[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სხვა / სტატია

2020 წლის არჩევნები და სამართლიანი წარმომადგენლობის პერსპექტივები

თორნიკე გერლიანი 

 

შესავალი

სამართლიანი საარჩევნო სისტემის დამკვიდრება დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის მანძილზე მუდმივად წარმოადგენდა ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას. საქართველოში, არჩევნების მეშვეობით ხალხის რეალური ნების ზუსტი გამოსახვა ყოველთვის კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რაც საბოლოოდ პოლიტიკური ლეგიტიმაციის კრიზისის თუ მისი არარსებობის ერთ-ერთი წინაპირობა ხდება. ბუნებრივია, ამ კრიზისის საფუძველი უფრო ფუნდამენტურია და ის ქართული პოლიტიკური კლასის ელიტიზმს, სოციალურად გარიყული ადამიანების საჭიროებების გამოხატვის არარსებობას, ადამიანის უფლებების დარღვევებს და მრავალ სხვა ფაქტორს უკავშირდება. თუმცა, საარჩევნო გარემო რომ პოლიტიკური ლეგიტიმაციის შენებაში განმსაზღვრელ როლს ასრულებს, ამას საქართველოს უახლესი ისტორიაც ადასტურებს. ამ კონტექსტში, პოლიტიკური კლასისა და საზოგადოების გათიშულობის ყველაზე თვალსაჩინო მიზეზი ის პროცესები ხდება ხოლმე, რაც წინ უძღვის არჩევნებს (ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ხალხის ნების კონტროლი სხვადასხვა მექანიზმებით და ა.შ.), და ის, თუ როგორ მიმდინარეობს პროცესები უშულოდ არჩევნების დღეს (კოორდინატორებისა და ლოკალურ სივრცეებში გავლენიანი ადამიანების ჩართულობა, კითხვის ნიშნები ხმებისა და ბიულეტენების სათანადო რეპრეზენტაციასთან დაკავშირებით და სხვა). თუმცა, ხშირად პოლიტიკურ ლეგიტიმაციას საფუძველს თავად ის სისტემა ურყევს, რომლის მიხედვითაც არჩევნები იმართება.

საქართველოში დამკვიდრებულ შერეულ საარჩევნო სისტემასთან მიმართებით კრიტიკის მთავარი ხაზი სწორედ ის იყო, რომ ეს მოდელი ვერ ახერხებს ხალხის ნების სამართლიან ასახვას - ხელისუფლებაში მოსულ ძალას იმაზე ბევრად მეტი მანდატი, და შესაბამისად, მეტი ძალაუფლება ერგება, ვიდრე ეს ობიექტურად ეკუთვნის, სხვა პარტიებს კი უსამართლოდ ნაკლები წარმომადგენლობა რჩებათ. 2019 წლის ივნისში, საპროტესტო აქციების შემდეგ, მმართველმა ძალამ გასცა დაპირება, რომ 2020 წლის არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით, ნულოვანი ბარიერის პირობებში ჩატარდებოდა.[1] ეს იდეა საპარლამენტო განხილვების შემდეგ ჩავარდა,[2] ისევე როგორც მხარდაჭერა ვერ მოიპოვა ოპოზიციური პარტიების მიერ შემუშავებულმა ე.წ. გერმანულმა მოდელმა.[3] საბოლოოდ, კონსტიტუციაში 2020 წელს შესული ცვლილებების შემდეგ,[4] უკანასკნელი არჩევნები შერეული სისტემით და 1%-იანი ბარიერის პირობებში გაიმართა, სადაც 120 მანდატი პროპორციული, 30 კი ერთმანდატიანი მაჟორიტარული წესით უნდა განაწილდეს.

 

2020 წლის არჩევნების შედეგები ამ დროისთვის

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 2020 წლის არჩევნებზე ბარიერი 9 პარტიამ გადალახა.[5] „ქართულ ოცნებას,“ რომელმაც ხმების 48.23% აიღო,[6] 61 მანდატი ერგო წილად, დანარჩენი 59 მანდატი კი ოპოზიციურ პარტიებზე გადანაწილდა.[7] აღსანიშნავია, რომ საარჩევნო პროცესთან და ხმების სამართლიან დათვლასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა და კრიტიკული მოსაზრება არსებობს,[8] რაც უკვე გახდა საპროტესტო აქციებისა და ოპოზიციური პარტიების მხრიდან მანდატებზე უარის თქმის წინაპირობა. ამ პოლიტიკური კონტექსტის მხედველობაში მიღებასთან ერთად, არსებითია საარჩევნო სისტემაზე, როგორც სადეპუტატო მანდატების საბოლოო განაწილების განმსაზღვრელზე მსჯელობა.

