საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
იგავი მოზრდილთათვის
მოდით, იგავით დავიწყოთ.[1]
იყო და არა იყო რა...
ერთი ტბის პირას პატარა მეთევზეთა სოფელი მდებარეობდა. სოფლის მკვიდრნი ღარიბულად ცხოვრობდნენ. თავი გაჰქონდათ თევზით, რომელსაც ტბაში იჭერდნენ და ტანსაცმლით, რომელსაც თავად კერავდნენ. მათ კონტაქტი არ ჰქონდათ სხვა დასახლებულ პუნქტებთან, რომლებიც ათეულობით კილომეტრის მოშორებით მდებარეობდა და მათთან მისაღწევად უღრანი ტყის გადალახვა იყო საჭირო.
სოფლის მცხოვრებთა პირობები კიდევ უფრო გაუარესდა მას შემდეგ, რაც ტბაში თევზის რაოდენობამ იკლო. მეთევზეებმა ამ კრიზისს გაორმაგებული შრომით უპასუხეს, თუმცა საბოლოოდ გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ - რაც უფრო მეტად იკლებდა თევზის რაოდენობა ტბაში, მით მეტი დროის გატარება უხდებოდათ ტბაში სათევზაოდ, რაც კიდევ უფრო ამცირებდა თევზის რაოდენობას და შედეგად უფრო მეტი ძალისხმევის გაღება უწევდათ მშრომელებს.
სოფლის მცხოვრებლები იძულებულნი გახდნენ, დახმარების სათხოვნელად სოფლის ქურუმთან მისულიყვნენ. ქურუმმა მხრები აიჩეჩა და იკითხა: - „რას ფიქრობს ამაზე ჩვენი სოფლის უხუცესთა საბჭო? მთელი დღის განმავლობაში სხედან და ჭორაობის მეტს არაფერს აკეთებენ. სწორედ მათ ევალებათ ამ საკითხის გადაჭრა.“
- „კი მაგრამ როგორ?“ - შეშფოთდნენ სოფლის მცხოვრებნი.
- „მარტივად!“ - პასუხობს ქურუმი. „უხუცესთა საბჭომ უნდა ჩამოაყალიბოს მეთევზეთა კოოპერატივი, რომელიც გადაწყვეტს, თუ რა რაოდენობის თევზი უნდა დაიჭიროს ერთმა მეთევზემ თვეში. ამით თევზის რაოდენობა ტბაში აღდგება და მომავალში მსგავსი პრობლემის თავიდან არიდებას შეძლებთ.“
მართლაც, უხუცესთა საბჭომ სწორედ ისე გააკეთა, როგორც ქურუმმა ურჩია. ცხადია, სოფლის მკვიდრთ სულაც არ უხაროდათ, რომ უხუცესები მითითებას აძლევდნენ და ერეოდნენ მათი ბიზნესის მართვაში, თუმცა, ცხადია, ხვდებოდნენ აღნიშნული კონტროლის საჭიროებას.
ცოტა ხანში ტბა კვლავ თევზით აივსო.
სოფლის მცხოვრებნი მიუბრუნდნენ ქურუმს და მადლობა შესწირეს მისი სიბრძნის გამო. იმ დროს, როცა ისინი გადიოდნენ, ქურუმმა იკითხა: - „რადგან ჩემი დახმარებით დაინტერესებულნი ხართ, გინდათ, შემოგთავაზოთ კიდევ ერთი ახალი იდეა?“
- „რა თქმა უნდა“, - ერთხმად შესძახეს სოფლის მცხოვრებლებმა.
