საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ფოტო: სოფო აფციაური
სათანადო საცხოვრებლის უფლება ერთ-ერთ ცენტრალურ კომპონენტს წარმოადგენს ადამიანის უფლებების სისტემაში. იგი ერთმანეთთან დაკავშირებული მრავალი ელემენტისგან შედგება და მთელი რიგი უფლებებისა და თავისუფლებების ეფექტიან რეალიზებაზე არსებით გავლენას ახდენს. ათეულობით წლის წინ, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის (შემდგომში - „პაქტი“) მიღებით, საერთაშორისო საზოგადოება შეთანხმდა, რომ საცხოვრებლის უფლებრივი კონცეფცია უფრო მეტია, ვიდრე ფიზიკური გარემოთი ადამიანების უზრუნველყოფა და ფარავს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა, რელევანტურ სერვისებზე წვდომა, იძულებითი გამოსახლებისგან დაცვა და სხვა. ამ სტანდარტების იმპლემენტაციის კუთხით სახელმწიფოების მეტ-ნაკლებად ფართო დისკრეცია აქვს, რაც კონკრეტული უფლების რეალიზების ყველაზე ეფექტიანი და ქვეყნის კონტექსტისათვის ადეკვატური ზომების გატარებაში გამოიხატება. თუმცა, პაქტის ფარგლებში მოქმედი კომიტეტი აღნიშნავს, რომ პაქტის ეფექტიანი იმპლემენტაციისათვის ამ კონკრეტული უფლების ჭრილში სახელმწიფოებს თითქმის შეუცვლელად მოეთხოვებათ საცხოვრისის ეროვნული სტრატეგიის მიღება.[i]
საქართველოში საცხოვრებლის უფლების გარანტირების საკითხი წლების განმავლობაში არ იყო აღიარებული და პრიორიტეტული, რაც დღემდე გამოიხატება შესაბამისი საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩოს ხარვეზიანობაში, საცხოვრისის და მისი მომიჯნავე სერვისების არარსებობაში/სიმწირეში. ამ გამოწვევების ფონზე, ღია მმართველობის პარტნიორობის 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმაში პირველად გაიწერა კონკრეტული ვალდებულებები საცხოვრისის პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავებასთან დაკავშირებით. საცხოვრებლის უფლების შინაარსიდან და მისი იმპლემენტაციის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ამ დოკუმენტებმა, ისევე, როგორც მათი შემუშავების პროცესმა, სრულად გაითვალისწინოს რელევანტური საერთაშორისო სტანდარტები და დაეფუძნოს ადამიანის უფლებების ხედვას.
ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის მნიშვნელობა საცხოვრისის პოლიტიკასა და სტრატეგიაში
საცხოვრისის პოლიტიკის შემუშავებისა თუ განხორციელებისას, საკითხის კომპლექსურობიდან გამომდინარე, აუცილებელია მრავალწახნაგიანი მიდგომა, თუმცა, ადამიანის უფლებების სტანდარტები, რომელიც ამ სფეროში ერთიან ღირებულებებს დააწესებს, უპირობოდ უნდა იქნას გათვალისწინებული.