უმრავლესობის დასაკომპლექტებლად პარტიამ 76 მანდატი უნდა მოიპოვოს. მაჟორიტარულ ოლქებში, პირველ ტურში მოპოვებული გამარჯვებებით, „ქართულ ოცნებას“ უკვე აქვს დამატებით 14 მანდატი, რაც მთლიანობაში 75 სადეპუტატო ადგილს უდრის.[9] დარჩენილი 16 მაჟორიტარული ოლქის მეორე ტურში მოგების შემთხვევაში, მმართველ პარტიას 91 მანდატი ერგება, რომელსაც, საარჩევნო კოდექსით დადგენილი ფორმულის ზედა ზღვრის გათვალისწინებით 1 მანდატი დააკლდება და 90-ს შეადგენს. შესაბამისად, არსებული საარჩევნო სისტემისა და მიღებული შედეგების გათვალისწინებით, „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული 48.23% (ხმების პარალელური დათვლის თანახმად ეს მხარდაჭერა 45.8%-ს შეადგენს),[10] სრული მანდატების (150) 60%-ში კონვერტირდება.

ეს გამოცდილება ორი მთავარი დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა: 1) 1%-იანი ბარიერი, როგორც მოსალოდნელი იყო, პატარა პარტიების საპარლამენტო წარმომადგენლობის მიღწევისთვის კარგი შანსი აღმოჩნდა, რაც ნაწილობრივ ეხმიანება კიდეც პროპორციულობის პრინციპის ერთ-ერთ ძირითად მიზანს. კერძოდ, ეს გულისხმობს, რომ რამდენადაც შესაძლებელია, საკანონმდებლო ორგანოს შემადგენლობა პროპორციულად უნდა ასახავდეს სახელმწიფოში არსებულ პოლიტიკურ აზრთა სხვადასხვაობას. რა თქმა უნდა, რთულია იმის თქმა, რომ 2020 წლის არჩევნების შედეგად 1%-იან ბარიერს გადალახული პარტიები რეალურად გამოხატავენ საზოგადოების ფართო მასების და ყველა სოციალური ჯგუფის ხმას ან ინტერესებს, თუმცა ამის მიზეზად საარჩევნო სისტემის დასახელება სწორი არ იქნებოდა. ეს მიზეზები საძიებელია საქართველოს ეკონომიკური განვითრების მოდელში, რომელმაც პოლიტიკის დღის წესირიგიდან გამორიცხა საზოგადოების ფართო მასები, პოლიტიკა ძალაუფლებისა და ელიტიზმის სამსახურში ჩააყენა და არსებითად ასეთი პოლიტიკური კლასის ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი. 2) უკანასკნელი არჩევნები ასევე ნათლად აჩვენებს, რომ მაჟორიტარიზმის დარჩენილი კომპონენტი კვლავაც არასამართლიანს ხდის საბოლოო სურათს. მაჟორიტარული ოლქები მმართველ პარტიას შესაძლებლობას უქმნის, რომ მიღებულ მხარდაჭერაზე არაპროპორციულად ბევრი მანდატი მიისაკუთროს და ამით გრძელვადიანი საპარლამენტო საქმიანობისთვის „სასათბურე პირობები“ შეიქმნას.

 

რა მოხდებოდა 2024 წლის მოდელის პირობებში?

