[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სამართალდამცავი სისტემა / განცხადება

ვგმობთ საპოლიციო რეპრესიებს ბათუმში და ვითხოვთ "ბათუმელებისა" და „ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის, დაუყოვნებლივ გათავისუფლებას

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება გუშინ, 11 იანვრის ღამეს ბათუმში მომხდარ თვითნებური და უკანონო დაკავების ფაქტებს და მოითხოვს, მედია გამოცემების, "ბათუმელებისა" და „ნეტგაზეთის" დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, ისევე როგორც არასათანადო მოპყრობის შემთხვევების გამოძიებას და ბრალეული პირების პასუხისგებაში მიცემას.

2025 წლის 11 იანვარს, უწყვეტი პროტესტის 45-ე დღეს ბათუმში საპროტესტო მსვლელობა გაიმართა სლოგანით - “სოლიდარობა რეჟიმის პატიმრებს”. დემონსტრანტებმა გააპროტესტეს 10-11 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეების, ქეთევან ჯაჭვაძის და ირაკლი ხუსკივაძის მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით კვლავ პატიმრობის გამოყენება იმ 19 პირის მიმართ, რომლებიც აქციების მიმდინარეობისას სხვადასხვა დროს სისხლის სამართლის წესით არის დაკავებული.

საპროტესტო მსვლელობა ბათუმში დაახლოებით 20:00 საათისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოს შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო. მოქალაქეები მშვიდობიანი პროტესტის ფარგლებში, ბათუმის სხვადასხვა ქუჩაზე გადაადგილდებოდნენ. სიტუაცია დაახლოებით 21:00 საათისთვის დაიძაბა, როდესაც პოლიციამ აქციის ერთ-ერთი მონაწილე ადმინისტრაციული წესით დააკავა. “ბათუმელების” ინფორმაციით, პოლიციის ეს გადაწყვეტილება აქტივისტის მიერ ერთ-ერთი სამართალდამცავის ქურთუკზე სტიკერის “გაიფიცე” გაკვრის მცდელობას მოჰყვა. ამის შემდეგ, მსვლელობა პოლიციის მთავარი სამმართველოსკენ დაიძრა, სადაც დაახლოებით 21:30 საათიდან, აქციის მონაწილეები დაკავებული აქტივისტის გათავისუფლებას ითხოვდნენ. შეკრებიდან 5-6 წუთში, ერთ-ერთმა აქტივისტმა ციალა ქათამიძემ პოლიციის შესასვლელთან, ასფალტზე, სტიკერი გააკრა, რასაც ბათუმის პოლიციის უფროსის გაღიზიანება და შემდეგ უკვე ციალა ქათამიძის თვითნებური დაკავება მოჰყვა. ციალა ქათამიძის დაკავების შემდეგ დააკავეს ვაჟა დარჩია, რომელმაც დასვა კითხვა, თუ რატომ აკავებდნენ ციალა ქათამიძეს. სამართალდამცავებმა ჯამში 13 პირი დააკავეს. დაკავებულებს შორის იყვნენ ქალები და არასრულწლოვანი პირები.

დაკავებულებს შორის ერთ-ერთი მზია ამაღლობელი იყო, რომელიც “ბათუმელებისა” და ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორია. პოლიციამ იგი ადმინისტრაციული წესით დააკავა კედელზე სტიკერის გაკვრის გამო, რომელსაც ეწერა “იფიცება საქართველო”. არსებული ინფორმაციით, შსს მზია ამაღლობელს პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა, მაშინ, როდესაც გავრცელებულ კადრებში აშკარად ჩანს, რომ მზია ამაღლობელი მოქმედებდა შეკრების და გამოხატვის თავისუფლებით დაცულ ფარგლებში, ხოლო პოლიციის მხრიდან მისი დაკავება იყო თვითნებური და უკანონო. მზია ამაღლობელი სხვა დაკავებულ ქალებთან ერთად მალევე, დაახლოებით 2 საათის შემდეგ, გაათავისუფლეს, თუმცა გათავისუფლების შემდეგ რამდენიმე წუთში ხელახლა დააკავეს, ამჯერად სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