- „ძალიან კარგი,“ - თქვა ქურუმმა. - „განა სიგიჟე არ არის ის, რომ ყველა თქვენგანი თქვენს მთელ დროს ხარჯავთ ტანსაცმლის ქსოვაში, როდესაც ბევრად უკეთესი ტანსაცმელი ბევრად იაფად შეგიძლიათ იყიდოთ ტყის მეორე მხარეს მდებარე სოფლებში? ცხადია, იქ მისვლა იოლი არ არის, მაგრამ წელიწადში მხოლოდ ერთხელ ან ორჯერ მოგიწევთ მოგზაურობა.“
- „მაგრამ, სანაცვლოდ ჩვენ რა უნდა მივყიდოთ მათ?“ - გაუკვირდათ სოფლის მცხოვრებლებს.
- „მსმენია, რომ იქაურ ხალხს ძალიან უყვარს ხმელი თევზი.“ - უპასუხა ქურუმმა.
სწორედ მისი მითითებისამებრ მოიქცნენ სოფლის მცხოვრებლები. მათ გაახმეს თავიანთი თევზის ნაწილი და დაიწყეს ვაჭრობა ტყის მეორე მხარეს მდებარე სოფლებთან. მეთევზეები ამით გამდიდრდნენ, ვინაიდან ისინი თავიანთ პროდუქტს საკმაოდ მაღალ ფასში ყიდდნენ, სამაგიეროდ ტანსაცმლის მკერავთა შემოსავალმა იკლო, რადგან მათ მოქსოვილ ტანსაცმელზე ფასი მკვეთრად დაეცა.
ერთი სიტყვით, ამ პროცესით სოფლის ყველა მცხოვრები არ იყო ბედნიერი. ის ოჯახები, რომლებსაც არ ჰქონდათ ნავი და რომელთა შემოსავალიც დამოკიდებული იყო ტანსაცმლის კერვაზე, ძალიან დიდი პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ. მათ უწევდათ სხვა სოფლიდან შემოტანილ უფრო იაფ და ხარისხიან ტანსაცმელთან კონკურენცია და ასევე, ხელი აღარ მიუწვდებოდათ იაფ თევზზე. ამიტომ, კვლავ ქურუმს მიმართეს, დახმარების თხოვნით.
- „ეს უხუცესთა საბჭოს გადასაჭრელი კიდევ ერთი პრობლემაა“ - თქვა ქურუმმა. „ხომ იცით, რომ თითოეული ოჯახი ვალდებულია, ყოველთვიური ნადიმისთვის შენატანი გააკეთოს?“
- „დიახ“ - უპასუხეს მათ.
- „ძალიან კარგი. ვინაიდან ვაჭრობის შედეგად მეთევზეები ასე სწრაფად გამდიდრდნენ, მათ უფრო მეტი შენატანის გაკეთება ეკუთვნით, თქვენ კი უფრო ნაკლების.“
უხუცესთა საბჭომაც მიიჩნია, რომ ეს სამართლიანი იქნებოდა და სთხოვეს მეთევზეებს, გაეზარდათ თავიანთი თვიური შენატანი. მეთევზეები არ აღელვებულან ამ გადაწყვეტილებით, რადგან კარგად ესმოდათ, რომ სოფელში უთანხმოების გამწვავება მათ ინტერესებში არ შედიოდა. ცოტა ხანში სოფლის დანარჩენი მცხოვრებლებიც ისევ ბედნიერები იყვნენ.
ამასობაში ქურუმი კიდევ ერთმა იდეამ შეაწუხა. მან თქვა: „წარმოიდგინეთ, რამდენად მდიდარი შეიძლება გახდეს ჩვენი სოფელი, ჩვენს ვაჭრებს უღრან ტყეში რომ არ უწევდეთ დღეების გატარება. წარმოიდგინეთ, რამდენად გაიზრდებოდა ვაჭრობის ინტენსივობა, თუ გვექნებოდა გზა ტყეში გაყვანილი.“
„მაგრამ როგორ?“ - იკითხეს სოფლის მცხოვრებლებმა.
„მარტივად,“ - უპასუხა ქურუმმა. - „უხუცესთა საბჭომ უნდა უზრუნველყოს სამუშაო ძალის ორგანიზება უღრან ტყეში გზის გასაყვანად და ამისთვის აუცილებელი ხეების გასაკაფად“.
