[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სასამართლო სისტემა / ანალიტიკური დოკუმენტები

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნა: რა იცის საქართველოს მოსახლეობამ და რა დამოკიდებულება აქვს ამ პროცესის მიმართ

2019 წელს, სექტემბრის დასაწყისში, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების 20-კაციანი სია წარუდგინა დასამტკიცებლად. 2019 წლის სექტემბრიდან ნოემბრამდე პარლამენტმა კანდიდატებთან გასაუბრებები ჩაატარა და 12 დეკემბერს 14 კანდიდატი უზენაეს სასამართლოში მოსამართლედ დაამტკიცა. ქართული მედია ვრცლად აშუქებდა ამ პროცესს.

მიუხედავად ამისა, საინტერესოა, რა იცის ხალხმა საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესის შესახებ და როგორია მათი დამოკიდებულება ახლად დანიშნული მოსამართლეებისა და მართლმსაჯულების ინსტიტუტების მიმართ? 2020 წლის 30 იანვრიდან 10 თებერვლამდე პერიოდში ჩატარებული სატელეფონო გამოკითხვის მიხედვით, საქართველოში მოსახლეობის აზრი გაყოფილია მართლმსაჯულების ინსტიტუტების მიმართ ნდობის თვალსაზრისით. რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესს, მოსახლეობის ნახევარზე მეტს სმენია ამ პროცესის შესახებ, ამ პროცესის მიმართ ნდობა მაღალი არ არის, ახალდანიშნულ მოსამართლეებზე კი უმეტესობას არაფერი სმენია.

ქართულ ენაზე მოსაუბრე მოსახლეობის უმრავლესობა (63%) აცხადებს, რომ სმენია პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებების შესახებ და ნახევარზე მეტმა (54%) გასაუბრების შედეგებიც იცის. მათი ნახევარზე მეტი (55%), ვისაც სმენია უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ, პროცესს უნდობლობას უცხადებს. მსგავსად ამისა, მათ ნახევარზე მეტს (53%), ვისაც სმენია დანიშვნების შესახებ, ჰგონია, რომ პარლამენტმა არ წარმართა სამართლიანად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დანიშვნის პროცესი.

გამოკითხვის ფარგლებში რესპონდენტებს ჰკითხეს, უზენაეს სასამართლოში კანდიდატების დანიშვნის შედეგად საქართველოში მართლმსაჯულება გაუმჯობესდება, იგივე დარჩება თუ გაუარესდება. ქართულ ენაზე მოსაუბრე სრულწლოვანი მოსახლეობის დაახლოებით მეოთხედის (26%) აზრით, 14 კანდიდატის დანიშვნის შედეგად ქვეყანაში მართლმსაჯულება გაუმჯობესდება. მოსახლეობის იგივე წილი (26%) მიიჩნევს, რომ საქართველოში მართლმსაჯულება იგივე დარჩება. მოსახლეობის მეხუთედი (20%) კი აცხადებს, რომ მართლმსაჯულება გაუარესდება. დანარჩენებმა ან „არ ვიცი“ პასუხი დააფიქსირეს, ან სულაც უარი თქვეს ამ კითხვისთვის პასუხის გაცემაზე. მსგავსი კითხვა დაისვა 2019 წლის სექტემბრის გამოკითხვაში: „თუ უზენაეს სასამართლოში ეს 20 კანდიდატი მოსამართლედ დაინიშნება, თქვენი აზრით, საქართველოში მართლმსაჯულება გაუმჯობესდება, იგივე დარჩება თუ გაუარესდება?” გამოკითხვის ამ ორი ტალღის შედეგებში მნიშვნელოვანი ცვლილება არ გამოვლინდა, მხოლოდ მცირედით შემცირდა „არ ვიცი“ პასუხების წილი და მცირედით გაიზარდა მათი წილი, ვინც ამბობს, რომ მართლმსაჯულება გაუმჯობესდება.

რესპონდენტებს, ვისაც სმენოდა უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ, ჰკითხეს, რა იყო მათი პირველი ასოციაცია ამასთან დაკავშირებით. დაახლოებით მესამედმა (32%) ვერ შეძლო რაიმე ასოციაციის დასახელება და უპასუხა „არ ვიცი“. ხუთი ყველაზე ხშირად დასახელებული ასოციაციებია: „უსამართლობა“ (14%), „უნდობლობა“ (14%), „მიკერძოებულობა“ (5%), „ჩხუბი/დავა“ (5%) და „ღია პროცესი“ (4%). საერთო ჯამში, 11%-მა დადებითი ასოციაციები დაასახელა, 53%-მა კი - უარყოფითი. პასუხების 1% ნეიტრალური იყო, 2%-მა კითხვას საერთოდ არ უპასუხა.