როგორც მისი უფლებადამცველები ამბობენ, მზია ამაღლობელი უდანაშაულოა და მისი ქმედებები არათუ სისხლის სამართლის დანაშაულის, არამედ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნიშნებსაც კი არ შეიცავს. უფრო ზუსტად, დაკავების მომენტში მზია ამაღლობელი მოყვა ჭყლეტაში. როგორც მზია ამაღლობელმა სახალხო დამცველის წარმომადგენელს მოუთხრო, როდესაც იგი პირველი დაკავების შემდეგ გაათავისუფლეს, ჭყლეტაში მოხვდა და ხელზე ტკივილი იგრძნო, რადგან მას ხელზე ძლიერად უჭერდნენ. ხელის გათავისუფლების მიზნით, მან ხელი ძლიერად აიქნია და უნებურად მოარტყა პოლიციელს, რომელიც როგორც მოგვიანებით გაირკვა, აღმოჩნდა ბათუმის პოლიციის უფროსი. ამ მომენტში პოლიციის უფროსმა მზია ამაღლობელი მყისიერად, თავადვე დააკავა. მეორედ დაკავების შემდეგ, მზია ამაღლობელს რამდენიმე საათის განმავლობაში არ ეძლეოდა ადვოკატთან კომუნიკაციის შესაძლებლობა, მისი თქმით, დაკავების შემდეგ ადგილი ჰქონდა მის მიმართ არასათანადო მოპყრობას.

მოგვიანებით „ტვ იმედზე“ გავრცელდა ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს მზია ამაღლობელის მხრიდან პოლიციელზე ხელის გარტყმის ეპიზოდი. ვიდეოს ხმა არ ახლავს და ის სრულად არ ასახავს მომხდარს. მიუხედავად ამისა, სამთავრობო პროპაგანდისტული მედია მას ავრცელებს ისე, რომ არ განმარტავს მოვლენების წინმსვლელობას და აღნიშნული ეპიზოდის კონტექსტს. თვითმხილველების მიერ ჩვენთვის მიცემული განმარტებით, აღნიშნულ ეპიზოდს წინ უძღოდა პოლიციელების მხრიდან ადგილზე მყოფი მშვიდობიანი შეკრების მონაწილეების, მათ შორის მედია გამოცემა „ბათუმელების“ რედაქტორის, ეთერ თურაძის ნათესავების, თვითნებური და აგრესიული დაკავება, რასაც ჭყლეტაც ახლდა თან. ეს ქმედებები მზია ამაღლობელმა და ეთერ თურაძემ ადგილზე გააპროტესტეს. ამ დროს პოლიციის უფროსმა მზია ამაღლობელს შეაგინა და როგორც ქალს, უხამსი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მზია ამაღლობელის რეაქცია, როგორც ჩანს, პოლიციელების მხრიდან უკანონო, თვითნებური და ღირსების შემლახავი ქმედებების შედეგად იყო პროვოცირებული. აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 2024 წლის 16 დეკემბერს, ერთ-ერთი საპროტესტო შეკრების დროს, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, გრიგოლ ბესელიამ, და ბათუმის პოლიციის უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ, დაკავებით დაემუქრნენ „ბათუმელებს“ და მის რედაქტორს, ეთერ თურაძეს, ხოლო კომუნიკაცია ხორციელდებოდა უხეშ და უპატივცემულო ტონალობაში. როგორც ჩანს, „ბათუმელების“ მუშაობა, რომელიც სისტემატურად ააშკარავებს პოლიციის საქმიანობაში კანონსაწინააღმდეგო პრაქტიკებს და უფლებების დარღვევებს, გამაღიზიანებელი აღმოჩნდა ადგილობრივი პოლიციის მენეჯმენტისთვის, რაც ამ უკანასკნელთა განსაკუთრებულ ინტერესს განაპირობებდა.

სახალხო დამცველის განცხადებით, მათ მიერ 11 და 12 იანვარს მონახულებული დაკავებულებიდან 5 პირი პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს, ხოლო მათი უმეტესობა მიუთითებს, რომ პოლიციელებმა მათ არ განუმარტეს დაკავების საფუძველი და უფლებები.