მანამდე აღნიშნული სოფელი სხვა სოფლებს უკავშირდებოდა საფეხმავლო ბილიკით. გზის გაყვანამ კი შეამცირა როგორც მოგზაურობის დრო, ასევე ვაჭრობისთვის საჭირო ეკონომიკური ხარჯი. ვაჭრობა უფრო ინტენსიური გახდა და მეთევზეები კიდევ უფრო გამდიდრდნენ, თუმცა ნადიმის დროს, მათ არ უთქვამთ უარი თავიანთი სიმდიდრის გადანაწილებაზე სოფლის სხვა მცხოვრებლებისთვის, რომლებიც დაზარალდნენ ამ პოლიტიკის შედეგად.
თუმცა, რაც უფრო დიდი დრო გავიდა, ვითარება უფრო მეტად დაიძაბა. გზის გაყვანამ ტყის მეორე მხარეს მდებარე სოფლის მცხოვრებლებსაც გაუადვილა ამ სოფლის ტბაზე წვდომა და თევზაობა, რასაც გაათმაგებული რაოდენობით ეწეოდნენ. იმის გამო, რომ არც უხუცესთა საბჭოს და არც მეთევზეთა კოოპერატივს არ შეეძლო ამ ხალხისთვის შეზღუდვების დაწესება, ტბაში თევზმა კვლავ სწრაფად დაიწყო შემცირება.
ამ ახლად წარმოქმნილმა ახალი ტიპის კონკურენციამ ადგილობრივი მეთევზეების შემოსავლების შემცირებაც გამოიწვია. მათ ჩივილი დაიწყეს იმასთან დაკავშირებით, რომ ნადიმის გადასახადი ძალიან ამძიმებდა მათ მდგომარეობას.
„როგორ შევძლებთ გარე კონკურენტებთან კონკურენციას, რომელთაც არ აქვთ მსგავსი დამაბრკოლებელი მდგომარეობა, როგორც ჩვენ?“ - გაიძახოდნენ სასოწარკვეთილები.
ზოგიერთმა ადგილობრივმა მეთევზემ ნადიმის გაცდენაც დაიწყო. სწორედ ნადიმის დღეს ისინი სოფლიდან მიდიოდნენ. სოფლიდან გასასვლელი გზა ხომ ამას აადვილებდა, შესაბამისად, ისინი თავიანთ მოვალეობებს მარტივად ირიდებდნენ თავიდან. ამან, თავის მხრივ, განარისხა სოფლის სხვა მცხოვრებნი.
საჭირო გახდა ისევ ქურუმთან მისვლა. ხანგრძლივი და ხმაურიანი შეკრება გამართეს , რომელზეც თითოეული მხარე თავის პოზიციას საკმაოდ აგრესიულად იცავდა. ყველა მხარე შეთანხმდა, რომ ვითარება საკმაოდ არასტაბილური იყო, თუმცა მათგან წამოსული გამოსავლის გზები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებოდა. მეთევზეებს სურდათ, შეეცვალათ და შემოეღოთ ისეთი წესები, რომელიც მათ აღარ აიძულებდა, გაეღოთ კონტრიბუცია/შენატანი ყოველთვიურ ნადიმზე. დანარჩენებს სურდათ თევზით ვაჭრობის აკრძალვა უცხოელებზე, რის შემდეგაც, მათი აზრით, მდგომარეობა გაუუარესდათ. ზოგიერთი უფრო შორსაც წავიდა და ახლად გაყვანილი გზის ქვებით ჩახერგვა მოითხოვა, რათა არავინ შემოსულიყო და გასულიყო სოფლიდან.
სოფლის ქურუმმა ყურადღებით უსმინა მათ მრავალნაირ არგუმენტს.
