[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სასამართლო სისტემა / თვალსაზრისი

ვინ და რა არგუმენტებით ითხოვს სასამართლოს რეფორმას?

სოფო ვერძეული 

საქართველოში მართლმსაჯულების რეფორმის საკითხი პოლიტიკური დღის წესრიგიდან არ ჩამოდის. ყველა საკვანძო პროცესი, პირდაპირ თუ არაპირდაპირ, სწორედ სასამართლო რეფორმების ჩავარდნის მძიმე პოლიტიკურ და ინსტიტუციურ შედეგებზე მიუთითებს. ევროკავშირის მონაწილეობით მიმდინარე პოლიტიკურმა მოლაპარაკებებმა სასამართლო რეფორმის საკითხი კიდევ ერთხელ გაააქტიურა. ჯერ-ჯერობით უცნობია რა მოცულობას და შინაარსს შეიძენს ეს თემა, თუმცა, თავისთავად საგულისხმოა, რომ მართლმსაჯულება ექვსპუნქტიან გეგმაში საკვანძო საკითხებს შორის ერთ-ერთია.

მაშინ როდესაც ყველა საერთაშორისო პარტნიორი, პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად, მართლმსაჯულების რეფორმას აუცილებელ წინაპირობად მიიჩნევს, შემდგომი რეფორმის კონტურები და მის მიმართ მოლოდინები უფროდაუფრო ბუნდოვანი ხდება.

ბოლო წლებში მართლმსაჯულების ორგანოების მიმართ გამოხატული მკვეთრად უარყოფითი საზოგადოებრივი განწყობები, სამართლებრივი სისტემების მიმართ ნიჰილიზმი და არაერთ საქმეში სასამართლოს გადაწყვეტილების მიმართ ფუნდამენტური უნდობლობა, აჩვენებს რომ საზოგადოება ხედავს მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიზირების ფუნდამენტურ პრობლემას. თუმცა, ნათელია ისიც, რო ამ პრობლემის სახელდება, ისევე როგორც მისი გადაჭრის გზები საზოგადოებრივი კონსენსუსის საგანი ვერ ხდება.

ეს მოცემულობა გვაიძულებს განსხვავებულად ვიფიქროთ საკითხზე და რამდენიმე აუცილებელი კითხვა დავსვათ, რაც მათ შორის მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესსაც შეიძლება გამოადგეს.

 

  1. ვინ ლაპარაკობს სასამართლოს რეფორმაზე?

სასამართლოს დამოუკიდებლობის და კანონის უზენაესობის მოთხოვნას საქართველოში სპეციფიკური ისტორია და შინაარსი აქვს.

უნდა ვაღიაროთ, რომ ქართულ საზოგადოებას, სხვა სისტემების მსგავსად, არც მართლმსაჯულების დანიშნულებაზე, მის დემოკრატიულ პოტენციალზე, წარსულსა და მომავალზე სათანადოდ არ უმსჯელია. ეს საკითხი ავტონომიური მნიშვნელობით, საერთო-სახელმწიფოებრივ მიზნებთან და მისწრაფებებთან კავშირში გააზრებული და განხილული თითქმის არ ყოფილა. ფართომასტაბიანი განხილვის და საზოგადოებრივი კონსენსუსის საგანი არ გამხდარა ისეთი საკითხებიც კი როგორიცაა: პოლიტიკურ მორჩილებასა და ლოიალობაზე დაფუძნებული სისტემის და მისი მძიმე შედეგების დაძლევის გზები; მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის ავკარგიანობა; მზარდი შეჯიბრებითობა და “სუსტი” მოსამართლის მოდელი; მართლმსაჯულების როლი დემოკრატიისა და კეთილდღეობის სისტემების შექმნაში და სხვა.

წლებია, ქართული სასამართლოს რეფორმები, უპირატესად, საერთაშორისო ვალდებულებების, ევროკავშირთან დაახლოების პროცესისა და ამ პროცესში დაწესებული მოთხოვნების შესასრულებლად გადადგმულ ნაბიჯებს მიჰყვება. ეს ნაბიჯები ხშირად ნაკლიანი და წინააღმდეგობრივია. თუმცა, შესაძლოა, მუდმივი საერთაშორისო მეთვალყურეობის გარეშე, მმართველ პოლიტიკურ ჯგუფებს მცირე დათმობების ნებაც კი არ ეჩვენებინათ.