როგორც ჩანს, “ქართული ოცნება” აგრძელებს შეკრების თავისუფლების ხელყოფას და მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების თვითნებური და მასობრივი უკანონო დაკავების პრაქტიკას. 28 ნოემბერს საპროტესტო აქციების შემდეგ დაკავებულია 500-ზე მეტი ადამიანი, რომელთა უდიდესი ნაწილი უთითებს დაკავების დროს და დაკავების შემდეგ არასათანადო მოპყრობაზე და წამებაზე ძალოვანი უწყებების წარმომადგენლების მხრიდან. ეს ტენდენციები აჩვენებს, რომ დაკავებული პირების მიმართ საპოლიციო ძალადობა და არასათანადო მოპყრობა საქართველოში ადმინისტრაციულ პრაქტიკად იქცა და სისტემური გახდა.

ამას ემატება წამების, არაადამიანური მოპყრობისა და სისტემური ძალადობის შემთხვევებისა და პრაქტიკების არასათანადო გამოძიება და რეაგირება საგამოძიებო უწყებებისა და სასამართლოს მხრიდან. საზოგადოებას უნდა შევახსენოთ, რომ ამ დრომდე პოლიციის მხრიდან ძალადობის არც ერთ საქმეზე არც ერთი სამართალდამცავი პირი არ არის დაკავებული. ამასთან, სასამართლომ თითქმის ყველა ადმინისტრაციულ საქმეზე ადამიანებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და შესაბამისი სახდელები შეუფარდა და არ მოახდინა სათანადო რეაგირება წამების, არაადამიანური და სასტიკი მოპყრობის შემთხვევებზე, რაზეც მათ წინაშე წარმდგარი დაკავებული პირები უთითებდნენ. ცხადია, რომ ეს პრაქტიკა სტრუქტურული დაუსჯელობის გარემოს ქმნის და ანგრევს სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპებს, რომელიც ადამიანის ღირსების, უსაფრთხოებისა და თავისუფლების დაცვაზეა დაფუძნებული.

ნიშანდობლივია, რომ ბოლო პერიოდში დაკავებულთა შორის ხვდებიან ქალები, არასრულწლოვნები, შშმ პირები, ჟურნალისტები, რაც რეპრესიის და ტერორის ინტენსიფიკაციაზე მიუთითებს. ნიშანდობლივია ისიც, რომ რეჟიმის სამიზნე გახდა გამორჩეული მედია პლატფორმის დამფუძნებელი, რომელიც 90-იანი წლებიდან აქტიურ მედია სამუშაოს ეწევა და გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმით, დამოუკიდებლობითა და კრიტიკულობით ხელისუფლებებისა და ძალაუფლების სხვა ღერძების მიმართ.

აშკარაა, რომ შექმნილ პოლიტიკურ კრიზისში რეპრესია და მოქალაქეებზე მასობრივი ძალადობა “ქართული ოცნების” ერთადერთი პასუხი გახდა. თბილისში, ბათუმში, ქუთაისში და სხვა ქალაქებში უწყვეტი პროტესტებისა და უკიდურესად მკაცრი საერთაშორისო რეაგირების მიუხედავად, “ქართული ოცნება” არ მიდის გონივრულ დათმობებზე და პირიქით, ზრდის რეპრესიის ხარისხს საკუთარ მოქალაქეებზე. ეს ძალადობრივი პრაქტიკა საქართველოში ავტორიტარიზმის აღმასვლის შემაშფოთებელი სიმპტომია, რომელიც მოქალაქეებს სულ უფრო მეტად დაუცველს ტოვებს რეპრესიული აპარატის წინაშე და ართულებს დემოკრატიული გზებით ცვლილებების მიღწევის პროცესს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი კიდევ ერთხელ სოლიდარობას უცხადებს ბათუმში მშვიდობიან წინააღმდეგობაში ჩართულ სამოქალაქო აქტივისტებს და მოითხოვს ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის გათავისუფლებას და მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის არ გამოყენებას.

  • შენიშვნა: განცხადებას დაემატა „ტვ იმედზე“ გავრცელებული ვიდეომასალის შეფასება, რომელიც, სამწუხაროდ, მანამდე ჩვენთვის ცნობილი არ იყო.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“