„თქვენ გმართებთ იყოთ გონივრულები და კომპრომისულები“, - უთხრა მათ მცირეხნიანი ფიქრის შემდეგ. - „აი, რას გთავაზობთ მე: უხუცესთა საბჭომ სოფლის შემოსასვლელთან პუნქტი უნდა გააკეთოს და ყველამ, ვინც შემოვა და გავა, უნდა გადაიხადოს ბაჟი.“
„მაგრამ ეს ხომ უფრო ხარჯიანს გახდის ჩვენს ვაჭრობას“, - დაიჩივლეს მეთევზეებმა.
„მაგრამ ეს, აგრეთვე, შეამცირებს გადაჭარბებული რაოდენობის თევზჭერას და აანაზღაურებს იმ თანხას, რაც ნადიმის შენატანში გვაკლდება“- უპასუხა ქურუმმა. მან ასევე ხელით ანიშნა იმ ხალხსა და მათ ინტერესებზე, ვინც ვაჭრობის გაუქმებას მოითხოვდა.
საბოლოოდ, სოფლის მცხოვრებნი შეთანხმდნენ, რომ ეს გონივრული გამოსავალი იქნებოდა და შეხვედრა კმაყოფილებმა დატოვეს. ჰარმონიული თანაცხოვრება ისევ აღდგა სოფელში.
და მას შემდეგ ყველა ბედნიერად ცხოვრობდა.
ინტერესი და იდეოლოგია
აღნიშნული იგავი პატარა სოფლისა და მარტივი ცნებების მაგალითზე გვიხსნის ვაჭრობისგან მომავალ ბენეფიტებსა და მის თანმდევ მნიშვნელოვან რისკს, რომლის წინაშეც საზოგადოება აღმოჩნდება თუ გატარებული პოლიტიკა არასწორია.
თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ყოველთვის წარმოშობს გლობალიზაციით „მოგებულებსა“ და „დამარცხებულებს“. ამ პოლიტიკის არჩევანი მეტწილად დამოკიდებულია პოლიტიკურ პროცესზე, რომელშიც ძალაუფლებრივ იერარქიაში მაღლა მყოფი ფენის სპეციალური ინტერესები გადამწყვეტ როლს თამაშობს. მრავალი დამკვირვებლის მოსაზრებით, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმებს განსაზღვრავენ მოგებისა და სწრაფი გამდიდრების ჟინით შეპყრობილი მსხვილი კორპორაციები, რომლებიც ძალაუფლებაში მყოფ პოლიტიკურ პარტიებთან მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი. მათი ინტერესების გლობალიზაცია კი მსხვერპლად იწირავს მრავალ მცირე ან საშუალო ზომის ფირმებსა თუ ეკონომიკურ აგენტებს, რომლებიც კონკრეტული საზოგადოებების შიგნით მოქმედებენ და ხშირად სოციალური სტრუქტურის საყრდენს წარმოადგენენ. ისაია ბერლინის სიტყვებითვე რომ ვთქვათ, „დიდი თევზების თავისუფლება, ხშირად, პატარა თევზების სიკვდილის ტოლფასია. ამიტომ, ზოგიერთის თავისუფლება სწორედ სხვების თავისუფლების შეზღუდვაზე დგას.“ [2]
„თავისუფალი ვაჭრობა“ საგანთა ბუნებრივი წესრიგი არ გახლავთ. ჩვენ ის მივიღეთ არც თუ ისე დიდი ხნის წინ, როგორც გლობალიზებული ეკონომიკის თანმდევი წესრიგი, რომლის უკანაც სპეციალური პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები იდგა. ცხადია, მარტივია ყველანაირი პროგრესისა და განვითარების თავისუფალ ვაჭრობასთან ასოცირება და ყოველგვარი სიბნელის პროტექციონიზმთან დაკავშირება, თუმცა ეს უფრო მეტად ჰგავს ინდოქტრინიზებული ადამიანების საუბარს, რომლებიც მიდიან ისტორიის, ისტორიული კონტექსტებისა და ხშირად ფაქტების დამახინჯებამდე. იმისათვის, რომ სრული წარმოდგენა შევიქმნათ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, აუცილებელია არა მხოლოდ ეკონომიკური პროცესების კარგად გაგება, არამედ ისეთი ფაქტორების შესწავლაც, როგორიცაა თავისუფალ ვაჭრობაში სამართლიანობის დისტრიბუციის ეფექტები და მისი გავლენა სოციალურ ნორმებზე, წესებსა და საზოგადოების ფუნქციონირებაზე/საქმიანობაზე/ქმედებაზე.
