საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
მეოცე საუკუნის დასაწყისი მსოფლიოში და ჩვენს რეგიონში რადიკალური და ტრაგიკული მოვლენებით ხასიათდებოდა. ამ პერიოდში ოსმალეთის იმპერიაში მიმდინარე პროცესები არაერთი ხალხისთვის უმძიმეს გამოცდილებებს უკავშირდება. ეს მოვლენები განსაკუთრებით მწვავედ სომეხ ხალხს შეეხო.
1915 წლის 24 აპრილს ოსმალეთის იმპერიაში ეთნიკურად სომეხი, ასურელი და ბერძენი მოსახლეობის დეპორტაცია დაიწყო. ნაციონალისტური იდეების მქონე მთავრობა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებს სეპარატიზმში და რუსეთის იმპერიის ინტერესების გატარებაში სდებდა ბრალს, რის გამოც იმპერიის ,,საზღვრების გაძლიერების“ მიზნით ამ ხალხების შორეულ რეგიონებში გადასახლება დაიგეგმა. გადასახლებას თან სდევდა შიმშილის, ავადმყოფობების, დარბევისა და დახვრეტის გამოცდილებები. 3 წლის განმავლობაში მიმდინარე დევნას მილიონზე მეტი სომეხის სიცოცხლე შეეწირა, სომეხი მოსახლეობის ნაწილი იძულებული გახდა მიეღო ისლამი, დიდი ნაწილი კი იძულებული გახდა სხვა ქვეყნებში გაქცეულიყო. დევნის ამ პრაქტიკისა და უზარმაზარი მსხვერპლის გამო ამ პროცესს არა ერთი მკვლევარი და ორგანიზაცია სომეხი ხალხის გენოციდად აფასებს.
სომხების გენოციდს აღიარებს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და ევროპის საბჭო. ასევე. მსოფლიოს 31 სახელმწიფო მათ შორისაა, ამერიკა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, კანადა.
წელსაც, სომხები მთელ მსოფლიოში სომეხთა გენოციდის 108-ე წლისთავს აღნიშნავენ. „მახსოვს და მოვითხოვ“ - ამ გზავნილით სომეხი ხალხი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში იხსენებს მეოცე საუკუნის უმძიმეს ისტორიულ გამოცდილებას და პატივს მიაგებს გენოციდის მსხვერპლებს. ამ მოძრაობას საქართველოში მცხოვრები სომხებიც უერთდებიან.
ჩვენს რეგიონს, რომელიც მუდმივად იმპერიების დაპირისპირებებისა და გადაკვეთის ადგილი იყო, გენოციდის, ეთნიკური წმენდისა და დევნის არაერთი გამოცდილება ახსოვს. ეს კოლონიური ჭრილობები ჩვენი ხალხების მეხსიერებაში ღრმად არის აღბეჭდილი და ტრავმულ კვალად ატყვია ჩვენს ნაციონალურ და პოლიტიკურ იდენტობებს. ჩვენი რეგიონის ხალხებს შორის თვისებრივად ახალი ტიპის ურთიერთობების და კავშირების შენება წარსულის კრიტიკული გადააზრებით უნდა დაიწყოს. ცხადია, ჩვენ გვესმის, რომ ჩვენი რეგიონის მრავალშრიანი და ტრაგიკული ისტორიის წიაღში შესვლა რთული აკადემიური, საზოგადოებრივი და პოლიტიკური პროცესია და განსაკუთრებულ სიფრთხილესაც მოითხოვს. თუმცა, ვფიქრობთ, რომ ამ ძალისხმევის გარეშე ნდობის, მშვიდობისა, თანამშრომლობის და პატივისცემის შექმნა რთული იქნება.
ინსტრუქცია