ეს გამოცდილება ნაცნობია სხვა პოსტ-საბჭოთა სახელმწიფოებისთვისაც, სადაც კანონის უზენაესობის და სასამართლოს რეფორმის საკითხები დღის წესრიგში სწორედ დემოკრატიული ტრანზიციის და ეკონომიკური ლიბერალიზაციის კონტექსტში დაისვა და დიდწილად, საქართველოს მსგავსად, “საერთაშორისო წნეხის” პირობებში ვითარდებოდა.[1] სწორედ ასეთი ისტორიული კონტექსტი აძლევს სპეციფიკურ, წინასწარგანსაზღვრულ შინაარსს სასამართლოს დამოუკიდებლობაზე მსჯელობას და რეფორმის კონტურებს საქართველოში. მართლმსაჯულების რეფორმის დომინანტური ხედვა, ამ დრომდე, სწორებას “საუკეთესო პრაქტიკად” აღიარებულ გამოსავლებზე აკეთებს და უკიდურესად სპეციფიკურ გამოწვევებზე პასუხს ხშირად სრულიად განსხვავებულ პოლიტიკურ და სამართლებრივ სისტემებში ეძებს. მეორე მხრივ, “სასამართლო რეფორმის სტანდარტული პაკეტები”[2], რომელიც სწორედ ჩვენი ტიპის ქვეყნებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფინანსური ინსტიტუტების მიერ შეიქმნა, ყურადღების მიღმა ტოვებს საკვანძო ძალაუფლებრივ საკითხებს, ისტორიულ, კულტურულ, თუნდაც ერთგვარ არაფორმალურ მახასიათებლებს, რომელთა ანალიზის გარეშეც სასამართლოს სისტემურ გარდაქმნებზე ლაპარაკი შეუძლებელია.

ამდენად, საკითხი თუ ვინ ლაპარაკობს სასამართლოს რეფორმაზე იმაზე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დაინტერესებული სუბიექტების წრის მოხაზვა. ეს საკითხი კიდევ უფრო მნიშვნელოვან მეორე კითხვას განაპირობებს - რა პერსპექტივით და არგუმენტებით დაისმის სასამართლოს დამოუკიდებლობის საკითხი საქართველოში.

 

  1. რა არგუმენტებით ვითხოვთ სასამართლოს დამოუკიდებლობას?

ბოლო წლების პროცესებზე ზედაპირული დაკვირვებაც კი აჩვენებს, რომ მოთხოვნა დამოუკიდებელ სასამართლოზე ძირითადად სტაბილურ სამართლებრივ და პოლიტიკურ გარემოსთან კავშირშია დანახული, რაც თავის მხრივ ინვესტიციების განხორციელებისა და ქვეყნის ეკონომიკური ზრდის წინაპირობადაა მოაზრებული. მზარდი პოლიტიკური და საზოგადოებრივი პოლარიზაციის ფონზე, ასევე ისმის არგუმენტები სოციალური კონფლიქტების პრევენციისა და სამოქალაქო მშვიდობის უზრუნველყოფაზე. თუმცა, ეს მსჯელობა არსებითად ქვეყნის შიგნით სტაბილური გარემოს შენარჩუნების არგუმენტთანაა დაკავშირებული.

ამ პერსპექტივაში, როგორც წესი, სუსტია მსჯელობა დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის შექმნაში სასამართლოს როლსა და დანიშნულებაზე, მის შინაარსზე და არა ფორმაზე. მართლმსაჯულების სისტემა, რომლის ლეგიტიმაცია და ძალაუფლება წარმომადგენლობითობის ლოგიკას არ იმეორებს, ამ ღირებულებებს ფუძემდებლური, საჯარო ინტერესების დაცვით იძენს. სხვა სიტყვებით, ხალხის და სასამართლოს მიმართება ორი სახით წარმოდგება: პირველი - დაინტერესებული ჯგუფები, რომლებიც სასამართლოს გზით იცავენ საკუთარ ინტერესებს (people with interests) და მეორე - ხალხი, როგორც სუვერენი/პოლიტიკური ერთობა (unattached interests), რომლის ფუძემდებლურ ინტერესსაც ასახავს და იცავს სასამართლო.[3]  