რობერტ დრისკილმა, ვანდერფილდის უნივერსიტეტის ეკონომისტმა, თანამედროვე ეკონომიკური აზროვნების ჩავარდნის კარგი ილუსტრაცია მოახდინა თავის ნაშრომში, სახელწოდებით „თავისუფალი ვაჭრობის არგუმენტის დეკონსტრუქცია“.[3] დრისკილმა გააანალიზა თანამედროვე ეკონომიკურ მეცნიერებებში ყველაზე პოპულარული სახელმძღვანელოები და ესეები, რომლებითაც უნივერსიტეტების უმრავლესობაში ასწავლიან სტუდენტებს და რომლებშიც ეკონომისტები დამაჯერებლად ირწმუნებიან თავისუფალი ვაჭრობის სასარგებლოდ, რომ „ეკონომიკურმა აზროვნებამ უკვე შეძლო „ცოდნის პრობლემატური ბუნების გადაწყვეტა, საბოლოოდ გარკვევა, თუ რა არის კარგი ამა თუ იმ საზოგადოებისთვის, მიუხედავად იმისა, დაზარალდება თუ არა ამით საზოგადოების ნაწილი.“ დრისკილი წერს, რომ „ამ პროფესიამ დიდი ხანია, შეწყვიტა კრიტიკული პერსპექტივიდან აზროვნება. მას ეს უნარი დაუჩლუნგდა, რადგან ისინი ძალიან მწირი არგუმენტების მოშველიებით ცდილობენ თავიანთი კონსენსუსის დასაბუთებას“. მისი თქმით, ამ ეკონომისტების სახელმძღვანელოთა უმრავლესობაში ვხვდებით არა „დაბალანსებულ შეპირისპირებას თავისუფალი ვაჭრობის დადებით და უარყოფით შედეგებზე“, არამედ ისინი „გულანთებული ბრალმდებლის ადვოკატებად“ გვევლინებიან. მათი მიზანია სხვების დარწმუნება და არა ობიექტური ინფორმაციის მიწოდება, რომელიც მკითხველს თავად მისცემს მართებულად შეფასების საშუალებას.[4]
რატომ და როგორ გადაიქცა ეკონომისტების ანალიტიკური გონება რეალური სამყაროს სავაჭრო პოლიტიკასთან დაკავშირებული ნეოლიბერალური პროპაგანდისტული მანქანის ნაწილად? მათი უმრავლესობისთვის „შედარებითი უპირატესობის“ თეორია ეკონომიკური პროფესიის მთავარ სიწმინდედაა გამოცხადებული. ხშირად ამას უწოდებენ ხოლმე ე.წ. „ბარბაროსების კარიბჭესთან“ სინდრომს, რადგან მრავალი მეინსტრიმ ეკონომისტისთვის თავისუფალი ვაჭრობის სიკეთეების ეჭვქვეშ დაყენება ემსახურება სწორედ იმ „ბარბაროსების“ ინტერესებს, რომლებიც არ არიან ლიბერალური ეკონომიკური წესრიგის ნიუანსური დეტალებით დაინტერესებულნი და ცდილობენ თავიანთი „დირიჟისტული დღის წესრიგის“ დამყარებას..
