საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ფოტო: რადიო თავისუფლება
ამ ანგარიშით EMC წარმოადგენს 20 ივნისს, პოლიციის მოქმედების პირველად სამართლებრივ შეფასებას, რომელიც ამ ეტაპზე ორგანიზაციისთვის ხელმისაწვდომ ინფორმაციას ეყრდნობა. ცხადია, რომ მოვლენების დეტალური ანალიზის პირობებში, ადამიანის უფლების დარღვევის პრაქტიკა და ინდივიდუალური შემთხვევები კიდევ უფრო დიდ მასშტაბს მიაღწევს და ის კიდევ უფრო დეტალურ და ზედმიწევნით ანალიზს საჭიროებს.
ჩვენს ხელთ არსებული საჯარო მასალებისა და ანალიზის შეზღუდული მეთოდოლოგიური ინსტრუმენტების გათვალისწინებით, EMC-ს მიაჩნია, რომ 20 ივნისს რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეების გარკვეული ჯგუფის ქცევამ უკონტროლო ძალადობრივი ხასიათი შეიძინა და პოლიციას შეკრების თავისუფლებაში ჩარევის და აქციის შეწყვეტის სამართლებრივი საფუძველი მისცა. თუმცა, აქციის შეწყვეტის დროს პოლიციამ უგულებელყო აქციის დაშლისთვის კანონით დადგენილი მოთხოვნები, მათ შორის, სათანადოდ არ გამოიყენა მოლაპარაკებების რესურსი. პოლიციას არ გააჩნდა ადამიანის უფლებების სტანდარტების დაცვით აქციის დაშლისა და ადამიანების მასების მართვის ეფექტიანი, გონივრული და ზედმიწევნითი გეგმა, მან მასობრივად და განურჩევლად გამოიყენა ჭარბი საპოლიციო ძალა და აშკრად დაარღვია სპეციალური საშუალებების გამოყენების თანმიმდევრობა და წესები, რამაც შედეგად დემონსტრანტთა მძიმედ დაშავება და ზოგიერთ შემთხვევაში, გამოუსწორებელი დაზიანება გამოიწვია. შუა ღამით, აქციის პირველი დაშლის შემდეგ, პოლიციის ქცევამ აშკარად თვითნებური ხასიათი მიიღო და უკვე ბუნდოვანი გახდა, რა ლეგიტიმურ მიზანს ემსახურებოდა მათ მიერ პარლამენტის შენობიდან უკვე მოშორებით მყოფი შეკრების მონაწილეების რამდენიმე საათის განმავლობაში დევნა, დაკავება და ძალადობა.
პოლიციის მხრიდან გამოვლენილი ძალადობის მასშტაბი და ინტენსივობა, ადამიანის უფლებების აშკარა და მასობრივი დარღვევის ფაქტების ეფექტიანი მონიტორინგისა და პრევენციის სისტემის არარსებობა, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი თანამდებობის პირებისა და მენეჯმენტის სამართლებრივ და პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ცალსახად აყენებს.
ანგარიში დეტალურად აღწერს აქციის განვითარების დინამიკას, მათ შორის, აქციის მონაწილეთა ნაწილის მხრიდან პარლამენტში შეღწევის მცდელობას და ამ მიზნით, პარლამენტის წინ მყოფ პოლიციის კორდონზე თავდასხმის ეპიზოდებს. სწორედ აქციის მონაწილეთა მხრიდან განგრძობადად გამოხატულმა აგრესიულმა ქცევამ და პარლამენტის ეზოში შეღწევის მცდელობებმა მისცა პოლიციას აქციის დაშლის სამართლებრივი საფუძველი. სამწუხაროა, რომ ამ კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებში ჩართულები იყვნენ ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერებიც. მეტიც, სიტუაციის ესკალაციის პირობებში აქციის ორგანიზატორებმა არც კი სცადეს შეკრების მონაწილეების ძალადობრივი ქცევების შეკავება და დეესკალაციისკენ მიმართული ნაბიჯების გადაგმა. დემოკრატიული პროცესების ამგვარი ტაქტიკით წარმართვა უპირისპირდება დემოკრატიის იდეას და ამგვარი უპასუხისმგებლობა სათანადო სამართლებრივ და პოლიტიკურ შეფასებას მოითხოვს.
მიუხედავად აქციის დაშლის გადაწყვეტილების კანონიერებისა, შემდგომ ეტაპებზე პოლიციის ქმედებებში არაერთი პრობლემური, მძიმე ეპიზოდი გამოიკვეთა. პირველ რიგში, პოლიციამ არ უზრუნველყო აქციის მონაწილეთა სათანადო ფორმით გაფრთხილება აქციის დაშლის დაწყებამდე, რაც შეკრებისა და მანიფესტაციის მარეგულირებელი კანონმდებლობის ცალსახა დარღვევას წარმოადგენს.
აქციის დაშლა პოლიციამ ღამის 12 საათისთვის ცრემლსადენი გაზით დაიწყო, რასაც მცირე დროში რეზინის ტყვიების გამოყენება მოყვა, ისე რომ ჯერ კიდევ არ იყო ამოწურული ნაკლები ინტენსივობის და სიმძიმის სპეციალური საშუალებების გამოყენების რესურსი. ასევე, ადეკვატურად არ იყო შეფასებული, ცრემლსადენი გაზის გამოყენების შემდგომ, პარლამენტის შენობაში შეღწევის ან/და საპოლიციო დანაყოფებთან შეტაკებების განმეორების საფრთხე, მისი რეალურობა და მყისიერება.