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად 2024 წელს არჩევნები სრულად პროპორციულად, 5%-იანი ბარიერის პირობებში ჩატარდება.[11]

პირველ რიგში, რაც ერთი შეხედვითაც თვალნათელია, 2020 წლის არჩევნები ამ სისტემით რომ ჩატარებულიყო საპარლამენტო მანდატებს მხოლოდ ორი პარტია - „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ - მიიღებდა (შესაბამისად 48.23%-ისა და 27.17%-ის საფუძველზე).[12] კონსტიტუციით დადგენილი მანდატების განაწილების წესის თანახმად,[13] „ქართული ოცნება“ 96 მანდატს მიიღებდა (95 მანდატს პლუს 1 გაუნაწილებელი მანდატი), „ნაციონალური მოძრაობა“ კი 54-ს.[14]

საინტერესოა, რომ ამ მოცემულობაში საქართველოს პარლამენტი იმაზე უფრო არასამართლიანად დაკომპლექტდებოდა, ვიდრე ეს „120/30-ის“ სისტემით ხდება. პროპორციული სისტემა შერეული მოდელის მთავარი მანკიერი თვისების (ხმების მანდატებში არაპროპორციული გარდასახვის ლოგიკა) დამზღვევი უნდა იყოს, თუმცა 5%-იანი ბარიერის პირობებში: 1) საქართველოს პარლამენტი სრულად ორპოლუსიანი იქნებოდა; 2) „ქართული ოცნებაც“ და „ნაციონალური მოძრაობაც“ იმაზე ბევრად მეტ მანდატს მიიღებდნენ, ვიდრე ეს არსებული შერეული სისტემით ერგოთ, რაც თავის მხრივ ხალხის რეალური ნების შეუსაბამო ასახვა იქნებოდა; 3) იმ პარტიების მიერ მიღებული ხმები, რომელთა მხარდაჭერა 1-5 პროცენტს შორის მერყეობდა (ასეთი კი მთლიანობაში 18.44% იყო),[15] კონვერტირდებოდა ზემოთქმული ორი პარტიის სადეპუტატო მანდატებში.

საინტერესოა იმ ჰიპოთეტური შემთხვევის განხილვაც, 2020 წლის არჩევნები სრულად პროპორციული, ნულოვანი ბარიერის პირობებში რომ ჩატარებულიყო (რაც, როგორც აღინიშნა, 2019 წელს საპარლამენტო განხილვების დროს ჩავარდა).

2020 წლის არჩევნებზე ყველა პარტიის მიერ პროპორციული სისტემით მიღებული ხმების ჯამმა 1.924.426 შეადგინა. 2019 წლის კონსტიტუციური კანონის პროექტის მიერ დადგენილი საარჩევნო ფორმულის თანახმად,[16] გამოდის, რომ 1 მანდატის მოსაპოვებლად, საჭირო იქნებოდა 12.830 ხმა.[17] ამ შემთხვევაში, სადეპუტატო მანდატს მოიპოვებდა „ნინო ბურჯანაძე-ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობაც“[18] და პარლამენტში 10 პოლიტიკური პარტია შევიდოდა. ამ შემთხვევაში, საარჩევნო ფორმულის თანახმად, ქართული ოცნება მოიპოვებდა 76 მანდატს, ანუ ზუსტად იმდენს, რაც საჭიროა უმრავლესობის ჩამოსაყალიბებლად.[19] დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებზე გადანაწილდებოდა 74 მანდატი.

წინამდებარე ცხრილში ნაჩვენებია, 3 სხვადასხვა შემთხვევაში როგორ ნაწილდება მანდატები მმართველ ძალასა და ოპოზიციას შორის, ასევე რამდენი პარტია შედის საკანონმდებლო ორგანოში, 2020 წელს დაფიქსირებული ოფიციალური მონაცემების მიხედვით.

ეს გარემოება კარგად აჩვენებს, რომ პროპორციული სისტემაც, თუ საარჩევნო ბარიერი მაღალია, არანაკლებ უსამართლო რეპრეზენტაციის წყარო შეიძლება გახდეს, ვიდრე შერეული მოდელი. მეტიც, განხილული მაგალითიდან გამოჩნდა, რომ 2024 წლის მოდელი მმართველი ძალისთვის ბევრად მომგებიანი იქნებოდა. გარდა ამისა, ის უფრო მეტი თანმდევი უსამართლობის წყარო გახდებოდა.