ნათელია, რომ უსახლკარობა და საცხოვრებლის უფლების სხვა ტიპის დარღვევები მხოლოდ შესაბამისი პოლიტიკის არასათანადო განხორციელებას არ წარმოადგენს, არამედ ადამიანის მთელი რიგი უფლებებისა და თავისუფლებების, მათ შორის, ღირსების უგულებელყოფის ტოლფასია. შესაბამისად, საცხოვრისის სტრატეგიები სწორედ ამგვარი მოწყვლადი მდგომარეობის პრევენციისა და აღმოფხვრისკენ უნდა იყოს მიმართული. მეორე მხრივ, ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული საცხოვრისის სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება გულისხმობს სახელმწიფოს ანგარიშვალდებულების, ასევე, თანასწორობის უზრუნველყოფასა და მარგინალიზებული და მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენლების საჭიროებების გათვალისწინებას. დასახული მიზნის მიღწევა შინაარსობრივად ინკლუზიურობას გულისხმობს - სოციალური მოწყვლადობის მქონე სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენელთა ჩართულობას პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში, ისევე, როგორც, სახელმწიფოს მიერ ამ ჯგუფების აღქმისა და მათთან თანამშრომლობის მიმართულებით პარადიგმის ცვლილებას - პროგრამებისა და პოლიტიკის ობიექტებიდან აქტიური სუბიექტებისკენ, რომელთაც აქვთ საშუალება, ჩაერთონ რელევანტური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული საცხოვრისის სტრატეგიის განმსაზღვრელი კრიტერიუმები
ცხადია, რომ ქვეყნების კონტექსტიდან გამომდინარე, საცხოვრისის სტრატეგიები ერთმანეთისგან განსხვავდება, თუმცა, სათანადო საცხოვრებელზე გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა დააიდენტიფიცირა ამ დოკუმენტებისათვის არსებითი ათი ძირითადი პრინციპი.[ii]
პრინციპი 1. კანონსა და სამართლებრივ სტანდარტებზე დაფუძნება - აღნიშნული პრინციპი, პირველ რიგში, გულისხმობს სტრატეგიის მიერ საცხოვრებლის უფლების აღიარებას. ეს თავისთავად ნიშნავს იმას, რომ ამ უფლების რეალიზაციისა და აღსრულებისათვის ქვეყანაში ეფექტიანი მექანიზმები უნდა არსებობდეს. არსებითია, რომ პოლიტიკის დოკუმენტი ეფუძნებოდეს ეროვნულ საკანონმდებლო ჩარჩოს, რომელიც, თავის მხრივ, არეგულირებს საცხოვრებლის უფლებას მის ყველა განზომილებაში.[iii] სტრატეგიებმა უნდა განსაზღვრონ მყისიერი და პროგრესული რეალიზაციის პრინციპს დაქვემდებარებული ვალდებულებები, ისევე, როგორც ზოგადი ვალდებულებების ყველა ფორმა (უფლების პატივისცემა, დაცვა და განხორციელება) და დაისახონ ისეთი პრიორიტეტული მიზნები, როგორიცაა, იძულებითი გამოსახლების, ასევე, უსახლკარობის პრევენცია და აღმოფხვრა. დასახული მიზნების შესრულებისათვის, არსებითია, რომ უფლების იმპლემენტაციის მიზნით გაწერილი ღონისძიებები იყოს წინასწარ დამუშავებული, კონკრეტული და მიზნობრივი; პოლიტიკის ზომები იყოს უფლების შინაარსის შესაბამისი და მისი შესრულებისათვის ფინანსური რესურსები მაქსიმალური შესაძლებლობის ფარგლებში გამოიყოს.
უნდა აღინიშნოს, რომ სხვადასხვა ქვეყნის კონტექსტში ამ პრინციპის იმპლემენტაციის კარგი პრაქტიკა გამოიხატება საცხოვრებლის უფლების კონსტიტუციითა და შიდა კანონმდებლობით აღიარებაში, სახელმწიფო ორგანოების პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობების გაწერაში, ასევე, სასამართლო სისტემის მიერ აღნიშნული უფლების ფართო ინტერპრეტაციაში.
პრინციპი 2. ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების პრიორიტეტიზაცია და თანასწორობის უზრუნველყოფა - საცხოვრისის სტრატეგიების ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი თანასწორობის დაცვა და დისკრიმინაციის აკრძალვა, ასევე, საცხოვრისის სისტემებში სოციალურ - ეკონომიკური უთანასწორობისა და გარიყულობის პრევენცია უნდა იყოს. ამ სტანდარტის დაცვა სახელმწიფოებისგან მოითხოვს საცხოვრისის სტრატეგიების მიერ ისეთი ჯგუფების პრიორიტეტიზაციას, როგორიცაა, უსახლკარო და არაკონვენციურ ნაგებობებში მცხოვრები პირები, ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე მყოფი ჯგუფები, ქალები, შშმ პირები, სიღარიბეში მცხოვრები პირები, მიგრანტები, რასობრივი და ეთნიკური უმცირესობები, მკვიდრი მოსახლეობა, ახალგაზრდები, ხანდაზმულები და ლგბტ თემის წარმომადგენლები. საცხოვრისის სტრატეგიის ეფექტიანად მიჩნევისთვის, უმნიშვნელოვანესია, რომ მან უპასუხოს არა მხოლოდ საცხოვრისის საჭიროებას, არამედ ამ საჭიროების განმაპირობებელ სტრუქტურულ ფაქტორებსაც. აქედან გამომდინარე, უშუალოდ საცხოვრისის უზრუნველყოფის პარალელურად, იკვეთება სხვა რელევანტური სერვისების (მაგ. სოციალური დაცვის სერვისები) მისაწვდომობის აუცილებლობაც.