როდესაც ეკონომისტები ცდილობენ, არასრულყოფილი მტკიცებულებების მოშველიებით ზედმეტად გააზვიადონ, გააბუქონ და ისე გაყიდონ თანამედროვე გლობალიზაცია ადამიანებზე, ისინი არა მხოლოდ კარგავენ შესაძლებლობას, იქცნენ ამ ადამიანების მასწავლებლებლად, არამედ კარგავენ ნდობასაც. ისინი, უბრალოდ, ადამიანების თვალში აღიქმებიან, როგორც დაქირავებული ტყვიები „უსამშობლო ელიტების“ ხელში, რომელნიც პოლიტიკური მოტივებით არიან შეპყრობილნი, ემსახურონ მხოლოდ საერთაშორისო ეკონომიკურ აგენტებს და არა კონკრეტულ საზოგადოებას, რომელსაც ისინი მიეკუთვნებიან. ეს ყველაფერი კი ეკონომიკურ აზროვნებას, როგორც პროფესიას, დიდ დარტყმას აყენებს. მას უფრო მეტი უნდა ჰქონდეს შესათავაზებელი ადამიანების ფართო მასებისთვის, ვიდრე დღეს ამას აკეთებს.
ზემოთ აღწერილ იგავში პატარა სოფლის მაგალითზე კარგად ჩანს, რომ ამა თუ იმ ქვეყნის მიერ განსაზღვრულ ვაჭრობის სტრატეგიაში მთავარ როლს ასრულებს ამავე საზოგადოებებში არსებული კლასობრივი და ძალაუფლებრივი სტრუქტურა და არა ინდივიდების ეკონომიკური რაციონალიზმი. მხოლოდ ინდივიდების ეკონომიკურ რაციონალიზმზე (ბაზარზე) მინდობილი პროცესი დიდი ალბათობით ჩიხში შედის, რაც მთელ ამ საზოგადოებას დიდი რისკის წინაშე აყენებს.
საქართველოს საზოგადოებრივი სისტემის ძალაუფლებრივი იერარქია
პოსტსაბჭოთა სივრცეში სოციალიზმიდან კაპიტალიზმზე ტრანზიციისას უპრეცენდენტო ისტორიული ვითარება შეიქმნა. ერთი მხრივ, დეინდუსტრიალიზაციისა და პრივატიზაციის პოლიტიკამ ფინანსური კაპიტალის ჰეგემონიამდე მიგვიყვანა, და შეიქმნა მენეჯერიალური კონტროლისთვის პოტენციალი, მეორე მხრივ კი, გაჭიანურდა მესაკუთრეთა ადგილობრივი ბურჟუაზიის ჩამოყალიბება, და კაპიტალისტური ტრანზიციის პროცესი წარმართეს ყოფილმა კომუნისტმა ტექნოკრატებმა დისიდენტ ინტელექტუალებთან თანამშრომლობით. საბჭოთა სოციალიზმიდან კაპიტალიზმზე ტრანზიცია ე.წ. კულტურული ბურჟუაზიის ხელმძღვანელობითა და ორკესტრირებით განხორციელდა. ეს ბურჟუაზია კი შედგებოდა თითქოსდა ნაკლებად სავარაუდო მოკავშირეებისგან - ყოფილი დისიდენტი ინტელექტუალებისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ტექნოკრატი მენეჯერიალური ელიტისგან.
სწორედ მათ - მენეჯერებმა და ტექნოკრატებმა - წარმართეს მოდერნიზაციისა და კაპიტალისტური ტრანსფორმაციის პროცესი, რომელშიც მათი ძალაუფლების ბაზისი გახლდათ მენეჯერიალური „ნოუ-ჰაუ“. ამიტომაც, შეგვიძლია, მოდერნიზაციის ამ პროცესს ვუწოდოთ „კაპიტალიზმი კაპიტალისტების გარეშე“, რომელსაც მენეჯერიალური კლასი წარმართავს. და დღემდე მთელი პოსტსაბჭოთა პროცესის პოლიტიკური კონფლიქტი დგას სწორედ ყოფილი საბჭოთა ტექნოკრატების ადგილისთვის ბრძოლაზე მთელ ამ იერარქიაში. ამ კლასს თანდათანობით ანაცვლებს ახალი ტიპის ტექნოკრატთა კლასი ლიბერალური სამოქალაქო სექტორიდან, რომელთა კლასობრივი ინტერესები ზუსტად იგივეა, რაც მათი წინამორბედების. შესაბამისად, ამ პროცესს ვერ მოაქვს არსებითი ცვლილებები როგორც სავაჭრო, ასევე ეკონომიკურ სტრუქტურაში.
