[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სამართალდამცავი სისტემა / განცხადება

სოლიდარობა შშმპ უფლებათა აქტივისტს - გია ჯვარშეიშვილს, რომელიც პოლიციის მხრიდან არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი მეორედ გახდა

სოციალური სამართლიანობის ცენტრი სოლიდარობას უცხადებს შშმპ უფლებათა აქტივისტს - გია ჯვარშეიშვილს, რომელიც პოლიციის მხრიდან არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი მეორედ გახდა და მოითხოვს, მისი საქმის ეფექტიან და დროულ გამოძიებას.

2025 წლის 11 იანვარს, რესპუბლიკის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, პოლიციამ შშმ პირთა უფლებების აქტივისტი, გია ჯვარშეიშვილი, კიდევ ერთხელ, ძალის გადამეტებით დააკავა. სოციალურ ქსელებში ვრცელდება კადრები, სადაც რამდენიმე პოლიციელის ქვეშ მოქცეული აქტივისტი შველას ითხოვს.

ადმინისტრაციული წესით დაკავებულ აქტივისტს პოლიციელებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რაც მისი ალადაშვილის კლინიკაში გადაყვანის მიზეზი გახდა. კლინიკის წარმომადგენლის განცხადებით, გია ჯვარშეიშვილის ამჟამინდელი მდგომარეობა სტაბილურია და მას დაჟეჟილობა აღენიშნება. საპირისპიროს ამტკიცებენ მისი მეგობრები, რომლებიც უთითებენ, რომ სისხლჩაქცევებთან ერთად, აქტივისტმა ტვინის შერყევაც მიიღო.

ადვოკატისა და მისი მეგობრების განცხადებით, დაკავების შემდგომ გია ჯვარშეიშვილთან კომუნიკაცია პოლიციამ მინიმუმამდე შეზღუდა და მხოლოდ რამდენიმე წუთით დაუშვა ადვოკატთან საუბრის შესაძლებლობა. იმავე წყაროების ინფორმაციით, კლინიკაში ათამდე პოლიციელი იყო მობილიზებული, ხოლო აქტივისტი რენტგენის გადასაღებად პოლიციელთან ბორკილმიბმული შეიყვანეს. იქიდან გამომდინარე, რომ გია ჯვარშეიშვილი ერთხელ უკვე გახდა პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი, დაკავებისა და მის შემდგომ პერიოდში პოლიციის ქმედებებმა მისი ემოციური მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად დაამძიმა. ამის მიუხედავად, აქტივისტის მეგობრების განცხადებით, მას დროულად არ მიეწოდა საჭირო სამედიცინო დახმარება, მათ შორის, არ მოხდა დროული სამედიცინო ჩარევა მისი მძიმე ემოციური ფონის დასასტაბილურებლად. მიუხედავად შექმნილი ვითარებისა, პოლიციამ დაუსაბუთებლად უარი განაცხადა ხელწერილის საფუძველზე მის გათავისუფლებაზე.

გია ჯვარშეიშვილი 2024 წლის 1-2 დეკემბრის აქციაზეც დააკავეს და სასტიკად გაუსწორდნენ. აქტივისტს ნეკნები ჩაუმტვრიეს, მიაყენეს მრავლობითი დაზიანებები, მათ შორის, ტვინის შერყევა, დაემუქრნენ გაუპატიურებით და წაართვეს პირადი ნივთები. მიუხედავად ყველაფრისა, თბილისის საქალაქო სასამართლომ იგი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 2 200 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

გია ჯვარშეიშვილის დაკავების შემთხვევა ქვეყანაში საპოლიციო რეპრესიის, მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების სასტიკი დევნისა და ადამიანის უფლებების კუთხით უკიდურესად მძიმე მდგომარეობის კიდევ ერთი მაგალითია. სამართალდამცავი უწყებების მხრიდან ძალის გადამეტებამ და ადამიანების ღირსების ხელყოფამ დიდი ხანია ადმინისტრაციული პრაქტიკის სახე მიიღო. პროტესტის მონაწილეთა წამებაში, მათ მიმართ არაადამიანურ და ღირსებისშემლახავ მოპყრობაში დამნაშავე სამართალდამცავების გამოვლენის ნაცვლად, სახელმწიფო კვლავ უდანაშაულო, მშვიდობიან აქტივისტს აკავებს, არაპროპორციულ ძალას იყენებს მის წინააღმდეგ და ხელს უშლის, ღირსეულ გარემოში მიიღოს მინიმალური სამედიცინო დახმარებაც კი. არსებითია, ამ საქმეზე დაიწყოს დროული და ეფექტიანი გამოძიება და დროულად მოხდეს არაადამიანურ მოპყრობაში ჩართული პოლიციელების იდენტიფიცირება.

აშკარაა ისიც, რომ პოლიციას არ გააჩნია კრიზისში მყოფ ადამიანებთან მოპყრობის სათანადო ცოდნა და პროტოკოლი, რის გამოც მათ მიმართ მოპყრობა ორმაგ ტანჯვას, მოწყვლადობას და დაუცველობას იწვევს კონკრეტულ ადამიანებში. ამგვარ პირობებში დაკავებისა და მოპყრობის მანერა სამართალდამცველთა ქცევის კი კიდევ უფრო მკაცრ სამართლებრივ შეფასებას მოითხოვს და არსებითია, ეს კონტექსტი ასევე იყოს გათვალისწინებული გამოძიების პროცესში.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი სოლიდარობას ვუცხადებთ გია ჯვარშეიშვილსა და უკანონოდ დაკავებულ ყველა აქტივისტს, რომელიც მშვიდობიანი პროტესტისთვის სისტემური რეპრესიების მსხვერპლი ხდება!

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“