ამ სტანდარტის იმპლემენტაციისათვის სახელმწიფოები მიმართავენ ისეთ ღონისძიებებს, როგორიცაა, ერთი მხრივ, უსახლკარობის სტრატეგიებისა და რელევანტური კანონმდებლობების თანასწორობის დაცვის პრინციპზე დაფუძნება და, მეორე მხრივ, სოციალურად მოწყვლადი ჯგუფებისათვის სერვისების მისაწვდომობის უზრუნველყოფა (მაგ. ტრანსპორტირების სისტემის განვითარება, საცხოვრისის გასაუმჯობესებლად სესხების გაცემა).
პრინციპი 3. ყოვლისმომცველობა და მთავრობის კოორდინაციის უზრუნველყოფა - საცხოვრისის სტრატეგიამ უნდა მოიცვას ყველა ის საკითხი (მათ შორის, საკრედიტო პოლიტიკა, პრივატიზაცია, ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხეები), რასაც მნიშვნელოვანი გავლენა აქვს საცხოვრებლის უფლების განხორციელებაზე. აუცილებელია, დოკუმენტმა გაითვალისწინოს ამ უფლების ყველა განზომილება და საერთაშორისო სტანდარტებით აღიარებული შინაარსი, რომელიც, თავის მხრივ, სტრატეგიაში სახელმწიფოს კონკრეტული ვალდებულებების საფუძველი გახდება - მაგალითად, საცხოვრებლის ფინანსური ხელმისაწვდომობის კომპონენტზე დაყრდნობით მოხდება ქირის რეგულირება თუ საცხოვრისის სუბსიდირების განხორციელება; სერვისებზე წვდომის კომპონენტის მხედველობაში მიღებით, პოლიტიკა გაითვალისწინებს წყალზე წვდომის, ჯანდაცვის და სხვა ტიპის სერვისების უზრუნველყოფას. შინაარსობრივ ყოვლისმომცველობასთან ერთად, სტრატეგია პრიორიტეტულად უნდა შეეხოს მთავრობის ყველა დონეს, ნათლად გამიჯნოს მათი უფლებამოსილებები და უზრუნველყოს უწყებათაშორისი საკოორდინაციო მექანიზმების ეფექტიანი ფუნქციონირება.