აქციის დაშლის ოპერაცია პრაქტიკულად მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. დემონსტრანტთა გარკვეული ნაწილი პოლიციის მიმართ აგრესიულ ქმედებებს სხვადასხვა ლოკაციაზე, სხვადასხვა საგნის გამოყენებით მიმართავდა. თუმცა, პოლიცია არ მიჯნავდა მშვიდობიანი და არამშვიდობიანი ქცევის მქონე შეკრების მონაწილეებს და მათ მიმართ განურჩეველ ინტენსიურ საპოლიციო ძალას იყენებდა. აღნიშნულს ყველაზე ნათლად ადასტურებს ათეულობით ჟურნალისტის დაზიანების შემთხვევები. პოლიციის მიერ სპეციალური საშუალებების გამოყენებას, თან ახლდა დემონსტრანტთა მძიმე დაზიანება. ზოგიერთ ეპიზოდში, პოლიცია რეზინის ტყვიებს მცირე დისტანციიდან, თავისა და სახის არეში დამიზნებით იყენებდა, რამაც გაზარდა დაზიანებების სიმძიმე. აქციის დაშლის გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში პოლიციამ არ დაიცვა სპეციალური საშუალებების გამოყენების წესები, თანმიმდევრობა და არაპროპორციული საპოლიციო ძალა გამოიყენა.
აქციის დაშლას ათეულობით დემონსტრანტის ადმინისტრაციული დაკავება მოყვა. დაკავების საფუძვლები და სასამართლოში პოლიციელთა მიერ განმარტებები სუსტი, შაბლონური, უკიდურესად იდენტური იყო, რაც არაერთ შემთხვევაში დაკავებების თვითნებურობაზე მიუთითებდა. განსაკუთრებით საგანგაშოა ინფორმაცია, დაკავების პროცესში და შემდგომ, პოლიციის მიერ გამოყენებული ფიზიკური ძალის შესახებ. დაკავებულთა ნაწილი მათ მიმართ დაკავების შემდგომ ცემაზე, ღირსების შემლახავ ან არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა.
20 ივნისს გამართული ანტისაოკუპაციო აქცია, რომელიც გარკვეულ ეტაპზე ძალადობრივ ქმედებებში გადაიზარდა, პოლიციის მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენებით დაიშალა. მიუხედავად აქციის დაშლის ლეგიტიმური საფუძვლის არსებობისა, პოლიციამ დაშლის დაგეგმვის და მისი აღსრულების პროცესში დაარღვია შეკრებისა და მანიფესტაციის, თავისუფლებისა და ფიზიკური ხელშეუხებლობის, არასათანადო მოპყრობისგან დაცვის ფუნდამენტური უფლებების არაერთი ასპექტი. რა თქმა უნდა, მხედველობაშია მისაღები აქციის მონაწილეთა ნაწილის მკვეთრად აგრესიული ქცევა, პოლიციასთან შეტაკების ეპიზოდები. თუმცა, ნათელია, რომ აქციის დაშლის პროცესში, პოლიციამ ძალის დიფერენცირებული და პროპორციული გამოყენების პრინციპი ვერ დაიცვა.
20 ივნისის აქციის დაშლა ასევე აჩვენებს იმ ინსტიტუციურ გამოწვევას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გააჩნია საკმარისი სტრატეგია, ტექნიკები, სისტემები და ადამიანური რესურსი, რომელიც მასობრივი შეკრებების ადამიანის უფლებების სტანდატებით მართვის შესაძლებლობას მისცემს. შეკრების შეწყვეტის შემთხვევაში გონივრული და ეფექტიანი სამოქმედო გეგმის, საფრთხეების სათანადო გაზომვის და პრევენციის, პროცესის ზედმიწევნით მონიტორინგის, გადამოწმებისა და შეთანხმების სისტემები კვლავ მყიფე, გაუმართავი და სუსტია. საკუთარი მოქალაქეების მიმართ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების ამ ხარისხის ძალადობაში ჩართვა, ასევე არსებითად აზიანებს სამართალდამცავი ორგანოების მიმართ ნდობას.
20 ივნისი, წინა წლების აქციების (მათ შორის, 2007 წლის 7 ნოემბრის, 2011 წლის 26 მაისის) ძალადობრივი დაშლის მძიმე პოლიტიკური და სოციალური გამოცდილების გაგრძელებაა, რომელიც ინსტიტუციონალური ძალადობის პრაქტიკაზე მიუთითებს და სახელმწიფო ინსტიტუტების და დემოკრატიული პროცესების მიმართ ნდობას ასუსტებს.
20 ივნისს ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებისა და უფრო ფართოდ, პოლიციის მოქმედებებში გამოვლენილი მრავალჯერადი, ხანგრძლივი და მძიმე ხასიათის კანონდარღვევებზე სათანადო რეაგირების მიზნით, მნიშვნელოვანია:
ინსტრუქცია