შედეგად მივიღეთ ეკონომიკური სისტემის შემდეგი სახის სტრუქტურა:
ეკონომიკურ სტრუქტურაში ასეთმა კლასობრივმა იერარქიამ შედეგად მოიტანა ის, რომ ჩვენი ტექნოკრატიული მენეჯერიალური კლასი მთლიანად დაექვემდებარა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს. ამ კლასის ერთადერთი მიზანი დღემდე მდგომარეობს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების ბიუროკრატთა რეკომენდაციების შესრულებაში.
თანამედროვე გლობალიზაციამ სიღარიბეში მცხოვრები ადამიანების ყოფა უკეთესობისკენ ვერ შეცვალა. ბევრი არაფერი გაკეთებულა მათი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. გლობალიზაციამ ვერც ამ ქვეყნების ეკონომიკურ სტაბილურობას შეუწყო ხელი.
საქართველოში სიღარიბის ძირითადი მიზეზი ეკონომიკის სტრუქტურა და მისი დაბალმწარმოებლური უნარია. ამის შედეგად წარმოიშვა ქრონიკული სავაჭრო დეფიციტი, რომლის რადიკალური ცვლილების გარეშე წარმოუდგენელია თავად ეკონომიკური სტრუქტურის გარდაქმნა.
სავაჭრო დეფიციტის არსი
კარგად რომ გავიგოთ რას ნიშნავს სავაჭრო დეფიციტი, მოდი ერთად გავყვეთ ლოგიკას, რომელსაც საფეხურების მიხედვით გავივლი:
საფეხური 1: სახელმწიფოები ერთვებიან ვაჭრობაში. მაგალითად, საქართველოს მოქალაქეები ყიდიან სხვა ქვეყნების მოქალაქეებს საქონელს და სანაცვლოდ ყიდულობენ იმათ საქონელს (ამ შემთხვევაში „საქონელი“ გულისხმობს არა მხოლოდ ფიზიკურ ნივთებს, არამედ სერვისსაც).
საფეხური 2: ვერავინ ვერ მიიღებს საქონელს უფასოდ. მაშასადამე, როცა ჩვენ ვყიდულობთ უცხოელებისგან საქონელს, სანაცვლოდ ჩვენც რაღაც უნდა მივყიდოთ მათ.
საფეხური 3: არსებობს მხოლოდ 3 რამ, რაც სანაცვლოდ შეგვიძლია მივცეთ:
ა) საქონელი, რომელსაც დღეს ვაწარმოებთ.
ბ) საქონელი, რომელიც გუშინ ანუ წარსულში ვაწარმოეთ.
გ) საქონელი, რომელსაც მომავალში ვაწარმოებთ.
ერთი სიტყვით სულ ეს 3 ვარიანტია, რაც შეგვიძლია, გავცეთ იმპორტის სანაცვლოდ. მეოთხე ვარიანტი რომ თეორიულად მაინც არსებობდეს, მაშინ, ალბათ, თოვლის ბაბუასთან გვექნებოდა ვაჭრობა, რადგან მხოლოდ მაგ შემთხვევაში შეგვეძლებოდა საქონლის უფასოდ მიღება.