ზემოაღნიშნული პრინციპის შინაარსის გათვალისწინებით, მისი იმპლემენტაციის კარგი პრაქტიკა მოიცავს საცხოვრისის სტრატეგიების მიერ მთავრობის უფლებამოსილებების ნათელ გადანაწილებასა და მულტისექტორული მიდგომების დამკვიდრებას, ისევე, როგორც, სხვადასხვა ინიციატივების განხორციელებას საცხოვრისის პოლიტიკის სხვადასხვა მიმართულებებში (მათ შორის, იძულებითი გამოსახლების პრევენცია, მიწის პოლიტიკა, იპოთეკაზე წვდომა და სხვა) პროგრესის მისაღწევად.[iv]
პრინციპი 4. ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მონაწილეობა - პრინციპი გულისხმობს სახელმწიფოს მიერ იმ პირთა ეფექტიან მონაწილეობას საცხოვრისის პოლიტიკის შემუშავების, იმპლემენტაციისა და მონიტორინგის ეტაპებზე, რომელთაც დაერღვათ საცხოვრებლის უფლება.[v] ეს სტანდარტი გულისხმობს მონაწილეობის არა მხოლოდ ფორმალური მექანიზმების ჩამოყალიბებას, არამედ პროაქტიური ნაბიჯების გადადგმას, მათ შორის, კომუნიკაციისა და ზოგადად პროცესის მისაწვდომობას, ტექნიკურ მხარდაჭერას და სხვა. ამასთან, აუცილებელია, კონსულტაციის ცნება უფლებებზე დაფუძნებული მონაწილეობის ცნებისგან გაიმიჯნოს. პირველ შემთხვევაში, პროცესში სხვადასხვა ჯგუფების ჩართულობის მიუხედავად, საბოლოო გადაწყვეტილებას მაინც მთავრობა იღებს და ხშირად უგულებელყოფს მოწყვლადი პირების წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მათ შემოთავაზებებს, მაშინ როდესაც მეორე შემთხვევაში, პროცესის წარმართვა ხდება უშუალოდ თემის მიერ, რომელიც პირდაპირ მიუთითებს ხარვეზებსა და ცვლილებების საჭიროებებზე, რაზეც მთავრობამ შესაბამისი რეაგირება უნდა მოახდინოს.
პრინციპის შინაარსიდან გამომდინარე, მისი იმპლემენტაცია სხვადასხვაგვარად ხდება; მათ შორისაა, ეფექტიანი ჩართულობის კონცეფციის დანერგვა ქვეყნებში, ჩართულობის უზრუნველსაყოფად სპეციალური ინსტიტუციური და პოლიტიკური მექანიზმების შექმნა, ისევე, როგორც თემისთვის ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერის აღმოჩენა.[vi]
პრინციპი 5. ანგარიშვალდებული ბიუჯეტირება და საგადასახადო სამართლიანობა - საცხოვრისის სტრატეგიის ეფექტიანი იმპლემენტაციის ერთ-ერთ ცენტრალურ საკითხს წარმოადგენს მისი შესრულებისათვის ადეკვატური ფინანსური რესურსების გამოყოფა. პირველ რიგში, ცხადია, რომ ბიუჯეტირება უნდა შეესაბამებოდეს პაქტით დადგენილ სტანდარტს (ხელმისაწვდომი რესურსებისა და ყველა სათანადო საშუალების გამოყენება) და მისი შინაარსი გულისხმობდეს, ერთი მხრივ, გონივრული ხარჯების გაღებას არსებული გამოწვევების გადასაჭრელად და, მეორე მხრივ, ხელმისაწვდომი რესურსების დაგროვებას საგადასახადო პოლიტიკის თუ სხვა ტიპის ღონისძიებების საშუალებით.[vii] ამასთან, გაეროს სპეციალური მომხსენებლის მიერ დაწესებული სტანდარტი ქვეყნებისგან ითხოვს როგორც ლოკალურ, ისე ეროვნულ დონეზე ისეთი კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას, როგორიცაა, ბიუჯეტირებისას მოწყვლადი ჯგუფების მონაწილეობის უზრუნველყოფა და გენდერული პერსპექტივების გათვალისწინება.
აღნიშნული პრინციპის იმპლემენტაციის საუკეთესო პრაქტიკა მოიცავს ისეთ მექანიზმებს, როგორიცაა, მაგალითად, მონაწილეობითი ბიუჯეტირების პრინციპის გათვალისწინება საკანონმდებლო ჩარჩოში და პროგრესული გადასახადებისგან შემოსული ფინანსური რესურსების გამოყენება მოწყვლადი ჯგუფების საცხოვრისის საჭიროებებისათვის.[viii]
პრინციპი 6. ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიზნები და ვადები - არსებული სტანდარტის მიხედვით, საცხოვრისის სტრატეგიის მიზნები და ვადები უნდა იყოს გონივრული და ადეკვატური და ასახავდეს ადამიანის უფლებების დარღვევებზე გადაუდებელი პასუხის აუცილებლობას.[ix] მიზნები და ვადები შესაძლოა სამი ტიპის ინდიკატორის მხედველობაში მიღებით დაწესდეს: 1) პროცესის ინდიკატორები; 2) შედეგის ინდიკატორები; 3) სტრუქტურული ინდიკატორები.[x] არსებითია, რომ სტრატეგიამ უზრუნველყოს მრავალფეროვანი, ადეკვატური და სიღრმისეული სტატისტიკის მოპოვება საცხოვრისის პოლიტიკასთან შემხებლობაში მყოფი საკითხების, მათ შორის, პროგრამების ბენეფიციარების, საცხოვრისების მდგომარეობის, მართლმსაჯულებაზე მისაწვდომობის, შესახებ და გაზომოს ექსკლუზიური ინდიკატორების შესრულების პროგრესი ცალკეულ ჯგუფებთან და რეგიონებთან მიმართებით, როგორიცაა, მაგალითად, ქუჩაში მცხოვრებ ბავშვთა და ახალგაზრდათა, ასევე, შშმ პირთა უზრუნველყოფა საცხოვრისის სერვისებით.