სწორედ ამგვარი დუალურობა ხალხისა და სასამართლოს ურთიერთობაში ქმნის მთავარ გამოწვევას სასამართლოს დამოუკიდებლობაზე მსჯელობისას. მართლმსაჯულების ორგანოები, ერთი მხრივ, დამოუკიდებლები უნდა იყვნენ საჯარო განწყობებისგან, თუმცა ამავე დროს, სწორედ ხალხის, როგორც ერთობის, საერთო პოლიტიკურ, სადამფუძნებლო ინტერესსა და მისწრაფებებს უნდა ემსახურებოდნენ.[4] ამ ბალანსის დადგენა მოითხოვს, რომ სასამართლოს როლი უფრო ფართოდ იყოს დანახული პოლიტიკურ სისტემაში.

თანასწორობის, გამჭვირვალობის, კორუფციის აღმოფხვრის საბაზისო მოთხოვნებთან ერთად, დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნაზე მსჯელობა უნდა მოიაზრებდეს მის გარდაუვალ როლს პოლიტიკური და ეკონომიკური ძალაუფლების დაბალანსების და გადანაწილების პროცესში, კერძო და საჯარო ინტერესის ახლებურ გააზრებას, საჯარო სივრცეებიდან განდევნილი ჯგუფების დანახვას, აღიარებასა და დაცვას.  

დამოუკიდებელი სასამართლოს მოითხოვნის მეინსტრიმული ხედვა, რომელიც მას მხოლოდ ეკონომიკური ზრდის პროცესში სტაბილური სამართლებრივი და პოლიტიკური გარემოს შექმნის საშუალებად მოიაზრებს, დემოკრატიის და განვითარების არასრულფასოვან კონცეფციას ეფუძნება, რომელშიც ხალხის, როგორც პოლიტიკური ერთობის საერთო ინტერესი, უგულებელყოფილია.

ბუნებრივია, ამგვარი ხედვა შემთხვევითი არ არის. ის დიდწილად დამოკიდებულია სწორედ იმაზე, რომ სამართლებრივი და მართლმსაჯულების რეფორმები საქართველოში, ჯერ კიდევ ეკონომიკური სექტორის ლიბერალიზაციის თანმდევ/დამხმარე საშუალებადაა აღქმული. ამ პერსპექტივაში კი დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა და სასამართლო, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი, წარმოადგენს არა თავისთავად მიზანს, არამედ საშუალებას სხვა მიზნის მისაღწევად.

უსამართლო იქნებოდა, ამ საკითხში მხოლოდ იმ ჯგუფების პრობლემის დანახვა, რომლებიც დამოუკიდებელი სასამართლოს იდეას არსებითად ეკონომიკური განვითარების პერსპექტივით ხედავენ. მართლმსაჯულების დანიშნულება და მისი დემოკრატიული განზომილება სრულად თუ არა, დიდწილად ასევე უგულებელყოფილი აქვთ იმ ჯგუფებსაც, რომლებიც გაცხადებულად განვითარებისა და პროგრესის განსხვავებულ კონცეფციას აღიარებენ.  

 

  1. რა შეცდომები დავუშვით სასამართლო რეფორმის გზაზე?

სასამართლო არ არის იზოლირებული საერთო პოლიტიკური სისტემისგან და ამდენად, ის ერთდროულად შესაძლოა პრობლემის ნაწილიც იყოს და გამოხატულებაც. დღეს კარგად ჩანს, რომ ქართული სასამართლო სრულად იმეორებს მართვის და ძალაუფლების ორგანიზების იმ მანკიერ ლოგიკას, რომელიც მთელი პოლიტიკური სისტემისთვისაა დამახასიათებელი. რთულია იმის თქმა, პოლიტიკური კლასის და მართვის სისტემების ცვლილების გარეშე არსებობს თუ არა ძირეული გარდაქმნის რესურსი სასამართლოში. თუმცა, ამის მიუხედავად, საკმარისი გამოცდილება დაგროვდა იმისათვის, რომ სასამართლო რეფორმის პროცესში ამ დრომდე დაშვებულ შეცდომებზე ვილაპარაკოთ.  