მოდი, უფრო დავაკონკრეტოთ, თუ რას გულისხმობს თითოეული:
3 ა) ხდება მაშინ, როდესაც ჩვენ მივყიდით უცხოელებს, მაგალითად, ღვინოს.
3 ბ) ხდება მაშინ, როდესაც ჩვენ მივყიდით უცხოელებს, მაგალითად, შენობებს.
3 გ) ხდება მაშინ, როდესაც ჩვენ ვალებს ვიღებთ მათგან.
3 ბ) და 3 გ) შემთხვევა აღინიშნება მაშინ, როდესაც ქვეყანას სავაჭრო დეფიციტი აქვს. ჩვენ ვერ ვფარავთ იმპორტის ღირებულებას, რადგან ა) ჩვენი ექსპორტის ღირებულება დაბალია, ვიდრე იმპორტი, ბ) ამიტომ ჩვენ ვყიდით ჩვენს საკუთრებას ან გ) ვიღებთ ვალს. სამივე შემთხვევაში ჩვენი საზოგადოების საჯარო საკუთრება იყიდება უცხოურ კაპიტალზე ან ჩვენ ვეფლობით ვალებში.
ამ პროცესების კრიტიკული ანალიზი, სულაც არ გულისხმობს ქსენოფობიას. ჩვენი საზოგადოების მშრომელი ადამიანების სიღარიბის მიზეზი ჩვენი საზოგადოების დაბალი მწარმოებლური შესაძლებლობებია. შესაბამისად, ჩვენ ვფლობთ უფრო და უფრო ნაკლებ საკუთრებას და სხვისი გვმართებს უფრო და უფრო მეტი. ჩვენი საჯარო საკუთრება უფრო და უფრო პატარავდება.
ქრონიკული დეფიციტური ვაჭრობა ასევე ანადგურებს სამუშაო ადგილებს. როდესაც, ვთქვათ, კომპიუტერულ ჩიპებს აწარმოებ, ეს ნიშნავს, რომ ხალხს ასაქმებ მის საწარმოებლად და ამის საშუალებას პროდუქტის გაყიდვიდან შემოსული ფული გაძლევს, მაგრამ საოფისე შენობების გაყიდვა (სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია), რომელიც, ალბათ, ათწლეულების წინ აშენდა, არავითარ სამუშაო ადგილებს არ ქმნის. არც ვალის აღების შემთხვევაში იქმნება სამუშაო ადგილები, ვინაიდან საქონლის წარმოება მომავალის პერსპექტივაა. ხოლო როცა საქონლის საწარმოებლად სამუშაო ადგილები შეიქმნება მომავალში, ხელფასს ჩვენ გადავიხდით და არა უცხოელები, ვინაიდან უცხოელებმა უკვე მოგვცეს თავიანთი საქონელი, როცა მათგან კრედიტი ავიღეთ, მათ ჩვენი არაფერი მართებთ. ასე რომ, ჩვენ მოგვიწევს ‘უფასოდ’ მუშაობა.
ეს მდგომარეობა მარტო საქართველოსთვის არაა პრობლემური. ჩვენ მივიღეთ გლობალური ეკონომიკური იერარქია, სადაც ხშირად საერთაშორისო ვალმა მიიღო კოლონიალიზმის ახალი ფორმა, რომელიც სამუშაო ძალისა და ბუნებრივი რესურსების ამოღებას ცდილობს ღარიბი ქვეყნებიდან.
დანარჩენი სათქმელი მოვიტოვოთ წერილის მეორე ნაწილისთვის.
[1] Rodrik D. (2011), „The Globalization Paradox: democracy and the future of the world economy”“ pp. 281-284, New York, W.W. Norton & Company Inc.
[2] Berlin, I. (1958). "Two Concepts of Liberty." In Isaiah Berlin (1969): Four Essays on Liberty. Oxford: Oxford University Press.
[3] Driskill, (2012), “Deconstracting the Argument for Free Trade”, p.6.
[4] იხ. გვ. 2.
ინსტრუქცია