ამ სტანდარტის განხორციელების საუკეთესო პრაქტიკიდან აღსანიშნავია ისეთი ღონისძიებები, როგორიცაა, საცხოვრისის პოლიტიკის ეროვნული და მუნიციპალური დოკუმენტების მიერ უსახლკარობის სრულად აღმოფხვრის მიზნის დასახვა, საცხოვრისების მშენებლობა და მათი კონკრეტული რაოდენობის გაწერა, უსახლკარობის სტრუქტურული მიზეზების აღმოფხვრა და უსახლკარობის (მათ შორის, ფარული უსახლკარობის) პრევენცია.[xi]
პრინციპი 7. ანგარიშვალდებულება და მონიტორინგი - პრინციპის შინაარსი გულისხმობს საცხოვრისის სტრატეგიის იმპლემენტაციისა და მიღწეული შედეგების ეფექტიან მონიტორინგს. ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია, განისაზღვროს სპეციალური, მთავრობისგან დამოუკიდებელი, ადეკვატური ფინანსური რესურსებით აღჭურვილი ორგანო, რომელიც განახორციელებს სტრატეგიის ეფექტიანობის შეფასებას, არსებული გამოწვევების იდენტიფიცირებასა და სპეციალური რეკომენდაციების მომზადებას.[xii] ნათელია, რომ მონიტორინგის პროცესში შესაბამის მექანიზმს ერთი მხრივ, სოციალურად მოწყვლად ჯგუფებთან ეფექტიანი წვდომა უნდა ჰქონდეს, ხოლო, მეორე მხრივ, საცხოვრისის თემატიკასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებისა და მედიის შეფასებები უნდა გაითვალისწინოს.
აღნიშნული პრინციპის იმპლემენტაციის გზად ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა საცხოვრისის პოლიტიკის განხორციელების მონიტორინგის ნაწილში ომბუდსმენის როლის გაძლიერებას მიიჩნევს, მათ შორის, საცხოვრისის ცალკეულ თემებზე სპეციალური ანგარიშების მომზადების კუთხით.[xiii]
პრინციპი 8. მართლმსაჯულებაზე წვდომა - საცხოვრისის სტრატეგია უნდა ფოკუსირდეს საცხოვრებლის უფლების დარღვევის შემთხვევაში უფლების აღდგენის ეფექტიან მექანიზმებთან წვდომის უზრუნველყოფაზე. მართლმსაჯულებაზე წვდომის საშუალებები ფართოდ უნდა იყოს გაგებული და მოიცავდეს, ერთი მხრივ, სასამართლო სისტემისა და იურიდიული დახმარების მისაწვდომობისა და სამართლიანი პროცესის უზრუნველყოფას და, მეორე მხრივ, სხვა ტიპის საჩივრების მექანიზმებთან (მაგ. ომბუდსმენი, ადამიანის უფლებათა ინსტიტუტები და სხვა) წვდომას. ამასთან, ნათელია, რომ სტანდარტი სცდება მხოლოდ ინსტიტუციური მისაწვდომობისა და სამართლიანი სასამართლოს პრინციპის გათვალისწინებას და გულისხმობს ამ მექანიზმების წინაშე ისეთი მოთხოვნების დაყენების შესაძლებლობას, რომელიც ეხება იძულებით გამოსახლებას, სახელმწიფოს უმოქმედობას საცხოვრებლის უფლების პროგრესულად რეალიზაციის გზაზე, არაკონვენციურ ნაგებობებში მყოფთათვის ძირითადი სერვისების მისაწვდომობის არარსებობას და სხვა. ამ პრინციპის იმპლემენტაციის საკითხი სახელმწიფოთა საუკეთესო პრაქტიკაში აისახება ისეთ ნაბიჯებში, როგორიცაა, საკანონმდებლო და ინსტიტუციურ ჩარჩოში საცხოვრებლის დარღვევის შემთხვევებში სასამართლოსათვის/სხვა ტიპის მექანიზმებისათვის მიმართვის უფლების ასახვა და ეფექტიანი განხორციელება.[xiv]