 

შეჯამება

2020 წლის არჩევნების შერეულმა სისტემამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მიუხედავად მაჟორიტარული წესით გასანაწილებელი მანდატების შედარებითი სიმცირისა, ის მაინც გადამწყვეტ როლს ასრულებს არასამართლიანი წარმომადგენლობის უზრუნველყოფაში. ისტორიულად, არასამართლიანი რეპრეზენტაცია ითვლება კიდეც იმის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად, რის გამოც ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში მაჟორიტარიზმის პრინციპზე მასობრივად თქვეს უარი. მაჟორიტარიზმის საპირისპიროდ პროპორციული წარმომადგენლობის დამკვიდრების ტენდენცია ისტორიულ თანხვედრაშია უნივერსალური საარჩევნო უფლების მოთხოვნებთან, სოციალისტური პარტიების გაძლიერებასთან, პროფესიული კავშირების მიერ მუშათა კლასის პოლიტიკური პლატფორმებისა და კანდიდატების მხარდაჭერასთან და ა.შ.[20] მეოცე საუკუნეში პროპორციული წარმომადგენლობის ძლიერი მოთხოვნილების გაჩენა დემოკრატიზაციის უფრო ზოგად მოთხოვნას უკავშირდებოდა. როგორც ენდრიუ კარსტერსი აღნიშნავს „საარჩევნო სისტემების კლასიკურ ისტორიაში“, იმ დროს „არსებობდა საერთო მოძრაობა უფრო დემოკრატიული პოლიტიკური ინსტიტუტებისკენ, რამაც განსხვავებული ფორმები მიიღო... იყო მოძრაობა საპარლამენტო ინსტიტუტების დასაფუძნებლად და გასაძლიერებლად... საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლების გაფართოვებამ, მოსახლეობის ფართო ნაწილს მისცა პარლამენტში წარმომადგენლობის მოპოვების შესაძლებლობა... ამ წინსვლების ფონზე მნიშვნელოვანი ინტერესი არსებობდა, რომ პარლამენტის არჩეულ წევრებს და პარტიებს, რომლებსაც მხარს უჭერდნენ, სამართლიანად აესახათ ამომრჩეველთა განსხვავებული ინტერესები და აზრები.“[21] გარდა ამისა, ითვლება, რომ მაჟორიტარიზმის პრინციპებზე მოწყობილი მოდელი ქმნის ორპარტიულ პოლიტიკურ სისტემას, ვერ უზრუნველყოფს სხვადასხვა სოციალური ჯგუფების წარმომადგენლობას, ამცირებს მოსახლეობის ჩართულობას არჩევნებში[22] და ა.შ.

თუმცა, ამასთანავე, როგორც ლიპჰარტი მიუთითებს „დემოკრატიის მოდელებში“, ყველა საარჩევნო სისტემა, და არა მხოლოდ მაჟორიტარული, მიდრეკილია იმისკენ, რომ დიდი პარტიების რეპრეზენტაცია იმაზე უფრო მეტად მოახდინოს, ვიდრე ეს ობიექტურად შეიძლება ეკუთვნოდეთ, პატარა პარტიების კი - პირიქით.[23] ამ ტენდენციას სამი ფაქტორი განაპირობებს: ა) ყველა საარჩევნო სისტემა მიდრეკილია დისპროპორციული შედეგების მიღებისკენ; ბ) ყველა საარჩევნო სისტემა მიდრეკილია, რომ საპარლამენტო პარტიების რაოდენობა საბოლოოდ უფრო ნაკლები გამოვიდეს, ვიდრე არჩევნებში მონაწილე პარტიების საერთო რაოდენობაა; გ) ყველა საარჩევნო სისტემამ შეიძლება მოუტანოს საპარლამენტო უმრავლესობა პარტიებს, რომლებსაც ამომრჩეველთა უმრავლესობის მხარდაჭერა არ მიუღიათ.[24]

მიუხედავად იმისა, რომ ყველა ეს ტენდენცია განსაკუთრებით თვალშისაცემი და ძლიერია მაჟორიტარიზმის პირობებში,[25] საქართველოს შემთხვევის განხილვისას (რა მოხდებოდა 2020 წლის არჩევნები 2024 წლის სისტემით რომ ჩატარებულიყო) გამოჩნდა, რომ მათ შესაძლოა თავი პროპორციული სისტემის პირობებშიც იჩინონ. ამის მიზეზი კი მაღალი საარჩევნო ბარიერი გახდება.

