[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

მწვანე პოლიტიკა / ანალიტიკური დოკუმენტები

ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობა წიაღისეულის მოპოვების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში

სალომე შუბლაძე 

შესავალი

საქართველოში კერძო აქტორების საქმიანობაზე სუსტი სახელმწიფო ზედამხედველობა და საჯარო ინტერესის უგულებელყოფა ხშირად ადამიანის უფლებების დარღვევებში და გარემოსთვის მიყენებულ ზიანში ვლინდება. ამ მხრივ გამონაკლისი არც სამთო-მოპოვებითი საქმიანობაა. წიაღის სექტორში პრობლემურია როგორც გადაწყვეტილების მიღების ეტაპზე უშუალო ზეგავლენის ქვეშ მოქცეულ მოსახლეობასთან კომუნიკაციის და მონაწილეობის საკითხი, ისე, უკვე გაცემული ლიცენზიასა და გარემოსდაცვით გადაწყვეტილებაზე სახელმწიფო კონტროლისა და მონიტორინგის სისუსტე.

ბოლო პერიოდში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში წინააღმდეგობის შემთხვევები აჩვენებს, რომ მონაწილეობის  მიზნით სახელმწიფოს მიერ მიღებული ზომები არაეფექტურია და ვერ უზრუნველყოფს შემდგომი კონფლიქტების პრევენციას. გარდა ამისა, ადგილობრივების გადაწყვეტილების მიღების პროცესიდან გამორიცხვა და მათი აზრის გაუთვალისწინებლობა უხეშად არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და გარემოსდაცვითი დემოკრატიის პრინციპებს.

აღსანიშნავია, რომ გარემოსდაცვით საკითხებზე მონაწილეობასთან დაკავშირებული გამოწვევები კვეთს და ააშკარავებს ბევრ სხვა პრობლემურ საკითხს; ერთი მხრივ, უსაფრთხო, ჯანმრთელი, მდგრადი გარემო არა ერთი უფლებით სარგებლობის წინაპირობაა, ხოლო მეორე მხრივ, ისეთი უფლებების რეალიზაცია, როგორიცაა ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა და მონაწილეობა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თავად გარემოს დაცვისთვის.[1]

უნდა აღინიშნოს, რომ სექტორში არსებული პრობლემები, ბუნებრივია, უნიკალური არ არის საქართველოსთვის. სხვა ქვეყნებშიც სახელმწიფო უწყებები წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზირების ეტაპზე გადაწყვეტილების მიღებისას, როგორც წესი, მოქმედებენ ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის მოტივით.[2] თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ წიაღისეულით სარგებლობის ბუნებიდან გამომდინარე, დროში განფენილია როგორც მოპოვებითი საქმიანობა და მისი მრავალწახნაგოვანი გავლენები,   ისე გადასახადების და მოსაკრებლების სახით, შემოსავლების მიღება სახელმწიფოს მიერ.  სწორედ ამიტომ მოპოვებითი საქმიანობის ხასიათის  გამო, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ფრთხილი და გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილი გადაწყვეტილების მიღების პროცესი, რასაც საფუძველს უნდა უქმნიდეს ქვეყანაში მოქმედი საკანონმდებლო ჩარჩო და ინსტიტუციური მოწყობა.

ამასთან, დაბალშემოსავლიან ქვეყნები, რომლებიც არასრულფასოვანი და მყიფე ინსტიტუციებით ხასიათდებიან, აწყდებიან დამატებით გამოწვევებს მოპოვებითი ინდუსტრიის რეგულირებისას. ინსტიტუციურ სისუსტეს ემატება პოლიტიკური მიზანშეწონილობის საკითხებიც, რომელიც უპირატესობას ანიჭებს მოკლევადიან სარგებელს მმართველი ელიტისა და მასთან დაკავშირებულ კომერციულ სუბიექტებისთვის, ნაცვლად იმგვარი მარეგულირებელი სისტემის ჩამოყალიბებისა, რომელიც იცავს საჯარო ინტერესს გრძელვადიან პერსპექტივაში.[3]

ადგილობრივი_მოსახლეობის_მონაწილეობა_1675158107.pdf

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] Report of the Special Rapporteur on the issue of human rights obligations relating to the enjoyment of a safe, clean, healthy and sustainable environment, 24 January, 2018, A/HRC/37/59, მე-2 აბზაცი.

[2] Addison, Tony, and Alan Roe (eds), Extractive Industries: The Management of Resources as a Driver of Sustainable Development (Oxford, 2018; online edn, Oxford Academic, 22 Nov. 2018), 245.

[3] იქვე, 248.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“