პრინციპი 9. კერძო აქტორების ვალდებულებების, ფინანსური, საცხოვრისისა და უძრავი ქონების ბაზრის რეგულირება - საცხოვრისის სტრატეგია ეფექტიანი ვერ იქნება, თუ იგი უგულებელყოფს არასახელმწიფო აქტორების (მათ შორის, სამშენებლო კომპანიები, სერვის პროვაიდერები, საფინანსო ინსტიტუტები) როლსა და ფუნქციებს. არსებითია, რომ კერძო აქტორების საქმიანობა დანახული იყოს საცხოვრებლის უფლებრივ ჭრილში.[xv] ამ მიზნით, საცხოვრისის სტრატეგიამ უნდა გაითვალისწინოს მათთვის რელევანტური საინფორმაციო კამპანიების განხორციელება. ცხადია, რომ სტრატეგია მხოლოდ კამპანიით არ უნდა შემოიფარგლოს და შესაძლოა ისეთი საქმიანობები მოიცვას, როგორიცაა, კომპანიებისათვის ფინანსურად ხელმისაწვდომი და შშმ პირებისათვის მისაწვდომი საცხოვრისების მშენებლობის მოთხოვნა. სფეროში არსებული ფინანსიალიზაციის პრობლემის გათვალისწინებით, სტრატეგიამ ხაზი უნდა გაუსვას საცხოვრისებისა და მიწის სოციალურ ფუნქციას და ჰქონდეს შემაკავებელი ეფექტი არასაჭირო მაღალფასიანი სახლების მშენებლობისა და სათემო მიწების პრივატიზაციის ჭრილში. სტრატეგიამ ასევე უნდა უზრუნველყოს, რომ საცხოვრებლის უფლება, მათ შორის, წყლის, საკვების, მიწისა და საარსებო წყაროს უფლებები, იყოს დაცული მოპოვებითი მრეწველობებისა და კორპორატიული აგრობიზნესისგან.
აღნიშნული პრინციპის იმპლემენტაციისათვის, სახელმწიფოთა საუკეთესო პრაქტიკა მოიცავს მრავალფეროვანი რესურსების გამოყოფას სოციალური საცხოვრისების მშენებლობისთვის, ასევე, საკანონმდებლო ცვლილებებს განვითარების პროექტების გამჭვირვალობისა და საცხოვრებლის უფლების ჭრილში უძრავი ქონების სექტორის პასუხისმგებლობის დაწესების შესახებ.[xvi]
პრინციპი 10. საერთაშორისო თანამშრომლობისა და მხარდაჭერის მიმართულების იმპლემენტაცია - საერთაშორისო თუ ეროვნული ვალდებულებების იმპლემენტაციის კვალდაკვალ, საცხოვრისის სტრატეგიამ უნდა აღიაროს მასში აღწერილ გამოწვევათა ნაწილის გლობალური ხასიათი და მისთვის საერთაშორისო პასუხის აუცილებლობა. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, არსებითია, რომ საცხოვრისის სტრატეგიებმა თავის თავში მოიცვან საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების, გამჭვირვალობისა და ადამიანის უფლებების სტანდარტებთან შესაბამისობის ვალდებულება. მეორე მხრივ, ხშირ შემთხვევაში, განვითარების მიმართულებით საერთაშორისო მხარდაჭერა ქვეყანაში საცხოვრისის პოლიტიკის გაძლიერების ნაცვლად, არღვევს ამ უფლებას, რადგან იწვევს იძულებით გამოსახლებას, საცხოვრისის სფეროს ფინანსიალიზაციას და სხვა. შესაბამისად, სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ ზომები კორპორაციების საქმიანობის რეგულირებისა და მათი საქმიანობის ადამიანის უფლებების სტანდარტებისათვის დაქვემდებარების მიზნით.
