისუფლებას, არსებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების იგნორირების ნაცვლად, დაიწყოს მუშაობა ისეთ სამშვიდობო პოლიტიკაზე, რომელიც კონფლიქტებით დაზარალებული ყველა ჯგუფის ადამიანური უსაფრთხოების იდეას დაეფუძნება და უპასუხებს მათ რეალურ საჭიროებებს და ინტერესებს.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“