შესაბამისად, მნიშვნელოვანია ფიქრი არა მხოლოდ იმაზე, რა დადებითი გავლენა ექნება პროპორციულ სისტემას, არამედ იმაზეც, რა რისკების მატარებელი შეიძლება იყოს ის, და როგორ შეიძლება მათი დაზღვევა.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] „ქართული ოცნება“ ინიციატივით გამოდის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, პროპორციული სისტემით ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში გაიმართოს, ხელმისაწვდომია: https://www.interpressnews.ge/ka/article/553029-kartuli-ocneba-iniciativit-gamodis-2020-clis-saparlamento-archevnebi-proporciuli-sistemit-nulovani-saarchevno-barieris-pirobebshi-gaimartos/

[2] პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე ჩააგდო, ხელმისაწვდომია: https://www.interpressnews.ge/ka/article/572709-parlamentma-proporciul-saarchevno-sistemaze-gadasvlastan-dakavshirebuli-sakonstitucio-cvlilebebi-kenchisqraze-chaagdo/

[3] დეტალურად იხ.: საარჩევნო სისტემის რეფორმა: ოპოზიციის კანონპროექტი და კონსტიტუციასთან მისი შესაბამისობის საკითხი, ხელმისაწვდომია: https://emc.org.ge/ka/products/saarchevno-sistemis-reforma-opozitsiis-kanonproekti-da-konstitutsiastan-misi-shesabamisobis-sakitkhi

[4] პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა - X მოწვევის პარლამენტი 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული სისტემით არჩეული დეპუტატისგან დაკომპლექტდება, ხელმისაწვდომია: https://www.interpressnews.ge/ka/article/606980-parlamentma-sakonstitucio-cvlilebebi-mesame-mosmenit-daamtkica-x-mocvevis-parlamenti-120-proporciuli-da-30-mazhoritaruli-sistemit-archeuli-deputatisgan-dakomplektdeba/

[5] გაიგეთ, ვინ ხდება დეპუტატი – ბოლო შედეგებით, პარლამენტში 9 პარტია შედის, ხელმისაწვდომია: https://netgazeti.ge/news/494453/

[6] იხ.: https://results.cec.gov.ge/#/ka-ge/election_43/dashboard

[7] გაიგეთ, ვინ ხდება დეპუტატი – ბოლო შედეგებით, პარლამენტში 9 პარტია შედის, ხელმისაწვდომია: https://netgazeti.ge/news/494453/

[8] მაგალითად, იხ.: არასამთავრობო ორგანიზაციები 2020-ის წლის საპარლამენტო არჩევნებს აფასებენ, ხელმისაწვდომია: https://emc.org.ge/ka/products/arasamtavrobo-organizatsiebi-2020-is-tslis-saparlamento-archevnebs-afaseben

[9] ცესკო: „ოცნებამ“ 14 მაჟორიტარულ ოლქში მოიგო პირველივე ტურში, ხელმისაწვდომია: https://netgazeti.ge/news/494522/

[10] ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგები, ხელმისაწვდომია: https://isfed.ge/geo/presrelizebi/201101022808khmebis-paraleluri-datvlis-PVT-shedegebi

[11] საქართველოს კონსტიტუცია, 37-ე მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტები.

[12] იხ.: https://results.cec.gov.ge/#/ka-ge/election_43/dashboard

[13] საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-6 პუნქტი: „პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 150-ზე და იყოფა ყველა იმ პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე, რომლებმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5 პროცენტი მაინც მიიღეს. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა. თუ პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 150-ზე ნაკლებია, გაუნაწილებელ მანდატებს თანმიმდევრობით მიიღებენ უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიები.“

[14] „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული მანდატები ასე გამოითვლებოდა: (928.131X150):1.450.981=95.9. სადაც 928.131 არის „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული ხმების რაოდენობა, 150 არის სადეპუტატო მანდატების სრული რაოდენობა, 1.450.981 კი იმ პარტიების მიერ მიღებული ნამდვილი ხმების ჯამი, რომლებმაც 5%-იანი ბარიერი გადალახეს („ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“). ამავე წესით გამოითვლებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა.

[15] იხ.: https://results.cec.gov.ge/#/ka-ge/election_43/dashboard

[16] იხ.: https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/234486?