პრინციპის განხორციელების კარგი პრაქტიკიდან აღსანიშნავია ინსტრუმენტების შემუშავება, რომელიც ითვალისწინებს მრავალდონიან ჩართულობას როგორც გლობალური გამოწვევების საპასუხოდ, ისე, განვითარების პროექტების განხორციელების პროცესში. ამასთან, სახელმწიფოები იყენებენ საერთაშორისო თანამშრომლობაზე დაფუძნებულ მექანიზმებს, სხვადასხვა სოციალური ჯგუფის ჩართულობით საცხოვრებლების ფიზიკური მდგომარეობისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით.[xvii]
დასკვნა
ღია მმართველობის პარტნიორობის სამოქმედო გეგმით აღებული ვალდებულების - საცხოვრისის პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავება და დასამტკიცებლად წარდგენა - შესრულების ბოლო ვადა 2021 წლის სექტემბერია. ერთი მხრივ, საცხოვრისის პოლიტიკის მრავალმხრივობისა და კომპლექსურობის, ხოლო, მეორე მხრივ, ქვეყანაში ამ პოლიტიკის განხორციელების ხედვის, სოციალური ჯგუფების წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ ინფორმაციის, რელევანტური სტატისტიკის არარსებობის პირობებში, ეს, ერთი შეხედვით, საკმარისი დრო საკმაოდ მცირე ვადად იქცევა. ამასთან, საცხოვრისის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესის დაფუძნება ზემოაღნიშნულ საერთაშორისო სტანდარტებზე უზრუნველყოფს იმას, რომ ეს პროცესი და მისი პროდუქტები არ იქნება ფორმალური - „სტრატეგია სტრატეგიისთვის“, ნამდვილად გაითვალისწინებს ქვეყანაში არსებული სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების წინაშე არსებულ გამოწვევებს, უპასუხებს უსახლკარობის გამომწვევ სტრუქტურულ მიზეზებს და საცხოვრისის მრავალფეროვანი პროგრამების შექმნის პროცესს ეფექტიანს გახდის.
[i] General Comment No. 4: The Right to Adequate Housing (Art. 11 (1) of the Covenant), Committee on Economic, Social and Cultural Rights, პარ. 12 (1991).
[ii] იხ. Report of the Special Rapporteur on Adequate Housing as a Component of the Right to an Adequate Standard of Living, and on the right to Non-discrimination in this Context, A/HRC/37/53, 2018.
[iii] მიუხედავად შიდა სამართლებრივი სტანდარტებისა, აუცილებელია, სტრატეგია ასევე დაეყრდნოს უფლების იმ შინაარსსა და აღქმას, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებით არის განმტკიცებული.
[iv] იხ. მაგალითად, Rebuilding Ireland, Action Plan for Housing and Homelessness, 2016; Centre for Affordable Housing Finance in Africa, 2017 Yearbook.
[v] განსაკუთრებული ფოკუსირება უნდა მოხდეს მოწყვლადი და მარგინალიზებული ჯგუფების მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, ამ და მათი უფლებების მარეგულირებელი სტანდარტების შესაბამისად. მაგ. შშმ პირების მონაწილეობის დროს პროცესმა უნდა დააკმაყოფილოს UNCRPD-ის მე-3 მუხლით დადგენილი მონაწილეობის სტანდარტი.
[vi] Chenwi L., Tissington K., Engaging meaningfully with government on socioeconomic rights: A focus on the right to housing, 2010; Luanda Urban Poverty Programme, https://mirror.unhabitat.org/content.asp?cid=10266&catid=34&typeid=73&SubMenuID=69; Castanas N., Yamtree P. K., Sonthichai B. Y., Batreau Q., Leave no one behind – Community-driven Urban Development in Thailand, 2016.