გამოკითხვაში რესპონდენტებს ასევე ჰკითხეს თითოეულ კანდიდატზე, უნდა დანიშნულიყო თუ არა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ. მოსახლეობის უმრავლესობას არ სმენია კანდიდატების შესახებ. მოსახლეობის დაახლოებით მეათედი მიიჩნევს, რომ შემდეგი კანდიდატები: ნინო ქადაგიძე (11%), გიორგი მიქაუტაძე (11%) და შალვა თადუმაძე (10%) უნდა დანიშნულიყვნენ უზენაეს სასამართლოში. დანარჩენ კანდიდატებზე დადებითი პასუხების წილი 10%-ზე ნაკლებია.

რესპონდენტებს ასევე სთხოვეს, დაესახელებინათ 2019-2020 წლების შემოდგომა-ზამთრის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები. მათ მაქსიმუმ სამი პასუხის დასახელება შეეძლოთ. უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნის პროცესი ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად ქართულ ენაზე მოსაუბრე სრულწლოვანი მოსახლეობის მხოლოდ სამმა პროცენტმა დაასახელა. ყველაზე ხშირად დასახელებული მოვლენები იყო: პროპორციული არჩევნების კანონპროექტის ჩავარდნის შემდგომი საპროტესტო აქციები (13%), ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავება (10%) და ზემოხსენებული საპროტესტო აქციების მონაწილეთა მასობრივი დაკავება (10%). მოსახლეობის დაახლოებით ნახევარმა (49%) ვერ შეძლო ამ პერიოდში მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენების დასახელება.

საქართველოს მოსახლეობის აზრი გაყოფილია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, უზენაესი სასამართლოსა და ზოგადად სასამართლოს სისტემის მიმართ ნდობასთან დაკავშირებით. ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე ნაჩვენებია, რომ მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი ენდობა და ნახევარი არ ენდობა ამ ინსტიტუტებს. შედეგები არ შეცვლილა 2019 წლის სექტემბრის შემდეგ, როცა გამოკითხვაში იგივე კითხვები დაისვა.

ამრიგად, საზოგადოებაში იყოფა აზრი მართლმსაჯულების ინსტიტუტების - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, უზენაესი სასამართლოსა და ზოგადად სასამართლო სისტემის შესახებ. მოსახლეობის ნახევარზე მეტს სმენია უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ. თუმცა, მათი უმეტესობა პროცესს არ ენდობა და მიიჩნევს, რომ პარლამენტმა დანიშვნის პროცესი სამართლიანად არ წარმართა. ამის მიუხედავად, მოსახლეობის მცირე ნაწილმა ჩათვალა უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი 2019-2020 წლების შემოდგომა-ზამთრის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად. მოსახლეობის ნახევარზე მეტი ამბობს, რომ არ სმენია უზენაეს სასამართლოში დანიშნული კანდიდატების შესახებ. მათ შორის კი ვისაც დანიშვნების შესახებ სმენია, უარყოფითი დამოკიდებულება ჭარბობს.

შენიშვნა: ეს სტატია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მასში წარმოდგენილ ინფორმაციაზე სრულად პასუხისმგებელია „CRRC-საქართველო“, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC), „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI). სტატიაში არსებული მოსაზრებები შესაძლოა, არ ასახავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა კანდიდატების დანიშვნის პროცესის შესახებ საქართველოს მოსახლეობის ცოდნისა და დამოკიდებულების დასადგენად „CRRC-საქართველომ" 2020 წლის 30 იანვრიდან 10 თებერვლამდე პერიოდში ჩაატარა სატელეფონო გამოკითხვა. გამოკითხვა ჩატარდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასამართლო რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა“ ფარგლებში. გამოიკითხა 766 მოქალაქე; მონაცემები საქართველოს სრულწლოვანი ქართულენოვანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია. გამოკითხვის თეორიული ცდომილების ზღვარი 50%-ის სიახლოვეს მყოფი შეფასებებისთვის 3.5%-ია, 75%-იანი და 25%-იანი შეფასებებისთვის - 3.1%, 10%-იანი და 90%-იანი შეფასებებისთვის - 2.1%.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“