[17] 2019 წლის კონსტიტუციური კანონის პროექტის თანახმად, პოლიტიკურ პარტიებზე მანდატების გასანაწილებლად, თითოეული პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 150-ზე და იყოფა არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე. მანდატს (მანდატებს) მიიღებს ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომელიც სულ მცირე ერთი მანდატის მიასღებად საკმარის ხმების რაოდენობას მიიღებს. ეს ნიშნავს, რომ პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობისა და 150-ის ნამრავლი უნდა იყოს ყველა პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამის ტოლი ან მასზე მეტი.

[18] მან 2020 წლის არჩევნებში 16.281 ხმა მიიღო. იხ.: https://results.cec.gov.ge/#/ka-ge/election_43/dashboard

[19] 2019 წლის კონსტიტუციური კანონის პროექტის თანახმად, პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად, პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა („ქართული ოცნების“ შემთხვევაში 928.131 ხმა) მრავლდება 150-ზე და იყოფა ყველა იმ პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე, რომლებმაც სულ მცირე ერთი მანდატის მისაღებად საკმარისი ხმების რაოდენობა მიიღეს (ამ შემთხვევაში ეს იყო 1.822.389 ხმა).

[20] Negretto G. L., Visconti G., Electoral Reform Under Limited Party Competition: The Adoption of Proportional Representation in Latin America, University of Miami, 2018, p. 28, ხელმისაწვდომია: http://www.giancarlovisconti.com/pdfs/Negretto%20and%20Visconti.2018.LAPS.pdf

[21] Blais A., Dobrzynska A., Indridason I. H., To Adopt or Not to Adopt Proportional Representation: The Politics of Institutional Choice, Cambridge University Press, 2004, p. 182, ხელმისაწვდომია: https://www.researchgate.net/publication/316688419_To_Adopt_or_Not_to_Adopt_Proportional_Representation_The_Politics_of_Institutional_Choice/link/590c82e5458515978182df97/download

[22] არსებობს კვლევები, რომლებზე დაყრდნობითაც ამტკიცებენ, რომ არჩევნებში ხალხის მონაწილეობის მაჩვენებელი პროპორციული სისტემის არსებობის პირობებში უფრო მაღალია.  ამის მიზეზად ასახელებენ შემდეგ გარემოებებს: რამდენადაც პროპორციული წარმომადგენლობა უფრო სამართლიანია და ნაკლებად არსებობს „წყალში გადაყრილი ხმები,“ ხალხს არჩევნებში მონაწილეობის უფრო მეტი სურვილი აქვს;  პროპორციული სისტემის დროს იზრდება საპარლამენტო პარტიების რიცხვი და, შესაბამისად, მოსახლეობის მიერ გასაკეთებელი არჩევანიც;  პროპორციული წარმომადგენლობა არჩევნებს უფრო კონკურენტულს ხდის, შესაბამისად პარტიებს მეტი მოტივაცია აქვთ, რომ ყველა ოლქში სცადონ მხარდამჭერების რაოდენობის გაზრდა.  შესაბამისი კვლევების თანახმად, მაჟორიტარულ სისტემებში ამომრჩეველთა მონაწილეობის საშუალო მაჩვენებელი არის 65.4%, შერეულ სისტემებში - 71.2%, ხოლო პროპორციულ სისტემებში - 75.7% (მონაცემებს შორის სხვაობა შედარებით ნაკლები იყო განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებში, თუმცა აშკარა განსხვავება არსებობდა განვითარებადი ქვეყნების შემთხვევაში). იხ.: Pippa Norris, Choosing Electoral Systems: Proportional, Majoritarian and Mixed Systems, For Contrasting Political Institutions special issue of the International Political Science Review, Vol 18(3), 1997, p. 309, ხელმისაწვდომია: https://journals.sagepub.com/doi/10.1177/019251297018003005

[23] Arend Lijphart, Patterns of Democracy, Government Forms and Performance in Thirty-Six Countries, Yale University Press, Second edition, 2012, p. 154, ხელმისაწვდომია: https://e-edu.nbu.bg/pluginfile.php/830138/mod_resource/content/1/Lijphart%2C%20A.%20Patterns%20of%20Democracy%20-%20Government%20Forms%20and%20Performance%20in%20Thirty-Six%20Countries%20%282012%29.pdf

[24] იქვე.

[25] იქვე.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“