[vii] საგადასახადო პოლიტიკასთან დაკავშირებით სპეციალური მომხსენებელი აღნიშნავს პროგრესული საგადასახადო სისტემის შემოღების აუცილებლობას, რომლიდანაც შემოსული თანხა უნდა მოხმარდეს საცხოვრისის პოლიტიკის წარმოებას, მათ შორის, ხელმისაწვდომი საცხოვრისების მშენებლობას, დაბალშემოსავლიანი ოჯახების სუბსიდირებას და სხვა.
[viii] იხ. Peixoto T.C., Omolo A.A., Macphail B., Citizen Engagement in Kenya: from Law to Practice, 2016; Phang S., Helbie M., Housing Policies in Singapore, 2016.
[ix] აუცილებელია, სახელმწიფოებმა თავიანთ საცხოვრისის სტრატეგიებში ასახონ ისეთი მიზნები და ვადები, რომელიც უზრუნველყოფს დღის წესრიგი 2030-ითა და ახალი ურბანული დღის წესრიგით შემოთავაზებულ ინდიკატორებსა და ამოცანებს.
[x] პროცესის ინდიკატორი იძლევა ინფორმაციას გარკვეული პერიოდის განმავლობაში მიღწეული პროგრესის შესახებ (მაგ. რამდენი საცხოვრისის აშენდა, რამდენი ფინანსური სუბსიდია გამოიყო ცალკეული სერვისისათვის და სხვა), შედეგის ინდიკატორი აანალიზებს შედეგებს უშუალოდ ცალკეული ჯგუფების მდგომარეობისა და გამოცდილებების მიხედვით (შედის როგორც თვისებრივი, ისე რაოდენობრივი ნაწილი), სტრუქტურული ინდიკატორი ზომავს, თუ რამდენად ექვემდებარება საცხოვრისის უფლების ცალკეული კომპონენტები სამართლებრივ დაცვასა და ეფექტიანი უფლების აღდგენის მექანიზმებს.
[xi] Report of the Special Rapporteur on Adequate Housing as a Component of the Right to an Adequate Standard of Living, and on the right to Non-discrimination in this Context, on Her Mission to Cabo Verde, A/HRC/31/54/Add.1, 2015; Pleace N., The Action Plan for Preventing Homelessness in Finland 2016–2019: The Culmination of an Integrated Strategy to End Homelessness? “European Journal of Homelessness”, vol. 11, No. 2, 2017.
[xii] მონიტორინგის მექანიზმის მანდატში ასევე უნდა შედიოდეს ადამიანის უფლებების საერთაშორისო და რეგიონალური ინსტიტუტებისთვის დამოუკიდებელი ინფორმაციის მიწოდება საცხოვრებლის უფლების იმპლემენტაციის შესახებ ან მონაწილეობა ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე საქმის განხილვის დროს.
[xiii] Canada’s National Housing Strategy, 2017; Monographic Report on “Economic Crisis and Mortgage Debtors: Actions and Propositions by the Defensor Del Pueblo” (https://www.defensordelpueblo.es/en/wp-content/uploads/sites/2/2015/06/Ndp_hipotecas_en.pdf).
[xiv] Lévy-Vroelant C., The Right to housing in France: Still a long way to go from intention to implementation, “Journal of Law and Social Policy”, vol. 24, no. 5.
[xv] თავის მხრივ, საცხოვრისის სტრატეგიებმა უნდა დააკმაყოფილონ ყველა სტანდარტი, რომელიც დაწესებულია სახელმძღვანელო პრინციპებით ბიზნესისა და ადამიანის უფლებების შესახებ.
[xvi] Report of the Special Rapporteur on Adequate Housing as a Component of the Right to an Adequate Standard of Living, and on the right to Non-discrimination in this Context, A/HRC/37/53, 2018, პარ. 127 – 130.
[xvii] იქვე, პარ.139 – 143.
ინსტრუქცია