დღეს უკვე ნათლად ჩანს, რომ წარსულთან გამკლავების არასაკმარისმა სურვილმა და ძალისხმევამ, ქართულ საზოგადოებას, მათ შორის, სასამართლოს არ მისცა მოჯადოებული წრის გარღვევის საშუალება. უფრო მეტიც, “იმიტირებულმა” დემოკრატიულმა ტრანზიციამ და ინსტიტუტებმა წარსულის არაერთი მძიმე გამოცდილება დღევანდელობის ნაწილად აქცია.[5]

რეფორმებისთვის მთავარ სტრატეგიად პოლიტიკური შტოებისგან სასამართლოს იზოლაცია შეირჩა და მთელი ინტელექტუალური რესურსი დამცავი ბარიერების გამოგონებაში დაიხარჯა. საკამათო არ არის, რომ სრულფასოვან მოქმედებაში არც ეს ბარიერები მოსულა. თუმცა, ნათელია ისიც, რომ ამ სტრატეგიამ ინსტიტუციური დეპოლიტიზირების ნაცვლად პრობლემების დეპოლიტიზირება უფრო მოიტანა და მმართველ პოლიტიკურ ჯგუფს პასუხისმგებლობისგან თავის დასაღწევი სივრცეები შეუქმნა.

ინსტიტუციური მოდერნიზაციის ლოგიკით სიარულმა წაახალისა “კორპორატიული დამოუკიდებლობის” იდეა სასამართლოში, რომელსაც თითქმის არაფერი აქვს საერთო დამოუკიდებლობის მთავარ ღირებულებებთან. დამოუკიდებლობის სახელით შეიქმნა ჩაკეტილი, არაანგარიშვალდებული, პროფესიულ და ბიუროკრატიულ “პრივილეგიებზე” აგებული სისტემა.[6] 

რაც მთავარია, რეფორმის პროცესმა დაკარგა საკვანძო მიმართულება - რეალური ძალაუფლების და გავლენის წყაროები სასამართლოს შიგნით და ჯგუფები, რომლებსაც საკუთარი ინტერესები გააჩნიათ. ფორმალურ ტექსტებსა და ინსტიტუტებზე სწორებამ, რომლებიც ძალაუფლების რეალურ სისტემას არ ასახავს,[7] გვერდზე გადადო ცენტრალური მნიშვნელობის საკითხები და ამდენად, გზა გაუხსნა საკანონმდებლო რეფორმით მანიპულირების შესაძლებლობას გავლენიანი ჯგუფების მხრიდან.

ამ და სხვა საკითხებზე მსჯელობის დროულად დაწყება საჭიროა. შესაძლოა, ზოგიერთი უსიამოვნო შეკითხვის დასმა იმის ახსნაშიც დაგვეხმაროს, რატომ ვერ აიდენტიფიცირებს ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი თავის თავს სასამართლოს გარშემო მიმდინარე პროცესებთან. ამ მსჯელობაში გაჩენილი არგუმენტები შეიძლება ახალი ბიძგი იყოს სასამართლო რეფორმის მოჯადოებული წრის გასარღვევად. ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ახლა, როდესაც მართლმსაჯულების შემდგომი რეფორმირება მიმდინარე პოლიტიკური მოლაპარაკებების საკვანძო საკითხია.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] Boaventura de Sousa Santos, “The Gatt of Law and Democracy:(Mis)Trusting the Global Reform of Courts”, 1999, p.57.

[2] Nuno Garoupa and Tom Ginsburg, “Judicial Councils and Judicial Independence”, 2009, p.109.

[3] Richard Mohr and Francesco Contini, “Judicial evaluation in context: principles, practices and promise in nine European countries”, 2007, p.260.

[4] იქვე.

[5] Adam Czarnota, “Lustration, Decommunisation and the Rule of Law”, 2009, p.332.

[6] Boaventura de Sousa Santos, “The Gatt of Law and Democracy: Mis(Trusting) the global reform of courts”, 1996, p.75.

[7] David Kosař, “Politics of Judicial Independence and Judicial Accountability in Czechia: Bargaining in the Shadow of the Law between Court Presidents and the Ministry of Justice”, 2017, p.99.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“